აფრიკის ერთა თასი 2015: ჩუკუ ჩუკუ აფრიკა!

AutoSharing Option
17 იანვარს აფრიკის ერთა თასმა ეკვატორულ გვინეაში აიღო სტარტი - ოთხიდან სამ ჯგუფში I ტურის თამაშები გაიმართა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობისთვის მაროკოს უნდა ემასპინძლა, მაგრამ ებოლას ვირუსის საფრთხის გამო ამ ქვეყანამ მასპინძლობა იუარა, რადგან ქვეყნის განცხადებით, უსაფრთხოების ზომები ბოლომდე დაცული ვერ იქნებოდა.

ეკვატორულმა გვინეამ საჩქაროდ გამოთქვა სურვილი ტურნირის მასპინძლობის და მისი გადადებაც აღარ გახდა აუცილებელი. შეგახსენებთ, რომ ეკვატორული გვინეა 2012 წლის აფრიკის თასის თანამასპინძელი გახლდათ გაბონთან ერთად. წინა გათამაშება კი 2013 წელს სამხრეთ აფრიკაში გაიმართა და მაშინ ნიგერიამ იმარჯვა, რომელმაც
ფინალში ბურკინა ფასო დაამარცხა (1:0).

დანამდვილებით ვიცით, რომ აფრიკის თასს ახალი ტრიუმფატორი ეყოლება, რადგან ნიგერია ფინალურ ეტაპზე ვერ მოხვდა და ვიცით ისიც, რომ ყველაზე ტიტულოვანი, კერძოდ კი, 7-გზის ჩემპიონი ეგვიპტე საკუთარ მონაგარს ვერ გაზრდის, რადგან არც ისაა ფინალურ ეტაპზე.

სამაგიეროდ, ამ მხრივ მეორეზე მყოფები, ანუ 4-გზის ჩემპიონები, განა და კამერუნი შედეგის გაუმჯობესებას შეეცდებიან. როგორც წესი, ეს ტურნირი სიურპრიზებით გვანებივრებს. თუნდაც 2012 წლის პირველობა გავიხსენოთ, როცა ზამბიის ნაკრებმა ფინალში ვარსკვლავურ კოტ დ'ივუარს პენალტების სერიაში აჯობა.

რა, სად, როდის
სანამ უშუალოდ ჯგუფებზე გადავიდოდეთ, აღვნიშნოთ, რომ ფორმატი ძალიან მარტივია: 4 ჯგუფში მყოფი 4-4 ნაკრებიდან 2-2 საუკეთესო მეოთხედფინალში ითამაშებს.

მატჩების ძირითად ნაწილს ოთხი ქალაქი მასპინძლობს - ებებიინი, მონგომო, მალაბო და ბატა. ყველაზე მეტი შეხვედრა უკანასკნელ ორ ქალაქში იმართება. მატჩი მესამე ადგილისთვის მალაბოში, "ნუევო ესტადიო დე მალაბოზე" 7 თებერვალს ჩატარდება, ხოლო ფინალი "სტადიო ბატაზე" 8 თებერვალსაა.

თანაბარქულიანობის შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს და ურთიერთშეხვედრებში გატანილ გოლებს ენიჭება.

ტურნირის ოფიციალური სიმბოლო არის ციყვი, სახელად "ჩუკუ ჩუკუ".

A ჯგუფი: ჩვენთვის ნაცნობი ოვონო

ბურკინა ფასო
გაბონი
ეკვატორული გვინეა
კონგო

ამ ჯგუფის მთავარი ფავორიტი, უდავოდ, გაბონის ნაკრებია, რომლის კარსაც თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე დიდიე ოვონო იცავს. ლიდერი კი, რა თქმა უნდა, პიერ-ემერიკ ობამეიანგია. "დორტმუნდის" შემტევი, შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავიც გახდეს ტურნირისა. ყოველ შემთხვევაში, პორტუგალიელი ჟორჟე კოშტას გუნდი ადვილი ლუკმა არავისთვის იქნება.

კლოდ ლე რუას კონგო ერთ-ერთი აუტსაიდერია და ამ გუნდის რიგებიდან, პირველ რიგში, პრინს ონიანგს თუ გამოვარჩევთ, "რეიმსის" ნახევარმცველი მართლაც კარგ ფორმაშია.

ბურკინა ფასომ წინა ტურნირის ფინალი ითამაშა და ახლაც ყურადღებას იმსახურებს. გუნდში საფრანგეთის მოთამაშე რამდენიმე საინტერესო ფეხბურთელია, რომელთაგანაც "ლიონის" მცველი ბაქარი კონე და "ლორიანის" ფორვარდი ალენ ტრაორე შეგვიძლია გამოვყოთ. ნაკრების კაპიტანი "კრასნოდარის" ფეხბურთელი შარლზ კაბორე, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. ალბათ, იცნობთ სწრაფ და ტექნიკურ შემტევ ჯონათან პიტროიპასაც. აქვეა "ვიტესის" 19 წლის ტალანტი ბერტრან ტრაორე.

ეკვატორულ გვინეას სერიოზულ კანდიდატად არავინ განიხილავს. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ დაახლოებით ორი კვირაა, ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ესტებან ბეკერის სახით. არგენტინელმა სპეციალისტმა ქალთა ნაკრები გახადა კონტინენტის ჩემპიონი და ახლა მას მამაკაცთა გუნდი მიაბარეს... ეკვატორული გვინეას ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი ევროპული პუბლიკისთვის ემილიო ნსუეა, ვინც "მალიორკადან" უნდა გახსოვდეთ, ახლა იგი "მიდლსბროში" ირიცხება.

შეგვიძლია "ეშტორილის" მოთამაშე ხავიერ ბალბოაც გამოვარჩიოთ. საინტერესოა, რომ ნაკრებში გამოჩნდა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული გუნდის წევრი რუბენ ბელიმა.

B ჯგუფი: აუტსაიდერთა იმედი პლატინი

კაბო ვერდე
კონგოს დრ.
ტუნისი
ზამბია


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამ ჯგუფის აუტსაიდერად მიიჩნევა, მაგრამ... ამ გუნდში არიან "ვესტ ბრომვიჩის" იუსუფ მულუმბუ, "კრისტალ პალასის" შესანიშნავ ფორმაში მყოფი შემტევი იანიკ ბოლაზი, კევის "დინამოს" დიემურსი მბოკანი, "ევიანის" სედრიკ მონგონგუ; არიან საინტერესო ლეგიონერები ბელგიიდანაც. ასე რომ, პირადად ამ ნაკრებს ბოლომდე ვერ ჩამოვწერდი.

კაბო ვერდეს ხშირად ჰყავს ხოლმე ნორმალური ფეხბურთელები, მაგრამ ამ დონეზე თამაში იშვიათად გამოსდის და ახლა ეს ამ ნაკრების შანსია. კაბო ვერდეს გუნდი, ძირითადად, პორტუალიაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული და ასევე არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გადავიდნენ პორტუგალიიდან სხვა ჩემპიონატებში, მაგალითად, ტექნიკური თავდამსხმელი ჯანინი და ასევე პროდუქტიული გარემარბი კარლიტოსი. მწვრთნელიც პორტუგალიელია - რუი აგუაში.

ცალკე გამოვარჩიოთ ფრანგული ფრთა - "რეიმსის" ოდერ ფორტესი და, რაც მთავარია, "ლილის" რაიან მენდეში. არის "ელჩეს" გარი როდრიგესიც, "ტეპლიცეს" ნივალდო და სოფიას ცსკა-ში მოთამაშე პლატინიც.

ზამბიაზე შესავალში ვისაუბრეთ. ტუნისს რაც შეეხება, გუნდი ბოლო დროს წარმატებებს ვეღარ აღწევს, მაგრამ ჯგუფის ფავორიტია და ამის მიზეზი თუნდაც ეს მოთამაშეები არიან: "მონაკოს" აიმენ აბდენური, "ციურიხის" ფეხბურთელები - იასინ შიხაუი და ამინ შემეტი, "ლუდოგორეცის" ჰამზა იუნესი, "მეცის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ფერჯანი სასი, "ბორდოს" ვაჰბი ჰაზრი, "მონპელიეს" ჯამელ საიჰი...

C ჯგუფი: სიკვდილის ჯგუფი

ალჟირი
განა
სენეგალი
სამხრეთი აფრიკა


ეს ულაპარაკოდ ყველაზე საინტერესო ჯგუფია და სალაპარაკოც ნაკლებია, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ეს ნაკრებები და მათი წამყვანი ფეხბურთელები თქვენთვის ისედაც კარგად ნაცნობნი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს "სიკვდილისა" ეთქმის და ფავორიტის გამორჩევა ადვილი არ არის, ასეთებად მაინც ალჟირი და განა უნდა დავასახელოთ. ავრაამ გრანტის "შავი ვარსკვლავები" და კრისტიან გურკუფის ალჟირი არა მარტო ქვეჯგუფის, არამედ ერთა თასის მთავარი ფავორიტები არიან კოტ დ'ივუართან ერთად.

ასამოა გიანით, აბედი პელეს ვაჟებით, ანდრე და ჯორდან აიუებითა და სხვებით "შეიარაღებული" განა შეეცდება დაამტკიცოს, რომ მუნდიალზე ცუდი გამოსვლა დავიწყებულია. ხოლო იასინ ბრაჰიმით, ნაბილ ბენტალებით, ფაუზი გულამით, იშაკ ბელფოდილით, ისლამ სლიმანით, ფუედ კადირითა და ასევე არაერთი კარგი ფეხბურთელით განებივრებული ალჟირელები იმის დამტკიცებას ეცდებიან, რომ მუნდიალზე ბრწყინვალე გამოსვლა შემთხვევითობა არ იყო.

გამოსარჩევ ფეხბურთელებზე თუ მიდგა საქმე, ასეთები სენეგალს არავისზე ნაკლები ჰყავს. ალენ ჟირესის გუნდი ინგლისში, საფრანგეთში, თურქეთში, ესპანეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მოთამაშე ლეგიონერებითაა გადავსებული. "საუთჰემპტონის" სადიო მანემ, როგორ უცბადაც შემოიჭრა პრემიერლიგაში, შესაძლოა, ისეთივე მყისიერი ეფექტი მოახდინოს აფრიკის თასზეც. პაპის დემბა სისეზე, მუსა სოუზე, შეიხუ კუიატეზე, იდრის გეიეზე, პაპე სუარესა და ყველა დანარჩენზე ცალ-ცალკე რომ დავიწყოთ საუბარი, ძალიან შორს წავალთ; უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რამდენად შორს წავა თავად სენეგალი, რომელსაც წარმატებები მოენატრა.

ზუსტად იმავე შეკითხვის დასმა და ანალოგიური პათოსის გატარება შეგვიძლია სამხრეთ აფრიკასთან მიმართებაშიც. ბოლო წლებში ნაკრებს აშკარა რეგრესი აქვს და ბევრი ამის მიზეზად იმას მიიჩნევს, რომ "ბაფანა-ბაფანაში" ძალიან ცოტა ლეგიონერია. თუმცა სამხრეთაფრიკელებს საკუთარი ჩემპიონატის განვითარება უნდათ და მსურველებს იქით ეპატიჟებიან; იმისაც სჯერათ, რომ ადრე თუ გვიან შედეგიც მოვა. ადრეა ახლა თუ გვიანი, ამაზე თავად გვიპასუხებენ მინდორზე.

D ჯგუფი: ოქროს თაობის ბოლო შანსი

გვინეა
კამერუნი
კოტ დ'ივუარი
მალი


აფრიკის თასის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის, კოტ დ'ივუარის ბევრი ცნობილი ფეხბურთელისა და "ოქროს თაობისთვის" ეს ბოლო შანსია, კონტინენტის ოქროს "წაეთამაშოს".

რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი უკვე წავიდა ნაკრებიდან და მალე, შესაძლოა, ამ გზას იაია და კოლო ტურეები, სიაკა ტიენე, სალომონ კალუ, შეიკ ტიოტე და სხვანი დაადგნენ. ამიტომაც ისინი და "სიტიში" გადასვლით გამხნევებული უილფრიდ ბონი, "რომას" ლიდერად ქცეული ჟერვინიო და სხვა არაერთი ვარსკვლავი, ყველაფერს გააკეთებენ წარმატებისთვის, რომელთანაც ყველაზე ახლოს 2012 წელს იყვნენ, მაგრამ სენსაციურად წააგეს ზამბიასთან, ნაკრებთან, რომელსაც მაშინ ერვი რენარი წვრთნიდა.

ეს ფრანგი სპეციალისტი ახლა სწორედ "სპილოებს" უდგას სათავეში და იქნებ მასთან ერთად მოხერხდეს ის, რაც მის გამო არ მოხერხდა.

ჰენრიკ კასპერჩაკის მალი, რომლისგანაც დიდი მოლოდინი არ არის, შესაძლოა, პატარა სიურპრიზით გამოირჩეს. სეიდუ კეიტა, მუსტაფა იატაბარე, მოდიბო მაიგა... ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც გარკვეული მოულოდნელობების შემოთავაზება ძალუძთ.

ჯგუფი კი მძიმე თუნდაც მარტო იმიტომ არის, რომ იქ, "სპილოებთან" ერთად, ფოლკერ ფინკეს კამერუნია. თუ ნიგერიამ ბოლო წლების ფიასკოები აფრიკის თასის წინა გათამაშების მოგებით შედარებით მაინც გააფერადა, კამერუნს აშკარად ცუდი დროება უდგას. პოტენციალი ნამდვილად არის და ქარიზმატული სტეფან მბიას კაპიტნობით, აფრიკის თასის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული ნაკრები თავისი სიტყვის თქმას შეეცდება.

აი, ყველაზე ახალგაზრდა და ამავდროულად, ყველაზე სუსტ გუნდად მიჩნეული ნაკრები კი გვინეაა. თუმცა აქაც ვაწყდებით საკმაოდ ცნობილ ფეხბურთელებს.

თუნდაც "გლადბახის" იბრაჰიმა ტრაორესა და "ტრაბზონის" კევინ კონსტანტს. აქვეა პოლ პოგბას უფროსი ძმა, "სენტ ეტიენის" მცველი ფლორენ პოგბა, მაგრამ იგი კარგ თამაშზე მეტად ცნობილი იმითაა, რომ პოლის ძმაა.

აფრიკის ერთა თასის გამარჯვებულები

ნაკრები ჩემპ წლები
ეგვიპტე 7 1957, 1959, 1986, 1998, 2006, 2008, 2010
განა 4 1963, 1965, 1978, 1982
კამერუნი 4 1984, 1988, 2000, 2002
ნიგერია 3 1980, 1994, 2013
კონგო დრ. 2 1968, 1974
კოტ დ'ივუარი 1 1992
ზამბია 1 2012
ტუნისი 1 2004
სუდანი 1 1970
ალჟირი 1 1990
ეთიოპია 1 1962
მაროკო 1 1976
სამხ. აფრიკა 1 1996
კონგო 1 1972

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული