TimeLine: აი, "აიაქსი" და საქართველოში?

AutoSharing Option
1995 წელს ამსტერდამის "აიაქსმა" ჩემპიონთა თასის ფინალში "მილანი" 1:0 დაამარცხა. ლიგის მოგებით ჰოლანდიელებმა დიდი ფული მიიღეს. იცით, რაში დახარჯეს? - ბავშვთა სკოლის განვითარებაში! ამსტერდამელები ადგილობრივებსაც ზრდიან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანაც იწვევენ, კარგად წვრთნიან და რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს გრანდებში დიდი თანხის სანაცვლოდ უშვებენ.

ნიჭიერი მოზარდების ნაკლებობა არც საქართველოში იგრძნობა, მაგრამ რომელი ახალგაზრდა წასულა ჩვენი გუნდებიდან ევროპის გრანდში? გამოდის, საქართველოში სისტემას რაღაცა აკლია. ეს რაღაცა შეიძლება სელექცია იყოს, მწვრთნელთა კვალიფიკაცია, თუმცა მთავარი პრობლემა მაინც ევროპისგან იზოლაციაა - რამდენად კარგადაც უნდა იყოს გამოწვრთნილი
20-22 წლის ფეხბურთელი, მას არც ერთი გრანდი არ აიყვანს, თუ თამაში არ ნახა. ამის შესაძლებლობა კი არ არის, რადგან ქართული კლუბები საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლას აგვისტოში ამთავრებენ.

ხშირად გაგვიგონია: ისევე, როგორც ჰოლანდია, საქართველოც მოთამაშეთა ექსპორტიორი საფეხბურთო ქვეყანა უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, როგორ მუშაობს ჰოლანდიური "აიაქსი", რომელმაც ევროგრანდებს სხვადასხვა დროს მიაწოდა იოჰან კრუიფი, მარკო ვან ბასტენი, დენის ბერხკამპი, პატრიკ კლუივერტი, ედგარ დავიდსი, კლარენს ზეედორფი, ფრანკ და რონალდ დე ბურები...

ამას წინათ ხელში ჩამივარდა 1998 წელს გამოშვებული ჟურნალი "სპორტ ექსპრესი", რომლის კორესპონდენტი იმ დროის "აიაქსს" ადგილზე გაეცნო.

მოედნები
"აიაქსის" სკოლას 7 მოედანი აქვს, რომელთაგან ერთი ხელოვნურსაფარიანია. ეს მოედნები გუნდის საფეხბურთო სკოლა "დე ტუკომსტში" მდებარეობს, რომელიც 15 წუთის სავალზეა "ამსტერდამ არენიდან".

როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, 1995 წელს, ჩემპიონთა თასის მოგების შემდეგ, უეფასგან მიღებული ფულის დიდი ნაწილი კლუბმა ბავშვთა სკოლას მოახმარა.

ახლა ჩვენი ვიკითხოთ: სად იზრდებიან ქართველი ბავშვები? - "აიაქსისგან" საპირისპიროდ, ჩვენთან 7 სტადიონიდან 6 ხელოვნურსაფარიანია...

და მეორე შეკითხვა: რომელიმე ქართულმა გუნდმა ჩემპიონთა თასი რომ მოიგოს, უეფასგან ნაბოძები თანხის რა ნაწილს მოახმარებს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას?

დიდებში
"აიაქსის" ახალგაზრდულ გუნდებში 7-დან 18 წლამდე მოზარდები თამაშობენ. ისინი რეგულარულად ასპარეზობენ ჩემპიონატებში, ოღონდ 1-2 წლით უფროსთა შეჯიბრებებში გამოდიან.

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ "აიაქსს" ყოველთვის ნარჩევი, ძლიერი გუნდები ჰყავს, მეორეც - ორი წლით უფროსებთან თამაშით პატარები მეტად იწრთობიან, სწავლობენ უფრო ღონიერი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ თამაშს და მეტს შრომობენ, რომ მათ არ ჩამორჩნენ.

ქართველი ბავშვებიც თამაშობენ უფროსებთან, ოღონდ ასაკგადაკეთებულებთან - უფროსი ბავშვები გამოდიან 1-2 წლით უმცროსებში და თავს მათ თანატოლებად ასაღებენ.

სისტემა
ჰოლანდიაში ჩასულ "სპორტ ექსპრესის" ჟურნალისტს "აიაქსის" პრესატაშე ერიკ ვან ლიევენმა აუხსნა, რომ ყველაზე უმცროსი ასაკიდან დაწყებული, უფროსებით დამთავრებული, ყველა გუნდი ერთი სტილით თამაშობს. ეს მოზარდის გუნდიდან გუნდში გადასვლას აიოლებს. მას უმცროს ასაკში აქვს ნასწავლი ის, რაც უფროსებში უნდა აკეთოს.

საქართველოში? ყველა ასაკი ერთი სისტემით როგორ ივარჯიშებს, როცა მთავარი გუნდის თავკაცი ყოველ წელს იცვლება, ახალს კი ახალი სისტემა და სტრატეგია მოაქვს...

მაგალითი
ჰოლანდიელი მწვრთნელები ფეხბურთელებს მთავარი გუნდის მატჩებისას ავალებენ, ტრიბუნებიდან თვალი არ მოაშორონ იმ ფეხბურთელს, რომლის პოზიციაზეც ესა თუ ის პატარა თამაშობს.

მაგალითად, 90-იანი წლების ბოლოს თავდამსხმელებს დავალებად ჰქონდათ მიცემული შოთა არველაძის თვალის დევნება, მარჯვენა ნახევარმცველებს - რონალდ დე ბურზე დაკვირვება...

"აიაქსის" სკოლაში ყველა ასაკობრივ გუნდს თავისი გასახდელი აქვს, გასახდელს - თავისი სახელი. ერთს იოჰან კრუიფი ჰქვია, მეორეს ფრენკ რაიკაარდი და ა.შ. კარებთანაა წარწერა, რომელზეც თითოეული ლეგენდის ღვაწლია აღნიშნული.

საქართველოში ბავშვები უფროსი ასაკის გუნდის მატჩებისას ვის უნდა დააკვირდნენ? მოთამაშეებს, რომლებსაც ბურთი დასარტყმელად მარცხენა ფეხზე რომ მოუვათ და მარჯვნივ გადაიტანენ? რაც უფრო მაღალია შეჯიბრების ხარისხი, მით უფრო დახვეწილი ფეხბურთელები თამაშობენ. ჩვენი უბედურება კი ის არის, ვერც ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და ვერც ევროპალიგაზე.

"ტალანტების დღეები"
"აიაქსი" ყოველწლიურად აწყობს "ტალანტების დღეებს", სადაც უამრავი ყმაწვილი ცდილობს ამსტერდამელი მწვრთნელებისთვის თავის მოწონებას. სხვათა შორის, ასე აიყვანეს პირველად იოჰან კრუიფი და ჩარიცხეს ბავშვთა გუნდ "წიწილებში". თავიდან ბევრს გაუკვირდა - ასეთი სუსტი, არაფრით გამორჩეული ბიჭი "აიაქსში" როგორ მოხვდაო, მაგრამ მწვრთნელებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ...

ასევე ყოველწლიურად, "აიაქსში" მშობლების თანდასწრებით ტარდება ტესტირება, იხილავენ ამა თუ იმ ახალგაზრდის განვლილ გზას და თუ უარყოფითი შედეგი დაინახეს, არც გუნდიდან დათხოვნას ერიდებიან.

შესაძლოა, საქართველოშიც ბევრი შორსმჭვრეტელი მწვრთნელია, მაგრამ ფაქტს მაინც ვერსად გავექცევით - უამრავი ტალანტი იკარგება. არც ქართულ გუნდებს აწყენთ "ნიჭიერთა დღეების" მოწყობა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ტალანტები უბრალო ოჯახებიდან არიან და საფეხბურთო მოსაკრებლის ფული მათთვის არცთუ იოლი გადასახდელია.

საქართველოში ტესტირებაც სასარგებლო იქნება, მაგრამ გუნდიდან დათხოვნა გაძნელდება. იმიტომ, რომ ჩვენთან სპორტით დაკავებული ბავშვები ისედაც ცოტანი არიან და იმიტომაც, რომ მწვრთნელებს ბავშვის დათხოვნით შემოსავალი შეუმცირდებათ.

30 კილომეტრში
ამსტერდამის "აიაქსის" ხელმძღვანელებს ერთი საინტერესო პრინციპი აქვთ - ბავშვებს საფეხბურთო სკოლიდან 30 კილომეტრის რადიუსში არჩევენ. მიზეზი გასაგებია - სურთ, ბავშვებმა გზაში დიდი დრო არ დაკარგონ და მგზავრობით არ გადაიღალნონ.

- ჩვენს გუნდს არა აქვს ინტერნატი, - ამბობს ერიკ ვან ლიევენი, - მიგვაჩნია, რომ ბავშვი საკუთარ ოჯახში, მშობლებთან, და-ძმასთან ერთად უნდა იზრდებოდეს. იგი გაცილებით კარგად ივარჯიშებს, როცა თავს მარტოდ არ იგრძნობს.

"აიაქსმა" მეორე ათეული წელია, დაიწყო სხვადასხვა ქვეყანაში საფეხბურთო სკოლების ჩამოყალიბება. ერთ-ერთი პირველი იყო კეიპტაუნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) სკოლა, საიდანაც ჰოლანდიაში თავდამსხმელი ბენი მაკარტი ჩავიდა.

ქართველები ხან არგენტინულ გუნდებს დავუმეგობრდით, ხან - უკრაინულებს... "აიაქსის" ფილიალზე არ გვიფიქრია? მთავარი არა ჩვენი, არამედ ამსტერდამელთა ფიქრებია.

სწავლა
"აიაქსის" ბავშვთა სკოლას 20 ავტობუსი ემსახურება, ზოგს გუნდი თამაშებზე დაჰყავს, ზოგს კი ყოველდღიური სამუშაო აქვს - სკოლებიდან ბავშვები საწვრთნელ ბაზაზე მიჰყავს. "აიაქსის" ყველა აღსაზრდელი ერთ სკოლაში როდი სწავლობს, ამიტომ ავტობუსის მძღოლს 30 კილომეტრის რადიუსში ქალაქის შემოვლა და პატარა ფეხბურთელების შეკრება ევალება.

- ჩვენთან დიდ ყურადღებას აქცევენ სწავლას, - ამბობს გუნდის პრესატაშე, - არავის სჭირდება უმეცარი ფეხბურთელი. მათ, ვინც ცუდად სწავლობს, სხვადასხვა ხერხით სჯიან, შესაძლოა, სულაც საერთაშორისო ტურნეს მიღმა დატოვონ.

ეს ყველაფერი არ არის, "აიაქსს" დაქირავებული ჰყავს სხვადასხვა სპეციალობის მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში ეხმარებიან.

საქართველოში?..

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეჰ,კარგია კარგი ცხოვრება, ვინ მამაძაღლი იტყვის საპირისპიროს,მაგრამ ამ ყველაფერს მიღწევა უნდა.
sake
11:18 14-04-2015
0
ეს ყველაფერი კარგია და კარგია ავტორ,რომ ასეტი კარგი სტატია დაწერე,მაგრამ მე მაინც მიმაჩნია,რომ საერთოდ კარგ სპორტსმენად ყოველთვის დაბალი და საშუალო ფენის ოჯახიდან წამოსული ბავშვი ყალიბდება,რადგან ისინი უფრო მეტად მონდომებული და შრომისმოყვარენი არიან,და ასეთი ფუფუნებაც ცოტა ზედმეტად მიმაჩნია ფეხბურთელ ბავშვს ავტობუსი,რომ ემსახურება და ასე შემდეგ.მეორეცაა აქვს ეხლა საქართველოში ბევრ ოჯახს,რომ შვილს ფეხბურთის სწავლაში ფული უხადოს? - არ აქვს მაგრამ ხომ შეიძლება ყავდეს ნიჭიერი ბავშვი,რომელიც ბევრ თანატოლს ორი თავით ჯობს და ზუსტად ასეთი ფეხბურთელი იკარგება მერე. )))
irakli arqania
20:14 13-04-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული