რატომ ვერ ჩაირიცხა ახალგაზრდა არიენ რობენი "მანჩესტერ იუნაიტედში"?

AutoSharing Option
იცით, რატომ არიან ძალიან ტექნიკური ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკაში, ბრაზილიასა და არგენტინაში? იმიტომ, რომ ბავშვობაში ისინი ფეხბურთის თამაშს ქუჩაში სწავლობენ. ქვიან, ოღროჩოღრო მოედანზე იმორჩილებენ ბურთს, ტექნიკა უვითარდებათ, შემდეგ კი ხასხასა, სწორ მინდორზე ორი-სამი კაცის მოტყუება ძალიან უიოლდებათ", - ამბობს მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომლის გუნდში მარცხენა ფლანგზე ფრანგი ფრენკ რიბერი თამაშობს, მარჯვნივ - ჰოლანდიელი არიენ რობენი, ერთმანეთზე ტექნიკური გარემარბები.

ისინი სამხრეთ ამერიკაში არ გაზრდილან, ჰოლანდიასა და საფრანგეთის ქალაქებში ქუჩები ერთმანეთზე მეტადაა მოწესრიგებული. მაშ, საიდან ასეთი ტექნიკა?

დღეში 10 ათასი
არიენ რობენი 1984 წლის 23 იანვარს ჰოლანდიის ქალაქ ბედუმში დაიბადა, რომელშიც ოდენ 10 ათასი მცხოვრებია. თავიდანვე მოუსვენარი ბავშვი იყო, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა, მომეტებული ენერგია სადმე ხომ უნდა დაეხარჯა?! სწორედ ამიტომ, დედამ 8 წლის არიენი ფეხბურთზე შეიყვანა. მალე იგი ბედუმის გვერდით მდებარე ჰოლანდიის ერთ-ერთ მოზრდილ ქალაქ გრონინგენის მწვრთნელებმა შენიშნეს და კლუბ "გრონინგენის" აკადემიაში მიიწვიეს.

სწორედ იქ შეიძინა არიენმა სამხრეთამერიკული ტექნიკა, სისწრაფეს არც პატარაობაში უჩიოდა და ნებისმიერი მეტოქისთვის მოუხელთებელ ფეხბურთელად იქცა. რობენის "გრონინგენში" ჩარიცხვას დაემთხვა ჰოლანდიის საფეხბურთო სკოლებში ვილ კურვერის სწავლების მეთოდის შემოღება. ამ კაცს ფეხბურთის აინშტაინსაც უწოდებდნენ, რადგან "მოლეკულებში" ჰქონდა გათვლილი, დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებისთვის რა იყო საჭირო. ბატონმა კურვერმა კარგად გააანალიზა, რომ ბავშვების ჩარჩოებში მოქცევა დამღუპველი იყო, ამიტომ მისი თეორიის მთავარ პრინციპად ბურთთან ურთიერთობა იქცა - მოზარდი ფეხბურთელი ბურთს დღეში 10 ათასჯერ უნდა შეეხოსო.

"პატარაობაში ამა თუ იმ ვარჯიშზე ვამბობდი: დღეს 4-5 მეტოქე უნდა მოვატყუო და გოლი ისე გავიტანო-მეთქი. ერთხელ რომ არ გამომივიდოდა, მეორედ ვცდილობდი, მესამედ... ვიდრე მიზანს არ მივაღწევდი, არ ვნებდებოდი. თუმცა მთელი მოედნის ბურთთან ერთად გადაკვეთა, გზად 5-6 ფეხბურთელის მოტყუება და გოლის გატანა პატარაობაში უფრო იოლი იყო, ვიდრე პროფესიონალურ დონეზე", - თქვა რობენმა გერმანიის თასის ნახევარფინალში "შალკეს" კარში გატანილი მარადონასეული გოლის შემდეგ.

37 კმ/სთ
რას ნიშნავს მარადონასეული, კარგად მოგეხსენებათ: არგენტინელმა დიეგო მარადონამ 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერ ინგლისის ნახევარი ნაკრები მოატყუა და ისე გაიტანა, შემდეგ ბელგიის გუნდი... რობენმა "შალკესთან" მატჩში ბურთი საკუთარი მეკარისგან მიიღო, მარჯვენა ფლანგზე მაღალი სიჩქარით გადაკვეთა მოედნის ცენტრი, ზოგი მეტოქე ფინტებით მოატყუა, ზოგი სისწრაფეში ვერ აჰყვა და შუა გზაში ჩამორჩა, კუთხურის ალამთან ჩასულმა არიენმა ბურთი მარცხენა ფეხზე გადაიტანა, საჯარიმოში ერთ მეტოქესაც გასცდა და ცაციათი მეკარისგან მარჯვენა კუთხეში გაიტანა.

იცით, რატომ აღვწერეთ "ჰოლანდიელი რაკეტის" ერთი გოლი? იმიტომ, რომ სწორედ ეს მომენტი გვიშიფრავს რობენს: ცაციაა, რაკეტასავით სწრაფია, მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, საჯარიმოს რომ მიუახლოვდება, მოწინააღმდეგეს უჩვენებს, რომ მარჯვნიდან უნდა შეუტიოს, თუმცა რობენის ნებისმიერმა მეურვემ იცის, რომ მარჯვნივ არ წავა, ბურთს ცაციაზე გადაიტანს და უძლიერესად დაარტყამს. მეტოქეებმა კი იციან, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ რობენის მარცხნიდან ბლოკირებას, იმიტომ, რომ სწრაფია და ტექნიკური.

მერამდენედ ვახსენეთ სისწრაფე. ზუსტად გაინტერესებთ, რა სისწრაფით დარბის რობენი? მაგალითად: "ლამბორჯინი დიაბლო" 385 კმ/სთ-ს ავითარებს, "ფერარი ენცო" - 395-ს... არიენ რობენი - 37 კმ/სთ-ს. სწორედ ასეთი სიჩქარით გაიქცა იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანელი მეკარის, იკერ კასილიასის კარისკენ. მის წინ მცველი სერხიო რამოსი 30 კმ/სთ-ით მირბოდა. რობენმა ესპანელ მცველს ბურთთანაც მიასწრო, მეკარესთან ერთი-ერთზეც გავიდა, კასილიასიც მოატყუა და გაიტანა კიდეც.

ციფრების მოყვარულებმა გამოთვალეს, რომ 37 კმ/სთ სიჩქარით რობენი 100 მეტრს 9.73 წამში დაფარავდა. ეს ოდნავ ნაკლებია მსოფლიო რეკორდზე, რომელიც იამაიკელ მორბენალ უსაინ ბოლტს ეკუთვნის. მან 100 მეტრი 9.58 წამში გაიქროლა.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არიენ რობენმა ესპანეთის მეკარე იკერ კასილიასს ზემოთ ნახსენებ მატჩში ორი გოლი გაუტანა, ჰოლანდიამ კი 5:1 მოუგო მსოფლიოს ჩემპიონებს. "რაკეტას" კასილიასის ოთხი წლის წინანდელი წყენა ახსოვდა...

"კარგი მახსოვრობა მაქვს, თუ ვინმესთან ვაგებ, არასოდეს ვივიწყებ. თუ კიდევ მომეცემა მასთან თამაშის შესაძლებლობა, მოედანზე გაორმაგებული ენერგიით გავდივარ, ბოლომდე ვიხარჯები, რომ წინა წაგება მოგებად გადავაქციო", - ამბობს არიენ რობენი.

ორი სანტიმეტრით მაღლა
რა აწყენინა იკერ კასილიასმა? ესეც კარგად გეცოდინებათ: 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, დამატებით დროში, ერთი-ერთზე გასულ არიენ რობენს ძლიერად დარტყმული ბურთი აუღო. ამ მომენტიდან რამდენიმე წუთში ესპანელთა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ რობენის შეცდომა აღარ გაიმეორა, მეკარესთან მარტო აღმოჩნდა თუ არა, გამოზომილად დაარტყა და ჰოლანდიელებს მსოფლიოს ჩემპიონობა ცხვირწინ ააცალა. აკი თქვა, კარგი მახსოვრობა მაქვსო, იმ საბედისწერო მომენტს რობენი სანტიმეტრებში იხსენებს:

Sportall.Ge

"დღესაც ვერ ვხვდები, როგორ შესწვდა კასილიასი ჩემს დარტყმულ ბურთს. ალბათ, ნეკით! ორი სანტიმეტრით ზემოთ რომ დამერტყა, უთუოდ გავიტანდი და ჰოლანდია პირველად გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი. თუმცა სწორედ იმიტომაა საინტერესო ფეხბურთი, რომ მსოფლიოს პირველობამდე, შეიძლება, 2 სანტიმეტრი დაგაკლდეს, ან ნეკმა მოგაპოვებინოს ოქროს თასი.

ფეხბურთი იმიტომაც მიყვარს, რომ მოედანზე როცა გავდივარ თავისუფლებას ვგრძნობ, შემიძლია იმპროვიზაციის უნარი სრულად გამოვავლინო. სასიამოვნოა ჯილდოების მიღება ბევრი ვარჯიშისა და დიდი ენერგიის დახარჯვის სანაცვლოდ. ყველაზე მეტად კი იმიტომ მიზიდავს ფეხბურთი, რომ იქ თასისა თუ მედლის ყიდვა შეუძლებელია - შენ უნდა მოიგო კარგი თამაშით".

ზემოთ არაერთი გუნდი ვახსენეთ: "გრონინგენი", "ბაიერნი", ჰოლანდიის ნაკრები...

ბეტმენი და რობენი
არიენ რობენი "გრონინგენის" საფეხბურთო აკადემიაში ქალაქ ბედუმიდან რომ ჩაირიცხა, უკვე მოგახსენეთ. იგი იმდენად სწრაფად ვითარდებოდა, რომ 16 წლისამ უკვე ჰოლანდიის უმაღლეს ლიგაში ითამაშა - "ვალვაიკის" წინააღმდეგ მოედანზე 79-ე წუთზე გამოჩნდა.

ორი წლის შემდეგ, 2002-ში არიენი სწორედ იმ ჰოლანდიურმა გრანდმა გადაიყვანა, სადაც ერთ დროს მისი საფეხბურთო კერპი რომარიო თამაშობდა - "ეინდჰოვენში" რობენი იმდენად კარგად შეეწყო სერბ მატია კეჟმანს, რომ გულშემატკივრებმა მათ შემტევ დუეტს "ბეტმენი და რობენი" შეარქვეს. გუნდს მან ჰოლანდიის ჩემპიონატი მოაგებინა, თავად კი იოჰან კრუიფის ჯილდოს დაეუფლა, რომელსაც ჰოლანდიაში სეზონის საუკეთესო ახალგაზრდას აძლევენ.

ერთ ზაფხულს არიენ რობენი ინგლისში გაემგზავრა და "მანჩესტერ იუნაიტედში" ივარჯიშა. ამ გუნდის ლეგენდარულმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა მისი ინგლისში დატოვება გადაწყვიტა, მაგრამ "ეინდჰოვენის" ხელმძღვანელებს რობენში შეთავაზებული 7 მილიონი ევრო ეცოტავათ. კლუბის პრეზიდენტმა ჰარი ვან რაიმ გაბრაზებულმა თქვა - მანჩესტერელები იმდენს გვთავაზობენ, რობენის მაისური თუ მოუვათო.

2004 წელს რობენი 18 მილიონ ევროდ ინგლისურმა "ჩელსიმ" გადაიბირა. ამ გუნდთან ერთად ჰოლანდიელმა გარემარბმა ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა. შემდეგ მადრიდის "რეალში" აღმოჩნდა და ესპანეთის ჩემპიონის წოდებაც მიიღო, თუმცა "რეალში" "რაკეტამ" ჩვეულად ვერ იფრინა. ან როგორ უნდა ეფრინა - პირველივე სეზონში 5 სხვადასხვა ტრავმა მიიღო და "შუშის კაცი" შეარქვეს.

ანტიგმირობიდან გმირობამდე
იგი დიდხანს არც "რეალში" გაჩერებულა, გერმანულ "ბაიერნში" გადავიდა და სწორედ იქ მოიგო ყველაზე ძვირფასი ჯილდო - ჩემპიონთა თასი. 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 90 წუთი ისე მიილია, "ბაიერნმა" და რობენის ყოფილმა კლუბმა "ჩელსიმ" გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. დამატებით დროში ლონდონელთა კარში დაინიშნა პენალტი, რომლის დარტყმაც არავის დაანება არიენმა, თუმცა თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა. პენალტების სერიაში "ჩელსიმ" იმარჯვა და რობენი ფინალის ანტიგმირად იქცა.

ისევე როგორც მოგებიდან წაგებამდე, ანტიგმირობიდან გმირობამდეც ერთი ნაბიჯია. ამას რობენის მაგალითი დაგვიდასტურებს: 2013 წელს, ჩემპიონთა თასის ფინალში მან ყოველგვარი ეგოიზმი დაივიწყა, საგოლე პასი გადასცა მარიო მანჯუკიჩს და "ბაიერნი" "ბორუსიასთან" 1:0 დააწინაურა. ბორუსიელებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს და მაშინ, როცა ყველა დამატებით დროს ელოდა, რობენის გმირობის დრო დადგა - 89-ე წუთზე იგი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და "ბაიერნს" ჩემპიონთა თასი მოაგებინა - 2:1.

რობენის ჯილდოებით მისი სამი ბავშვი დღესაც ერთობა. მალე მათ ახალი გასართობი გამოუჩნდებათ - წიგნი, რომელშიც მამის უამრავ სურათს ნახავენ. არიენმა საკუთარი 12-თავიანი წიგნის დაწერა რომელიმე ცნობილ ჟურნალისტს კი არა, სკოლის ბავშვებს მიანდო - თორმეტი სკოლის მოსწავლეებს თითო თავის დაწერა დაევალათ. ეს პატარებს წიგნიერებისკენ უბიძგებსო, იმედოვნებს არიენ რობენი.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ვერ ჩაირიცხა ვერ თამაშობს თუ რა?
givi
22:38 28-02-2015
0
ან და ვერ გაყიდეს უფრო მეტათ, თუ რა? :)
Robeni
03:57 01-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული