აღიარების მიუხედავად, დე ხეა გუნდიდან წასვლისკენ იხრება. "მანჩსტერმა" კი თადარიგი უკვე დაიჭირა და ახალი მეკარის ძიება დაიწყო. მართალია, ლუი ვან გაალს სჯერა, რომ ესპანელი დარჩება, მაგრამ ინგლისურმა გრანდმა უკვე მოუსინჯა ნიადაგი პეტრ ჩეხისა და იესპერ სილესენის ტრანსფერებს.
ერთია ვან გაალის სურვილი, მეორე კი - თავად ფეხბურთელისა და მისი გარემოცვის. დე ხეას ჰყავს სუპერაგენტი ჟორჟე მენდეში, პორტუგალიელს თავისი წონადი
მენდეშის ისტორია პორტუს ერთ-ერთი ღამის კლუბიდან იწყება. დღეს ის ყველაზე გავლენიანი აგენტია ევროპაში და განსაკუთრებით პრემიერლიგური კავშირებით იწონებს თავს. მენდეშის კლიენტები არიან - ჟოზე მოურინიო და კრიშტიანო რონალდო.
"ის საუკეთესო აგენტია მათ შორის, ვისთანაც ოდესმე საქმე დამიჭერია. ეს უეჭველია." - თქვა "იუნაიტედის" ლეგენდარულმა დამრიგებელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა. "ის სამართლიანი და პატიოსანი კაცია." - ეს უკვე კრიშტიანო რონალდოს სიტყვებია.
ზოგიერთი მენდეშს სატრანსფერო რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია - მხოლოდ გასული ზაფხულის ორ თვეში პორტუგალიელის მიერ წარმოებული გარიგებების საერთო ფასი 208,5 მილიონი ევრო იყო.
აგენტის თაობაზე ყველაზე კარგად მის მიერ გაჩარხული ტრანსფერები მეტყველებენ. ჩვენც გავიხსენოთ ჟორჟეს საქმენი საგმირონი.
2003 წელი: კრიშტიანო რონალდო. სპორტინგი - მანჩესტერ იუნაიტედი. ფასი 12 მილიონი ფუნტი
ეს იყო მენდეშის პირველი საქმიანი შეხება სერ ალექს ფერგიუსონთან. სწორედ ამ ტრანსფერის შემდეგ თქვა ფერგიმ ის სიტყვები, ზემოთ რომ დავწერეთ. ამის შემდეგ სერ ალექსმა "იუნაიტედში" პორტუგალიელი მენეჯერის რამდენიმე კლიენტი მიიყვანა - ნანი, ანდერსონი, ბებე...
2004 წელი: პაულო ფერეირა. პორტუ - ჩელსი. 13,2 მილიონი
ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორი "ჩელსის" პორტუგალიელი დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო იყო. ის ყოფილ შეგირდს შესანიშნავად იცნობდა. ჟოზეს "ნისლიან ალბიონზე" სულ მალე ფერეირაც მიჰყვა.
2004 წელი: რიკარდო კარვალიო. პორტუ - ჩელსი. 20 მილიონი
რიკარდო კარვალიო, მოურინიოს კიდევ ერთი მიმდევარი, "ჩელსის" ქომაგობამ ჯონ ტერისთან იდეალური პარტნიორობისა და პრემიერლიგური ტიტულების გამო შეიყვარა. "ჩელსიში" გატარებული პერიოდის შემდეგ მენდეში კარვალიოს მადრიდის "რეალში" გადასვლაში დაეხმარა.
2007 წელი: ნანი. სპორტინგი - მანჩესტერ იუნაიტედი. 22,7 მილიონი
ოთხი წლის შემდეგ ნანი "მანჩესტერში" იმგვარი რეკლამით მივიდა, როგორითაც თავის დროზე კრიშტიანო ნანიმ ბოლომდე ვერ გაამართა. მართალია, მან პირველ სეზონშივე მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ მაინც არ ერგო პირველი ხარისხის როლი ალექს ფერგიუსონის მიერ შერჩეულ შესანიშნავ მსახიობთა კოჰორტაში. გასულ ზაფხულს მშობლიურ "სპორტინგში" გაანათხოვრეს.
2007 წელი: ანდერსონი. პორტუ - მანჩესტერ იუნაიტედი. 23 მილიონი
19 წლის ანდერსონი მაშინ ევროპის ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად ითვლებოდა და ეს მის სატრანსფერო ფასზეც ნათლად აისახა. მას შესანიშნავი სტარტი ჰქონდა "იუნაიტედში", თუმცა თანდათან მოუკლო და გუნდმა ის გასულ ზაფხულს გაასხვისა.
2007 წელი: პეპე. პორტუ - რეალი. 24 მილიონი
პეპეს ტრანსფერი "რეალში" წარმატებული აღმოჩნდა. ბრაზილიელ-პორტუგალიელმა "სამეფო კლუბთან" ერთად ორჯერ იჩემპიონა ესპანეთში და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.
2009 წელი: კრიშტიანო რონალდო. მანჩესტერ იუნაიტედი - რეალი. 80 მილიონი
ამ საქმიდან მენდეშმა პირადად ჩაიჯიბა 5 მილიონი ევრო. რონალდო მენდეშის უსასყვარლესი კლიენტია. ამ გარიგების დროს კრიშტიანოს მოქმედი კონტრაქტი აკავშირებდა "იუნაიტედთან", მაგრამ... მაშინ ამ ტრანსფერით მსოფლიოს რეკორდი დამყარდა.
