დრიბლინგი: არ ესროლოთ კრიშტიანო რონალდოს! [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიაში დასტინ ჰოფმანი გამოჩნდა, ინგლისში - "მამაცი გული", ესპანეთში კრიშტიანო რონალდოს ესროლეს, დევიდ მოიესი კი საკუთარი ფეხბურთელების სახელებს სწავლობს.

იტალია
დასტინ ჰოფმან-უმცროსი
"მილანმა" ისევ წააგო, ამჯერად "ჯენოასთან" - 0:1. მართალია, დღევანდელ "ჯენოასთან" წაგება დღევანდელი "მილანისთვის" კატასტროფა არ არის, რადგან გენუელებს მართლა კარგი გუნდი ჰყავთ და 14 ტურის შემდეგ მე-3 ადგილზე არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება.

ის ერთადერთი ბურთი მილანელთა კარში ლუკა ანტონელიმ გაიტანა, რომელიც რობერტო ანტონელის შვილია. ეს უკანასკნელი კი, თავის დროზე მილანისტა გახლდათ და "როსონერის"
ფორმით ბევრი რამ აქვს გადატანილი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მაგალითად, "მილანთან" ერთად მან ისტორიული, მეათე "სკუდეტო" მოიგო და "როსონერის" სერია A-დან სერია B-ში ჩაჰყვა, მერე კი ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და ისევ ელიტაში დააბრუნა.

მილანში უფროს ანტონელის დასტინს ეძახდნენ - რა თქმა უნდა, ლეგენდარულ მსახიობ დასტინ ჰოფმანთან დაუჯერებელი მსგავსების გამო.

"მილანზე" გული შემტკივა და ვოცნებობ, რომ "როსონერიმ" მალე დაიბრუნოს ისეთი დიდება, როგორიც ამ კლუბს ეკადრება, მაგრამ ჩემი ერთი შვილი "ჯენოას" ფეხბურთელია, მეორე კი - "ჯენოას" გადარეული ფანი. ასე რომ, ამ მატჩის შემდეგ ნაწყენი ნამდვილად არ ვარ. მით უმეტეს, რომ ზუსტად ვიცი, "მილანი" სერია B-ში არ გავარდება!" - აღნიშნა უფროსმა ანტონელიმ მატჩის შემდეგ.

"მილანი" სერია B-ში არ გავარდება - ეს, ფაქტობრივად, ერთადერთი დადებითი უტყუარი მოსაზრებაა, რაც დღეს შეიძლება "მილანის" შესახებ ითქვას.

"პარმას" რუსები და კვიპროსელები იხსნიან?
14 თამაში, 12 წაგება, 34 გაშვებული ბურთი - გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ "პარმა" დღესდღეობით მთელ გალაქტიკაში ყველაზე ცუდი პირველლიგელია. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ემილიელთა კრიზისი ფინანსურ სიდუხჭირესთანაა დაკავშირებული და აქედან გამომდინარე, თითქმის ლოგიკურია ისიც, რომ "პარმას" პოტენციური მხსნელები გამოუჩნდნენ.

რუსულ-კვიპროსულმა კონსორციუმმა კლუბი 7 მილიონ ევროდ შეისყიდა, თუმცა, ცხადია, რომ რუსებსა და კვიპროსელებს "პარმას" ყიდვა გაცილებით ძვირი უჯდებათ.

მაგალითად, მარტო გადასახადებისა და ხელფასების ვალი 20 მილიონ ევროზე მეტია. ცნობისათვის, გადასახადები და ხელფასები ემილიელებს ივნისის მერე არ გაუსტუმრებიათ. პლუს ამას, კლუბს კიდევ 20 მილიონი აქვს ვალად.

კონკრეტულად ვინ იყიდა "პარმა"? ამბობენ, ჯერჯერობით გასაიდუმლოებული გაერთიანების ერთ-ერთი წევრი "გაზპრომის" აქციონერიაო...

ბერგამოში ერთი კაცი მიდიოდა
"ატალანტა" ფსკერის დუელში "ჩეზენას" მასპინძლობდა და პირველი ტაიმის შემდეგ 1:2-ს აგებდა. შესვენებაზე იტალიურ ინტერნეტ-მედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა ცნობები, კლუბის პრეზიდენტი შესვენებაზე ბერგამოელთა გასახდელში ჩავიდა და მთავარი მწვრთნელი სტეფანო კოლანტუონო პირდაპირ გასახდელიდან გააგდოო.

"პრეზიდენტი გასახდელში თამაშის წინაც კი ვერ შემოვა, აღარაფერს ვამბობ შესვენებისას შემოსვლაზე. ჯუნგლებში ვართ თუ რა ხდება? ეს ყველაფერი გულისამრევია", - თქვა მატჩის შემდეგ "ატალანტას" დამრიგებელმა, რომელიც ჯერაც გუნდის მთავარი მწვრთნელია.

შეიძლება იმიტომ, რომ "ატალანტამ" ის თამაში მეორე ტაიმში თავის სასარგებლოდ შეატრიალა (3:2).

ინგლისი
მამაცი გული
ვერ გეტყვით, გლაზგოს "რეინჯერსის" სკოლაში აღმზრდელები ფეხბურთელებს ტყეში უშვებენ, ველად თუ უმ ხორცს აჭმევენ, ფაქტი კი ის არის, რომ შოტლანდიური კლუბის აღზრდილი ფეხბურთელები მაგარი ბიჭები გამოდიან.

მაგალითად, ჩარლი ადამი. ეს ბიჭი 18 წლის იყო, როცა "რეინჯერსში" პირველად ითამაშა.

როგორც შოტლანდიელი "მამაცი გულების" შემთხვევაში ხდება ხოლმე, დღეს უკვე 28 წლის ადამი ინგლისურ "სტოკ სიტიში" თამაშობს და გასულ უქმეებზე, "არსენალთან" მატჩის დროს კიდევ ერთხელ გაახსენდა, ვისი გორისაა.

რაკი ლონდონელი სანჩესი ბურთს კორპუსით კარგად ფარავდა და ადამს, ფაქტობრივად, შანსი აღარ ჰქონდა, შოტლანდიელს სისხლი აუდუღდა, ჩილელს კისერში ხელები სტაცა და ახრჩობდა (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით). მიუხედავად იმისა, რომ ბურთი უკვე რამდენიმე მეტრის მოშორებით მიგორავდა, ადამს სანჩესისთვის ხელების გაშვება აზრად არ მოსვლია.

სანამ სანჩესს თვალთ არ დაუბნელდა, მანამდე უკურეაქცია არ გამოუვლენია, ხოლო, როცა დაუბნელდა, მოხდენილი რეაქციით, ფაქტობრივად, ბოლო წამს გაითავისუფლა თავი. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ყველაფრისთვის ადამმა მხოლოდ ყვითელი ბარათი მიიღო.

ყვითელი ბარათი ვახსენეთ და აქვე ვთქვათ, რომ ევერტონელმა გარეთ ბერიმ "სიტისთან" წაგებულ შეხვედრაში (0:1) პრემიერლიგაში თავისი 99-ე გაფრთხილება მიიღო.

რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს პრემიერლიგის რეკორდია.

ესპანეთი
რუბენ კასტრო
გაგიკვირდებათ და, ესპანეთში მესისა და რონალდოს ამბებით არ გადავინაცვლებთ. მთავარ როლში ამჯერად ყველასათვის არა, მაგრამ ბევრისთვის კარგად ნაცნობი რუბენ კასტროა.

1,70 მეტრი სიმაღლის ესპანელმა თასზე, "ალმერიასთან" 1:4-ზე წაგებულ შეხვედრაში გოლი გაიტანა და "ბეტისის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

ცნობისათვის, კასტრო "ბეტისში" 2010 წლიდან თამაშობს და ამ ოთხი წლის განმავლობაში 95 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება უცხოპლანეტელებს
ცხადია, რომ მესისა და რონალდოს გვერდს ვერ ავუქცევთ, მით უმეტეს, რომ არგენტინელიცა და პორტუგალიელიც ისევ მოწოდების სიმაღლეზე დგანან.

მაგრამ ლეოსა და კრიშტიანოს სტატისტიკა უკვე იმდენად აბსურდულია, რომ დროა, მათ ზღაპრულ მიღწევებს იუმორით შევხედოთ.

მესიმ ზედიზედ მესამე შეხვედრაში მეოთხე ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუ რაღაც ამდაგვარი, რონალდომ კი თავისი 9182-ე ჰეთ-თრიკი გამოაცხო. მართალია, "ბარსელონას" ფანები რონალდოს კბენენ, მაგ ციფრიდან 9181 ჰეთ-თრიკი პენალტის წყალობით აქვს შესრულებულიო, მაგრამ თავად კრიშტიანოს ეს ბრალდება, რა თქმა უნდა, იმ ფეხებზე ჰკიდია, ათეულობით მილიონ ევროდ რომ აქვს დაზღვეული.

თავად რონალდომ გასულ უქმეებზე მაისურზე მსუბუქად მოქაჩვას ისეთი ინტერპრეტაცია გაუკეთა, თითქოს ზურგში ტყვია დაახალეს, მაგრამ რას ვიზამთ, უარესებიც გვინახავს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვინ სტეფანო, დევიდ?
დევიდ მოიესს ესპანეთთან შესაგუებლად დრო დასჭირდებოდა, ამის წინასწარმეტყველება რთული ნამდვილად არ იყო. ის ფაქტი, რომ დევიდი "რეალ სოსიედადის" დამრიგებლად დაინიშნა, თავიდანვე ბევრს ეხამუშა, ამბობდნენ კიდეც, მოიესი ესპანურ ფეხბურთს არ მოუხდებაო.

თუმცაღა თავად დევიდი ნაღდად ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადაპტაციის პერიოდი დიდხანს არ გაუგრძელდეს. მთავარია, იქაური საფეხბურთო ცნებები დაიზეპიროს.

ცნება პირველი: იცოდე სახელები და გვარები ფეხბურთელებისა შენისა! მოიესი მთელი თამაში გაჰკიოდა, სტეფანო ასე ქენი, სტეფანო ისე ქენიო. ცუდი კი ის იყო, რომ მოედანზე ერთი სტეფანოც კი არ იმყოფებოდა!

მერე გაირკვა, რომ მოიესი თურმე გამთამაშებელ ესტებან გრანეროს გულისხმობდა...

"კორდობას" პირველი
ესპანეთში საინტერესო იყო ისიც, რომ "კორდობამ" სეზონის პირველი გამარჯვება ბილბაოში იზეიმა და ეს გახლდათ ამ გუნდის პირველი გამარჯვება ესპანურ ელიტაში ბოლო 42 წლის განმავლობაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იხილეთ ვიდეო
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ვინ დაწერა მე მგონი მაგარი ნასვამი იყო :)
giorgi
17:38 10-12-2014
0
მესიმ "მესამე შეხვედრაში მეოთხე ჰეთ-თრიკი შეასრულა"? ეგ როგორ? :D
ერისკაცი
14:30 10-12-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული