დრიბლინგი: როგორ წაუთაქა კოსტაკურტამ გატუზოს [VIDEO]

AutoSharing Option
იტალია
ნეაპოლიტანური გაგება
გაუგონარი და ენითაუწერელი ამბავია ის, რაც კვირას "პარმამ" ჩაიდინა - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ნეაპოლში. მიუხედავად იმისა, რომ პარმელები გაკოტრებულებიც არიან და გავარდნილებიც, ბოლო ტურებში ვიღაც-ვიღაცების გამწარება გადაწყვიტეს და "ნაპოლისთან" ძალიან მაგრად იბრძოლეს.

არადა, სამხრეთიტალიელებს ძალიან სჭირდებათ მოგებები საიმისოდ, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ, "პარმას" საშველი კი, მოგეხსენებათ, დიდი ხანია, აღარ არის.

რომ არა "პარმას" მეკარე ანტონიო მირანტე, "ნაპოლი" ამ თამაშს (2:2) მოიგებდა კიდეც, მაგრამ ხსენებულმა პიროვნებამ მეორე ტაიმში გონსალო იგუაინსა და კომპანიას ექვსი "მკვდარი" ბურთი აუღო. არგენტინელი
ამის გამო ისე განრისხდა, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მირანტესთვის "სიფათის გალამაზება" უნდოდა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანაგუნდელები შუაში ჩადგნენ და მირანტემდე არ მიუშვეს.

"ნამდვილი საზიზღრობა და საშინელებაა ის, რასაც "ნაპოლის" ფეხბურთელები მატჩის დროს და მატჩის შემდეგ გვაბრალებდნენ, - ეს "პარმას" თავკაც რობერტო დონადონის სიტყვებია. - მატჩის მიწურულს ნეაპოლელები ჩემს მოთამაშეებს უყვიროდნენ, გაკოტრებულებიც ხართ და გავარდნილებიც და რატომ გვებრძვით ასეთი მონდომებითო. თითქოს ვალდებულები ვიყოთ, რომ სეზონის ბოლოს ქულები გავაჩუქოთ".

როგორც ჩანს, ნეაპოლელებს პარმაში სტუმრობა სწორედ ასე წარმოედგინათ, პარმელებს კი იმ ხუთი ტიფოზისთვის სურდათ მადლობის გადახდა, რომლებიც წინა ტურში გუნდს სარდინიაზე, "კალიარისთან" გასვლით შეხვედრაში გაჰყვნენ და მთელი 90 წუთი მხურვალედ ქომაგობდნენ.

ახალი წესი "ინტერისთვის"
ზოგადად, წესები სეზონის დროს არ იცვლება ხოლმე, მაგრამ იტალიაში ხომ იცით, ყველაფერი მოსულა... ყოველ შემთხვევაში, "ინტერის" შემხედვარეებს ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება.

რაკი "ინტერი" ევროპალიგაში ვეღარ გადიოდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვიტეს, რომ გასვლით მატჩებში მილანური კლუბის მეტოქე გუნდებმა ბოლო 30 წუთი 9 კაცით ითამაშონ. "ეს წესი" ორი კვირაა, რაც ამოქმედდა და "ინტერმაც" ორივე შემთხვევაში (უდინესა და რომში "ლაციოსთან") 2:1 მოიგო.

აი, თანაქალაქელი "მილანი" კი ისევ 11-კაციან გუნდებს ებრძვის...

გატუზო ლიდერობაზე
...თუმცა "მილანზე" სხვა რამ გვინდოდა დაგვეწერა და კერძოდ, ის, რომ ყოფილი მილანისტა და ყველასათვის კარგად ცნობილი ჯენარო გატუზო ერთ-ერთ იტალიურ ტელეგადაცემაში გახლდათ მიწვეული, სადაც დღევანდელ "როსონერიზე" ჩამოუდგეს სიტყვა და ისიც ჰკითხეს, ამ "მილანის" ლიდერად მენეზი მოიაზრება და შენ რა აზრის ხარ ამ საკითხზეო.

"მენეზი ცუდი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ ლიდერი? ნამდვილი ლიდერები "მილანში" ადრე ბევრნი იყვნენ. მაგალითად, ალესანდრო კოსტაკურტა. დიახ, ბილი!..

"მილანის" ძირითად გუნდში ახალი ჩარიცხული გახლდით, როცა ერთხელ ბაზაზე წვერი გავიპარსე და ნარჩენები არ ჩავრეცხე. საშხაპეში შევედი, შხაპი მივიღე, რის შემდეგაც წყნარად ვიდექი გასახდელში და ტანს ვიმშრალებდი, თან რაღაცას ვღიღინებდი. უცებ კეფაში ძალიან მწარე ხელი მომხვდა, მივტრიალდი და ჩემ წინ კოსტაკურტა იდგა.

პატარა ბიჭო, შენ თავი სად გგონიაო - მკითხა. რა გინდა-მეთქი - შევუღრინე. წარმოდგენაც არ მქონდა, რას მერჩოდა. შენ გასაწმენდს სხვა არ გაწმენდსო, - მითხრა და ხელსაბანისკენ მიმითითა...

აი, ლიდერი კოსტაკურტა იყო, თუ იყო. მენეზი ამის გამკეთებელია?" - ასეთი გახლდათ გატუზოს პასუხი.

კასანოს ბაბუა სერია A-ში
ანტონიო კასანოს ფეხბურთი მოენატრა და ზაფხულში დიდ დაბრუნებასაც გეგმავს, თუმცა იტალიის ჩემპიონატი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

"სერია A-ს ხარისხი უარესდება. ასე მგონია, რომ "იუვენტუსი" ზედიზედ ათჯერ გახდება ჩემპიონი. იტალიის ჩემპიონატში ისეთი ხარისხია, ბაბუაჩემიც უპრობლემოდ ითამაშებდა", - განაცხადა კასანომ.

თუ ასეა, არც თავად ანტონიოს უნდა გაუჭირდეს დაბრუნება.

ინგლისი
ღვინო ვან გაალის დავთარში
ფეხბურთის მოყვარSportall.Geულებს ყოველთვის გვაინტერესებდა, რას წერენ ხოლმე მწვრთნელები იმ ბლოკნოტებში, მთელი თამაშის განმავლობაში ხელიდან რომ არ აგდებენ.

ყველანი ვფიქრობთ, რომ ეს ან ტაქტიკური მონახაზები იქნება სხვადასხვა ვარიანტით, ანაც თითოეულ ფეხბურთელზე დაკვირვების შედეგად გაკეთებული ჩანაწერები და ა.შ.

ამ კითხვას პასუხი ნომერ პირველმა ბლოკნოტიანმა მწვრთნელმა გასცა - ლუი ვან გაალმა.

"კრისტალ პალასთან" 2:1-ზე მოგებული შეხვედრის დროს ჰოლანდიელს ქარმა მოულოდნელად თავისი დავთრის პირველი ფურცელი აუფრიალა, რის გამოც მეორე ფურცელი გამოუჩნდა და არ გაინტერესებთ, რა იყო იმ მეორე ფურცელზე?

დიდი ღვინის ბოთლი! ღვინის რეკლამა!

თუმცა მერე გაირკვა, რომ ვან გაალი მატჩების დროს ღვინოებს კი არ ათვალიერებს, არამედ ეს იყო გუნდების განაცხადების ოფიციალური ფურცელი - ისეთი, ნებისმიერ ჟურნალისტსაც რომ აძლევენ ხოლმე და მასზე, უბრალოდ, ღვინის რეკლამა იყო დაბეჭდილი.

ანუ არც ისეთი დიდი ამბავია, პირველი ფურცლის აფრიალების დროს რომ ეგონათ ზოგ-ზოგიერთებს...

ფაბრეგასი და ტერი
"ლივერპულმა" გასულ უქმეებზე "ჩელსის" ტაში დაუკრა და ჩვენც კიდევ ერთხელ უნდა დავუკრათ ტაში ჟოზე მოურინიოს და მის შეგირდებს. "ჩელსიმ" მართლა ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა, ჩვენ კი აქ და ახლა ორი ფეხბურთელის კიდევ ერთხელ წამოწევა გვსურს.

ერთია სესკ ფაბრეგასი, რომელიც "ბარსაში" ვერაფრით წამოდგა ფეხზე ხეირიანად, "ჩელსიში" კი 16 საგოლე პასით ფრენკ ლემპარდის ძველი რეკორდი დაამხო.

ქედი უნდა მოვიხაროთ ჯონ ტერის წინაშეც, პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა.

ბალოტელი ბოატენგს გამოესარჩლა
მარიო ბალოტელიზე ვისაც რა უნდა, ის შეუძლია იფიქროს და თქვას. ერთნი ამბობენ, თავში ბევრი სისულელე უტრიალებსო. მეორენი კი დასძენენ ხოლმე, ბალოტელის ყურებს შორის ბევრი არაფერი ხდებაო.

ერთი რამ ცხადია: სინამდვილეში და სიღრმეში, მარიოს კარგი გული აქვს.

მას მერე, რაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი რაუნდის შემდეგ მთელმა მსოფლიომ "ბაიერნის" მცველ ჟერომ ბოატენგს დასცინა, ბალოტელი მას დემონსტრაციულად გამოესარჩლა.

იტალიელმა თავის "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ბოატენგის ფოტო, სადაც ამ უკანასკნელს მსოფლიო თასი აქვს აღმართული და იქვე მიაწერა: "ბევრს დაავიწყდა, რომ ამ კაცმა რამდენიმე თვის წინ აი, ეს თასი მოიგო!"

ბოატენგი, უდავოდ, მადლობელია.
ესპანეთი
დაანებეთ მესის უკანალს თავი!
ლიონელ მესის შესახებ ერთი ისეთი ვიდეო გამოქვეყნდა, ბევრს ჩააგდებდა და ჩააგდებს საგონებელში.

"იუთუბზე" გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ ყმაწვილ მესის 2006 წელს, როცა ეს უკანასკნელი ერთ-ერთ არგენტინულ სატელევიზიო შოუში მიიწვიეს. გადაცემის წამყვანი და იქ შეკრებილი საზოგადოება ერთობ სასაცილო ხალხია - ლეოს ხმაურიანი შეძახილებითა და გულითადი ჩახუტებით ესალმება.

ერთ ეპიზოდში კი ჩახუტება ჩარჩოებს სცდება - ერთ-ერთი მათგანი მესის უკანალზე ხელს "სხვანაირად" უფათურებს. მერე ჩანს კადრი, რომელიც ინტერვიუს დროსაა გადაღებული და გადაცემის წამყვანი მესის ჯერ სახეზე ეფერება, მერე კი პირდაპირ იქ ადებს ხელს, სადაც ლეოს "პასპორტი" ბინადრობს.

მოკლედ, ერთობ უცნაური და სასაცილო ვითარებაა, თავად მესი კი რაღაცნაირადაა დარცხვენილი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბეილი პასებს ითხოვს
აჰა, როგორც იქნა, ითქვა ის, რასაც ყველანი დიდი ხანია ვფიქრობთ. გარეთ ბეილის აგენტმა, როგორც იქნა, ამოღერღა, რომ მისი კლიენტი მადრიდის "რეალში" თავს მთლად კარგად ვეღარ გრძნობს. მართალია, ცოტა სხვანაირად თქვა, მაგრამ შინაარსი ეს იყო.

"გარეთმა მითხრა, ეს სეზონი გულისამრევიაო. თანაგუნდელებმა მეტი უნდა იზრუნონ მასზე, ხშირად უნდა მისცენ პასები.

მიეცით გარეთს ბურთი უფრო ხშირად და ის გიჩვენებთ, რაც შეუძლია. დაამტკიცებს, რომ "რეალში" საუკეთესო ფეხბურთელია", - აღნიშნა ბეილის აგენტმა.

იმედია, ეს ამბავი კრიშტიანო რონალდოს ყურამდე არ მივა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბეწვზეა მესი გადარჩენილი!
ფერნანდო
19:10 13-05-2015
0

სიახლეები პოპულარული