არგენტინის ნაკრები მესის და მასკერანოს გარეშე?

AutoSharing Option
კოპა ამერიკის ფინალში ჩილეს ნაკრებთან პენალტების სერიაში მარცხის შემდეგ არგენტინელ ჟურნალისტთა კრიტიკის მთავარი ობიექტი ლიონელ მესი გახდა, რომელიც ალბათ, გუნდში ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა ამას.

როგორც იცით, ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ლეოზე ამ კრიტიკამ ისე იმოქმედა, რომ ეროვნული ნაკრებიდან წასვლას აპირებს.

ესპანურმა "ელ მუნდო დეპორტივომ" გამოკითხვა მოაწყო ქომაგებს შორის და აღმოჩნდა, რომ ესპანელი ფანების აბსოლუტური უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ლეო მესი დაუმსახურებელი კრიტიკის შემდეგ "ალბისელესტედან" 28 წლის ასაკში უნდა წავიდეს. მოკლედ, თუკი ლეო ამ ნაბიჯს გადადგამს (რაშიც მაინც ეჭვი გვეპარება), ამ ნაბიჯს
ესპანელი ფანების 84% მართებულად მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ ნულოვანი ფრის შემდეგ არგენტინის ნაკრები ფინალში 1:4 დამარცხდა პენალტების სერიაში და ის ერთადერთი პენალტი ჩილელთა კარში სწორედ მესიმ გაიტანა.

ვალტერ ტამერი "ბარსას" და არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ხავიერ მასკერანოს აგენტია. მან განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა შესაძლოა, დაასრულოს კარიერა არგენტინის ნაკრებში:

"მასკერანოს ბევრჯერ უთქვამს, რომ გადაიღალა, მაგრამ ახლა მგონია, რომ საქმე სულ სხვაშია.

მასზე ძალიან იმოქმედა მესიზე განხორციელებულმა შეტევებმა. მასკერანოს ძალიან უყვარს ლეო და ვერ წარმოუდგენია, რატომ უნდა ხდებოდეს ეს. გავიგე, რომ თავად ლეოც ძალიან გულაცრუებულია.

მე ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ ის აღარ ითამაშებს ნაკრებში. მეტიც, მის ადგილზე ზუსტად ასე მოვიქცეოდი".

ამასობაში მესის მხარდაჭერა "ბარსელონაში" მისმა ბრაზილიელმა თანაგუნდელმა ნეიმარმა გადაწყვიტა:

"ყველა, ვინც მესისთან ერთად ვართ მთელი წელიწადი, ასევე, ჩვენი კლუბის ფანები, კარგად ვაცნობიერებთ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მისი კრიტიკა დაუმსახურებელია", - განუცხადა ნეიმარმა კატალონიურ "სპორტს".

არადა, პრობლემები თავად ნეიმარსაც არ აკლია. შესაძლოა, მეტიც აქვს - კოპაზე ბრაზილიის ჩავარდნა, დიდწილად, მისი დისკვალიფიკაციის შედეგია. ამის შემდეგ კი ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კარგად ჩანს უგონოდ მთვრალი ახალგაზრდა ვარსკვლავი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნეიმარმა ამ თემაზეც გააკეთა კომენტარი:

"სამწუხაროდ, მიწვეული იყო ადამიანი, რომელსაც ჩემთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. მეგობრებთან ერთად ვისვენებდი. და აი, რა მოხდა. მე ვერ ვგრძნობ მშვიდად თავს სახლში, რაც დრო გადის, სიტუაცია უფრო ცუდია", - ვფიქრობთ, "გოლისთვის" მიცემული ამ კომენტარის დროსაც ნეიმარს ერთი-ორი "ჩარტყმული" ექნებოდა.

ამ დროს "ბარსელონაში" ბოსებს არ სცხელათ ნეიმარისა და მესის აშკარა პრობლემებისთვის - 18 ივლისს კლუბის პრეზიდენტის არჩევნებია და საარჩევნო კამპანია მთელი სიმძლავრით ჩაირთო. "ბარსას" ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამინდელმა კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, კლუბში აუცილებლად იმუშავებს "მილანის" ყოფილი ნახევარმცველი დემეტრიო ალბერტინი.

"ბარსელონამ" უნდა დაიბრუნოს თავისი წონა იმ ორგანიზაციებში, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთს მართავენ. იმის გამო, რომ როსელი და ბარტომეუ ცუდად მუშაობდნენ, "ბარსას" უეფას და ფიფას სანქციები აქვს. ალბერტინი კარგი მენეჯერია და ის უზრუნველყოფს კლუბის კავშირებს ასეთ ორგანიზაციებთან. ის ბარსელონაში იცხოვრებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული