ლუის მასტერკლასი ლუისს - როგორ მოუგო "იუნაიტედმა" "ბარსას" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სანტა კლარაში, "ლევი’ს სტედიუმზე" "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ბარსელონამ" ფანებს შესანიშნავი შოუ შესთავაზეს. მართალია, "ბარსას" ლიონელ მესი და ნეიმარი არ ჰყავდა, მაგრამ სხვა მხრივ, ყველა და ყველაფერი "წესრიგში იყო".

ყოფილი გუნდის პირისპირ ოპტიმალური შემადგენლობით გავიდა ლუი ვან გაალიც.

თამაში, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, უხვმომენტიანი და სანახაობრივი გამოვიდა, უხვგოლიანიც. ექსლივერპულელი ლუის სუარესი "წითელი ეშმაკების" კარზე დაგეშილი გახლდათ და შესანიშნავად შესრულებული საჯარიმო დარტყმის მერე ბურთი ძელს რომ არ მოხვედროდა და გასულიყო, ვინ იცის, შეხვედრა, როგორ წარიმართებოდა. კატალონიელებისგან განსხვავებით, თავისი შანსი გამოიყენა "მანჩესტერმა" და მე-8
წუთზე დაწინაურდა - ეშლი იანგმა კუთხური ჩააწოდა, ხოლო უეინ რუნიმ თავურით გახსნა ანგარიში.

იანგს ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და ისევე აპირებს გაგრძელებას, კონკურენციას არ უშინდება და აგერ, საგოლე პასიც მიითვალა. ხოლო რუნი რომ მომავალ სეზონში ფორვარდად ითამაშებს, ეს ვან გაალმა ოფიციალურად დაადასტურა. მართალია, დარტყმამდე "შრეკმა" თითქოს, მეტოქეს ცოტათი ხელი ჰკრა, მაგრამ არბიტრმა ამას ყურადღება არ მიაქცია. პირველი ტაიმი, მომენტების სიუხვის მიუხედავად, ასევე დასრულდა, ხან მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა შემოგვთავაზა საუცხოო "სეივი", ხან დე ხეა გაისარჯა კარგად, ხანაც თავად მოთამაშეები ცდებოდნენ.

"დიდმა ექსპერიმენტატორმა" ვან გაალმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და 63-64-ე წუთებზე თერთმეტივე ფეხბურთელი შეცვალა... ძნელი სათქმელია, ამან დააბნია "ბარსელონა" თუ რა მოხდა, მაგრამ მანჩესტერელებმა უმალვე, 65-ე წუთზე მეორე შეაგდეს - ანტონიო ვალენსიას მიერ წამოწყებული შეტევა იმით დასრულდა, რომ ტაილერ ბლეკეტმა ჯესი ლინგარდს გაუჭრა ფლანგიდან პასი და მანაც ზუსტად დაარტყა. 22 წლის ლინგარდი ბოლოს საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

ლუის ენრიკემ შედარებით ნაკლები, 8 ცვლილება გამოიყენა და, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები მანაც გამოიყენა და გამოსცადა - ალენ ჰალილოვიჩი, სანდრო რამირესი, მუნირი და ასე შემდეგ. მან ასევე შანსი მისცა 26 წლის მეკარეს, ხორდი მასიპს, რომელსაც ორი გაშვებული გოლიდან ძნელად თუ დავადანაშაულებთ რომელიმეში. საბოლოოდ, "იუნაიტედმა" 3:1 იმარჯვა.

"ბარსელონას" თამაში ცოტა ქაოსური გახლდათ, მაგრამ ეს დიდად გასაკვირი არც არის, რადგან ორი ლიდერის გარეშე მყოფი კატალონიელები არსებული რესურსითაც არ დაიხარჯებოდნენ ბოლომდე, რადგან "ჩელსისთან" და "ფიორენტინასთან" ამხანაგურები კიდევ წინ არის, რის მერეც "კამპ ნოუს" მკვიდრნი ჩვენს დედაქალაქს უნდა ეწვიონ და "დინამო არენაზე" ევროპის სუპერთასისთვის "სევილიას" შეებან. ასე რომ, კატალონიელები, პირველ რიგში, თბილისში ვიზიტისთვის ემზადებიან, მერე კი ესპანეთის სუპერთასია, "ბილბაოსთან" ორმატჩიანი დუელი, ხოლო თუ როგორ უყვარს ტიტულები "ბარსას", კარგად მოგეხსენებათ. სხვათა შორის, ლუის ენრიკე ლა ლიგასაც "ბილბაოთი" იწყებს, "სან მამესზე".

ამხანაგურ მატჩს თუ დავუბრუნდებით, რაფინიამ სერხი რობერტოს ჩაწოდების მერე ეფექტური გოლი შეაგდო, მაგრამ უკვე ბოლო წუთი გახლდათ და "ბარსამ" არათუ გათანაბრება ვერ მოასწრო, არამედ აქეთ გაუშვა - "მანჩესტერმა" მშვენიერი კონტრიერიში შემოგვთავაზა და ლინგარდის გადაცემის მერე ადნან იანუზაიმ კოხტა ბურთი შეაგდო.

"სამწუხაროა, რომ მინდვრის საფარი იდეალურ მდგომარეობაში არ დაგვხვდა. ეს ორივე გუნდს უშლიდა ხელს. სუარესმა და მუნირმა სამჯერ გაარტყეს ბურთი ძელს? დიახ, ეს ფეხბურთის ნაწილია, ხდება ხოლმე. ამის გარდაც ბევრი მომენტი გვქონდა და რეალიზაციის კუთხით ამ შეხვედრაში მოწოდების სიმაღლეზე ვერ ვიყავით.

ისეთ მწვრთნელთან ერთად, როგორიც ვან გაალია, "იუნაიტედს" ყველაფერი შეუძლია. ერთ წელიწადში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მაგალითად, შარშანწინ ვერც ერთი ტიტული ვერ მოვიგეთ, ხოლო წინა სეზონში ჰეთ თრიკი შევასრულეთ. ასეთი თავკაცითა და ფეხბურთელებით "მანჩესტერს" თავისუფლად შეუძლია ჩვენი მიღწევის გამეორება, ეს დიდი გუნდია" - ასე შეააქო მეტოქე ლუის ენრიკემ.

ლუი ვან გაალი ბოლომდე კმაყოფილი იშვიათად არის და სულ მეტი უნდა. ამიტომაც მან თავისი გუნდის თამაშში ხარვეზებიც დაინახა, მაგრამ მთლიანობაში, ნასიამოვნები ჩანდა და შეგირდები შეაქო, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, რომლებმაც მეორე ტაიმში იყოჩაღეს. ხარვეზების გამოსწორებაზე კი მუშაობას ვაგრძელებთო.

ჟურნალისტებმა ჰოლანდიელს ანხელ დი მარიაზე, მარკოს როხოსა და ხავიერ ერნანდესზე ჰკითხეს, რომლებიც გუნდს ამერიკის ტურნეში უნდა შეერთებოდნენ. დი მარია გაურკვეველი მიზეზების გამო არ ჩავიდა ამერიკაში, მიუხედავად იმისა, რომ სიაში იყო. თუმცა პრესის აზრით, გაურკვეველი და გაუგებარი არაფერია, ანხელი მალე პსჟ-ში ოფიციალურად გადავაო. ანხელის თანამემამულეს, როხოს კი ვიზასთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემები.

"გავიგე, რომ დი მარია თვითმფრინავში არ იყო. ამაზე ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, ის სხვებთან ერთად თვითმფრინავში არ იჯდა, თუ რატომ, არ ვიცი. რაც შეეხება როხოს, მას პასპორტთან დაკავშირებით შეექმნა პრობლემა. ჩიჩარიტო კი აქ არის" - ამბობს ვან გაალი.

დაბოლოს, ჰოლანდიელს "ოლდ ტრაფორდზე" კრიშტიანო რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზეც ჰკითხეს, რაზეც პასუხი ასეთი იყო: "კრიშტიანო რონალდო? ეს ის შეკითხვა არ არის, რომელზედაც პასუხის გაცემა შემიძლია. მინდა, რომ ჩემი მოსაზრება დავაფიქსირო, მაგრამ ეს ცუდად აისახება ფეხბურთელებზე, პირადად ჩემზე, მთლიანად გუნდზე... თუნდაც ერთი სიტყვა რომ ვთქვა. ზოგადად, ერთი სიტყვაც ბევრია, როდესაც სატრანსფერო ამბებს ეხება საქმე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული