ამ ყველაფერზე თქვენ გამონათქვამების მორიგი კრებულიდან შეიტყობთ, რომელიც დღეს მოგიმზადეთ:
"ის ყველაზე სრულყოფილი მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში. მას შეუძლია გოლების გატანა თავით, ფეხით... ყველა მონაცემი აქვს. იგი ისეთი ძლიერი და მძლავრია, როგორც არავინ. მუდამ პროგრესსა და საკუთარი თამაშის გაუმჯობესებაზე ფიქრობს. ყოველთვის გატანა სურს და სტატისტიკის
"რონალდო ათლეტია, მაგრამ მესი ღმერთია" - კოკე.
"მესის, რონალდოსა და რობენს შორის რომ ვირჩევდე, რობენს ავირჩევდი. ის მათ შორის ყველაზე სრულყოფილი და მრავალმხრივია. ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ, რადგან ზედმეტად დიდ ყურადღებას ანიჭებენ უშუალოდ გოლებსა და მათ რაოდენობას" - ბერტ ვან მარვეიკი.
"ის ჩვენი ალექს ფერგიუსონი იქნება. ერთად 20-წლიან გეგმას შევიმუშავებთ და განვახორციელებთ" - "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა რუდი გარსიაზე.
"მან ერთხელაც მითხრა, დავიღალე შენით, დროა, ყველაფერი გავარკვიოთო. ოკ-მეთქი, ვუპასუხე და ჩვენი ჩხუბიც შედგა, რომელიც დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა. დიდი ხმაური და აურზაური იყო. პეტერი დიდი ბიჭი გახლდათ, ძლიერი. დილით, როდესაც გავიღვიძე, ჩხუბი ბუნდოვნად მახსოვდა. ხელი ძალიან მტკიოდა, თითები გადახვეული მქონდა. მენეჯერმა და ყველამ მზერა გვესროლა, როდესაც ავტობუსში ავედით.
ჩხუბზეც ლაპარაკობდნენ. სწორედ ამ დროს ნელ-ნელა მახსენდებოდა დეტალები. თან ნიკი ბატი მეხმარებოდა გახსენებაში. ბატი თან ბრძოლას არჩევდა და აფასებდა: პეტერმა დამიჭირა, მე თავი ჩავარტყი, ჩვენ დიდი ხანი ვჩხუბობდით და სულ ვკინკლაობდით ხოლმე. პრესკონფერენციაზე პეტერმა სათვალე მოიხსნა და ჩაშავებული თვალი გამოუჩნდა. უმალვე კითხვები დააყარეს, რა დაგემართათო" - როი კინმა ბოლოს და ბოლოს, დაადასტურა, რომ წლების წინ მან და პეტერ შმეიხელმა სერიოზულად იჩხუბეს და საკმაოდ დიდი პერიოდი ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ.
ლუის სუარესი თანამემამულე ედინსონ კავანიზე: "იგი უბრალო, საშუალო ფეხბურთელად იქცა, რომელიც იბრასთვის მუშაობს. ვფიქრობ, მისთვისაც და გუნდისთვისაც უკეთესი იქნება, თუ სათამაშოდ სხვაგან წავა, რადგან ზლატანი უფრო ძლიერია".
"მოდი, ვილაპარაკოთ დიდ ფეხბურთელებზე, მათ შორის, იტალიელებზეც, ბოლო 25 წლის საუკეთესოებზე. დელ პიერო გოლების გამტანი იყო, ბაჯო ბრწყინვალე შემსრულებელი და დრიბლინგების ოსტატი, თუმცა ტოტი ყველაზე სრულყოფილი გახლავთ, მის შემთხვევაში ფიზიკური სიძლიერეც შთამბეჭდავია. ვფიქრობ, არც უნდა გვიკვირდეს, რომ 38 წლის ასაკში ისევ უმაღლეს დონეზე თამაშობს და ნოუ-ჰაუს ელემენტებს გვთავაზობს და გვაოცებს" - ეს დინო ძოფის აზრია.
"რაც უნდა ვთქვა დი მარიაზე, ეს საკმარისი არ იქნება. იგი მსოფლიოს ოთხ საუკეთესო ფეხბურთელს შორის ერთ-ერთია" - ამბობს გაბრიელ ჰაინცე.
"სარამ "რეალის" პრობლემებზე ილაპარაკა, იმაზე, რასაც ყველა ამბობდა. ეს ჩემდამი თავდასხმის საბაბად იქცა, თითქოს, მე რამე ინფორმაცია გამემხილოს. მოურინიოს პირადად არაფერი უთქვამს სარას სიტყვებზე, არ უხსენებია, მაგრამ ჩვენ შორის ურთიერთობას ეს უმალვე დაეტყო. უცბად ტრავმა მივიღე და ჩემზე თავდასხმებიც დაიწყო. მოღალატეს და თხუნელას მეძახდნენ" - იკერ კასილიასი ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტზე.
"ტევესმა იმ დონეს მიაღწია, რა დონეზეც "იუვენტუსში" ზიდანი თამაშობდა. ის უნიკალურია და ასეთი ფენომენი ამჟამად "იუვეში" არ არის" - განაცხადა მარჩელო ლიპიმ.
"ვფიქრობ, მისი დრო წავიდა. რასაკვირველია, ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს, მაგრამ უკვე 67 წლისაა და მისი იდეები უკვე მოძველებული და მოდიდან გადასულია" - ასეთი პირდაპირი და უხეში იყო რონალდ დე ბური ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებულ გუუს ჰიდინკის თაობაზე.
"ის გაციებულია, ამიტომაც მეტი თავისუფლება და დასვენების საშუალება მივეცით. როგორც წესი, იგი შეტევის მერე უკან უნდა ჩამოვიდეს ხოლმე და ნახევარმცველებს დაეხმაროს, მაგრამ დღეს წინ დარჩენის ნება მივეცით. ასე რომ, გაციება მას ოთხი გოლის გატანაში დაეხმარა!" - ასე ახსნა კარლოს დუნგამ იაპონიასთან შეხვედრაში ნეიმარის მიერ შესრულებული პოკერი.
"ნამდვილი მამაკაცები, თუკი რამეა სათქმელი, ერთმანეთს ხვდებიან და პირში ეუბნებიან ყველაფერს. ის კი წავიდა და ჩემზე ეს რაღაცები გაზეთებთან ილაპარაკა" - ასეთი იყო მარიო ბალოტელის რეაქცია ჩეზარე პრანდელის კრიტიკაზე.
"ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, რომ შესვენების მერეც სრული მონდომებით უნდა გვეთამაშა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით ვიგებდით. ეს აზრი ყველამ გაიზიარა.
არ გვსურდა ძლიერი მოწინააღმდეგის მასხრად აგდება და თამაშისთვის თავის დანებება. ჩვენი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, კიდევ უფრო დიდი სხვაობით მოგება კი არ იყო, არამედ მეტოქისა და ადგილობრივი გულშემატკივრებისადმი პატივისცემის გამოვლენა" - აი, რატომ მოუგია ფილიპ ლამის თქმით, გერმანიას ბრაზილიისთვის 7:1.
"ამ პასებზე საუბარმა დამღალა და ტიკი-ტაკას ხსენებამ. ძალიან ბევრი სისულელე და არასწორი რამ იწერება და ითქმება ხოლმე. ბურთი იმიტომ უნდა გააგორო და პასებით იმიტომ უნდა დატვირთო მოწინააღმდეგე, რომ შენი თამაში თავს მოახვიო.
ყველა გუნდურ სახეობაში არის ხრიკი, რომლის მიხედვითაც მოწინააღმდეგეს აქცენტს ერთ ფლანგზე გააკეთებინებ, საიდანაც ზეწოლას გააძლიერებ, ისიც თავდაცვას გააძლიერებს და საპირისპირო ფლანგს მოაშიშვლებს, შენც საპირისპირო ფლანგიდან შეუტევ და სუსტ წერტილს გამოიყენებ.
მე მძულს ტიკი-ტაკა, "ბარსა" არ თამაშობდა ტიკი-ტაკას. ჩვენი მიზანი მეტოქისთვის საკუთარი თამაშის მოხვევაა და ყველა პასს უნდა ჰქონდეს აზრი და დანიშნულება. ამას ტიკი-ტაკასთან საერთო არაფერი აქვს" - თქვა გაბრაზებულმა პეპ გვარდიოლამ და იმდენჯერ ახსენა თურმე საძულველი ტიკი-ტაკა, რამდენჯერაც მას დააბრალეს ტიკი-ტაკას თამაში და მოსაწყენი ფეხბურთის ჩვენება.
"ის ისევეა, როგორც ზიდანი იყო საფრანგეთისთვის - სხვა ასეთი არასდროს იქნება. რონალდო დაუჯერებლად კარგი ფეხბურთელია. იგი გოლების მანქანაა" - ჟოზე მოურინიო თანამემამულე კრიშტიანო რონალდოზე.
"ჩვენი ფეხბურთი დიდი ხანია მოკვდა და წავიდა" - ასე სკეპტიკურად არის ჯეი-ჯეი ოკოჩა განწყობილი ნიგერიული ფეხბურთისადმი.
"მე ვაპირებ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ინდივიდუალური ჯილდო მოვიგო. ჩემი მიზანია, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გავხდე" - არ გვიმალავს ამბიციებს პოლ პოგბა.
"კუიტი მარცხნივ, კუიტი მარჯვნივ, კუიტი წინ და კუიტი უკან. პატარა ცვლილებით, მაგრამ ახლა სტამბულიდან გგულშემატკივრობთ. წარმატებები, ბიჭებო!" - აი, ასეთი წარწერა მიუძღვნა დირკ კუიტმა ფოტოს, რომელიც საკუთარ "ტვიტერზე" დადო და რომელზეც ჩანს, თუ როგორ გულშემატკივრობს იგი თავის შვილებთან ერთად ჰოლანდიას მას მერე, რაც რამდენიმე დღით ადრე, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"