ოქროს თასი: სენსაციური და სკანდალური ნახევარფინალები

AutoSharing Option
გაირკვა "ოქროს თასის" (კონკაკაფის ქვეყნების ჩემპიონატი) ფინალისტთა ვინაობა. იამაიკა მოულოდნელად გავიდა ფინალში, მას მერე, რაც ტურნირის მასპინძელსა და ფავორიტ აშშ-ს სენსაციურად მოუგო. იამაიკელებმა "ოქროს თასის" ფინალში პირველად გააღწიეს.

"ახლა წვეულებას ვერ მოვაწყობთ, რადგან კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა, გადამწყვეტი ფინალი. ბობ მარლისა და ზეიმის დრო ფინალის მერე იქნება" - თქვა იამაიკელთა მწვრთნელმა ვინფრიდ შეფერმა.

სენსაციური არა, მაგრამ სკანდალური გახლდათ მეორე ნახევარფინალი, რომელშიც აუტსაიდერი პანამა მატჩის მიწურულამდე უგებდა მექსიკას, მაგრამ ჯერ ძირითადი დროის ბოლოს დაინიშნა პენალტი მექსიკელთა სასარგებლოდ, მერე კი - დამატებით
დროში და მათ 2:1 იმარჯვეს. თან, პანამელებს კაცი უკვე 25-ე წუთზე გაუგდეს.

თამაში ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში ჩატარდა - გულშემატკივრები მინდორზე სხვადასხვა საგანს ისროდნენ. პანამელი ფეხბურთელები პირველი თერთმეტმეტრიანის დანიშვნის მერე მსაჯებს მიეჭრნენ, მინდორზე სათადარიგო ფეხბურთელებიც შეცვივდნენ და მოთამაშეებს შორის ჩხუბიც მოხდა.

პაუზამ ათ წუთს გასტანა. პირველი პენალტი ანდრეს გუარდადომ მეათე დამატებულ წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე - 105-ეზე. პანამა მიიჩნევს, რომ დაჩაგრეს, ხოლო ამერიკელი არბიტრი მარკ გეიგერი სამართალდამცველების ესკორტით გაარიდეს სტადიონს.

მესამე ადგილს აშშ და პანამა შაბათს გაათამაშებენ, ხოლო ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის ჩემპიონი ფილადელფიაში კვირას (ჩვენი დროით უკვე ორშაბათს) გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული