პასი ამერიკიდან: ახალი შევსება MLS-ში

AutoSharing Option
აშშ-ის საფეხბურთო ლიგა წლიდან წლამდე ძლიერდება. გამონაკლისი არც მომავალი სეზონი იქნება, ვინაიდან MLS-ში გადასვლა რამდენიმე სახელოვანმა ფეხბურთელმა მოისურვა და თუ გუნდების შემადგენლობას გადავხედავთ, შესაძლოა 2014 წლის სეზონი ყველაზე საინტერესოც კი გამოდგეს.

მოგეხსენებათ, რომ მაიკლ ბრედლი და ჯერმეინ დეფო "ტორონტოში" ჩაირიცხნენ და კანადური კლუბი გააძლიერეს. მათ გარდა, ამ კლუბში გარი კოლდუელის ძმა, სტივენი თამაშობს, რომელიც, თავის დროზე, "ნიუკასლის", "სანდერლენდის" და "ბირმინგემის" ღირსებას იცავდა. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი ახალი ზელანდიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, "ბლექბერნის" ლეგენდა რაიან ნელსენი გახლავთ.

ძალიან გაძლიერდა "პორტლენდ ტიმბერსი",
რომელმაც "ლანუსიდან" დიეგო ვალერი გამოისყიდა, ვინც წინა სეზონში MLS-ის საუკეთესო ასისტენტი გახდა. გარდა ამისა, "პორტლენდმა" "ტიგრედან" ნორბერტო პაპარატო, ხოლო "ესტუდიანტესიდან" გასტონ ფერნანდესი დაიმატა. ვფიქრობთ, არგენტინული ფეხბურთის მოყვარულთათვის ამ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით "გატა" ფერნანდესს, დიდი წარდგენა არ სჭირდებათ.

ამ მოთამაშეების გარდა, კარიერას აშშ-ში ბუნდესლიგაში წლების განმავლობაში მოთამაშე რობ ფრენდი, "ფლუმინენსეს" ახალგაზრდა ფორვარდი სამუელ როსა (ორივე "გელექსი") და "აუგსბურგის" უკვე ყოფილი ფეხბურთელი მაიკლ პარკჰერსტი ("კოლამბუსი") გააგრძელებენ.

ტიერი ანრი, ფედერიკო იგუაინი (გონსალოს ძმა), მატეო ფერარი, მარკო დი ვაიო, ტიმ კეჰილი, პეგი ლუინდულა, ბრედლი რაიტ-ფილიპსი, კრისტიან მაიდანა, მაურო როსალესი, ვისენტე სანჩესი, პეტერ ლუსენი, კარლო კუდიჩინი, რობი კინი, მიკაელ სილვესტრი, ფრედერიკ პიკიონი, რაულ ფერნანდესი, კარლოს სალსედო, ჯიმი ტრაორე, ობაფემი მარტინსი, იან-პიო ლი, ენდი ობრაიენი, ნაიჯელ რეო-კოკერი, კენი მილერი, აშშ-ის, კანადის და კოსტა რიკის ნაკრების წევრები - აი, ის ფეხბურთელები, ვისი ხილვაც მომავალ სეზონში ამერიკის მთავარ საფეხბურთო ჩემპიონატში შეგვეძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული