1 256 - წუთზე შეწყდა ფრეიზერ ფორსტერის მშრალი სერია. "სელტიკის" მეკარის კარის აღება "აბერდინის" ფეხბურთელმა ჯონი ჰაიესმა შეძლო. მიუხედავად ამისა, ინგლისის ნაკრების კარის დარაჯმა რამდენიმე რეკორდის დამყარება მაინც მოასწრო. პირველად "სელტიკის" საკლუბი რეკორდი დაემხო, რომელიც 100 წლის წინ ჩარლი შოუმ, ზედიზედ 10 "მშრალი" მატჩის ჩატარების შემდეგ დაამყარა. ამას მოჰყვა შოტლანდიის ჩემპიონატის რეკორდი, რომელიც ბობი კლარკს (1 115 წუთი) ეკუთვნოდა. ედვინ
41 - მეტრიდან გაიტანა "ჰამბურგის" შემტევმა ჰაქან ჩალჰანოღლუმ საჯარიმო დარტყმით დორტმუნდის "ბორუსიას" კარში და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. ამ გამარჯვების წყალობით, "ჰამბურგმა" 8-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. აქამდე "ბუნდესლიგის უკანასკნელ დინოს" ბოლო გამარჯვება 3 დეკემბერს ჰქონდა მოპოვებული. ჩალჰანოღლუს ამ სეზონში საჯარიმო დარტყმით უკვე სამი გოლი აქვს გატანილი, რაც ბუნდესლიგაში საუკეთესო შედეგია.
ასევე აღნიშვნის ღირსია ლევან კობიაშვილის გოლი, რომელიც 36 წლის და 227 დღის ასაკში ბერლინის "ჰერტას" ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი გახდა. ვეტერანი ქართველის გოლით ბერლინელები "შტუტგარტთან" შეხვედრაში დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი მათ 2:1 იმარჯვეს. გადამწყვეტი გოლი სანდრო ვაგნერმა გაიტანა. ეს ბურთი "ჰერტასთვის" ბუნდესლიგაში 1 500-ე იყო, "შტუტგარტმა" კი ასევე საიუბილეო, მე-900 გოლი გაუშვა.
12 - წელი გავიდა და 10 "დერბი დელა მოლე" ჩატარდა მას შემდეგ, რაც "ტორინომ" უკანასკნელად მოახერხა "იუვენტუსის" კარში გოლის გატანა. "გრანატამ" თანაქალაქელს ბოლოს 2002 წელს გაუტანა. იქიდან მოყოლებული, გუნდებმა მოედანზე 15 საათი გაატარეს და ამ პერიოდში "იუვე" მეტოქეს ჯამში 16:0-ს უგებს. კვირას გამართულ დერბიში ერთადერთი ბურთი გავიდა, რომლის ავტორიც კარლოს ტევესი გახდა.
14 გოლით არგენტინელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულისთვის ბრძოლაში პირველ ადგილზე მყოფ ჯუზეპე როსის გაუთანაბრდა. ასეთი შედეგიანი სეზონი "იუვენტუსის" თავდამსხმელებიდან ბოლოს ალესანდრო დელ პიეროს (21 გოლი) და დავიდ ტრეზეგეს (20 გოლი), 2007/08 წლების სეზონში ჰქონდათ.
ზეიმის საბაბი ჰქონდა ანტონიო დი ნატალესაც - "უდინეზეს" ვეტერანმა სერია A-ში თავისი 148-ე გოლი გაიტანა და ყველა დროის ბომბარდირებში მე-10 ადგილზე მყოფ გაბრიელ ბატისტუტას დაეწია.
8 - პრემიერლიგურ შეხვედრაში მოახერხა ზედიზედ გოლის გატანა დანიელ სტარიჯმა და რუუდ ვან ნისტელროის მიღწევა გაიმეორა. სტარიჯის დუბლმა" ლივერპულს" "სუონსისთან" 4:3 მოაგებინა. მერსისაიდელთა შემტევს 19 შეხვედრაში 18 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზეა.
პირველ პოზიციაზე კი 23 გოლით ლუის სუარესია, რომელიც, ამავე დროს, 9 საგოლე გადაცემით ამ კატეგორიაშიც ლიდერობს. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" გადაასწრო და 70 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო შეტევის მქონე გუნდი გახდა.
ჩემპიონატში კი "ჩელსი" ლიდერობს, რომელსაც სულ 49 გოლი აქვს გატანილი. სამაგიეროდ, 21 გაშვებული ბურთით ლონდონელები საუკეთესო დაცვის ხაზით დაიკვეხნიან. მორიგ ტურში "არისტოკრატებმა" "ევერტონს" 1:0 მოუგეს და პირველი პოზიცია შეინარჩუნეს. ეს შეხვედრა 572-ე იყო პრემიერლიგაში ფრენკ ლემპარდისთვის, რომელიც ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე მყოფ დევიდ ჯეიმსს გაუთანაბრდა. წინ მხოლოდ რაიან გიგზია - უელსელს პრემიერლიგაში 630 მატჩი აქვს ჩატარებული.
5 - წელი, 3 თვე და 29 დღე არ აგებდა ჩემპიონატში "პორტუ" საკუთარ მოედანზე, სანამ კვირას "ეშტორილთან" არ დამარცხდა. 81-მატჩიანი წაუგებელი საშინაო სერია 2008 წლის 25 ოქტომბერს, "ლეიშოესთან" მარცხის (2:3) შემდეგ დაიწყო.
"ეშტორილთან" შეხვედრაში ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე სტუმართა საუკეთესო ბომბარდირმა ევანდრომ პენალტით გაიტანა. ამ მარცხის გამო "პორტუ" ლიდერ "ბენფიკას" უკვე 7 ქულით ჩამორჩება. ეს კვირა პორტუგალიის ჩემპიონისთვის საკმაოდ წარუმატებელი გამოდგა - ევროპალიგაზე პაულო ფონსეკას გუნდმა "აინტრახტთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა და ფრედ, 2:2 ითამაშა. "დრაგაოზე" ევროთასების შეხვედრაში, ორი ბურთით დაწინაურების შემდეგ "პორტუმ" ბოლო რვანახევარ წელიწადში პირველად ვერ მოიგო.
5 - გოლი გაიტანა 57 წუთში "პოგონის" ფორვარდმა მარცინ რობაკმა და საკუთარ გუნდს პოზნანის "ლეხთან" 5:1 მოაგებინა. შეხვედრის წინ "პოგონი" მეტოქეს სატურნირო ცხრილში ორი ადგილით და 4 ქულით ჩამორჩებოდა. რობაკმა ანგარიში მე-15 წუთზე გახსნა, პირველივე ტაიმში პოკერი შეასრულა, 72-ე წუთზე კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა. 31 წლის თავდამსხმელი "პოგონში" თავის პირველ სეზონს ატარებს და 15 გოლით პოლონეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"