ფრაზები: ჩვენ იდიოტებს ვგავართ

AutoSharing Option
გარი ლინიკერი, ტრადიციულად, მხიარულ გუნება-განწყობაზეა და ხუმრობა არასდროს ეზარება; ჯანლუიჯი ბუფონი და იკერ კასილიასი ყოველთვის დიდი პატივისცემით საუბრობენ ერთმანეთზე და კომპლიმენტებს ცვლიან. ამიტომაც გასაკვირი არც არის, რომ ჯიჯი ესპანელის მდგომარეობითა და მომავლით შეწუხებულა; აი, ასევე მოწიწებით ტიბო კურტუა სულაც არ საუბრობს მანუელ ნოიერზე; პაველ ნედვედი ნაკლებ ლაპარაკსა და მეტი საქმის კეთებას ურჩევს კრიტიკოსებს, ხოლო ჩავი 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელების თავისებურ ვერსიას გვთავაზობს...

"ენდი ქეროლმა თქვა, "ვესტ ჰემ იუნაიტედს" ამ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლიაოა. მაშინ მას არ შევეკამათე... იგი ფიზიკურად ძალიან
ძლიერია" - ოხუნჯობს გარი ლინეკერი.

"დიდი იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ საუკეთესო ბომბარდირად დავრჩები, რადგან "დიდი" დაბრუნდება და ამის მერე მე მკვდარი ვიქნები" - ამბობდა ანდრე-პიერ ჟინიაკი და "დიდში" ზლატან იბრაჰიმოვიჩს გულისხმობდა, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ორივე მათგანს ალექსანდრ ლაკაზეტმა გადაასწრო.

"რამდენჯერ ჩაერთო შეტევაში მარსელო მსოფლიოს ჩემპიონატზე? ოცჯერ. რამდენი გოლი გაიტანა ან შექმნა მან? არც ერთი. რამდენჯერ დაგვიჭირეს გრძელი გადაცემებით, როდესაც ბურთი ჩვენს მცველებს ზურგსუკან აღმოჩნდებოდა ხოლმე? სამ-ოთხჯერ. არ არის საჭირო გენიოსობა იმისთვის, რომ დაინახო, რაში იყო პრობლემა" - ამბობს მარსელოს იგნორირებასთან დაკავშირებით "სელესაოს" თავკაცის პოსტზე დაბრუნებული კარლოს დუნგა.

"ნოიერი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა? იგი ყურადღებას უფრო დრიბლინგებით იქცევს" - თქვა ტიბო კურტუამ, რომელიც ახლა ყურადღებას უფრო ჩარლი ადამის სუპერგოლის გაშვებით იქცევს.

"სტადიონს აუცილებლად არსენის სახელი უნდა დაარქვან. ის სამუშაო, რომელიც მან "ჰაიბერიდან" გადმოსვლისას გასწია და შემცირებული ბიუჯეტით მუშაობა გააგრძელა, დაუჯერებელია. ვენგერი სასწაულით ახერხებდა გუნდის სტაბილურად გაყვანას ჩემპიონთა ლიგაზე" - თქვა ალან პარდიუმ ფრანგ სპეციალისტზე, რომელთანაც ადრე კონფლიქტი ჰქონდა, მაგრამ ახლა მათ შორის ყველაფერი რიგზეა.

"კასილიასის სიტუაციამ გაურკვევლობაში დამტოვა. რამდენად სწორი გახლდათ მისი და დიეგო ლოპესის როტაცია? არ ვიცი, ვეთანხმები თუ არა იმას, რომ მეკარეების როტაცია ასე ხშირად დასაშვები და სწორია. თავს ცუდად და დაჩაგრულად ვიგრძნობდი იკერის ადგილას. როდესაც ჯანმრთელი ვარ, მირჩევნია, რომ ყველა შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა. მეკარე უშეცდომო არ არის - გოლკიპერმა შეიძლება დაუშვას შეცდომები, ისევე, როგორც ბრწყინვალე "სეივები" შემოგვთავაზოს. ხოლო როდესაც საქმე ისეთ კლუბებს ეხება, როგორებიც "რეალი" და "იუვენტუსი" არიან, კრიტიკა და მოთხოვნები გაცილებით დიდია. ამ ყველაფერმა, შესაძლოა, დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და პირველი ნომრობა დაგაკარგვინოს" - განაცხადა კასილიასის ბედით შეწუხებულმა ჯანლუიჯი ბუფონმა, რომლისადმი კომპლიმენტებს არც იკერი იშურებს ხოლმე.

"ჩვენ ნაკლებს ვლაპარაკობთ, მაგრამ მეტს ვმუშაობთ და ეს შედეგებზეც აისახება" - განაცხადა ტურინის "იუვენტუსის" დირექტორმა პაველ ნედვედმა "რომასთან" დაკავშირებით.

"პირველ ადგილზე ლეო, მეორეზე ლამი, მესამეზე მასკერანო. კრიშტიანოს მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი არაფერი გაუკეთებია და ვფიქრობ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის წელია, "ოქროს ბურთის" მფლობელი ის უნდა გახდეს, ვინც მუნდიალზე გამოიჩინა თავი" - აღნიშნა ჩავიმ.

"ჩვენ იდიოტებს ვგავართ. დღევანდელი დღის საუკეთესო ამბავი ის არის, რომ 2014 წლის ფეხბურთი დამთავრდა" - ასე დაემშვიდობა იურგენ კლოპი 2014 წელს, რომლის "დორტმუნდიც" სეზონს აგდებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული