მინო რაიოლა - N1 აგენტი, ვინც ტრანსფერებით 400 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა

AutoSharing Option
ფოტოზე: მინო რაიოლა და მარიო ბალოტელი
მინო რაიოლა
თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთში განსაკუთრებული პერსონაა. ტრანსფერებით მან 400 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა. მისი კლიენტები არიან სახელგანთქმული ფიგურები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მარიო ბალოტელი, პოლ პოგბა და მრავალი სხვა...

მინო რაიოლა დაიბადა იტალიაში, თუმცა ჯერ კიდევ სულ პატარა, ერთი წლისა, ოჯახთან ერთად გადავიდა ჰოლანდიაში. ახლა ცხოვრობს მონტე კარლოში და ლაპარაკობს შვიდ სხვადასხვა ენაზე.

განა ბევრს შეუძლია, უთხრას ზლატან იბრაჰიმოვიჩს, "იხმაროს საკუთარი თავი?" ბევრი ევროპული გუნდისთვის რაიოლა მთავარი ინჟინერია. სუპერაგენტი უდიდესი ავტორიტეტით.

სად ისწავლა ვაჭრობა
ჩვენი წერილის გმირმა? ეს მოხდა ჰოლანდიაში, მამამისის პატარა პიცერიაში, სადაც კარმინ (მინო) რაიოლა იჯდა და მომავალი გარიგებების დეტალებს პატარა საქმეებზე დაკვირვებით "ამუღამებდა".

დაიბადა იტალიურ ქალაქ სალერნოში. გაიზარდა ჰოლანდიაში, ჰაარლემიდან 1200 მილის მოშორებით. რაიოლების ოჯახმა ჰოლანდიაში თანდათან მოიკიდა ფეხი. მამამისმა, ყოფილმა მექანიკოსმა, ჯერ სენდვიჩების მაღაზია გახსნა, მერე კი პიცერია და რესტორნების ქსელი. მინო მისი მთავარი მრჩეველი იყო.

ჩვენი წერილის გმირმა ორი წელიწადი ისწავლა სამართლის სკოლაში ისე, რომ არ დაუმთავრებია. ამის შემდეგ ის "ჰაარლემში" გამოჩნდა, სადაც ეგრევე მოიპოვა კლუბის ხელმძღვანელობის ნდობა.

ყოველ პარასკევ ღამით რაიოლას გარანტირებული ჰქონდა "ჰაარლემის" პრეზიდენტთან საქმიანი ვახშამი. მოკლე ხანში ის კლუბის ხელმძღვანელის უახლოეს ადამიანად იქცა. პრეზიდენტის ხელდასხმით 19 წლის რაიოლა "ჰაარლემის" სპორტული დირექტორი გახდა, თუმცა თანამშრომლებთან ურთიერთობა ვერ ააწყო. გარდა ამისა, მის წინაშე ახალი გამოწვევები იდგა.

რაიოლა შეუერთდა სპორტულ სააგენტოს, რომელსაც რობ იანსენი ხელმძღვანელობდა. იანსენს უკვე მოპოვებული ჰქონდა რამდენიმე ჰოლანდიელი ვარსკვლავის მეურვეობის უფლება. მათ შორის, შეეტანა წვლილი იტალიაში არაერთი ჰოლანდიელი ფეხბურთელის გადასვლაში. თავად რაიოლამ კი ითამაშა თავისი განსაკუთრებული როლი დენის ბერგკამპისა და ვიმ იონკის "აიაქსიდან" მილანის "ინტერში" გადასვლაში.

რაიოლა ასევე დაეხმარა იტალიური კარიერის აწყობაში ცნობილ ჰოლანდიელ ფეხბურთელებს - ბრაიან როის, მარსიანო ვინკს, მიშელ კრეეკს და სხვებს.

რაიოლას დიდების დრო ახლოვდებოდა. მისი შესანიშნავი სოლოგარიგება უკავშირდება პაველ ნედვედს, რომელიც 1,2 მილიონ ევროდ გადავიდა პრაღის "სპარტიდან" რომის "ლაციოში". ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჩეხეთის ნაკრებმა დიდებულად ითამაშა ევროპის 1996 წლის ჩემპიონატზე. ხუთი წლის შემდეგ ნედვედი 25 მილიონ ევროდ შეუერთდა "იუვენტუსს". ტრანსფერის მთავარი შემოქმედი - ისევ რაიოლა! მან ნედვედი აღმოაჩინა.

Sportall.Ge
მოდით, აქვე ჩამოვთვალოთ რაიოლას ხუთი ყველაზე წარმატებული ტრანსფერი:

1993 წელს დენის ბერგკამპი "აიაქსიდან" "ინტერში" გადავიდა. გარიგების საფასური 7,1 მილიონ ევროს შეადგენდა;

2001 წელი, პაველ ნედვედი "ლაციოდან" გადადის "იუვენტუსში", ტრანსფერის ღირებულება - 25 მილიონი ევრო;

2009 წელს "ბარსელონა" ზლატან იბრაჰიმოვიჩს "ინტერისგან" 56,5 მილიონ ევროდ ყიდულობს;

2010 წელს რობინიო "მანჩესტერ სიტიდან" გადადის "მილანში", ტრანსფერის საფასური - 15 მილიონი ევრო;

2010 წელს მარიო ბალოტელი "ინტერიდან" მიდის "მანჩესტერ სიტიში" და ეს გარიგება 24 მილიონ ევროდ ფასდება.

თავის პოლიტიკას რაიოლა დღემდე სამი კლუბის გარშემო აგებს. ესენი არიან "აიაქსი", "მილანი" და "პარი სენ ჟერმენი". სხვადასხვა დროს სწორედ მისი განხორციელებულია მაქსველის, მიდოს, ვან ბომელის, ემანუელსონისა და სხვათა ტრანსფერები.

არც ერთ ფეხბურთელს არ მოუტანია იმხელა მოგება რაიოლასთვის, რამდენიც მას ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოუტანა. შვედმა მინოს საერთო ჯამში 130 მილიონი ევრო აშოვნინა.

ჰოლანდიელი ჟურნალისტები რაიოლას "მაფიოზს" ეძახიან. მინომ ყველა დასაშვებ თუ დაუშვებელ ხერხს მიმართა, რათა ზლატანს დაახლოებოდა. თავდაპირველად, იტალიელმა იბრასთან დასაახლოებლად მისი ახლო მეგობარი და თანაკლუბელი "აიაქსში" - მაქსველი გამოიყენა. ზლატანმა ქოში უკუღმა ჰყარა, მინომ კი მას შეუთვალა - "დაე, საკუთარი თავი იხმაროს, მე ის არ მჭირდება".

ასე იყო თუ ისე, შეხვედრა შედგა. ეს მოხდა ამსტერდამში, "ოკურა ჰოტელში". იბრაჰიმოვიჩი შეხვედრაზე გუჩის პიჯაკითა და უძვირფასესი "პორშეთი" მივიდა. ზლატანის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სუშის რესტორანში რაიოლა ჯინსითა და პერანგით შემოვიდა.

"რამდენიმე სუშის ნაჭერი და ავოკადო. ამის შემდეგ მან ჩემი "ტანჯვა" დაიწყო", - დაწერა მოგვიანებით ზლატანმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

"იცი, კრისტიან ვიერიმ 27 თამაშში 24 გოლი გაიტანა, ფილიპო ინძაგიმ - 25 მატჩში 20 გოლი შეაგდო; დავიდ ტრეზეგემ 24 მატჩში - 20. შენ კი 25 თამაშში 20 გოლი შეაგდე. მითხარი, როგორ გაგყიდო ასეთი სტატისტიკით?" - ჰკითხა რაიოლამ იბრას.

"მან ყველაფრისადმი კრიტიკულად მიდგომა მასწავლა. ის ყველაფერს მიწუნებდა, მათ შორის - ძვირადღირებულ "პორშესაც". მან პირველად ცხოვრებაში ჩამინერგა აზრი, რომ მე ზარმაცი ვარ და გაცილებით მეტი უნდა ვიშრომო", - ასე შეაფასა ზლატანმა მინოს ღვაწლი.

Sportall.Ge
ფოტოზე: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მინო რაიოლა
რა თქმა უნდა, რაიოლას მეთოდები გვარიან კითხვის ნიშნებს ბადებს, თუმცა ერთი კი ფაქტია - შვედმა ვარსკვლავმა მას დაუჯერა. მინომ შეაგნებინა ზლატანს, რომ ის "არავინ" იყო და "ვინმე" მხოლოდ ტიტანური შრომის შედეგად თუ გახდებოდა.

ერთი კია: ამ მეთოდების სარგებლიანობაში ბოლომდე იყო დარწმუნებული თავად შვედი ვარსკვლავი. ისევ ზლატანი:

"მინდორზე დომინანტი გავხდი. რაიოლამ დამარწმუნა, რომ ყველაფერი შემეძლო. ბოლომდე ვიხარჯებოდი და შედეგიც არ აგვიანებდა. მე სულ სხვა ფეხბურთელი ვიყავი".

რაიოლა და იბრა თანამშრომლობას აგრძელებდნენ. "უტრეხტთან" დამარცხების შემდეგ "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა შვედი ჯერ შეცვალა, მერე კი გააკრიტიკა. ეს იყო 2004 წელს. ზლატანმა დაურეკა მინოს და უთხრა, რომ ამსტერდამში გაჩერება აღარ უნდოდა. რამდენიმე დღეში გიგანტი 12 მილიონ ევროდ გაიყიდა "იუვენტუსში".

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ზლატანმა რაიოლას "მეგობარი", "მრჩეველი" და "აგენტი" უწოდა. მოგვიანებით კი "გენიოსის" ტიტულითაც შეამკო.

47 წლის მინო რაიოლა მონტე კარლოში, კაზინოს ახლოს ცხოვრობს, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად. ის გამუდმებით დადის თავისი კლიენტების მატჩებზე, ხვდება მათ, ესაუბრება... თავისივე გამოთვლით, წელიწადის 300 დღეს გზაში ატარებს.

მისი ფირმის კლიენტი არაერთი ფეხბურთელია. საუბრობს ჰოლანდიურად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად, პორტუგალიურად, გერმანულად და ნეაპოლიტანური დიალექტით, რომელიც იტალიურისგან სრულიად განსხვავებულია.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ნომერ პირველმა აგენტმა ახალგაზრდულ ასაკშივე მოიპოვა წარმატება და აღიარება, მას არაერთხელ უთქვამს, რომ ძალიან ენატრება მშვიდი ცხოვრება და ოჯახური მყუდროება.

ანდრეა პირლომ მინოს "ლეგენდარული" და მსოფლიოს "ნომერ პირველი აგენტი" უწოდა. ამასთან, პირლომ თავის წიგნში დაწერა, რომ რაიოლა მზადაა, ყველაფერი გაყიდოს, მათ შორის - თავისი სახელიც კი.

პირლომ გაიხსენა ასეთი ისტორიაც: ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა მინოს, თუ როგორ უნდა წარმოეთქვა მისი გვარი. რაიოლას უპასუხია - როგორც გინდა, ისე წარმოთქვი, ოღონდ გადამიხადეო.

ერთადერთი, ვინც რაიოლას კონკურენციას უწევდა და უწევს, ეს გახლავთ ჟორჟე მენდეში, კრიშტიანო რონალდოსა და ჟოზე მოურინიოს აგენტი. მისი კლიენტია ასევე კოლუმბიელი ვარსკვლავი ხამეს როდრიგესი.

რაიოლა სკანდალებს არ ერიდება. ის უკვე დაუპირისპირდა მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას, იოჰან კრუიფს, ზეპ ბლატერს... ცოტა ხნის წინათ, რაიოლა მაგრად გამოლანძღა "აიაქსის" დამრიგებელმა ფრანკ დე ბურმა. საქმე ისაა, რომ მინომ "აიაქსის" ახალგაზრდა ვარსკვლავს, რიკარდო კიშნას გუნდის გამოცვლა ურჩია.

ერთი დეტალიც: "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული დამრიგებელი სერ ალექს ფერგიუსონი არასოდეს ენდობოდა რაიოლას. ის კლუბში უმკაცრეს დავალებას იძლეოდა - არ მიეშვათ ფეხბურთელებამდე იტალიელი აგენტი.

ფერგის და მინოს ურთიერთობა პოლ პოგბას გამო აერიათ, ახლა კი იტალიელი ამ ფრანგი ვარსკვლავის აგენტია და უნდა, მალე დაატოვებინოს ტურინი, რათა მორიგი სუპერგარიგება გაჩარხოს.

მარიო ბალოტელის კარიერა ჯერაც ვერ შედგა. ბევრი მიიჩნევს, რომ ამაში მთავარი დამნაშავე სწორედ აგენტია. მარიო 24 წლისაა და ამ ასაკში მან უკვე ითამაშა "ინტერში", "მანჩესტერ სიტიში", "მილანსა" და "ლივერპულში". მთლიანობაში, რაიოლამ ბალოტელის აქეთ-იქით ხეტიალის ხარჯზე 60 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

"მარიოს ჯერ ხალხი კარგად არ იცნობს და გპირდებით, მალე გაიცნობს", - ასე გაამხნევა კლიენტი რაიოლამ.

იანვარში რაიოლამ გამოაცხადა, რომ იწყებს ბრძოლას მსოფლიო ფეხბურთის გაჯანსაღებისთვის და ამ ბრძოლაში მისი მთავარი მეტოქეა ზეპ ბლატერი.

პიცერიიდან ფიფას პრეზიდენტად? ხანდახან სასწაულებიც ხდება...

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მოსაწონია ზლატანის თვით კრიტიკა,ზუსტად რომ თვით კრიტიკა აკლიათ ქართველ ე.წ ვაი ფეხბურთელებს ამ საწყლებს ვარსკვლაობა უნდათ მინიმუმი შრომით და არ ესმით რომ საჭიროა მაქსიმუმის გაღება,
bebeto
21:09 18-04-2015
0

სიახლეები პოპულარული