უეფას სუპერთასის წინ. ისტორია: დაბადებულია ჰოლანდიაში

AutoSharing Option
უეფას სუპერთასი - ოფიციალური საფეხბურთო ტურნირია, რომელიც ხსნის ევროპულ სეზონს და ერთი მატჩისგან შედგება - მასში წინა სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები ხვდებიან.

ასე იწყებოდა...
უეფას სუპერთასი 1972 წელს დაარსდა. ფრანგულმა გაზეთმა "ეკიპმა" საფეხბურთო ევროპას ჩემპიონთა თასის ჩატარება შესთავაზა იმ პერიოდში, როცა ფრანგული "რეიმსი" კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდად მიიჩნეოდა. უეფას სუპერთასის იდეა კი ჰოლანდიაში დაიბადა მაშინ, როცა მთელ ევროპას შიშის ზარს სცემდნენ ამ ქვეყნის კლუბები - იმ პერიოდში "ფეიენოორდი" და "აიაქსი" ოთხჯერ გავიდნენ ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალში და სამჯერ
მოიგეს პრესტიჟული ტიტული. ის პერიოდი "ოქროს ხანად" არის მიჩნეული ჰოლანდიური ფეხბურთის ისტორიაში. იქაური კლუბები საუკეთესოებად მიიჩნეოდნენ კონტინენტზე.

ტურნირის ჩატარების იდეით გამოვიდა ჰოლანდიური გაზეთის, De Telegraaf-ის რეპორტიორი ანტონ ვიტკამპი, რომელიც, მოგვიანებით, ამ გამოცემის სპორტული განყოფილების რედაქტორი გახდა. ვიტკამპი ახალ ორიგინალურ ხერხს ეძებდა ევროპულ არენაზე ჰოლანდიური კლუბების, კერძოდ კი, იოჰან კრუიფის "აიაქსის" შესაძლებლობების გამოსაცდელად.

"მე მოვიგონე ეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ წარმომეჩინა იოჰან კრუიფი და მისი "აიაქსი". ეს ჩვენი დრო იყო, რადგან ყველა აღმერთებდა ტოტალურ ფეხბურთს. "აიაქსმა" და "ფეიენოორდმა" მიყოლებით ოთხი ჩემპიონთა თასი გაითამაშეს", - ამბობდა ვიტკამპი.

იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემპიონთა თასის გარდა, ევროპაში უეფას ეგიდით თასების მფლობელთა თასიც იმართებოდა, კონტინენტის საუკეთესო გუნდის სტატუსი ორად იყოფოდა ამ ორი ტურნირის გამარჯვებულებს შორის. ცხადი იყო, რომ მათ შორის ურთიერთდაპირისპირებას უნდა გამოევლინა კლუბი, რომელიც ერთპიროვნულად და სამართლიანად გახდებოდა ევროპაში საუკეთესო.

"მათ დაიმსახურეს არა მხოლოდ ფული და დიდება, არამედ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის სახელი. მაგრამ რომელი გუნდი უნდა ჩათვლილიყო საუკეთესოდ ევროპაში?

ფეხბურთი არაპროგნოზირებადი თამაშია, რომელიც წვრილმანებზეა დამოკიდებული. მაშინ რატომ არ უნდა ჩავატაროთ მატჩები ჩემპიონთა თასისა და თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულებს შორის? რატომ არ უნდა მოვუწყოთ "აიაქსს" კიდევ ერთი გამოცდა? 1972 წელს თასების თასი შოტლანდიის "რეინჯერსმა" მოიგო. საკუთარი გეგმების შესახებ ამსტერდამული კლუბის პრეზიდენტს, ვან პრააგს მოვუყევი, რომელსაც მოეწონა იდეა..." - ჰყვებოდა მოგვიანებით ვიტკამპი.

როცა ვიტკამპმა თავისი იდეა "აიაქსის" პრეზიდენტს, იაპ ვან პრააგს გაუზიარა, მან წინადადება დიდი ენთუზიაზმით მიიღო და მალე გაზეთის პატრონაჟით დაიწყო ტურნირისთვის მზადება. იაპის მამა - მიხაელ ვან პრააგი და ვიტკამპი უეფას პრეზიდენტთან, არტემიო ფრანკისთან შესახვედრად გაემგზავრნენ. პრეზიდენტმა მხარი არ დაუჭირა ტურნირს "რეინჯერსის" ერთწლიანი დისკვალიფიკაციის გამო. ეს სასჯელი გამოწვეული იყო შოტლანდიური კლუბის გულშემატკივრების ხულიგნური საქციელით. იმის გამო, რომ "რეინჯერსი" თავის ასწლიან ისტორიას აღნიშნავდა, გადაწყდა, უძლიერესის ტიტული არაოფიციალურ მატჩში გარკვეულიყო.

პირველი არაოფიციალური, პირველი ოფიციალური
საბოლოოდ, სუპერთასის პირველი გათამაშება 1972 წელს მაინც გაიმართა. მას De Telegraaf-ი აფინანსებდა. ორი შეხვედრის ჯამში "აიაქსმა" 6:3 მოიგო.

პირველი შეხვედრა გლაზგოში 16 ივნისს გაიმართა და "აიაქსმა" 3:1 გაიმარჯვა. ჰოლანდიელთა რიგებში ჯონი რეპმა, კრუიფმა და არი ჰაანმა გამოიჩინეს თავი, შოტლანდიელთაგან კი ერთადერთი ბურთი ალექს მაკდონალდის ანგარიშზეა.

საპასუხო შეხვედრაში, რომელიც ამსტერდამში გაიმართა, მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. "რეინჯერსში" ისევ გამოიჩინა თავი მაკდონალდმა, მას მიბაძა კვენტინ იანგმა, მაგრამ "აიაქსის" მხრიდან ამას ჰაანმა, მიურენმა და კრუიფმა უპასუხეს.

ერთი წლის შემდეგ უეფა დათანხმდა "მილანსა" და "აიაქსს" შორის სუპერთასის ფინალის კურირებას, თუმცა ამ შეხვედრების ჩატარების შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ. უეფას სუპერთასის ოფიციალური დებიუტი "სან სიროზე" შედგა, სადაც "მილანმა" მინიმალური ანგარიშით - 1:0 დაამარცხა "აიაქსი", თუმცა, საპასუხო შეხვედრაში, ამსტერდამელებმა, რომლებიც უკვე კრუიფის გარეშე თამაშობდნენ, 6:0 გაანადგურეს იტალიელები. როგორც ვიტკამპმა ჩაიფიქრა, "აიაქსმა" ისევ დაამტკიცა თავისი ძალა.

თასი

ამჟამინდელი სუპერთასი პირველად 2006 წელს "სევილიას" გადასცეს. მანამდე, დიდი ხანი სუპერთასი ყველაზე პატარა იყო ევროპულ პრიზებს შორის. ის მხოლოდ 5 კილოგრამს იწონიდა, სიმაღლე კი 42.5 სანტიმეტრს უდრიდა. შედარებისთვის, ჩემპიონთა თასი 8 კილოგრამს იწონის, ევროპალიგის თასი - 15 კილოგრამს.

თანამედროვე სუპერთასის სიმაღლე 58 სანტიმეტრია, წონა კი 12.2 კილოგრამს უტოლდება.
ახალი თასი ინარჩუნებს თავისი წინამორბედის დიზაინის ძირითად ელემენტებს, რომელიც შექმნილია მილანში, ბერტონის სახელოსნოში.

სუპერთასი გარდამავალი პრიზია. გამარჯვებულ გუნდს მხოლოდ თასის ასლი გადაეცემა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კლუბი გარდამავალ პრიზს ზედიზედ სამჯერ ან ჯამში ხუთჯერ მოიგებს, ჯილდოს ორიგინალი სამუდამო მფლობელობაში გადაეცემა. ასეთი რამ პირველად (და ჯერჯერობით, უკანასკნელად) 2007 წელს მოხდა, როცა "მილანმა" 3:1 დაამარცხა "სევილია" და თასი სამუდამოდ წაიღო შინ.

