ფრაზები: ვინ მოიგებს მომავალში "ოქროს ბურთს"

AutoSharing Option
მოიგებს პოლ პოგბა ოდესმე "ოქროს ბურთს" და თუ მოიგებს, რამდენს? ამ კითხვაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა გვპასუხობს.

ვინ სჯობს დრაკულას, რა შუაშია მაიკ ტაისონი, ვის ურჩევნია ყველას რონალდინიო, რატომ ჰგავს ჩავი მოჭადრაკეს, როგორი ცინიკური კომენტარი გააკეთა ჟოზე მოურინიომ სერხიო რამოსის სიტყვებზე და ბევრი საინტერესო რამ გამორჩეული გამონათქვამების კიდევ ერთ "პორციაში" გველოდება.

* ცნობილი აგენტი მინო რაიოლა პოლ პოგბაზე: "იგი უკვე უკეთესია, ვიდრე პლატინი. პოლს გოლები გააქვს და პლეიმეიქერად თამაშობს. მას შეუძლია საყრდენად ითამაშოს და ასევე, 10 ნომრად. ვსაუბრობთ ნახევარმცველზე,
რომელიც ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად განსწავლულია. ის თანამედროვე და სრულყოფილი ფეხბურთელია. მას ისეთივე მახასიათებლები აქვს, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს ეპოქაში ვცხოვრობთ, პოგბა "ოქროს ბურთს" ერთზე მეტჯერ მოიგებს".

* "მან მოხსნა რეკორდი, რომელიც ყველას ხელშეუხებელი ეგონა და რომელიც 60 წელი ძალაში იყო. ის, რასაც მან მიაღწია, შეუდარებელია და ამ შედეგის გაუმჯობესებას 600 წელი დასჭირდება" - ასე მიულოცა ლა ლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად გახდომა ხოსეპ გვარდიოლამ ლიონელ მესის.

* "ყველაფერი ბრწყინვალედ იყო, ჩემი გოლით ვიგებდით და ცალი ფეხით შემდეგ ეტაპზე ვიყავით, მაგრამ ბოლო წამებზე გავუშვით და ეს ტაისონისგან მიღებული დარტყმასავით გახლდათ" - თქვა ფრანჩესკო ტოტიმ, როდესაც ცსკა-სთან ვერმოგებულ შეხვედრაზე საუბრობდა.

*"ბენტეკეს საქციელს არ ვამართლებ, მაგრამ მეისონმა მისი პროვოცირება მოახდინა. თანაც, დარტყმას ამას ვერ დავარქმევთ, ოდნავ თუ შეეხო მეტოქეს ხელით, ეს მაიკ ტაისონის დარტყმა ნამდვილად არ გახლდათ. ჩემი ქალიშვილის დარტყმაც კი უფრო ძლიერი იქნებოდა" - თქვა "ასტონ ვილას" მწვრთნელმა პოლ ლამბერტმა.

* "გასტონ რამირესი მას სულ ცოტათი შეეხო, თანაც ვერტონგენი დიდი და ძლიერი ბიჭია, მაგრამ ისე გააფორმა მომენტი, თითქოს ნაჯახი ჩაერტყათ მისთვის" - ამბობდა "ჰალის" მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი "ტოტენჰემთან" მატჩის მერე.

"მინოლეზე უფრო აქტიური დრაკულაა, რადგან იგი ხანდახან მაინც ამოდის კუბოდან, ხოლო მინოლე კარის ხაზზეა და არ იძვრის" - თქვა ბრიუს გრობელაარმა სიმონ მინოლეს კრიტიკისას.

* ძიუდოს ლეგენდა ტედი რინერი: "რონალდინიო დაუჯერებლად კარგი იყო. თან ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ იგი თამაშისგან სიამოვნებას იღებდა და ღიმილით თამაშობდა. ჩემთვის იგი საუკეთესო ფეხბურთელია. ვიდეოებს რომ ვუყუროთ, დავინახავთ, რომ ისეთ ილეთებს, როგორსაც რონალდინიო აკეთებს, ვერც ნეიმარი და ვერც რონალდო აკეთებენ. მესის აქვს საუცხოო ტექნიკა და თითქოს, ბურთი მიწებებული აქვს, მაგრამ რონალდინიო სწრაფია, მრავალმხრივი, ძალიან ტექნიკური და შეცდომას თითქმის არ უშვებს. მისი თამაშის პროგნოზირება წარმოუდგენელი გახლდათ და ესეც დამაინტრიგებელი გახლდათ. მარადონა და პელე მასზე წინ არიან და მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ფეხბურთის ისტორიაში, მაგრამ რონალდინიომ ჩემს ცხოვრებაზე დატოვა წარუშლელი კვალი, მისი ილეთებითა და გენიალური თამაშით".

* "ის ბრწყინვალედ გამოიყურება. როდესაც აგუერო მეკარესთან პირისპირ გადის, გამორიცხულია, ეს შანსი ვერ გამოიყენოს. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს. იგი შეუჩერებელია, თანაც მუდამ უმნიშვნელოვანეს დროს ახერხებს გატანას. რონალდო, შესაძლოა, სხვა პლანეტიდანაა, მაგრამ კუნიც იქვეა მესისთან და სუარესთან ერთად" - ასე დაახასიათა სერხიო აგუერო მისმა თანაკლუბელმა სამირ ნასრიმ.

* "ჩელსიმ" სესკ ფაბრეგასისა და დიეგო კოშტას ესპანეთის ნაკრებში გაშვება ტრავმების მიზეზით არ ისურვა, რამაც სერხიო რამოსი გააღიზიანა, ტრავმები არაფერ შუაში იქნება, გაბუქებულ-მოფიქრებული მიზეზიაო. მადრიდის "რეალის" მცველს ჟოზე მოურინიომ ცინიკურად უპასუხა: "არ ვიცოდი, თუ სერხიოს ამ ბოლო წლებში სამედიცინო დაუმთავრებია".

* "სასიამოვნო არასდროსაა, როდესაც შენს რეკორდს ეხებიან, მაგრამ სამაგიეროდ, სასიამოვნოა ის, რომ ადამიანი, ვინც მსგავსი შედეგის მიღწევა შეძლო, ჩავის კალიბრის ფეხბურთელია. ჩავი ცოტათი მოჭადრაკეს ჰგავს, რადგან სხვებთან შედარებით, მუდამ ორი-სამი ნაბიჯით წინ აქვს ნაფიქრი. ჩემთვის იგი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშეა" - აღნიშნა რაიან გიგზმა.

* "მას ორზე მეტი "ოქროს ბურთი" უნდა ჰქონდეს. მესი რონალდოს ნახევარი ფეხბურთელიც არ არის. მესის სხვა კლუბის რიგებში არ უჩვენებია მსოფლიოსთვის, თუ რა შეუძლია, განსხვავებით კრიშტიანოსგან, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედშიც" ბრწყინავდა" - თქვა კარლოს ვარელამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული