უკიდურესად რთულია მართავდე სახეობას, რომლის მაჯაზეც პლანეტის მილიონობით ადამიანს (მწვრთნელს, მოთამაშეს, სხვადასხვა რანგის მუშაკს) უდევს ხელი და რომლის თითქმის ყოველდღიურ ყოფას მილიარდამდე ადამიანი (გულშემატკივარი, მაყურებელი) ადევნებს თვალს.
ასაკის მიუხედავად (79 წლისაა), 29 მაისს ის მეხუთე ვადით აპირებს ფიფას პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას. ბლატერი მერვე პრეზიდენტია ფიფას ისტორიაში. ამ ორგანიზაციას მასზე მეტხანს მხოლოდ ჟიულ რიმე ედგა სათავეში, რომელიც 1921-1954 წლებში მართავდა ფიფას.
უსაქმურების თამაში
ზეპმა ლოზანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იურისტის დიპლომი მიიღო. ფეხბურთისადმი გულგრილი არც სიჭაბუკისა და ახალგაზრდობის ასაკში ყოფილა, იცავდა შვეიცარიის სხვადასხვა სამოყვარულო კლუბის ღირსებას. მამამისი, თურმე, შვილის არჩევანს სკეპტიკურად უყურებდა. "ფეხბურთი უსაქმურების თამაშია და ამით მაძღარი ვერ იქნები", - უკიჟინებდა ის იოზეფს. ზეპმა ბედი სპორტულ ჟურნალისტიკაშიც სცადა და შვეიცარიის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრიც გახლდათ.
1962 წელს მუშაობა ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში დაიწყო. ორ წელიწადში კი შვეიცარიის ჰოკეის ასოციაციის გენერალურ მდივნად მოგვევლინა. ბლატერმა 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ორგანიზებაშიც მიიღო მონაწილეობა - შვეიცარიული საათების ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენელი გახლდათ.
1975 წლიდან იწყება ზეპის გზა ფიფას მაღალი საფეხურებისკენ. ამ წელს ის ორგანიზაციის ტექნიკური დირექტორი გახდა. 1981 წელს პრეზიდენტ ჟოაო აველანჟის ხელშეწყობით ფიფას გენერალური მდივნის პოსტზე აირჩიეს.
უსუფთაო არჩევნები
ბლატერი თანდათან იქცა ფიფაში გავლენიან ფიგურად - პრეზიდენტ აველანჟის მარჯვენა ხელად და არავის გაჰკვირვებია, როცა 1998 წელს, ბრაზილიელი ბოსის წასვლის შემდეგ, გენერალური მდივნის პოსტზე მუშაობის 17 წლის სტაჟის მქონე ზეპმა პრეზიდენტობაზე განაცხადა პრეტენზია. მას კონკურენტად უეფას პრეზიდენტი, შვედი ლენარტ იუჰანსონი ჰყავდა. შვეიცარიელმა მოიგო, მაგრამ პირველივე არჩევნებზე აგორდა ჭორები მის მიერ ხმების მოსყიდვის თაობაზე. მთავარი კი ისაა, რომ ჭორები არ ყოფილა უსაფუძვლო.
საერთოდ, როგორც პირველი, ისე ყოველი ხელახალი არჩევისას ბლატერის მიმართ ბრალდებების მთელი ტალღა მოდიოდა. მას ადანაშაულებდნენ ათასგვარ მაქინაციებში, თუმცა არ ჩანდა მტკიცებულებები (მისი მოპოვება როდისაა იოლი?) და ზეპიც მშრალად გამოდიოდა ჭაობიდან.
ზეპს გამოუვალი მდგომარეობიდან დანაკარგის გარეშე გამოსვლის დიდი ნიჭი აქვს. მეტწილად სწორედ ამის დამსახურებითაა ამდენი წლის განმავლობაში ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე. ოთხი ვადით ხელახლა არჩეული ბლატერი, მისი თამაშის წესების უსუფთაობის გამო დისკომფორტს დიდად არ შეუწუხებია.
მას კარგი ურთიერთობა აქვს ყველა კონტინენტის, ძალიან ბევრი ქვეყნის უმაღლეს პირთან. მიღებული აქვს სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ჯილდო - საფრანგეთის საპატიო ლეგიონის, თუ უკრაინის იაროსლავ ბრძენის ორდენებით დაწყებული და ჯიბუტის ეროვნული ორდენით დამთავრებული.
ფულის გამომუშავების ნიჭი
ფიფა არა მხოლოდ მართავს საფეხბურთო შეჯიბრებებს მთელ პლანეტაზე, არამედ, გვევლინება ლიცენზიებით უმსხვილეს მოვაჭრედ მსოფლიო სპორტში. მონოპოლისტის მიერ შეთავაზებული პროდუქტების სპექტრი დიდია. ჩემპიონატებთან დაკავშირებული მაისურებით, სუვენირებით დაწყებული და ტელეტრანსლაციების უფლებებით დამთავრებული. მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია ზეპმა მძლავრ ტრანსნაციონალურ კორპორაციად, მსოფლიოს ჩემპიონატები კი უაღრესად მომგებიან ბიზნესპროექტად გადააქცია.
ბლატერმა იცის, როგორ გამოიმუშავოს ფული. ნიშანდობლივია, რომ ფიფას მოგების გადასახადი არ ებეგრება.
ერთ-ერთი დიდი სკანდალი, რომელიც ბლატერთანაა დაკავშირებული, 2001 წელს აგორდა. მაშინ არასწორი მარკეტინგული პოლიტიკის გამო კორუფციაში გასვრილი ფიფას პარტნიორი კომპანია ISL გაკოტრდა, თუმცა ზეპმა შეძლო ამ სკანდალის ჩაქრობაც და, სხვათა შორის, დღემდე უარს ამბობს მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კომენტარზე.
სამაგიეროდ, ხალისიანად ლაპარაკობს მიღწევების შესახებ.
"სათავეში ჩემი მოსვლის დღიდან ტელეტრანსლაციებიდან შემოსავალი 12-ჯერ გაიზარდა. ფიფას პატრონაჟის ქვეშ მყოფი ფეხბურთის ეროვნული ასოციაციების წლიური ბრუნვა კი 300 მილიონ დოლარს შეადგენს. არც ერთი სხვა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაცია ამხელა ბრუნვით ვერ დაიკვეხნის", - ტრაბახობს შვეიცარიელი ჩინოსანი.
ამაოდ მეტყველი
ბლატერს არც სისულელეების თქმა ეზარება და არც ბოდიშის მოხდა. ვერავინ დათვლის, რამდენი საჯარო ბოდიში აქვს მოხდილი ზეპს, თანაც ისეთი, რომ იფიქრებდით, ამის ართქმა ჩვეულებრივი რამაა და რატომ უნდა გაიხადოს ბოდიშის მოსახდელად საქმეო, მაგრამ ეს ხომ ზეპის ჩვევაა - მუდამ ისაუბროს ისე, რომ არ ჩამოვიდეს მედიასაშუალებების მთავარი გვერდებიდან. მას უყვარს პოპულარობა და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა არ იყოს უხმაურო მმართველი.
რუსულ-ყატარული თავის ტკივილი
ბოლოს ბლატერთან დაკავშირებული ყველაზე ხმაურიანი კამპანია 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევასთანაა დაკავშირებული. არსებობდა და ფართო საზოგადოებაში დღემდე არ გაქარწყლებულა ეჭვი იმის თაობაზე, რომ რუსეთს და ყატარს მოსყიდვის და გარკვეული მაქინაციებით დაეხმარნენ ფიფას აღმასკომის წევრები მასპინძლობის უფლების მოპოვებაში. ჯერ კიდევ ამ ქვეყნების გამორჩევამდე, ნამდვილ ბომბად იქცა ინგლისელი ჟურნალიტების პროვოკაცია, რომლებმაც ამერიკელი ბიზნესმენების სახელით ფიფა-ს აღმასკომის ორ წევრს შესთავაზეს ქრთამი აშშ-ის კანდიდატურის მხარდასაჭერად და ამაზე მიიღეს თანხმობა.
თუმცა ზეპი პროცესიდან მხოლოდ ეჭვმიტანილების ჩამოცილებით შემოიფარგლა და არჩევნები მაინც ჩატარდა. რუსეთი (2018) და ყატარი (2022) მუნდიალების მასპინძლებად დასახელდნენ.
მას შემდეგ არ წყდება საუბრები ბლატერის მიერ ფიფას ბინძური წესებით მართვის შესახებ. ზეპს ეს თემა თავის ტკივილადაც ექცა, თუმცა სიტუაციიდან თავის დაძვრენას ახლაც ცდილობს.
"ფიფას აღმასკომის წევრები ჩემს გარემოცვას წარმოადგენენ, ისინი სხვადასხვა მსოფლმხედველობის და კულტურის ხალხია. მათ განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ეთიკასა და მორალზე. მათ მე კი არა, ექვსი კონფედერაციის წარმომადგენლები ირჩევენ, ამიტომ მათ საქციელზე პასუხს არ ვაგებ", - ამბობს ბლატერი.
მისი სახელი სუფთა არ არის. ფიფას ხელმძღვანელობაში ბევრია ისეთი ფუნქციონერი, რომელიც მრავალი წელია თანამდებობაზეა და მათი მისამართით კითხვები არსებობს.
დაახლოებით მსგავსი სიტუაცია ადრე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც შეექმნა და მაშინ ამ ორგანიზაციაშიც მცირე კოსმეტიკური რემონტით სცადეს ვითარების დარეგულირება, მაგრამ ამას კინაღამ სოკ-ის რღვევა მოჰყვა. ამიტომ შემდეგ რეფორმები და წმენდა უფრო მასშტაბურად განხორციელდა და რყევები შეჩერდა.
ბლატერიც ამ ხმაურის გამო იძულებულია რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყოს, ოღონდ, ჯერ სავარძლის შენარჩუნებაზე მოუწევს დიდი ნერვიულობა.
ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"