მიშელ პლატინის მოწოდება: ზეპ ბლატერს ხმა არ მისცეთ!

AutoSharing Option
ფიფას მაღალჩინოსნების დაკავებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია საფეხბურთო სამყაროში.

ევროპული ფეხბურთის მთავარი ორგანო - უეფა აქვეყნებს ოფიციალურ განცხადებას. მასში წერია, რომ ფიფას მაღალჩინოსნების დაკავების შემდეგ აუცილებელია ორგანიზაციაში ძირეული რეფორმების გატარება.

"ის, რაც მოხდა, კატასტროფაა ფიფასთვის. სკანდალი აზარალებს მთლიანად ფეხბურთს. უეფა შეწუხებული და შეშფოთებულია. ამ მოვლენებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ კორუფციამ მყარად მოიკიდა ფეხი ფიფას სტრუქტურებში", - წერია განცხადებაში.

უეფა ასევე გამოდის წინადადებით, რომ გადაიდოს ფიფას კონგრესი და ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს.

ამას მოჰყვა თავად უეფას პრეზიდენტის, მიშელ პლატინის
მოწოდება: არ დაუჭირონ მხარი არჩევნებზე ბლატერს და ხმა მისცენ მის კონკურენტს.

უეფას განცხადების პარალელურად, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, გრეგ დაიკმა გადადგომისკენ მოუწოდა ფიფას პრეზიდენტს.

"ბლატერმა უნდა დატოვოს თანამდებობა ან წააგოს საპრეზიდენტო არჩევნები. ან ჩვენ უნდა ვიპოვოთ მესამე გზა. ზარალი, რომელიც ფიფამ ფეხბურთს მიაყენა, უზარმაზარია და აღდგენას არ ექვემდებარება. უეფა ეცდება მისი წასვლის ფორსირებას", - განაცხადა დაიკმა.

* * *
როგორც ჩანს, ფიფაში ატეხილი სკანდალით ყველაზე მეტად ლეგენდარულმა და სკანდალურმა არგენტინელმა დიეგო მარადონამ გაიხარა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უდიდესი სიამოვნება მიიღო, როცა კორუფციის საქმეზე ფიფას მაღალჩინოსნების დაკავებას ადევნებდა თვალს. მარადონამ იმედი გამოთქვა, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო გამოააშკარავებს ფიფას მანკიერ მხარეებს.

"ისინი გიჟს მიწოდებდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ჭეშმარიტების მომენტი დადგა და ამით კმაყოფილი ვარ. მათ ეზიზღებათ ფეხბურთი და მისი გამჭვირვალობა. საკმარისია ხალხის მოტყუება იმისთვის, რომ ბლატერი ისევ აირჩიონ პრეზიდენტად", - განაცხადა მარადონამ. მანვე დაამატა, რომ 29 მაისს დანიშნულ არჩევნებში მხარს უჭერს ბლატერის კონკურენტს, იორდანიის პრინცს, ალი ბინ ალ-ჰუსეინს.

შეგახსენებთ, მაისის დასაწყისში მარადონამ განაცხადა იმის შესახებ, რომ ფიფაში ანარქიაა გამეფებული, რაშიც დამნაშავე ორგანიზაციის პირველი პირია. კიდევ უფრო ადრე კი არგენტინელმა იოზეფ ბლატერი კორუფციაში დაადანაშაულა. "ეს ადამიანი განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, არადა, ცხოვრებაში ერთხელაც არ დაურტყამს ბურთისთვის ფეხი", - აღნიშნა მან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვინაა ეს ბლატერი ასე რომ ბლატაობს. როგორ ვერ უნდა მიშორონ, ეს პუპინის პუტანკა!!!
kako
10:39 29-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული