2014/15 წლების სეზონის საუკეთესო ტრანსფერების ოცეული

AutoSharing Option
2014-15 წლების სეზონი ისტორიის კუთვნილება გახდა. დროა, გავიხსენოთ ის ტრანსფერები, ყველაზე დიდი კვალი რომ დაამჩნიეს საფეხბურთო წელს.

20. ანდრეს გუარდადო. ვალენსია - პსვ. 2, 8 მილიონი ევრო
28 წლის მექსიკელმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჰოლანდიური კლუბის წარმატებაში. ის საშუალოდ მატჩის განმავლობაში 52,2 პასს აკეთებდა. უნივერსალური მოთამაშეა, რომელიც სწრაფად გახდა გამორჩეული მთელ ერედივიზიონში.

"მას აქვს ლიდერის თვისებები და შეუძლია პარტნიორების აყოლიება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ის გუნდის მამაა", - განაცხადა პსვ-ს ტექნიკურმა დირექტორმა მარსელ ბრანდსმა.

19. ჟონასი. ვალენსია - ბენფიკა.
თავისუფალი ტრანსფერი
31 წლის ბრაზილიელმა ცენტრფორვარდმა თავისი კარიერის ახალი ფურცელი გადაშალა. ხშირად ანალიტიკოსები ყურადღებას არ აქცევდნენ მის გარჯას. ყველა ბრაზილიელ ტალანტზე, ანდერსონ ტალისკაზე საუბრობდა. არადა, ჟონასმა სეზონში 30 გოლი შეაგდო "ბენფიკაში".

18. მაპუ იანგა-მბივა. ნიუკასლი - რომა. 7,4 მილიონი ევრო
26 წლის ფრანგ ცენტრალურ მცველს "ნიუკასლში" თავის სისტემატურად გამოჩენის შანსი არ ეძლეოდა. ახლა ის "რომასათვის" შეუცვლელი მცველია და ეს მეტყველებს იმაზე, რომ "ნიუკასლში" მართებული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

17. ანდერ ერერა. ბილბაო - მანჩესტერი. 36 მილიონი ევრო
თავიდან ერერა ვერ იყო სასურველად შთამბეჭდავი, მაგრამ თანდათან თამაშს უმატა. "მანჩესტერი" სეზონის მეორე ნახევარში გამოცოცხლდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. მომავალ სეზონში ერერამ კიდევ უფრო უნდა მოუმატოს.

16. ჰაკან ჩალჰანოღლუ. ჰამბურგი - ლევერკუზენი. 14,5 მილიონი ევრო
21 წლის თურქი ნახევარმცველი მთელი ბუნდესლიგის განმავლობაში ძალიან სტაბილური იყო. ის დიდებულად ურტყამს საჯარიმოებს. ხშირად ემუქრება მეტოქის კარს - 105 დარტყმა და 8 გოლი. თავისი თაობის ერთ-ერთი ლიდერი და დიდი ტალანტი, ვინც შემდეგ სეზონში კიდევ უნდა გააუმჯობესოს თამაში.

15. ალექსის სანჩესი. ბარსელონა - არსენალი. 44 მილიონი ევრო
26 წლის ჩილელი "არსენალის" მაგარ შეტევაში პირველი კაცია. "მეთოფეთა" მთელი წინა ხაზი სანჩესზეა აწყობილი. ის ნაღდი ლიდერია. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ოლივიე ჟირუ ვერ გახდა ტიერი ანრი, ხოლო მესუთ იოზილი ჯერაც საკუთარი თავის ძიებაშია.

35 მატჩი პრემიერლიგაში, 16 გოლი და 8 საგოლე პასი - სადებიუტო სეზონისათვის ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

14. ბერნარდო სილვა. ბენფიკა - მონაკო. 15,75 მილიონი ევრო
შეუძლია თამაში მარჯვნივ და ცენტრალურ ნახევარმცველად. 20 წლის პორტუგალიელი უნდა იქცეს ახალ ხამეს როდრიგესად "მონაკოსათვის". მას მინდორზე ყველაფერი შეუძლია - ჩაშლა, შექმნა, საგოლე პასები და გოლის გატანა. ბოლო 7 მატჩში მან საფრანგეთის ჩემპიონატში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

13. კრისტოფ ჟალე. პსჟ - ლიონი. 1,5 მილიონი ევრო
31 წლის ფრანგი მარჯვენა მცველი ნაღდ რენესანსს განიცდის. თუ გავითვალისწინებთ სერჟ ორიეს შედარებით არასტაბილურობას, გრეგორი ვან დერ ვილთან ერთად, ის ფრანგული ლიგის საუკეთესო მარჯვენა მცველია.

12. იან ზომერი. ბაზელი - გლადბახი. 8 მილიონი ევრო
26 წლის შვეიცარიელმა მეკარემ "გლადბახში" უპრობლემოდ შეცვალა "ბარსელონაში" წასული მარკ - ანდრე ტერ შტეგენი. ის ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. მეორე ადგილზეა "სეივების" მაჩვენებლით (124).

11. გრჟეგორჟ კრიხოვიაკი. რეიმსი - სევილია. 5,5 მილიონი ევრო
25 წლის პოლონელი საყრდენი ნახევარმცველი, ვინც მეტწილად დაცვით ფუნქციებს ასრულებს, ამ სეზონში უმძლავრეს "მანქანად" ჩამოყალიბდა. კრიხოვიაკისათვის სეზონის გვირგვინი იყო ევროპალიგის ფინალი "დნიპროსთან", რომელიც მან დიდებულად ჩაატარა და გოლიც გაიტანა. პოლონელის ტრანსფერზე უკვე ამუშავდა არაერთი გრანდი.

10. ნიკოლას ოტამენდი. პორტუ - ვალენსია. 12 მილიონი ევრო
"პორტო" 4 წლის შემდეგ შეელია არგენტინის ნაკრების ცენტრალურ მცველს. "ვალენსიაში" ის ლიდერად იქცა და მიიღო რა უფრო ფართო ასპარეზი, მსოფლიო კლასის ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. ფული იქით იყოს და, ლისაბონელებმა ამ ტრანსფერით ბევრი წააგეს.

9. ანდრე შურლე. ჩელსი - ვოლფსბურგი. 32 მილიონი ევრო; სებასტიან იუნგი. აინტრახტი - ვოლფსბურგი. 2,5 მილიონი ევრო
"ვოლფსბურგის" ორი ტრანსფერი. შურლემ 14 ბუნდესლიგურ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. ინვესტიცია, რომელმაც შედეგი აუცილებლად უნდა მოიტანოს მომავალ სეზონში.

რაც შეეხება იუნგს, ის გააფთრებით იბრძოდა სასტარტოში ადგილის დაბევებისათვის და მთელ რიგ მატჩებში ცუდად არ გამოიყურებოდა.

8. ელიაკიმ მანგალა. პორტუ - სიტი. 40,1 მილიონი ევრო; ვილფრედ ბონი. სუონსი - სიტი. 32,2 მილიონი ევრო; ფერნანდო რეჟესი. პორტო - სიტი. 15 მილიონი ევრო
დავიწყოთ მანგალას ტრანსფერით. ის ჯერ იგივეა "სიტისათვის", რაც დეან ლოვრენია "ლივერპულისათვის", თუმცა ძალიან ნიჭიერია. რამდენიმე მატჩში ფრანგმა მსოფლიო კლასის ფეხბურთი აჩვენა, რამდენიმეში კი ძალიან სუსტი იყო. ხშირად კარგავდა კონცენტრაციას.

ვილფრედ ბონის ჯერაც ადაპტაციის პერიოდი უდგას. მან 10 მატჩი ითამაშა პრემიერლიგაში და 2 გოლი გაიტანა.

რეჟესს კი ტრავმა აწუხებს და მან ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა იმედი, რომ მალე გამოჯანმრთელდება.

7. სესკ ფაბრეგასი. ბარსელონა - ჩელსი. 33,6 მილიონი ევრო
28 წლის ესპანელმა უდიდესი წვლილი შეიტანა იმაში, რომ "ჩელსიმ" პრემიერლიგა მოიგო. სესკი დიდებული ასისტენტი იყო და მისი გოლების უმრავლესობას დიეგო კოშტა მას უნდა უმადლოდეს.

6. დავიდ ლუისი. ჩელსი - პსჟ. 49,5 მილიონი ევრო; სერჟ ორიე. ტულუზა - პსჟ. 10 მილიონი ევრო
ბევრი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელის სატრანსფერო ფასი გაბერილია. არაერთი სპეციალისტის აზრია, რომ დავიდ ლუისი, ვთქვათ, ვერაფრით სჯობს ნიკოლა ნკულუს.

რაც შეეხება ორიეს, ის პოტენციურად ტოპ-კლასის მცველია. ძალიან უყვარს შეტევა, დაცვა კი ხშირად ავიწყდება ხოლმე.

5. ანტუან გრიზმანი. სოსიედადი - ატლეტიკო. 30 მილიონი ევრო
24 წლის ფრანგმა ფორვარდმა კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა. 37 მატჩი პრიმერაში და 22 გოლი - ეს დიდებული შედეგია. თანაც, მან არაერთი საგოლე მომენტი გაატანა ქარს.

4. ხუან ბერნატი. ვალენსია - ბაიერნი. 10 მილიონი ევრო
21 წლის ესპანელმა ძალიან საკვანძო როლი მიიღო "ბაიერნის" თამაშში. ის დიდებულად გრძნობს ბურთს, შესანიშნავად არჩევს პოზიციას, ამწვავებს თამაშს.

"ის ძალიან კარგია და მუდამ უმაღლესი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებს", - ასე შეაფასა ბერნატის გარჯა "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ.

3. ტონი კროოსი. ბაიერნი - რეალი. 25 მილიონი ევრო
25 წლის გერმანელი ნახევარმცველი "რეალს" მაგრად მოერგო. ის თამაშში საშუალოდ 65,4 პასს აკეთებდა, სიზუსტის მაჩვენებელი კი 92 პროცენტი იყო. ასე უპრობლემოდ დამკვიდრდე "რეალის" ძირითადში, იოლი არ არის.

2. სტეფანო სტურარო. ჯენოა - იუვენტუსი. 5,5 მილიონი ევრო
22 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა "იუვენტუსის" თამაშს დინამიკურობა შემატა. შესანიშნავი იყო "რეალთან", ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და "ნაპოლისთან" სერია A-ს შეხვედრაში. "იუვეს" ბრილიანტი, რომელიც მომავალ სეზონში უნდა აფეთქდეს.

1. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. გლადბახი - ბარსელონა. 12 მილიონი ევრო
გერმანელი მეკარე შეუდარებლად ძვირფასია, ვიდრე მასში გადახდილი ფული. ამიტომ "ბარსელონას" სატრანსფერო საქმეებში ეს გარიგება გამოვარჩიეთ და არა - ლუის სუარესის. ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად თამაშობს. მომავალ სეზონში კი იქნებ პრიმერაშიც წაართვას ძირითადის სტატუსი კლაუდიო ბრავოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხშირად წერეთ ასეთი მასალები საკითხავი
stas
22:12 02-06-2015
0
აგერ 20-21წლის ბიჭები უკვე შემდგარი ვარსკვლავები არიან და თან როგორ ჩემპიონატებში თამაშობენ?! ჩვენთან 29წლამდე ტალანტები არიან რომლებიც ჰა ჰა უნდა გაიხსნას მაგრამმმმმ........
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული