ამხანაგური მატჩები: "სელესაოს" და "ლე ბლეს" გამარჯვებები [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ საფრანგეთი და ბრაზილია ერთმანეთს ამხანაგურად შეხვდნენ და მართალია, "მამლები" იგებდნენ, მაგრამ "სელესაომ" მატჩი მოაბრუნა და 1:3 იმარჯვა, რაც ბრაზილიელთა პირველი ტრიუმფი გახლდათ ფრანგებთან საგარეო შეხვედრაში 1992 წლის მერე.

ამის შემდეგ კი ორივე ნაკრებმა კიდევ მოასწრო ამხანაგური მატჩის ჩატარება...

ბრაზილია
ბრაზილიამ ლონდონში, "ემირატებზე" ითამაშა ჩილესთან, სადაც ალექსის სანჩესი თავის თანემემამულეებთან ერთად დახვდა და ბრძოლაც გაუმართა, მაგრამ მატჩი მაინც კარლოს დუნგას ბიჭებმა მოიგეს, რომელთა რიგებშიც "შახტარის" ფეხბურთელებსაც ვხედავთ - ლუის ადრიანოს თამადობით, კარგ ფორმაში მყოფ ფილიპე კოუტინიოსაც, ვეტერან რობინიოსაც.

მოკლედ, სიახლეები ცოტა არ ყოფილა.

თუმცა მატჩის ბედი დუნგას მიერ მოგვიანებით შემოყვანილმა რობერტო ფირმინომ გადაწყვიტა, რომელსაც "ჰოფენჰაიმში" წინა სეზონი უფრო შთამბეჭდავი ჰქონდა, ვიდრე მიმდინარე, მაგრამ დუნგამ 23 წლის თავდამსხმელს ისევ დაუძახა და, როგორც ხედავთ, ტყუილად არა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ფირმინოს მე-4 მატჩი იყო ნაკრებში და მან მეორე გოლი გაიტანა. წუთობრივად, სულ ორი შეხვედრაც არ გამოსდის - მას 153 წუთი აქვს ნათამაშები. მადლობა "პორტუს" დანილოსაც ეკუთვნის, ვინც მშვენიერი საგოლე პასი გააკეთა.

ფირმინომ ამ ეპიზოდში სამი თვისება გამოავლინა - გახსნის უნარი, სისწრაფე და ტექნიკა - კლაუდიო ბრავო ოსტატურად მოატყუა და გაიტანა. ხოლო თუ როგორი ძნელია ბრავოსთვის გოლის გატანა, ამაზე ბოლო წლების სტატისტიკაც მეტყველებს და თუნდაც მიმდინარე ლა ლიგისაც.

"კარგი დრო დაგვიდგა, ბრაზილია აღორძინების გზას ადგას. შეხვედრა ძალიან მძიმე გამოვიდა, რადგან მეტოქეს უაღრესად სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც მუდამ მოძრაობაში არიან. თუმცა მოგება დავიმსახურეთ. ჩილე კი ყველასთვის რთული მეტოქე იქნება. კოპა ამერიკასთვის კარგად მოვემზადეთ", - თქვა აღფრთოვანებულმა ფირმინომ.

ბრაზილიელთაგან განსხვავებით, უკმაყოფილო დარჩა ჩილელთა არგენტინელი თავკაცი ხორხე სამპაოლი, რომლის გუნდმაც მარტში ორივე ამხანაგური წააგო, თან ისე, რომ გოლი არ გაუტანია - ირანთან 0:2 და ბრაზილიასთან 0:1.

"სელესაომ" კი მუნდიალის და შესაბამისად, დუნგას პოსტზე დაბრუნების მერე მიჯრით მერვედ მოიგო, ბურთების საერთო სხვაობა ამ შეხვედრებში - 18:2-ზეა.

საფრანგეთი
რაც შეეხება საფრანგეთს, დიდიე დეშამის გუნდი მორტენ ოლსენის დანიას ეჭიდებოდა, რომელსაც ნიკლას ბენდტნერის ჰეთ თრიკით აშშ ჰყავდა დამარცხებული (3:2) და კარგ ხასიათზე გახლდათ. თუმცა დანიელები "ლურჯებთან" ვერაფერს გახდნენ.

ფრანგებმა შთამბეჭდავად და დახვეწილად იმარჯვეს. მთავარი ის გახლდათ, რომ ლიგა ერთის საუკეთესო ბომბარდირმა ალექსანდრ ლაკაზეტმა ბოლოს და ბოლოს, სანაკრებო ანგარიშიც გახსნა. მან მე-6 შეხვედრა ჩაატარა "მამლების" მაისურით და აი, გატანაც შეძლო.

მეორე გოლი მეტოქეს ოლივიე ჟირუმ მიართვა, ჟოფრეი კონდოგბიას პასის შემდეგ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"მონაკოს" შემტევის ხსენებასთან ერთად ისიც აღვნიშნოთ, რომ დუნგასი არ იყოს, "დიდიც" შანსს ახალგაზრდებსა თუ ზოგადად, ახალ სახეებს აძლევს. სულ უფრო და უფრო მეტ სათამაშო დროს იღებს ანტუან გრიზმანი, ნაკრებში მკვიდრდება მორგან შნედერლენი, დაუფასდა კარგ ფორმაში ყოფნა ნაბილ ფეკირს და ასე შემდეგ.

"ნორმალური და ბუნებრივია, რომ ყოველთვის უფრო მეტი გინდა. მთლიანობაში, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და მეტოქეს ბევრი პრობლემა შევუქმენით ჩვენი კომბინაციური ფეხბურთით. ამიტომაც უხეშობდნენ დანიელები ასე ხშირად. ისინი ბევრ გოლს არ უშვებენ ხოლმე და კმაყოფილი ვარ, რომ მომენტები შევქმენით და ორჯერ გავიტანეთ.

პირველი ტაიმი განსაკუთრებით კარგი გახლდათ, მეორე არც ისე სანახაობრივი გამოვიდა. მნიშვნელოვანი იყო და აუცილებლად უნდა მოგვეგო ბრაზილიასთან მარცხის მერე.

მე ფეხბურთელებს ისედაც არასდროს ვუშვებ ხოლმე მინდორზე მარტო იმ მიზნით და დავალებით, რომ თავი დაიცვან, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად გავაკეთე აქცენტი შეტევაზე ორიენტირებულ მოთამაშეებზე", - განაცხადა დეშამმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული