რამდენიმე გასროლის შედეგად მძღოლი დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საბედნიეროდ, სხვა არავინ დაშავებულა, ფეხბურთელები უვნებლად გადარჩნენ, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს. კლუბი კი აღშფოთებულია და ლამის იმაზეც თანახმაა, რომ მთლიანად თურქეთის ჩემპიონატმა მიიღოს დისკვალიფიკაცია. ცხადია, გამოძიება უკვე დაწყებულია.
საქმე ის არის, რომ "ფენერბაჰჩეს" ქალაქური
70-კილომეტრიანი გზა, რომელიც რიზესა და ტრაბზონს აკავშირებს, "ფენერისთვის" ჯოჯოხეთივითაა.
"ჩვენ ვითხოვთ და თანახმანი ვართ, რომ ჩემპიონატი შეწყდეს და დისკვალიფიკაცია მიიღოს, სანამ ეს საზარელი ფაქტი გამოძიებული არ იქნება. ასეთი შავი ლაქა სამარცხვინო დაღს ასვამს ქვეყანას და ჩვენს ფეხბურთს.
უკვე სისხლიც კი დაიღვარა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე იდგა საფრთხის ქვეშ. მოვითხოვთ, რომ დამნაშავეები დაუყოვნებლივ დაისაჯონ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
"ფენერის" ნიგერიელი ლეგიონერი ემანუელ ემენიკე:
"ტელეფონზე ჩემს ძმას ველაპარაკებოდი, როდესაც ხმაური შემომესმა და თავიდან ვიფიქრე, რომ საბურავი გაგვისკდა, რადგან ავტობუსმაც გადაუხვია. თუმცა, როდესაც ჩვენი დაცვის წარმომადგენელი ავტობუსის წინა კართან დავინახე, მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
ის პირველი გაერკვა სიტუაციაში, ყველაფერს მიხვდა და დაინახა, რომ მძღოლი დაჭრილი იყო. სისხლი უკვე ჩვენც დავინახეთ. ყველას ძალიან შეგვეშინდა, ასეთი საშინელების წარმოდგენაც კი შეუძლებელია".
"ფენერბაჰჩეს" და "ტრაბზონს" საგარეო მატჩებისას თავიანთი გულშემატკივრების წაყვანის უფლება დიდი ხანია არ აქვთ. წინა სეზონში კი მათი ტრაბზონული მატჩი ჩაიშალა, რადგან მინდორზე სხვადასხვა ნივთი ცვიოდა.
"ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს "რიზესთან", რომელთანაც ყოველთვის მშვიდობიან მატჩებს ვატარებთ. ადგილობრივი სამართალდამცველებიც ყოველ ას მეტრში არიან ხოლმე და გვიცავენ, რაც მთავარია, გზაზეც.
თუმცა "ტრაბზონის" ფანები ყოველთვის გვესვრიან ხოლმე ქვებს და 2004 წელს ერთ-ერთი ფეხბურთელი დაშავდა კიდეც, როდესაც ქვა თავში მოხვდა. კამერებმა დააფიქსირა ისიც, თუ როგორ მოგვიშვირეს იარაღი ორი წლის წინ.
ადრე თუ გვიან, მსგავსი საშინელება მოხდებოდა, ამას რეაგირება სჭირდება. რიზეში მართლაც არანაირი პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ტრაბზონში თამაში ფრონტის ხაზზე ყოფნას ჰგავს", - აღნიშნა "ფენერბაჰჩეს" წარმომადგენელმა პრესასთან საუბარში.
კლუბის სხვა ცნობილ ლეგიონერებს - დირკ კუიტს, რაულ მეირელეშს, დიეგოს და სხვებს ჯერ ვრცელი და საჯარო კომენტარები არ გაუკეთებიათ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"