დრიბლინგი: პიცებმა დაგღუპეს შენ, პიცებმა! [VIDEO]

AutoSharing Option
იტალია
პარმადან კარგი არაფერი ისმის
იყო და არა იყო რა, იყო ერთი პრეზიდენტი, სერია A-ს გუნდის პრეზიდენტი. ყელში ამოუვიდა რა მისი ტყუილები, ერთხელ ეს პრეზიდენტი ქალაქის მერმა დაიბარა.

პრეზიდენტმა კი დააგვიანა და ქალაქის მერს მოუბოდიშა, პოლიციამ გამაჩერა, მე კი 1900 ევროს ჯარიმები არ მქონდა გადახდილი და ჩემი "სიტროენი" საჯარიმო სადგომზე გადაიყვანესო.

ქალაქის მერი გულისყურით უსმენდა, მერე კი თავი გადააქნია, მიხვდა, რომ პრეზიდენტის დაბარებასაც კი არ ჰქონდა აზრი და ხელით ანიშნა, გამშორდიო...

ზღაპარივით კი ჟღერს, მაგრამ ნამდვილი ამბავია. პარადოქსებით აღსავსე ამბავი -
ლამის ყველა სიტყვა პარადოქსია. კლუბის პრეზიდენტმა მერთან შეხვედრაზე იმის გამო დააგვიანა, რომ მანქანა პოლიციამ წაართვა. თან რა მანქანა - "სიტროენი". რატომ წაართვა? იმიტომ, რომ ჯარიმები აქვს გადასახდელი - კლუბის პრეზიდენტს!

ჰო, ისევ "პარმას" ვგლოვობთ, რომლის პრეზიდენტი თვალთმაქცი ჯამპიერო მანენტი "იქ, ზემოთ" დაიბარეს, მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს.

ვისაც იტალიაში ან პარმაში ჯერ კიდევ აქვს იმის იმედი, რომ ეს უკანასკნელი დაპირებულ 200 მილიონ ევროს საიდანღაც მოიტანს, უმჯობესია, მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ფსიქიატრს მიუკაკუნოს. "პარმას" ამბავი უკვე სასაცილოა - სატირალი რომ არ იყოს. ასე იოლად გაწირო უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბი, ეს ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან მხოლოდ იტალიაში შეიძლებოდა მომხდარიყო.

თითქოს ამდენი პარადოქსი საკმარისი არ იყო, ცოტა ხნის წინ მენეჯერმა ალესანდრო მელიმ თქვა, 2009 წელს ექსპრეზიდენტი ტომაზო გირარდი ფეხბურთელებს ერთი მატჩის მოგებისთვის პრემიას დაჰპირდა და მეორე დღეს ჩემგან 100 000 ევრო ისესხა, რომელიც სამი წლის შემდეგღა დამიბრუნაო.

მოკლედ, დღე არ გავა, "პარმაზე" რაღაც ახალი "სასწაული" არ გავიგოთ. ფაქტი ის არის, რომ გირარდი, რომელიც ამ საქმიდან უპრობლემოდ გამოძვრა, ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა იმაში, რომ ეს კლუბი ტიტანიკივით ჩაიძირა.

"ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრ ნაძირალას მიეცა კლუბში ცხვირის ჩაყოფის უფლება, ისეთებს, რომლებიც "პარმას" თავიანთი ჯიბეების გასქელების ხარჯზე ანგრევდნენ", - ეს მთავარი მწვრთნელის, რობერტო დონადონის სიტყვებია.

ამასობაში, ფეხბურთელებს უკვე სხვა კლუბებმა მიუკაკუნეს და დიდი შანსია, ზაფხულში "პარმას" ყველა მოთამაშე თავისუფალი აგენტი გახდეს. კვირას ბიჭები თავიანთი ნება-სურვილით შეიკრიბნენ და ათასობით ერთგული ფანის ფონზე მეგობრულად ივარჯიშეს, ყოფილმა მწვრთნელმა ნევიო სკალამ კი თქვა, მზად ვარ, ბიჭები მოყვარულების ბაზაზე მე ვავარჯიშო ხოლმეო.

პრინციო, ესაო, ისაო...
კიდევ კარგი, რომ ლუკას პოდოლსკისთვის "პრინცი" იტალიაში არ დაურქმევიათ - ეს მეტსახელი ჯერ კიდევ "კიოლნში" თამაშისას შეარქვეს. ის ფაქტი, რომ პოდოლსკიმ, "კიოლნის" გარდა, დიდი ფეხბურთი ვერსად ითამაშა, თავად ლუკასის ბრალიცაა და მისი, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებული ფსევდონიმისაც.

თუმცა მილანის "ინტერის" ქომაგებს მაინც ჰქონდათ იმის იმედი, რომ პოდოლსკი "ნერაძურიში" მაინც გაიხსნებოდა. ამაოდ!

"ფიორენტინასთან" წაგებულ მატჩში ლუკასი საშუალოზე საშუალო დონის მოთამაშე იყო, რომელმაც ვერაფერი გააწყო. მისგან მწვრთნელი რობერტო მანჩინიც ბევრს ელოდა, ახლა კი თავჩაქინდრული ამბობს, ლუკასით უკმაყოფილო ვარო. მართალია, გერმანელზე უკეთ ვერც სხვა ინტერისტები თამაშობენ, მაგრამ მაინც.

"გაძეტა დელო სპორტმა" პოდოლსკის ასეთი განაჩენი გამოუტანა: "ლუკასთან ერთად "ინტერი" მოედანზე 10 კაცით თამაშობს! პოდოლსკი გუნდს მხოლოდ ვნებს, კარგს კი აბსოლუტურად ვერაფერს აკეთებს!"

"კორიერე დელო სპორტი" კი წერდა: "იანვარში "ინტერში" გადავიდა ერთი კარგი თავდამსხმელი (პოდოლსკის არ ვგულისხმობთ) და ისეთი თავდამსხმელი (პოდოლსკი), რომელსაც თანაგუნდელების არაფერი ესმის!"

"ჩვენ პოდოლსკი არ გვინახავს, თქვენ შეამჩნიეთ? მარტო ერთხელ გამოჩნდა და ისიც მაშინ, როცა კუთხურის ჩაწოდებისას ალამს ფეხი უთავაზა", - ეს კი "კორიერე დელა სერას" ტექსტია.

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი იტალიელი კოლეგები ცრუობენ, რასაც წერენ, 100-პროცენტიანია, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ასეც არ შეიძლება. საკმარისია, პოლდიმ მომდევნო მატჩებში გოლები გაიტანოს, რომ უცებ "გმირი პრინცი" გახდება.

იტალიელმა ჟურნალისტებმა დანდობა არ იციან - თუ თვითონ პოდოლსკიმ ეს არ იცის, ჰკითხოს მარიო გომესს...

კლოზეც...
ცნობისათვის, ეს გზა კიდევ ერთ გერმანელ პოლონელს, მიროსლავ კლოზესაც აქვს გამოვლილი. გახსოვთ, როგორ აძაგებდნენ, თავს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ზოგავს, "ლაციო" კი ფეხებზე ჰკიდიაო?!

მიროს ლანძღვაც ისტორიას ჩაბარდა: კვირას კლოზემ იტალიის ჩემპიონატის 103-ე შეხვედრაში მე-40 გოლი გაიტანა.

ინგლისი
სექსი მოედნის ცენტრში
მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და გულახდილად ვთქვათ: როცა სტადიონისკენ მიაბიჯებ და ხელში სარეკლამო ფლაერს შემოგაჩეჩებენ, ამის წამკითხავი არავინაა. აბსოლუტურად არავინ!

იმიტომ, რომ ერთ ხელში ჰოთ დოგი უნდა გეჭიროს, მეორეში ლუდი, პირში კი უმრავლესობას სიგარეტი აქვს ხოლმე გაჩრილი და ამ დროს იმასაც ვეღარ ახერხებ, რომ თავაზიანი უარი უთხრა.

ჯერაც ვერ გაიგო ბევრმა, რომ ასეთი მარკეტინგული სტრატეგია ძალიან მოძველდა. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც და ერთ-ერთი გამონაკლისი "ჩარლტონ ატლეტიკია".

ამ კლუბმა შესანიშნავი პიარ-აქცია მოაწყო! ინტერნეტში გავრცელდა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეო, სადაც ვხედავთ, როგორ შედის ახალგაზრდა ქალ-ვაჟი "ჩარლტონის" სტადიონზე, როგორ გადის წყვილი მოედანზე და... ზედ მოედნის ცენტრში სექსი აქვთ!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მიუხედავად იმისა, რომ "იუთუბზე" ამ კლიპს რამდენიმემილიონიანი ნახვა ჰქონდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კლუბისგან არაფერი ისმოდა და მაშინვე ყველა მიხვდა, რომ ეს ვიდეო თავად "ჩარლტონის" შეფების დავალებით გადაიღეს.

ისიც გაირკვა, რომ "ჩარლტონის" სტადიონის დაქირავება ნებისმიერს შეუძლია და საწყისი ფასი 1 750 ფუნტია...

ფერგის და ბექჰემის ამბავი
მას მერე, რაც ბუცები ლურსმანზე ჩამოჰკიდა, დევიდ ბექჰემმა ენა დაიგრძელა, პოპულარობას ლაყბობით ინარჩუნებს და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტ პირადულ ამბებს ჰყვება.

წინა კვირაში ბექზმა ტელევიზიაში სტუმრობისას თმის ვარცხნილობის შესახებ მისი და სერ ალექს ფერგიუსონის ურთიერთობის ერთი ეპიზოდი გაიხსენა.

ერთხელ ბექჰემი "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარჯიშზე პანკური ვარცხნილობით მისულა - შუაში დატოვებული თმით. რაკი სერ ალექს ფერგიუსონი ეგეთებში ისევე ვერ ერკვეოდა, როგორც კვანტურ მექანიკაში, დევიდი მასთან კეპით გამოცხადდა და მხოლოდ თამაშის დაწყებამდე 1 საათით ადრე იშიშვლა თავი. სერ ალექსის რეაქცია გაინტერესებთ? "ახლავე წადი და გადაიპარსე!" - კბილებში გამოსცრა თურმე ფერგიმ და კევის ღეჭვის ტემპს მოუხშირა.

"თავიდან ვიუარე, მაგრამ ფერგიუსონის სახის გამომეტყველება ისე შეიცვალა, რომ გადაწყვეტილება მაშინვე შევცვალე, ტუალეტში კუდამოძუებული პუდელივით გავწანწალდი და თავი ბოლომდე გადავიპარსე", - იხსენებს ბექზი.

ესპანეთი
კუ ნინძა მესი
აჰა, როგორც იქნა, ამ კითხვასაც გაეცა პასუხი. აგერ, უკვე რა ხანია, ღამით აღარ გვძინავს და ამაოდ ვცდილობთ, გამოვიკვლიოთ ლიონელ მესის რეგრესის მიზეზი. 39 მატჩში მხოლოდ 36 გოლი? ეს ხომ... ანუ... იცით...

არა, არა, ასეთი რამ როგორ უნდა მომხდარიყო? უცხოპლანეტელმა მესიმ იმდენი მოახერხა, რომ 2013/14 წლების სეზონში "ბარსელონას" ერთი ტიტულიც კი ვერ მოაგებინა.

მესის რეგრესი "ბარსას" ლეგენდამ, კარლეს რექსაჩმა გენიალურად ახსნა: "მე მგონია, რომ ლეო ბოლო დროს იმაზე მეტ პიცას ჭამს, ვიდრე ადრე ჭამდა!"

ჰმ... რა ვიცით, "კუ-ნინძები" სულ პიცას ჭამდნენ, არ ვნებდათ და რაღა მესის ავნო?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"ახლავე წადი და გადაიპარსე!" )))) გააასწორა.თან ფერგის სახე წარმოიდგინეთ ამ მომენტში,მეგობრებო. Pს:მივხედავ ქუთაისს,მივხედავ.
გუბაზ სანიკიძე
16:31 04-03-2015
0
მაგარი რუბრიკაა ძაან. მაგარს ვხალისობ ხოლმე. ასე განაგრძეთ:))
Raul
16:58 04-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული