2015 წლის ზაფხულის ყველაზე, ყველაზე ძვირი ტრანსფერები...

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო სეზონი უამრავ საინტერესოს გვპირდება. რა თქმა უნდა, წინ გველის დიდი გარიგებები, თუმცა ამ ეტაპზე უკვე შედგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი. ჩვენც ამ გარიგებებიდან 10 ყველაზე ძვირი გამოვარჩიოთ.

მაქს კრუზე
"გლადბახიდან" ბოლო დროს სატრანსფერო მადაზე მოსულ "ვოლფსბურგში" 12 მილიონ ევროდ გადავიდა. როგორც ჩანს, "მგლები" ჩემპიონთა ლიგაზე შორს წასვლას აპირებენ და თუ გაუმართლებთ, შესაძლოა, გერმანიის ჩემპიონობისთვისაც კი გაიბრძოლონ. ყოველ შემთხვევაში, "დორტმუნდში" მომხდარი ცვლილებების ფონზე, სწორედ "ვოლფსბურგი" მოჩანს "ბაიერნის" ერთადერთ შესაძლო კონკურენტად, რადგან საამისოდ "ლევერკუზენს" შემადგენლობის სიღრმე არ ეყოფა.

როდრიგო კაიო
"სან პაულუს" მცველი
"ვალენსიაში" 12,5 მილიონ ევროდ გადავიდა. ვალენსიური კლუბი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება და გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი ნუნუ განაგრძობს შემადგენლობის გაძლიერებას. 21 წლის ფეხბურთელი უნივერსალია. მას თამაში შეუძლია როგორც ცენტრალურ მცველად, ისე საყრდენ ნახევარმცველად. კაიოს სისტემატურად იწვევდნენ ბრაზილიის ასაკობრივ ნაკრებებში.

ანდრე გომეში
ისევ "ვალენსია". "ღამურებმა" "ბენფიკადან" 15 მილიონ ევროდ გამოისყიდეს ანდრე გომეში. გომეში 21 წლისაა. მან ესპანური კლუბის შემადგენლობაში გასული სეზონი იჯარის წესით გაატარა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ანდრეს უთამაშია პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში. ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 4 შეხვედრაა. ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლება.

ჟოაო კანსელო
ისევ ვერ ავცდით "ვალენსიას". ისევ პორტუგალიელი ტალანტი და "ღამურები". ჟოაო კანსელომ იჯარის წესით ითამაშა ესპანურ კლუბში და თავი მოაწონა მის მესვეურებს. "ბენფიკას" აღზრდილ მარჯვენა მცველს პორტუგალიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია.

ალეიშ ვიდალი
ალეიშ ვიდალი "სევილიადან" "ბარსელონაში" 17 მილიონ ევროდ გადავიდა. თავის დროზე, ბავშვობაში, ის უკვე იყო კატალონიურ კლუბში, თუმცა მაშინ მასში განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნეს. 25 წლის ფეხბურთელმა ძალიან საინტერესო გზა განვლო. "ბარსელონას" გარდა, მან "რეალის" აკადემიაშიც შეიარა.

პროფესიონალური კარიერა "ესპანიოლის" მეორე გუნდში დაიწყო. მერე წარუმატებლად ითამაშა "პანათინაიკოსში". მერე იყო ესპანეთის ქვედა დივიზიონებსა და ფარმ-კლუბებში გატარებული დრო. ვიდალმა "ალმერიაში" "ამოყვინთა", რასაც "სევილიაში" გადასვლა მოჰყვა.

მარიო მანჯუკიჩი
"ატლეტიკოდან" "იუვენტუსში" 18 მილიონ ევროდ გადავიდა. რთული სათქმელია, რას ერჩოდა მარიოს მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა, თუმცა მეორე მხრივ, 18 მილიონიც მსუყე თანხაა. ხორვატმა "იუვეს" წინა ხაზს სიმძლავრე უნდა შემატოს. ტურინელები მართლაც მაგრად დაიხარჯნენ. მით უმეტეს, მარიო უკვე აღარ არის ბავშვი - ის 29 წლისაა.

როდრიგო
"ვალენსიამ" 30 მილიონი გადაუხადა "ბენფიკას" და ამ 24 წლის ფეხბურთელზე ყველა უფლება გამოისყიდა. ვალენსიელებს სელექცია ნამდვილად არ ეშლებათ, მაგრამ მაინც საკითხავია, რამდენად გამართლებულია როდრიგოს დონის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა. "რეალის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი განათხოვრებული იყო "ბოლტონსა" და "ვალენსიაში". ესპანეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების ლიდერი ჯერ ვერ ახერხებს ეროვნულ გუნდში მოხვედრას, სადაც მის ანგარიშზე მხოლოდ 1 მატჩია.

დანილო
31,5 მილიონი ევრო - სწორედ ამდენი გადაიხადა "რეალმა" "პორტოს" უკანახაზელში. ბრაზილიელი მცველის პროგრესი თვალსაჩინოა. ბოლო დროს 23 წლის მცველის გარეშე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების წარმოდგენა შეუძლებელია. ცხადია, მისი წასვლით მნიშვნელოვნად შეიცვლება "პორტუს" უკანა ხაზი. პირდაპირ რომ ვთქვათ, დასუსტდება.

პაულო დიბალა
"იუვენტუსმა" "პალერმოს" უნიჭიერეს შემტევში 32 მილიონი ევრო გადაიხადა. ეს ფეხბურთელი სიცილიური კლუბის გამოკვეთილი ლიდერი იყო, მაგრამ საკითხავია, როგორ შეეწყობა "იუვენტუსს", სადაც მას ძალიან დიდი კონკურენცია დახვდება. საინტერესოა, რომ დიბალას, ვინც ახლა 21 წლისაა, არგენტინის ნაკრებში ერთი შეხვედრაც კი არ ჩაუტარებია.

მემფის დეპაი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" დეპაიში 42 მილიონი ევრო გადაიხადა. ზოგი ტრანსფერის ღირებულებად 35 მილიონ ევროს ასახელებს, მაგრამ მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნო უნდა იყოს. ასეა თუ ისე, ჩვენს სიას 21 წლის ჰოლანდიელი ლიდერობს. ის "მოორდრეხტის" საფეხბურთო სკოლაში ეზიარა ფეხბურთის ანბანს. მერე გადავიდა როტერდამის "სპარტაში", ბოლოს კი მიაკითხა "ეინდჰოვენს". ნათამაშები აქვს ჰოლანდიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში და ეროვნული გუნდის მაისურით 17 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლი შეაგდო.

ასაკი, ასაკი...
რას გვიჩვენებს ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ტრანსფერების უმრავლესობა? ევროპული კლუბები, სოლიდურ ასაკს ვინ ჩივის და, 25 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებში სოლიდური თანხის გადახდას ერიდებიან.

ერთი მხრივ, როცა დღეს ფეხბურთი ერთ დიდ ბიზნესად იქცა, ეს გასაგებია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ფეხბურთელი ძალიან ხშირად ფორმის პიკს 28-30 წლის ასაკში აღწევს და ამის დამადასტურებელი მაგალითი არაერთი გვინახავს.

კლუბებს ის თუ ამართლებთ, რომ დიდ თანხად ნაყიდი ფეხბურთელი სამომავლოდ კიდევ უფრო დიდ ფულად სურთ, რომ გაყიდონ. ასეთ შემთხვევაში კი ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება...

"გაბერილი" თანხები
დღევანდელ საფეხბურთო ბაზარს თავისებურებები ახასიათებს და ყველა მათგანი მოსაწონი როდია. ასე მაგალითად, რამდენიმე ტრანსფერის თანხა აშკარად "გაბერილია". გასაგებია, რომ მაგალითად, დიბალა კარგი ფეხბურთელია, თუმცა მას ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი, თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე.
ჩვენ კი "პალერმოდან" გვახსოვს მოთამაშეები, რომლებიც სიცილიურ კლუბში ბრწყინავენ, მაგრამ გამოიცვლიან თუ არა ასპარეზს, მათი თამაში, როგორღაც "ჩვეულებრივი" ხდება. სად არის გარანტია, რომ დიბალას შემთხვევაში ასე არ იქნება?!

მემფის დეპაი აშკარად საუკეთესო იყო ჰოლანდიის ჩემპიონატში, თუმცა მასაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ზოგადად, ჰოლანდიელებს კარგად გამოსდით თამაში "იუნაიტედში" და იქნებ არც მემფისი იყოს გამონაკლისი.

გრანდები ისევ იაქტიურებენ
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი. ცხადია, მსოფლიო ფეხბურთის გრანდები ისევ იაქტიურებენ და არაერთი საინტერესო გარიგება მოხდება.

მაგალითად, უკვე არავინ მალავს, რომ მეგატრანსფერის გაჩარხვას ეცდება "მილანი" (ზლატანის დაბრუნებას), ლონდონის "ჩელსი" კი აუცილებლად წაეპოტინება კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს.

მოკლედ, ფეხბურთი არასდროს მოგვაწყენს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული