რბოლა "ოქროს ბუცისთვის": ლუის სუარესმა კრიშტიანო რონალდოს გაასწრო

AutoSharing Option
2013/14 წლების "ოქროს ბუცის" მომავალი მფლობელი ჯერაც უცნობია, კონტინენტის მთავარ გოლეადორთა შორის სერიოზული ბრძოლაა - "ლივერპულის" ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი სულ ცოტათი უსწრებს კრიშტიანო რონალდოს.

სუარესმა მას მერე გაუსწრო რონალდოს, რაც შუა კვირაში, მერსისაიდულ დერბიში "ლივერპულმა" "ევერტონს" 4:0 მოუგო, ხოლო სამხრეთამერიკელმა ერთხელ გაიტანა. მომდევნო მატჩში მას აღარ გაუტანია, თუმცა არც რონალდოს გამოუჩენია თავი.

სუარესის ანგარიშზე 23 გოლია, მაშინ, როცა რონალდომ 22 გაიტანა. ურუგვაელი პორტუგალიელს ორი ქულით უსწრებს. ყველაფერს კი რონალდოს წითელი ბარათი დაერთო, რომლის გამოც "ოქროს ბურთის" მფლობელს უთუოდ მოუწევს
თამაშების გამოტოვება, ეს კი სუარესის შანსია.

ამ დუეტს, რომელიც წინ უსაშველოდ გაიჭრა, კვალში მისდევს დიეგო კოშტა - გაესპანელებულმა ბრაზილიელმა, როგორც იქნა, გაიტანა და 40 ქულა დააგროვა.

ხუთეულში 30-30 ქულა აქვთ "ჰეერენვენის" ისლანდიელ შემტევ ალფრედ ფინბოგასონს და "მანჩესტერ სიტის" არგენტინელ ფორვარდ სერხიო აგუეროს. მართალია, ისლანდიელმა მეტი გაიტანა, მაგრამ მისი ჩემპიონატი - ჰოლანდიური ერედივიზიე - ნაკლებად ფასობს "ოქროს ბუცის" ჩათვლაში, ვიდრე პრემიერლიგა. ერთია, ახლა აგუეროს ტრავმის გამო მატჩების გამოტოვება მოუწევს.

ათეულში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია იმ ჩემპიონატებიდან, რომელთა კოეფიციენტიც ყველაზე დაბალია - 1 (ასეთია საქართველოს ჩემპიონატიც) - ლიტვაში კარგა ხანია, დასრულდა ჩემპიონატი და "სუდოვას" შემტევმა ნერიუს ვალსკისმა 27 გოლი გაიტანა, მაგრამ ვეჭვობთ, რომ ბალტიელი უკვე მომდევნო შაბათ-კვირის მერე რეიტინგიდან გავარდება.

1,5-კოეფიციენტიანები კი ათეულში ორია: ზემოთ დასახელებული ფინბოგასონი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ვის ანგარიშზეც 18 გოლია ლიგა 1-ში.

ათეულში მხოლოდ "ლივერპულს" ჰყავს ორი წარმომადგენელი: დღეისათვის ევროპაში საუკეთესო წყვილი თავდასხმაში სუარესი-სტარიჯის დუეტია (ერთად 37 გოლი). სხვათა შორის, დანიელი ახლახან შევიდა ათეულში, მას მერე, რაც ჯერ "ევერტონის" კარში დუბლი შეასრულა, შემდეგ "ვესტ ბრომვიჩსაც" გაუტანა. "რეალ სოსიედადის" ფრანგი ტალანტი ანტუან გრიზმანიც ახალია ათეულში - მან "ელჩეს" კარში დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2012/13 წლების "ოქროს ბუცი" მოიგო ლიონელ მესიმ, რომლის ანგარიშზეც ლა ლიგაში 46 გოლი (!) იყო. ეს ტიტული ადრე მოუგიათ კრიშტიანო რონალდოს, ტიერი ანრის, დიეგო ფორლანს, ფრანჩესკო ტოტის, ლუკა ტონის, რონალდოს, მარკო ვან ბასტენს, ეუსებიოს, გერდ მიულერსა და სხვებს.

1991 წლამდე ჯილდოს "ეკიპი" გადასცემდა. 1991-96 წლებში "ოქროს ბუცი" არავისთვის გადაუციათ. არადა, 1995/96 წლების სეზონში ჯილდო ზესტაფონის "მარგვეთის" ფეხბურთელ ზვიად ენდელაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც 40 გოლი გაიტანა.

სწორედ ამ სეზონის შემდეგ დაწესდა ჩემპიონატების კოეფიციენტებით დაყოფა, ჯილდოს კი მას მერე "ევროპეან სპორტს მედია" გადასცემს კონტინენტის მთავარ გოლეადორს.

პირველ სეზონში პრიზი ბრაზილიელმა რონალდომ მიიღო, მაშინ ის "ბარსელონაში" თამაშობდა და ლა ლიგაში 34 გოლი გაიტანა. ყველაზე მეტი გოლი ერთ ფეხბურთელზე 2011/12 წლების სეზონზე მოდის, როდესაც მესიმ 50 გოლი (!) გაიტანა.

რბოლა 2013/14 წლების "ოქროს ბუცისთვის"
ფეხბურთელი კლუბი/ლიგა კოეფ. გოლი ქულა
1. ლუის სუარესი ლივერპული/ინგ 2 23 46
2. კრიშტიანო რონალდო რეალი/ესპ 2 22 44
3. დიეგო კოშტა ატლეტიკო/ესპ 2 20 40
4. ალფრედ ფინბოგასონი ჰეერენვენი/ჰოლ 1.5 20 30
5. სერხიო აგუერო სიტი/ინგ 2 15 30
6. ჯუზეპე როსი ფიორენტინა/იტა 2 14 28
7. დანიელ სტარიჯი ლივერპული/ინგ 2 14 28
8. ანტუან გრიზმანი სოსიედადი/ესპ 2 14 28
9. ნერიუს ვალსკისი სუდოვა/ლიტ 1 27 27
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ/საფ 1,5 18 27

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული