ტრანსფერ ONLINE: ჭორები და ტრანსფერები. 14 ივლისი

AutoSharing Option
ფოტოზე: "იუვენტუსმა" ოფიციალურად წარადგინა პაულო დიბალა

13:14 The Telegraph-ის ცნობით დავიწყოთ: ლუი ვან გაალის ოდნავ შეთხელებულ სატრანსფერო სიაში პირველ ადგილზე დგას რობერტ ლევანდოვსკი. თუმცა წყარო დარწმუნებული არ არის, რომ "ბაიერნი" კიდევ ერთ ფეხბურთელს გაუშვებს "მანჩესტერ იუნაიტედში".

13:20 "იუნაიტედისთვის" სათადარიგო ვარიანტია ედინსონ კავანი. თუ ლევანდოვსკის ტრანსფერი არ შედგება, ვან გაალს ურუგვაელიც დააკმაყოფილებს, რომლის სანაცვლოდ, პსჟ-ს, შესაძლოა, ანხელ დი მარია დაუთმოს.

13:28 The Telegraph-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ამ ზაფხულს ტრანსფერებზე 300 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახარჯვას აპირებს. ჯერჯერობით ათვისებულია 75 მილიონი.

13:42 ლუკას
ბარიოსმა ოფიციალურად გაცვალა "სპარტაკი" "პალმეირასზე". მოსკოვურმა კლუბმა 3 მილიონი ევრო მიიღო.

14:11 Le Parisien-ი წერს, რომ დი მარია მოელაპარაკა პსჟ-ს ხუთწლიან კონტრაქტზე. ახლა პარიზელებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" სჭირდებათ შეთანხმება.

14:31 ჟერსონმა პროფესიულ ფეხბურთში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა, მაგრამ "ბარსელონა" მასში დაახლოებით 30 მილიონ ევროს იხდის. ფეხბურთელის მამამ Mundo Deportivo-ს განუცხადა: "იანვრამდე ჟერსონი "ფლუმინენსეში" დარჩება, შემდეგ კი "ბარსელონას" შეუერთდება".

14:45 "იუვენტუსმა" ოფიციალურად წარადგინა პაულო დიბალა, რომელიც ახალ კლუბში 21-ე ნომრით ითამაშებს.

15:01 36 წლის სეიდუ კეიტამ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი "რომასთან".

15:08 "სოსიედადმა" "პორტუდიან" ერთწლიანი იჯარით აიყვანა დიეგო რეიესი.

15:23 რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკიტა სიმონიანმა დაასახელა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფაბიო კაპელოს სავარაუდო შემცვლელები: "შემდეგი მწვრთნელი ადგილობრივი იქნება. განიხილება რამდენიმე კანდიდატურა: სლუცკი, სიომინი, ბერდიევი, ბოროდიუკი. შესაძლოა პოსტების შეთავსება, მაგრამ მხოლოდ შესარჩევი ციკლის ბოლომდე".

15:39 "რომას" სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ შეხვედრა გამართა ედინ ჯეკოსთან და მოელაპარაკა მას 4-წლიან და 18-მილიონიან კონტრაქტზე, მაგრამ საბატინიმ ვერ შეძლო "სიტის" წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისას ფეხბურთელის ფასის 28-დან 20 მილიონ ევრომდე დაგდება.

16:00 ლუის ენრიკე დარწმუნებულია, რომ პედრო დარჩება "ბარსელონაში". "პედრო ჩვენთან დარჩება, თუ თავად მოისურვებს ამას, მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ მას გავუშვებთ. მარკ ბარტრა იყო ანალოგიურ სიტუაციაში, მაგრამ მან დარჩენა ამჯობინა", - განაცხადა ენრიკემ.

16:05 Marca-ს ინფორმაციით, "ატლეტიკო" იმედოვნებს "ჩელსიდან" ფილიპე ლუიშის დაბრუნებას.

16:22 როგორც ჩანს, ივან პერიშიჩი "ინტერში" არ გადავა - "ნერაძურის" ფული არ ჰყოფნის. "პერიშიჩის ღირებულება აჭარბებს "ინტერის" ფინანსურ შესაძლებლობებს, თან "ვოლფსბურგი" არ აპირებს ივანის გაყიდვას", - ამბობს "მგლების" სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი.

16:38 მიონხენგლადბახის "ბორუსია" არ უშვებს გრანტი ჯაკას "ბაიერნში". "ამ ზაფხულს ჯაკა ნამდვილად არ გადავა "ბაიერნში". ჩვენ უარი ვთქვით ყველა წინადადებაზე", - განაცხადა "გლადბახის" სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა.

16:44 "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა დაადასტურა დაინტერესება ჯერდან შაჩირის მიმართ. "მას ექსტრაორდინარული თვისებები აქვს. შაჩირის შეუძლია "შალკეს" თამაშის გაძლიერება", - ამბობს ჰელდტი Bild-თან კომენტარში.

16:51 ნიკოლას ოტამენდის აღარ სურს "ვალენსიაში" თამაში. Marca-ს ინფორმაციით, არგენტინელმა ნაცნობებს ვალენსიაში უძრავი ქონების გაყიდვა სთხოვა. 26 ივლისს ნიკოლასი უნდა დაბრუნდეს გუნდში, მაგრამ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იმ დროისთვის გამოცვლილი ექნება სამუშაო ადგილი. ოტამენდიზე ორი პრეტენდენტია - "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი". სატრანსფერო თანხა 50 მილიონ ევროს შეადგენს.

17:03 ბრიტანელმა ჟურნალისტმა იენ ებრამსმა გამოაცხადა სტიუარტ დაუნინგის "მიდლსბროში" დაბრუნების შესახებ. "ვესტ ჰემის" 30 წლის ნახევარმცველი ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს "ბოროსთან".

17:11 ტიაგო მოტა განიხილავს "ინტერში" დაბრუნების ვარიანტს. "ვფიქრობ, პსჟ-ს ყველაფერი მივეცი. "ინტერში" დაბრუნება ნამდვილი გამოწვევა იქნებოდა ჩემთვის", - განაცხადა მან Gazzetta dello Sport-თან კომენტარში.

17:20 "ფენერბაჰჩემ" ოფიციალურად გამოაცხადა რობინ ვან პერსის ტრანსფერის შესახებ.

17:27 "მილანმა" მორიგი წინადადება გააკეთა ალესანდრო რომანიოლისთან დაკავშირებით, მაგრამ ისევ უარი მიიღო. "რომა" არ დააკმაყოფილა 20 წლის მცველში შეთავაზებულმა 25 მილიონმა ევრომ, - წერს Football Italia.

18:13 "ტოტენჰემს" სურს, ჰარი კეინთან წყვილში მიში ბაჩუაი ათამაშოს. Daily Mirror-ის ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან, "მარსელის" 21 წლის ფორვარდში 9 მილიონი გირვანქა გადაიხადონ.

18:55 El Confidencial-ის ჟურნალისტისთვის, კიკე მარინისთვის ცნობილი გახდა ქარიმ ბენზემასა და არსენ ვენგერის შეხვედრის შესახებ. რეალის" ფორვარდი "არსენალში" წასვლის წინააღმდეგი არ არის, რადგან რაფა ბენიტესი აქტიურად ეძებს ახალ თავდამსხმელს.

19:33 "ვესტ ჰემმა" ერთწლიანი იჯარით აიყვანა "არსენალიდან" კარლ ჯენკინსონი.

19:40 გარდა ამისა, "ვესტ ჰემი" ოცნებობს "რომადან" მატია დესტროს ტრანსფერზე. "მგლები" წინააღმდეგნი არ არიან - მათ თანხის გამოთავისუფლება სურთ ჯეკოსთვის.

19:48 Metro-ს ჟურნალისტები დარწმუნებულნი არიან, რომ პსჟ-ში დი მარიას ტრანსფერის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნიკოლას გაიტანს შეიძენს. "ბენფიკა" 22 მილიონ გირვანქას მიიღებს.

20:04 გამოცემა London Evening Standard-ი დარწმუნებულია, რომ მესუთ იოზილი "არსენალში" დარჩება. არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ მომავალ სეზონში გერმანელი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს გუნდში.

20:07 Sky Sports-ი იტყობინება, რომ რაჰიმ სტერლინგის გადასვლა "მანჩესტერ სიტიში" დასრულებულია. მალე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

Sportall.Ge
ფოტოზე: რაჰიმ სტერლინგი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია

20:29
L`Equipe-ის ინფორმაციით, ბენჟამინ სტამბულიმ, შესაძლოა, პსჟ-ში შეცვალოს იოან კაბაი.

20:43 რაფაელი ზაფხულში დატოვებს "მანჩესტერ იუნაიტედს". "ვან გაალმა უკვე განაცხადა, რომ რაფაელის გამოყენებას არ აპირებს. ახლა მას წასვლა სურს. რაფაელით დაინტერესებულია "რომა", იტალია კი პრიორიტეტული ვარიანტია კარიერის გასაგრძელებლად", - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

20:50 მიჩუ აღარ ითამაშებს "სუონსიში", - განაცხადა "გედების" მთავარმა მწვრთნელმა გარი მონკმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული