თურქული ტრანსფერები: პოლდი "ლომი", ნანი "ფენერში"

AutoSharing Option
"არსენალმა" და "გალათასარაიმ" ლუკას პოდოლსკის ტრანსფერზე მოილაპარაკეს. გერმანელმა სტამბოლელებთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და სამედიცინო შემოწმება გაიარა.

30 წლის პოლდი "მეთოფეთა" რიგებში 2012 წელს "კიოლნიდან" 11 მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა და ლონდონელების რიგებში ჩატარებულ 82 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. ბოლო პერიოდში მას სათამაშო დრო არ ჰქონდა და მილანის "ინტერშიც" იყო განათხოვრებული, სადაც ასევე ვერ გაიბრწყინა.

მას არსენ ვენგერთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა, გერმანელი უკმაყოფილების საჯაროდ გამოხატვას არ ერიდებოდა. პოლდი "გალას" 1,8 მილიონი გირვანქა დაუჯდა, მასთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

"პოდოლსკი მსოფლიოს ჩემპიონი და
უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ისეთი, როგორიც ჩვენს ფანებს გაახარებს და მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი შეძენა დიდი ხანია, გვინდოდა და იმედია, ჩვენს რიგებში არაერთ წელს გაატარებს" - თქვა "გალათასარაის" პრეზიდენტმა დურსუნ აიდინ იოზბეკმა.

ნანი "ფენერში"
ნანი კარიერას თურქულ "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს, მას მერე, რაც სტამბოლურმა გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ტრანსფერის პირობები შეათანხმა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ფენერს" 28 წლის შემტევი 6 მილიონი ევრო დაუჯდება. თავის დროზე, კერძოდ კი, 2007 წელს, "წითელმა ეშმაკებმა" იგი ლისაბონის "სპორტინგიდან" დაიმატეს, სადაც ნანიმ გაატარა კიდეც ბოლო სეზონი იჯარის წესით. წასვლა თავად ფეხბურთელმაც ისურვა, რადგან "ოლდ ტრაფორდზე" მას სათამაშო დრო "არ ემუქრებოდა" და ეს არ აკმაყოფილებდა.

თურქეთში ნანის, რომელსაც პორტუგალიის ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, უამრავი ფანი დახვდა, ხოლო მისი წარდგენა "შუქრუ სარაჩოღლუზე" ორშაბათს შედგა.

"მართლაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. ეს ჩემს კარიერაში ახალი თავი და შანსია. ეს შესაძლებლობაა, ვაჩვენო ყველას, რა შემიძლია. მინდა წარმატებული ვიყო და საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო. მე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ, რაც შემიძლია. უამრავი ფანი შემეგება და ძალიან ბედნიერი ვარ" - განაცხადა ნანიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
6 მატჩი?
დანა
14:17 07-07-2015
0

სიახლეები პოპულარული