დღევანდელ ჩვენს წერილში იმ ლეგენდებს მოვიგონებთ, სხვადასხვა დროს კლუბებთან საკონტრაქტო გაუგებრობები რომ ჰქონდათ...
როი კინი
1998-99 წლების სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედმა" როი კინთან მოლაპარაკებით დაიწყო. 2000 წლის ზაფხულში კინის მოქმედი კონტრაქტი სრულდებოდა. კაპიტანი ძველი ხელშეკრულებით კვირაში 20 ათას ფუნტს იღებდა. "იუნაიტედმა" ფეხბურთელს 30 ათასი შესთავაზა - კლუბის ისტორიაში ყველაზე მსუყე კონტრაქტი.კინი და მისი აგენტი კვირაში 50 ათას ფუნტს ითხოვდნენ. "მაშინ "იუვენტუსსა" და "ბაიერნზე" სერიოზულად ვფიქრობდი.
ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ კინმა და მისმა აგენტმა მიზანს მიაღწიეს. შემდეგი სეზონისთვის "მანჩესტერმა" თამაშზე დასასწრები აბონემენტების ფასი გაზარდა, ქომაგებს კი წერილი გაუგზავნა - ამის ერთ-ერთი მიზეზი როის ახალი კონტრაქტიაო.
სოლ კემპბელი
"ტოტენჰემის" ისტორიაში საუკეთესო მცველი 6 წლის განმავლობაში გუნდის დაცვის ბურჯი იყო. 2001 წელს მან კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის მომატება მოსთხოვა. კემპბელს უნდოდა, რომ ანაზღაურების სახით კვირაში 130 ათასი გირვანქა მიეღო.ბოლოს და ბოლოს, სოლი თავისუფალი აგენტი გახდა. მისი აყვანა "რეალსა" და "ბარსელონას" სურდათ, თუმცა თავად ფეხბურთელს ლონდონის დატოვება არ უნდოდა. ასე აღმოჩნდა სოლი "არსენალის" ბანაკში, "ტოტენჰემის" ფანებმა კი, ამ არჩევანის გამო, მას სამუდამოდ მიაკერეს "გამყიდველის" იარლიყი. არსენ ვენგერმა სოლი პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქცია - 100 ათასი გირვანქა კვირაში!
რობინ ვან პერსი
როცა კარიერის საუკეთესო სეზონი დაასრულა, პრემიერლიგის ბომბარდირმა და "არსენალის" ლიდერმა რობინ ვან პერსიმ ორი შეთავაზება მიიღო - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსისგან". ამ ინტერესით გალაღებული ფეხბურთელი "მეთოფეებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობდა. ხანგრძლივი და მომქანცველი მოლაპარაკებების შემდეგ რობინმა საბოლოოდ იუარა ლონდონში დარჩენა და "იუნაიტედს" მიაშურა.მოგვიანებით თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში სერ ალექს ფერგიუსონმა გაიხსენა: "მე გავაფრთხილე ვენგერი, რომ ვან პერსიში 25 მილიონ ფუნტს არ გადავიხდიდით. ის შოკში იყო და ვერ წარმოედგინა, რომ ასეთ ფეხბურთელში 25 მილიონს არ გადავიხდიდით".
საბოლოოდ, კლუბები 22,5 მილიონზე შეთანხმდნენ. "არსენალს" მეტი გზა არ ჰქონდა, რადგან თავად ფეხბურთელი აღარ ჩერდებოდა ლონდონში.
რიო ფერდინანდი
2005 წლის გაზაფხულზე ინგლისური მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ რიო ფერდინანდი და "მანჩესტერ იუნაიტედი" ახალი კონტრაქტის თაობაზე ვერ ახერხებდნენ მოლაპარაკებას. ამ დროს ფეხბურთელი და მისი ებრაელი აგენტი, პინი ზაჰავი, ლონდონის "ჩელსის" ერთ-ერთ ხელმძღვანელს, პიტერ კენიონს შეხვდნენ.ბევრმა ქომაგმა ჩათვალა, რომ რიო ცუდად მოექცა გუნდს, რომელმაც ის არაერთი უსიამოვნო ისტორიის დროს, მეტადრე, ჩაგდებული დოპინგ-ტესტის დროს დაიცვა. "ოლდ ტრაფორდზე" სტვენა ისმოდა, როგორც კი რიო ბურთს მიიღებდა. საბოლოო ჯამში, 2005 წლის აგვისტოში მხარეებმა ხელშეკრულების გახანგრძლივება გადაწყვიტეს. რიოს კვირაში 120 ათასი გირვანქა უნდოდა, მაგრამ 100-ს დასჯერდა.
ეშლი კოული
2004-05 წლების სეზონის შუაში ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალს" ეშლი კოულის გადაბირება სურდა. "არსენალმა" მცველს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ყოვლისმცოდნე ინგლისურმა მედიამ შეიტყო, რომ ეშლი ფარულად ხვდებოდა ჟოზე მოურინიოს, რათა შეეთანხმებინა მასთან "ჩელსიში" მომავალი ტრანსფერი.სეზონის ბოლო ისე მოვიდა, კოულმა და "არსენალმა" ახალ კონტრაქტზე ვერ მოილაპარაკეს. კოულმა თქვა, რომ კლუბი მას ცუდად მოექცა და ამის გამო 200 ათას გირვანქადაც კი აღარ აპირებდა "არსენალში" გაჩერებას.
ოდნავ მოგვიანებით, ეშლიმ მაინც გააგრძელა "არსენალთან" ხელშეკრულება და კვირაში 70 ათას გირვანქას დასჯერდა, მაგრამ გააგრძელა მხოლოდ ერთი წლით. საცნაური გახდა, რომ ის გუნდს მალე დატოვებდა და დატოვა კიდეც - "ჩელსიში" გადავიდა.
სტივენ ჯერარდი
"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთულად მისაღები გადაწყვეტილება აღმოჩნდა", - თქვა სტივენ ჯერარდმა მას შემდეგ, რაც "ლივერპულს" უარი უთხრა ახალ კონტრაქტზე (100 ათასი გირვანქა კვირაში).სხვათა შორის, ჯერარდს ადრეც სურდა "ლივერპულის" დატოვება. სტამბოლის ლეგენდარული ფინალის შემდეგ მან თქვა, რომ "ენფილდიდან" აბარგება უნდოდა...
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"