რამ გამახსენა კი არა, ქინქლაძე როგორ უნდა დაგავიწყდეს?! საქმე იმაშია, რომ... თუმცა მივყვეთ მაინც თანმიმდევრობით, როგორც გვაქვს ხოლმე.
იტალია
ბრუნო ვიიინ?
რიგით 139-ე ტურინულმა დერბიმ ვინმე ბრუნო პერესი გაგვაცნო. ბრუნო ვიიინ? პერესი! ეს გახლავთ მარჯვენა მცველი, რომელსაც მთელი მარჯვენა ფლანგის აწიოკება შეუძლია, ფლანგიდან შეტევაში ჩართვა უყვარს და ეს კაცი რამდენიმე წლის ბრუნო ვიიინ?
"ტორინომ" ეს 24 წლის პერესი ზაფხულში, სატრანსფერი პერიოდის ბოლო დღესღა გადაიბირა.
როგორც ჩანს, ჩვენი გმირი ბრუნო "ტოროს" თავკაც ჯამპიერო ვენტურას დიდად არ მოსწონდა, რადგან ბრაზილიელი მარჯვენა მცველი ევროპალიგის განაცხადშიც კი არ შეიყვანა.
მატჩის 22-ე წუთისთვის "ტორინო" "იუვენტუსთან" 0:1-ს აგებდა და სწორედ ამ დროს მიიღო ბრუნო პერესმა ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან, რის შემდეგაც კონტრშეტევა წამოიწყო, "იუვეს" ფეხბურთელები ბურთს აღარ გააკარა, 78 მეტრი (!) ირბინა და ეს წარმოუდგენელი კონტრიერიში "იუვეს" კარში გატანილი გოლით დააგვირგვინა.
რაც უნდა დიდ პატივს ვცემდეთ ტურინულ დერბის, ფაქტია, რომ ეს გახლდათ "ტორინოს" მიერ დერბიში გატანილი პირველი გოლი ბოლო 12 წლის განმავლობაში! იტალიელებს, რა თქმა უნდა, მაშინვე ჯორჯ ვეას გოლი გაახსენდათ - გოლი, რომელიც ლეგენდარულმა ლიბერიელმა ზუსტად 18 წლის წინათ გაიტანა და რომლისთვისაც 90-მეტრიანი გარბენი და 14 წამი დასჭირდა.
ბრუნო პერესი "რეალის", "ბარსას" ან სხვა რომელიმე ელიტური კლუბის ფეხბურთელი რომ იყოს, ალბათ, სრულიად მსოფლიოს სპორტული პრესა დაუვიწყარ ეპითეტებს მიუძღვნიდა, მაგრამ რაკი პერესი მხოლოდ და მხოლოდ "ტორინოს" ფეხბურთელია, მატჩის შემდეგ მის გოლის გამო სიხარულიც კი აღარ შემორჩა.
პირველ რიგში, იმიტომ, რომ "ტორინომ" არათუ "იუვენტუსის" დამარცხება ვერ მოახერხა ("ტოროს" ბოლო გამარჯვება დერბიში 19 წლის წინ დაფიქსირდა), არამედ ბოლო წამებზე ფრეც დაიკარგა: საფინალო სასტვენამდე 6 წამით ადრე "ტორინოს" კარში ბურთი ანდრეა პირლომ 25 მეტრიდან ჩააჭედა.
შესაბამისად, "ტოროს" ტიფოზები მაშინვე საყვარელი გუნდის ფეხბურთელების ლანძღვა-გინებას მოჰყვნენ და მათ შორის იყო ეს ჩვენი ბრუნო პერესიც, რომლის გვარსაც გრანდები ამა ქვეყნისანი აუცილებლად მოინიშნავდნენ...
გომესი დაბრუნდა, ძრწოდეს იუვენტუსი?
"კორიერე დელო სპორტმა" ორშაბათის ფლორენციულ გამოცემაში პირველ გვერდზე მარიო გომესისა და მატი ფერნანდესის ფოტო გაიტანა, სათაური კი ასეთი გახლდათ: "ფერნანდესისა და მარიოს შოუ". უკვე თითქმის დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ფაქტია, რომ მარიო გომესმა ისევ გაიტანა! გაიტანა ზუსტად 259-დღიანი უგოლობის შემდეგ, "ფიორენტინამ" კი "კალიარის" 4:0 მოუგო. ამას გარდა, გომესმა საგოლე პასი მისცა ფერნანდესს, რომელმაც თავის მხრივ, დუბლი შეასრულა და თანაც, გერმანელი პირველად გახლდათ "ფიორენტინას" კაპიტანი.
ხანგრძლივი იძულებითი პაუზისა და მთელი რიგი უიღბლობების შემდეგ გომესი ამ გოლს ნამდვილად იმსახურებდა.
"იმედი მაქვს, რომ ქომაგებს მომდევნო ტურშიც გავახარებ", - აღნიშნა მატჩის შემდეგ გომესმა.
ისე, მომდევნო ტურში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" მასპინძლობს და ხომ იცით, ტურინელთა კარში გატანილი თითოეული გოლი ფლორენციელ ფეხბურთელებს ოთხმაგად ეთვლებათ ხოლმე...
ის ურჩევნია "მილანსა"...
იტალიურ ფეხბურთს რომ არ ულხინს, ამის შესახებ ბევრჯერ დაგვიწერია. ახლა, უბრალოდ, იმის დამატება გვსურს, რომ გაჭირვების ჟამს ნოსტალგია ხანდახან წამალია ხოლმე. მილანისტები შაბათს სწორედ რომ ნოსტალგიურმა ბედნიერებამ მოიცვა.საქმე იმაში გახლდათ, რომ დილას "მილანის" ბავშვთა გუნდში ვინმე კრისტიანმა გაიტანა გოლი, რამდენიმე საათის შემდეგ კი, სხვა, უფრო პატარების გუნდში უკვე მისმა ძმამ, დანიელმა იხეირა.
ახლა კი გავშიფროთ: პირველი მათგანი მცველია და 18 წლისაა, უკანასკნელი კი - 13 წლის თავდამსხმელი გახლავთ. რაც ყველაზე საინტერესოა, ორივეს გვარი მალდინია!
"დაუჯერებელია, რომ ერთ დღეს ორივე მალდინიმ შეძლო გოლის გატანა", - სიხარულით ცას ეწია ბაბუა ჩეზარე.
იმედია, ახლო მომავალში ორივე უმცროს მალდინის ერთად ვნახავთ "მილანის" ძირითად გუნდში და, იმედია, ისინი "როსონერის" ძველ დიდებას დაუბრუნებენ. შეგახსენებთ, რომ "მილანის" ისტორიაში პირველი ჩემპიონთა თასი სწორედ მათმა ბაბუამ, ჩეზარე მალდინიმ ასწია 1963-ში, ამ უკანასკნელის ლეგენდარულმა შვილმა პაოლომ კი ჩემპიონთა ლიგა სულაც 5-ჯერ (!!!) მოიგო.
ასე რომ, ბიჭებო, კრისტიან და დანიელ მალდინებო, მიდით, შეუბერეთ და გააგრძელეთ მალდინების გრანდიოზული დინასტია "მილანში"! ცნობისათვის, "როსონერის" 3-ნომრიანი მაისურის ჩაცმის უფლება მხოლოდ კრისტიანს და დანიელს აქვთ...
ინგლისი
ნოიერობა ადვილი რომ იყოს...
გერმანელი მანუელ ნოიერი არა მარტო ბრწყინვალე მეკარეა, არამედ კარგი ფეხბურთელიცაა, რაც გერმანიის ნაკრების გოლკიპერს არაერთხელ დაუმტკიცებია და რა გასაკვირია, რომ მას მიმბაძველები გამოუჩნდნენ. ნოიერობა ამჯერად "ვესტ ბრომვიჩის" მეკარე ბენ ფოსტერმა მოინდომა.ნოიერობა ადვილი რომ იყოს...
"არსენალთან" მატჩის ერთ-ერთ მომენტში ფოსტერს ბურთი დაუბრუნეს და ამ უკანასკნელმაც კარგად დაინახა, რომ ლონდონელთა თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მისკენ მიისწრაფოდა.
ნაცვლად იმისა, რომ ფოსტერი რიგით მეკარესავით მოქცეულიყო და ბურთი უბრალოდ მოეგერიებინა, ფოსტერმა ჟირუს მოტყუება გადაწყვიტა, მაგრამ ტექნიკამ უმტყუნა: ბურთი მეორე ფეხზე მოირტყა, საიდანაც ისევ ჟირუს მოხვდა და ფოსტერს ძალიან გაუმართლა, კარს რომ ასცდა.
დაინახა რა, რომ მისი კარი გადარჩა, ფოსტერმა შვებით ამოისუნთქა, გაიღიმა და ფრანგს თითი დაუქნია, მატჩის შემდეგ კი თქვა, ნოიერობა ადვილი რომ იყოს, ყველა ნოიერი იქნებოდაო...
ქინქლაძე მანჩესტერში
თავად თქვენი მონა-მორჩილი გასულ უქმეებზე მანჩესტერში გახლდათ და ჩემი პირველი განცდების შესახებ გუშინდელ "ლელოში" წაიკითხავდით (იხილეთ). გუშინვე დაგპირდით ყველაფრის უფრო ვრცლად და დეტალურად მოყოლას, რასაც აქვე შაბათისთვის გადავდებ - სრულ რეპორტაჟს ჟურნალ "ლელო Week"-ში წაიკითხავთ. მანამდე კი, დრიბლინგში ერთ კონკრეტულ რამეზე მსურს თქვენი ყურადღების გამახვილება:"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰალის" მატჩზე დასწრებამდე, მანკუნიანელთა სპონსორმა "შევროლემ" ინგლისის ეროვნულ საფეხბურთო მუზეუმში წაგვიყვანა, რომელიც სწორედ მანჩესტერში მდებარეობს.
ეს გახლავთ ფეხბურთის დედა-მუზეუმი, სადაც, გარდა იმისა, რომ ინგლისური და, შესაბამისად, ზოგადად ფეხბურთის ისტორიაა გადმოცემულ-შემონახული, მაგალითად, ინახება დიეგო მარადონას ის მაისურა, რომლითაც მან "ღმერთის ხელით" გატანილი გოლი გვაჩუქა და ფაქტობრივად, საუკეთესო საფეხბურთო მუზეუმია მთელ მსოფლიოში.
თუმცა ამაზე დაწვრილებით შაბათს გიამბობთ, მანამდე კი მთავარი: სწორედ ამ მუზეუმში შევხვდი გიორგი ქინქლაძეს! არა, მართალია, თავად გიო ფიზიკურად იქ არ ყოფილა, მაგრამ განა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებს შორის მისი საპატიო სტენდზე მოხსენიება ფიზიკურად იქ ყოფნაზე გაცილებით მეტს არ ნიშნავს?
კანტონა, შირერი, ბერგკამპი, ქინქლაძე, ანრი... აი, ასეთი იყო თანმიმდევრობა. და იქვე იყიდებოდა პრემიერლიგის თითოეული ლეგენდარული ფეხბურთელის პოსტერი - მათ შორის, რა თქმა უნდა, თავად გიო ქინქლაძისა...
არა, არა! მოდით, ყურებს ნუ ჩამოვყრით და იმედი გვქონდეს, რომ ქინქისნაირები კიდევ გვეყოლება!
ესპანეთი
ხუმრობა იქით იყოს და...
როგორც წესი, "დრიბლინგში" გასული შაბათ-კვირის სახალისო ამბებზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ ამჯერად ესპანეთიდან მძიმე ამბები გვაქვს, რომლებსაც გვერდს, უბრალოდ, ვერ ავუვლით. "ატლეტიკოსა" და "დეპორტივოს" მატჩის წინ სტადიონის მისადგომებთან ფანებს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. ხუმრობა იქით იყოს და...
ოფიციალური ინფორმაციით, 200-მდე ფანმა უდიდესი შეტაკება მოაწყო დანებით, თავ ან ბოლოწატეხილი ბოთლებითა და სხვა ამდაგვარი იარაღებით. ასევე ოფიციალური ცნობებით, 11 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ერთი კი - დაიღუპა. ეს გახლავთ ფრანსისკო რომერო ტაბოადა, "დეპორის" 43 წლის გულშემატკივარი, რომელსაც ჯერ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მერე კი უახლოეს მდინარეში გადააგდეს.
მართალია, მაშველებმა მისი ამოყვანა შეძლეს და ერთი შვილის მამა იმ დროს ჯერაც სუნთქავდა, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანისთანავე დალია სული...
ამ ამბავმა მთელი ესპანეთი შეძრა. საქმე იმაშიცაა, რომ როგორც ირკვევა, ეს შეტაკება წინასწარ იყო დაგეგმილი - ამას სტადიონის მიმდებარე ტერიორიაზე მცხოვრებლები ამტკიცებენ. საქმე იმაშია, რომ ფანები სტადიონთან უჩვეულოდ ადრე, დილის 8 საათზე შეკრებილან...
მიუხედავად ასეთი ამბებისა, თამაში მაინც დაიწყო, რის გამოც ესპანური ფეხბურთის მშობლებს ამ დღეებში კრიტიკა არ აკლიათ. თუკი საინფორმაციო სააგენტო "ეფე" "აბსურდულ სისულელეზე" წერდა, თავად ლა ლიგის შეფებმა "ტვიტერზე" მართლა დიდი სისულელე დაწერეს: "მატჩის გადადებას უშედეგოდ ვცდილობდითო"...
"კორდობა" და "რეალი"
მიუხედავად ასეთი საშინელი ამბისა, ცოტა რამ უშუალოდ სპორტის შესახებაც ვთქვათ: პრიმერამ უკვე 13 ტური მოილია, "კორდობა" კი ისევ მოგების გარეშე ყვინთაობს. ლა ლიგის ისტორიაში ასეთი სამარცხვინო შედეგი აქამდე მხოლოდ 5 გუნდს ჰქონდა, ამაზე უარესი კი - არავის.
მოდით, ბოლოს მადრიდის "რეალის" მოგება-წაგებათა ბალანსს გადავხედოთ: WWWWWWWWWWWWWWWW. ვთარგმნოთ: ზედიზედ 16 მოგება ყველა ტურნირზე, რაც კლუბის ახალი რეკორდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მადლობა გოტფრიდს!
ველოდებით მანჩესტერულ შთაბეჭდილებებს!