2010 წელი: ანხელ დი მარია. ბენფიკა - რეალი. 21 მილიონი
დი მარია რონალდოსა და კომპანიას ხუთწლიანი კონტრაქტით შეუერთდა. მან "რეალთან" ერთად მოიგო პრიმერა და ჩემპიონთა ლიგა, რის შემდეგაც "მანჩესტერს" შეუერთდა.
2010 წელი: ჟოზე მოურინიო. ინტერი - რეალი. 10 მილიონი
მოურინიომ "ინტერთან" ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა და გახდა ყვეელაზე სასურველი მენეჯერი. მენდეშმა "რეალს" ოცნება აუსრულა. მოუმ თქვა, რომ უნდა გახდეს პირველი მწვრთნელი, ვინც სამ სხვადასხვა გუნდთან ერთად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, მაგრამ არ გამოვიდა...
2011 წელი: რადამელ ფალკაო. პორტუ - ატლეტიკო. 32 მილიონი
ეს იყო კოლუმბიელის მიერ დადგმული სამმოქმედებიანი სპექტაკლიდან პირველი. 91მატჩი, 70 გოლი - რადამელმა ბოლომდე გაამართლა მადრიდულ კლუბში მასზე გაცემული ავანსები. მოიგო ევროპალიგა და ესპანეთის სამეფო თასი.
2011 წელი: სერხიო აგუერო. ატლეტიკო - მანჩესტერ სიტი. 38 მილიონი
არაერთ კლუბს უნდოდა არგენტინელი ვარსკვლავის ხელში ჩაგდება მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ ხუთწლიანი ერთგულების შემდეგ, აგუერო "ატლეტიკოს" ტოვებდა. ყველაზე ხელსაყრელი პირობები გაუჩოს "სიტიმ" შესთავაზა. აგუერომ ორი პრემიერლიგური ტიტული მოიგო გუნდთან ერთად და ამაში მისი წვლილი უდიდესია.
2013 წელი: ხამეს როდრიგესი. პორტუ - მონაკო. 38,5 მილიონი
21 წლის ხამესს უკვე მოეგო "პორტუსთან" ერთად სამი საჩემპიონო ტიტული. მან ფულით თავმომწონე "მონაკოსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა 12 თვის შემდეგ შეუერთდა "რეალს".
2013 წელი: ჟოაო მოუტინიო. პორტუ - მონაკო. 22 მილიონი
მოუტინიოს კალთებს ახევდნენ "მანჩესტერი" და "ტოტენჰემი", მაგრამ მან კარიერის გაგრძელება "მონაკოში" არჩია.
2013 წელი: ჟოზე მოურინიო. რეალი - ჩელსი. 12,8 მილიონი
მენდეშის ძალისხმევით, მოურინიო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდა. თვით პეპ გვარდიოლასაც კი გვარიანად გადაუსწრო. ჟოზემ შეასრულა დაპირება და მიმდინარე სეზონში "ჩელსისთან" ერთად პრემიერლიგა მოიგო.
2013 წელი: რადამელ ფალკაო. ატლეტიკო - მონაკო. 48,8 მილიონი
საფრანგეთის ლიგის სარეკორდო ტრანსფერი. ფეხბურთელი წლიურად 10 მილიონ ევროს იღებდა. რადამელმა სადებიუტო მატჩშივე შეაგდო, მაგრამ მერე მუხლის ტრავმა მიიღო. ამის გამო მუნდიალი გამოტოვა. სამთავროელები ახლა მის გაყიდვას ცდილობენ.
2014 წელი: დიეგო კოშტა. ატლეტიკო - ჩელსი. 32 მილიონი
მენდეშმა მის ერთ კლიენტ მოურინიოს მეორე შესთავაზა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟოზემ თქვა, რომ მას სჭირდებოდა ფორვარდი "მკვლელის ინსტინქტით". კოშტამ სადებიუტო სეზონში 19 გოლი შეაგდო და ინგლისის ჩემპიონი გახდა
2014 წელი: ხამეს როდრიგესი. მონაკო - რეალი. 68 მილიონი
ეს ტრანფერი მენდეშის მეოხებით მას შემდეგ შედგა, რაც კოლუმბიელი დიდებული იყო მსოფლიოს ჩემპიონატზე. თუ არ ჩავთვლით ტრავმას, ხამესს დიდებული სეზონი აქვს - მან გუნდის სასტარტოში დაიმკვიდრა ადგილი.
2014 წელი: ელიაკიმ მანგალა. პორტუ - მანჩესტერ სიტი. 32 მილიონი
ამ გარიგებაში რამდენიმე მხარე იყო ჩართული. ასე რომ, უცნობია, რამდენი გამოიმუშავა პირადად მენდეშმა.
2014 წელი: ანხელ დი მარია. რეალი - მანჩესტერ იუნაიტედი. 59,7 მილიონი
დევიდ მოიესის ჩაფლავებული სეზონის შემდეგ, "იუნაიტედმა" ბრიტანული მასშტაბებით სარეკორდო ტრანსფერი განახორციელა. დი მარია ვერ ამართლებს და ის შეიძლება, ამ ზაფხულს გაყიდონ.
2014 წელი: რადამელ ფალკაო. მონაკო - მანჩესტერ იუნაიტედი. იჯარა. 6,7 მილიონი
ეს გარიგება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ფალკაომ მენდეშს მადლობაც კი გადაუხადა. სხვა საქმეა, რამდენად ემადლიერებიან კოლუმბიელს "იუნაიტედის" ფანები - მან 26 მატჩში მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"