უეფას სუპერთასი: "სევილია" თბილისშია, "ბარსელონა" დღეს ჩამოდის [PHOTO]

AutoSharing Option
სამშაბათს, 11 აგვისტოს, თბილისში ევროპის სუპერთასის მატჩია - ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა" ევროპალიგის ტრიუმფატორ "სევილიას" ხვდება.

ანდალუსიური კლუბი უკვე ჩვენს დედაქალაქშია - "სევილია" თბილისს 9 აგვისტოს საღამოს, 230-კაციანი დელეგაციით ესტუმრა, ხოლო კატალონიური გრანდი დღეს, 10 აგვისტოს გვეწვევა.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრებად ოფიციალური ვიზიტით თბილისს უეფას გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო ეწვია. უეფას გენერალურ მდივანს აეროპორტში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და დავით პეტრიაშვილი დახვდნენ.

ბარსელონა
"ბარსელონას" თავკაცმა ლუის ენრიკემ იმ 25 ფეხბურთელის სია ჩამოწერა, რომელსაც თბილისში იახლებს. მოკლედ,
პირველი შემადგენლობა სრულად, გარდა ნეიმარისა, საქართველოში ჩამოდის. რატომ არ ჩამოდის ბრაზილიელი ვარსკვლავი - "ბარსელონას" ექიმების თქმით, მას ყბაყურა შეეყარა და თამაშს ვერ შეძლებს. მას ეს დიაგნოზი კვირას დაუსვეს.

ბრაზილიელ ფორვარდს მკურნალობა 2 კვირის განმავლობაში მოუწევს. ასე რომ, ის ევროპის სუპერთასის გარდა, ესპანეთის სუპერთასის მატჩებსაც გამოტოვებს, ასევე, ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას.

ჟოან გამპერის ბაზაზე გამომგზავრებამდე ბოლო ვარჯიშის დასრულების შემდეგ მწვრთნელმა სია გამოამზეურა.

მართალია, "ბარსა" 25 ფეხბურთელით მოდის, მაგრამ რამდენიმესთვის ეს მხოლოდ ტურისტული მგზავრობაა - ადრიანო, დუგლასი და ალბა ტრავმირებულები არიან და ვერ ითამაშებენ, ხოლო არდა თურანი და ალეიშ ვიდალი ფიფას სანქციის გამო "ბარსელონას" ფეხბურთელებად ოფიციალურად არ ითვლებიან. მიუხედავად ამისა, ეს ხუთეული ლუის ენრიკეს თბილისში მოჰყავს (ნეიმარისგან განსხვავებით).

სავსებით შესაძლებელია, თბილისური მატჩი უკანასკნელი აღმოჩნდეს პედრო როდრიგესისთვის "ბარსელონას" მაისურით, რადგან "მარკას" ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" დათანხმდა "ბარსას", 30 მილიონი ევრო გადაუხადოს ფორვარდში, თუკი კატალონიელები სატრანსფერო თანხის ნაწილ-ნაწილ მიღებას დაყაბულდებიან.

აქვე ჩამოვთვლით იმ 20 ფეხბურთელს, რომელთაგანაც მწვრთნელმა სამშაბათს 11 უნდა შეარჩიოს. ლაპარაკი იყო "ბარსას" მეორე გუნდის მარცხენა მცველ ალექს გრიმალდოზე, თითქოს, მარცხენა მცველის პოზიციაზე კრიზისული სიტუაციის გამო ჩარტერულ თვითმფრინავში ისიც მოხვდებოდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, 19 წლის ფეხბურთელი თბილისურ სიაში არ არის შეყვანილი.

მეკარეები: ტერ შტეგენი, ბრავო, მასიპი
მცველები: პიკე, დ. ალვეში, მასკერანო, ბარტრა, ვერმალენი, მატიო
ნახევარმცველები: რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა, რაფინია, სანდრო, ს. რობერტო, ჰალილოვიჩი
თავდამსხმელები: პედრო, სუარესი, მესი, მუნირი.

სევილია
"ბარსელონას" ვიზავიმ სუპერთასზე, "სევილიამ" შაბათს, 8 აგვისტოს ათენის, აეკ-ის სტადიონზე ორჯერ ივარჯიშა. ათენში კი "სევილია" ამხანაგური მატჩის გასამართავად მოხვდა, რომელიც წინა დღეს შედგა და 1:1 დასრულდა. უნაი ემერის გუნდიდან გოლი, თანაც დიდებული - ხოსე ანტონიო რეიესმა გაიტანა.

შუა კვირაში "სევილიას" სამი ფეხბურთელი სალმონელის ბაქტერიით მოიწამლა. ესენია: ტიმ კოლოძეიჩაკი, ადილ რამი და სტივენ ნზონზი. ნზონზი ათენში საერთად არ იახლა უნაი ემერიმ, პოლონური წარმოშობის ფრანგი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ვარჯიშის თავი მაინც ბოლომდე არ ჰქონდა. ამ სამეულში ყველაზე ყოჩაღად რამი იყო.

ვარჯიში გააცდინა მეკარე ბეტომაც, რომელიც მანამდე "მარკასთან" ინტერვიუში აცხადებდა, რომ ლეო მესის დაჭერა სავსებით შესაძლებელია. ბეტოს პირის ღრუს ინფექციამ შეუტია.

ათენიდან თბილისის ნაცვლად, სევილიაში გაფრინდა ტრავმირებული ნიკოლას პარეხა. ნზონზის თამაშის საკითხს კი ემერი უშუალოდ თბილისში გადაწყვეტს. სავარაუდოდ, ახალწვეული "სევილიას" სუპერთასზე დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერთასი თბილისში 11 აგვისტოს გაიმართება, მატჩი 22:45-ზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველ არხზეც იქნება და საპატრიარქოზეც,ბოლობოლო ღმერთი თამაშობს
zviads
14:04 10-08-2015
0
რომელი არხი გადასცემს თუ ტელევოზორზე ყურებასაც ბილეთი უნდა/
zviadi
11:35 10-08-2015
0

სიახლეები პოპულარული