ჟოზე მოურინიო მინდორზე ძირითადი შემადგენლობით გავიდა, თუ "ფლუმინენსედან" მიყვანილი 19 წლის შემტევის, კენედის სასტარტოში ყოფნას არ ჩავთვლით. ლუის ენრიკეს შემადგენლობა უფრო გადახალისებული გახლდათ, ისევ არ იყვნენ ნეიმარი და ლიონელ მესი, მაგრამ ამჯერად ჟერარდ პიკემ და ანდრეს ინიესტამ ითამაშეს, რომლებიც შეცვლაზე შევიდნენ.
სამაგიეროდ, ძირითადში იყო ლუის სუარესი, რომელმაც გაათანაბრა კიდეც ანგარიში. მან ედენ აზარის გოლი გაქვითა მეორე ტაიმში. ზოგადად, "ჩელსიმ" გაცილებით უკეთ დაიწყო და დებიუტშივე რამდენიმე მომენტი შექმნა, აქტიურობდა მცველი კურტ ზუმა. სწორედ მან უპასა აზარს და ბელგიელმაც ჩვეული მოხდენილი მოძრაობებით რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და ასევე კოხტა, ტექნიკური დარტყმით აჯობა მარკ ანდრე ტერ შტეგენს.
კატალონიელები უფრო მეორე ნახევარში დაიქოქნენ. სუარესმა ლონდონელთა მცველების შეცდომით ისარგებლა, რამდენიმე მეტოქე ცოტა გააწვალა და ლამაზი "პარაშუტით" შეაგდო. რაფინიას პასის შემდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა სანდრო რამირესმა და ლუის ენრიკეს გუნდი წინ გავიდა. კატალონიელებს მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიჰყავდათ, მაგრამ შეცვლაზე შემოსული მეკარე ჟორდი მასიპი კარიდან უყურადღებოდ გამოვიდა და გარი კეჰილს ცარიელ კარში გაატანინა.
პენალტების სერიაში "ჩელსის" მხრიდან რადამელ ფალკაომ, ვიქტორ მოზესმა, რამირესმა და ლოიკ რემიმ გაიტანეს, ხოლო "ბარსადან" - ინიესტამ და სანდრო რამირესმა. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ალენ ჰალილოვიჩმა იცუღლუტა და "პანენკა" დაარტყა, მაგრამ ბუთი ხარიხას მოხვდა, ხოლო პიკეს კურტუამ აუღო.
"გულშემატკივრები ბრწყინვალენი იყვნენ, როგორც "ჩელსის", ასევე "ბარსელონას" ქომაგები. შედეგი დიდად არც ერთ გუნდს არ აღელვებდა, მაგრამ პენალტების სერიის მოგება ფანებისთვის გახლდათ ძალიან მნიშვნელოვანი. "ბარსელონამ" შესანიშნავი ტესტი მოგვიწყო, მოსამზადებელი მატჩების ჩატარება სწორედ ასეთ ძლიერ გუნდებთანაა საჭირო და დიდი მადლობა მეტოქეს.
"არსენალთან" შეხვედრის დღეს მოსამზადებელი პერიოდის დაწყებიდან 21 დღე იქნება გასული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და შესაბამისად, ეს შეხვედრაც გასავარჯიშებელი გამოდის, მაგრამ სუპეთასის ბედი წყდება, ამიტომაც ჩვენი შემართება და განწყობა სხვაგვარი იქნება" - თქვა მოურინიომ.
ერთადერთი ცუდი "ჩელსისთვის" ის გახლდათ, რომ გარი კეჰილმა ტრავმა მიიღო, შესაძლოა, ცხვირი გაიტეხა. დაშავდა დიეგო კოშტაც. ტრავმის მხრივ, ცუდი ამბავი "კამპ ნოუს" ბინადართა ბანაკშიც არის. დუგლასი "ჩელსისთან" მატჩის მე-15 წუთზე შესაცვლელი შეიქნა და, როგორც ირკვევა, 24 წლის ბრაზილიელი ორი თვე ვეღარ ითამაშებს.
ლუის ენრიკე: "მატჩით კმაყოფილი დავრჩი, ახალგაზრდებმა თავი მშვენივრად წარმოაჩინეს. სერხი რობერტოს ძალიან ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მან ამჯერადაც დაამტკიცა ეს, როდესაც მარცხენა მცველის ამპლუაში მოგვევლინა. იმოქმედებს თუ არა დუგლასის ტრავმა ადრიანოს მომავალზე? როგორც უკვე ვთქვი, ფეხბურთელები იმ შემთხვევაში დატოვებენ "ბარსას", თუ ამის სურვილი ექნებათ, ხოლო მათი მსურველები გამოსასყიდ თანხას გადაიხდიან".
ჩელსი (სასტარტო): კურტუა, ივანოვიჩი, ზუმა, კეჰილი, ასპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, კენედი, ოსკარი, აზარი, დ. კოშტა.
ბარსელონა (სასტარტო): ტერ შტეგენი, დუგლასი, ბარტრა, მატიო, ადრიანო, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, სუარესი, მუნირი, სანდრო, გუმბაუ.
* * *
ასევე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით, ერთმანეთს "ამერიკა" და "ბენფიკა" შეხვდნენ. აქაც ყველაფერი პენალტებით გადაწყდა. მართალია, ლისაბონელთა მხრიდან ნიკოლას გაიტანმა ვერ გაიტანა, მაგრამ მექსიკელები ორჯერ შეცდნენ და რუი ვიტორიას გუნდმა "ვიტორია" იზეიმა. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებაში "ნიუ იორკ რედ ბულსი" წაუგებლად აგრძელებს ასპარეზობას - 10 ქულით იწონებს თავს. პოტენციურმა ლიდერებმა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "პარი სენ-ჟერმენმა" კი დღეს გამთენიისას ითამაშეს.
თ მ მ.ო. ფ წ.ო. წ ბ ქ
1. რედ ბულსი 4 3 0 1 0 0 9-4 10
2. მანჩესტერი 3 3 0 0 0 0 7-2 9
3. პსჟ 3 2 0 0 1 0 8-5 7
4. გელექსი 4 2 0 1 0 1 9-6 7
5. ბარსელონა 3 1 0 0 1 1 5-6 4
6. ჩელსი 3 0 2 0 0 1 5-7 4
7. ამერიკა 4 1 0 0 1 2 3-4 4
8. ბენფიკა 4 0 1 0 1 2 3-5 3
9. ფიორენტინა 2 0 1 0 0 1 2-4 2
10. სან ხოსე 4 0 0 0 0 4 4-12 0
შენიშვნა: მ.ო. - მოგება ოვერტაიმში (პენალტებით) - 2 ქულა; წ.ო. - წაგება ოვერტაიმში - 1 ქულა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"