საინტერესო ფაქტები, რეკორდები
* სუპერთასის ისტორიაში 3 შემთხვევა იყო, როცა გამარჯვებული არ გამოვლინდა:
1974 წელს სუპერთასი არ გაიმართა პოლიტიკური მოტივებით. მაშინ ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ გფრ-ისა და გდრ-ის წარმომადგენლები - "ბაიერნი" და "მაგდებურგი".
1981 წელს ფინალი არ გაიმართა "ლივერპულსა" და თბილისის "დინამოს" შორის, რადგან გუნდებმა მატჩების ჩატარების თარიღზე ვერ მოილაპარაკეს.
1985 წელს სუპერთასი არ გაიმართა "ეიზელის" ტრაგედიის შემდეგ ინგლისური კლუბების დისკვალიფიკაციის გამო. მაშინ ერთმანეთში უნდა ეთამაშათ "იუვენტუსსა" და "ევერტონს".

* 1993 წელს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა "მარსელმა" ვერ ითამაშა სუპერთასზე დისკვალიფიკაციის გამო. მის ნაცვლად სუპერთასის მატჩში მონაწილეობა მიიღო ჩემპიონთა თასის ფინალისტმა "მილანმა".

* 1984 და 1991 წლებში მხოლოდ ერთი მატჩი ჩატარდა, რადგან საპასუხოს ორგანიზება ვერ მოხერხდა.

* სუპერთასის ლიდერები მოგებების რაოდენობით: "მილანი" - 5 (1989, 1990, 1994, 2003, 2007); "ბარსელონა" - 4 (1992, 1997, 2009, 2011); ლივერპული - 3 (1977, 2001, 2005).

* სუპერთასის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია არი ჰაანი ("აიაქსი", "ანდერლეხტი") - მის ანგარიშზე 5 გოლი მოდის.

* ყველაზე მეტჯერ სუპერთასზე უთამაშიათ: ჰაანს, ალესანდრო კოსტაკურტასა და რობერტო დონადონის (ორივე - "მილანი").

* სუპერთასების ისტორიაში ორი ჰეთ-თრიკი დაფიქსირებულა: 1977 წელს ლივერპულელმა ტერი მაკდერმოტმა სამი გოლი გაუტანა "ჰამბურგს" (6:0), 2012 წელს კი "ატლეტიკოს" ფორვარდმა რადამელ ფალკაომ შეასრულა ჰეთ-თრიკი "ჩელსის" წინააღმდეგ (4:1).

* 6:0 არის ყველაზე დიდი ანგარიში სუპერთასის ისტორიაში: "აიაქსი"-"მილანი" 6:0 (1974); "ლივერპული"-"ჰამბურგი" 6:0 (1977);

* ყველაზე მეტი გოლი ერთ მატჩში 1997 წელს გავიდა - 7: პსჟ-"იუვენტუსი" 1:6.
* 1983 წელს გაიმართა ყველაზე უხეში მატჩი: "ასტონ ვილასა" და "ბარსელონას" შეხვედრაში სამი წითელი და 10 ყვითელი ბარათი იქნა ნაჩვენები.

სუპერთასის გამარჯვებულები
1973 აიაქსი
1974 არ ჩატარებულა
1975 დინამო კიევი
1976 ანდერლეხტი
1977 ლივერპული
1978 ანდერლეხტი
1979 ნოტინგემი
1980 ვალენსია
1981 არ ჩატარებულა
1982 ასტონ ვილა
1983 აბერდინი
1984 იუვენტუსი
1985 არ ჩატარებულა
1986 სტიაუა
1987 პორტუ
1988 მეხელენი
1989 მილანი
1990 მილანი
1991 მანჩესტერი
1992 ბარსელონა
1993 პარმა
1994 მილანი
1995 აიაქსი
1996 იუვენტუსი
1997 ბარსელონა
1998 ჩელსი
1999 ლაციო
2000 გალათასარაი
2001 ლივერპული
2002 რეალი
2003 მილანი
2004 ვალენსია
2005 ლივერპული
2006 სევილია
2007 მილანი
2008 ზენიტი
2009 ბარსელონა
2010 ატლეტიკო
2011 ბარსელონა
2012 ატლეტიკო
2013 ბაიერნი
2014 რეალი

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული