ჟერომ შამპანიე ნარინჯისფერ ბარათებს გვთავაზობს

AutoSharing Option
2015 წელს ფიფას პრეზიდენტობისთვის ჟერომ შამპანიეც იბრძოლებს. 55 წლის ფრანგი 11 წლის მანძილზე მუშაობდა ფიფაში, აქედან 3 წელი უშუალოდ ზეპ ბლატერის ერთ-ერთ უახლოეს დამხმარედ, როდესაც გენერალური მდივნის პოსტზე იყო. საბოლოოდ, მან 2010 წელს დატოვა ფიფა და საერთაშორისო საფეხბურთო მრჩეველ-ექსპერტი გახდა. ახლა კი შამპანიე ისევ გამოჩნდა დიდ ასპარეზზე, თანაც, საინტერესო, თამამი იდეებითა და გეგმებით.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მსაჯებს დავეხმაროთ. მათ უფრო მეტ პატივს უნდა სცემდნენ.

ვთვლი, რომ არბიტრებთან გასაუბრება მხოლოდ კაპიტნებს უნდა შეეძლოთ. ხოლო თუ ფეხბურთელები ზედმეტად გამოხატავენ
პროტესტს, ბურთი 10 იარდით უკან უნდა გადაიწიოს, როგორც ეს რაგბიშია. ასევე ვფიქრობ, რომ უნდა დავამკვიდროთ ნარინჯისფერი ბარათები. ისინი განკუთვნილი უნდა იყოს ისეთი დარღვევებისთვის, რომლებიც ზედმეტად უხეშია ყვითელი ბარათისთვის და ვერც წითელ ბარათს იმსახურებს.

ასევე, აქტიურად უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. მე ჭეშმარიტი საფეხბურთო რომანტიკოსი ვარ, მაგრამ ვერანაირ რომანტიზმს ვერ ვხედავ გასული გოლის არჩათვლით, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის წაგებაში. მიმაჩნია, რომ მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 32 ნაკრები უნდა ასპარეზობდეს და არა 40, როგორც ცოტა ხნის წინ გვთავაზობდნენ. კონტინენტური კვოტები გადასახედი და დასაბალანსებელია, მაგრამ ტურნირის ფორმატი ხელშეუხებელი უნდა დარჩეს
“ - განაცხადა შამპანიემ.

ამ ნოვაციური იდეებით განმსჭვალულ ადამიანს ის აღარ დაუკონკრეტებია, თუ როგორი სისტემა იქნება მსაჯებისთვის მესამე, ნარინჯისფერი ბარათის დამატების შემთხვევაში და რა ძალა ექნება მას.

აი, საუბრის ბოლოს კი შამპანიემ კბილი მიშელ პლატინის გაჰკრა. სწორედ უეფას პრეზიდენტი გამოვიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გუნდების რაოდენობის გაზრდის ინიციატივით.

77 წლის ბლატერს, რომელიც 1998 წლიდან პოსტზეა, პრეზიდენტობის მეოთხე ვადა უმთავრდება. თავიდან ცნობილი იყო, რომ შვეიცარიელი წასვლას აპირებდა, მაგრამ ბოლოდროინდელი ინფორმაციით, იგი ისევ აპირებს კენჭისყრას. ფიფას პრეზიდენტობა სურს პლატინისაც და აი, ახლა შამპანიეც გამოჩნდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული