უეფას სუპერთასი 2015: ეს იყო თბილისში...[VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
* თბილისში ევროპის სუპერთასების რეკორდი დამყარდა - ამდენი გოლი (9) აქამდე არასოდეს გასულა ერთ მატჩში.

* "ბარსელონამ" უეფას სუპერთასი ისტორიაში მეხუთედ მოიგო და "მილანს" გაუთანაბრდა.

* თამაშში პირველი სამი გოლი საჯარიმო დარტყმებით გავიდა.

* ლიონელ მესის 80 გოლი აქვს გატანილი ევროთასებზე, ის კრიშტიანო რონალდოს დაეწია.

* ევერ ბანეგას გოლი მე-3 წუთზე ყველაზე სწრაფი გოლია სუპერთასების ისტორიაში.

* ლუის ენრიკე მხოლოდ მეოთხე ადამიანია, რომელმაც სუპერთასი მოიგო როგორც ფეხბურთელმა, ასევე, როგორც მწვრთნელმა.

* 51 490 მაყურებელი უეფას სუპერთასების ისტორიაში ნეიტრალურ მოედანზე.

იხილეთ
ფოტოგალერეა
Sportall.Ge

იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა
Sportall.Ge

გავა დრო და მოვუყვებით შვილებს - 2015 წლის აგვისტოში ევროპის სუპერთასი ჩვენს ქვეყანაში გათამაშდა. აქ იყო მესი, აქ იყო სუარესი, აქ იყო ინიესტა, აქ იყო "ბარსა" და აქ იყო "სევილია" და ჩვენ ვიხილეთ ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი. დიახ, ეს იყო თბილისში...

ძალიან კარგია მესიც, "ბარსელონაც" და სუპერთასიც. ისიც კარგია, რომ ერთი დღით თბილისი ევროპული და არამარტო ევროპული ფეხბურთის ცენტრად იქცა, მაგრამ ყველაზე კარგი ისაა, რაც ამ სუპერთასმა დაგვიტოვა - განახლებული, გალამაზებული და ოცნებათა თეატრად ქცეული "დინამო არენა".

სტადიონი, რომელიც ამიერიდან, გარედანაც და შიგნიდანაც მხოლოდ მტერს უბრმავებს თვალს და ამ სტადიონმა პირველივე ჯერზე უეფას სუპერთასის ისტორია დაწერა - 9 გოლი ჯერ არც ერთ შეხვედრაში არ გასულა და ალბათ, ბევრჯერ არ ყოფილა გულშემატკივარი ასეთი სანახაობრივი მატჩის მომსწრე.

რა აღარ იხილა ამ შეხვედრაში ქართველმა გულშემატკივარმა, რაც ამშვენებს ფეხბურთს - მესის და ბანეგას გენიალური საჯარიმო დარტყმები, სუარესის ვირტუოზული საგოლე პასი, 4:1-დან "ამოქაჩული" მატჩი, თან ვის წინააღმდეგ! დამატებითი დროის დრამა, მცირე კინკლაობა და პედრო როდრიგესის გამარჯვების გოლი...

5:4 "ბარსელონას" სასარგებლოდ, დამარცხებული, მაგრამ ამაყი "სევილია", უზომოდ ნასიამოვნები გულშემატკივარი და ფეხბურთის ნამდვილი ზეიმი საქართველოს დედაქალაქში. ტრიბუნებზე იყო - "ბარსა", "ბარსა"; "მესი", "მესი" და თქვენ წარმოიდგინეთ, "სევილია", "სევილიაც"; იყო "ტალღები"...

უეფას სუპერთასის ეს შეხვედრა იმითაც იყო განსხვავებული, რომ ბოლო დროს ჩვენ აღარ ვართ მიჩვეულნი ძლიერი გუნდების დაპირისპირებებს. კი, თბილისში ჩამოდიოდნენ ძლიერი კლუბები და ნაკრებები, მაგრამ მათ აქ ტოლ-სწორი მეტოქე ვერ ხვდებოდათ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს იყო საქართველოს ნაკრები, რომელიც წლებია, მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის.

როდის გინახავთ ბოლოს, აქ საერთაშორისო მატჩში 3-გოლიანი უპირატესობა გაბათილებულიყო? საბჭოეთის დროის მერე არ ყოფილა. ახლა კი ეს ყველაფერი ნახა გულშემატკივარმა.

არც ერთი ესპანური გუნდი, არც "ბარსელონა" და არც "სევილია" არ არის ჯერ საუცხოო ფორმაში, მაგრამ ამ ორმა გუნდმა შეხვედრის რანგს პატივი სცა და მაინც საუცხოო თამაში გვიჩვენა. სამწუხაროა, რომ ის მხოლოდ 120 წუთს გაგრძელდა. შინისკენ მიმავალ მაყურებელს აშკარად ეტყობოდა, რომ ფეხბურთით ვერ "გაძღა" და კიდევ მეტი სურდა.

ლუის ენრიკესა და უნაი ემერის გუნდებმა შემტევი და გახსნილი ფეხბურთი შემოგვთავაზეს თავიდან და ამას ხელი სწრაფმა გოლმაც შეუწყო - უკვე მე-2 წუთზე იუხეშა ხავიერ მასკერანომ და ის თანამემამულე ევერ ბანეგამ დასაჯა ძალიან ლამაზი საჯარიმო დარტყმით - 1:0 "სევილიის" სასარგებლოდ.

ამას ლეო მესიმ ორი საჯარიმო დარტყმით უპასუხა და "ბარსა" წინ გავიდა. ტაიმის მიწურულს მეკარესთან პირისპირ გასულმა ლუის სუარესმა თითქოს დაკარგა მომენტი, მაგრამ შემდეგ ისეთი პასი გაუჭრა რაფინიას, რომ უმცროს ალკანტარას მხოლოდ ფეხის დახვედრება სჭირდებოდა.

როდესაც მეორე ტაიმის დასაწყისში ლუის სუარესმა ანგარიში 4:1 გახადა, უმრავლესობას ეგონა, რომ სპექტაკლი მორჩა და აი, აქ შეცდა - "სევილიამ" სრულად გამოიყენა ის, რომ მესი "დადგა", რომ "ბარსელონას" დაცვის ოთხეული მოიკოჭლებს და "ქამბექიც" დაიწყო - ჯერ ხოსე ანტონიო რეიესმა ვიტოლოს ჩამოწოდებულს მიუსწრო, შემდეგ მატიომ პენალტი "აიკიდა" და კევინ გამეირომ გაიტანა და ბოლოს ყველაფერი იევჰენ კონოპლიანკამ დააგვირგვინა ჩირო იმობილეს პასით.

4:4 და დამატებითი დრო, რომლის 115-ე წუთზე პედრომ დამატებაზე იყოჩაღა და "ბარსელონამ" მეხუთედ მოიგო ევროპის სუპერთასი.

ერთად მოედანზე ამდენი დიდი ფეხბურთელი დიდი ხანია, არ ყოფილა "დინამო არენაზე"...

იხილეთ ვიდეო: უეფას სუპერთასის გახსნის ცერემონია "დინამო არენაზე"
იხილეთ ვიდეო: ევერ ბანეგას გოლი
იხილეთ ვიდეო: ლიონელ მესის დუბლი
იხილეთ ვიდეო: რაფინიას გოლი
იხილეთ ვიდეო: დაჯილდოების ცერემონია

11.08.2015. თბილისი. "დინამო არენა". 51 480 მაყურებელი
ბარსელონა-სევილია 5:4 დდ (3:1)
გოლები: 0:1 ბანეგა (3), 1:1 მესი (7), 2:1 მესი (16), 3:1 რაფინია (44), 4:1 სუარესი (44), 4:2 რეიესი (57), 4:3 გამეირო (72-პენ), 4:4 კონოპლიანკა (81), 5:4 პედრო (115)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (93. პედრო), მატიე - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა (63. რობერტო) - მესი, რაფინია (78. ბარტრა), ლუის სუარესი.
სათადარიგოები: ბრავო, ადრიანო, ელ ჰადადი, რამირესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
სევილია (4-2-3-1): ბეტო - კოკე, რამი, კრიხოვიაკი, ტრემულინასი - ბანეგა, კრონ-დელი - რეიესი (68. კონოპლიანკა), იბორა (80. მარიანო), ვიტოლო - გამეირო (80. იმობილე).
სათადარიგოები: რიკო, კაკუტა, ლუისმი, დენის სუარესი.
მწვრთნელი: უნაი ემერი
გაფრთხილება: კრიხოვიაკი (14), მატიე (71), კოკე (87), ბანეგა (90), იმობილე (92), პედრო (94), ბუსკეტსი (117), კრონ-დელი (120), დანი ალვეში (120)
არბიტრი: ვ. ქოლამი (შოტლანდია)

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ლუის ენრიკე: "ბარსელონამ" კარგი თამაში ანახა

უნაი ემერი: დამატებით დროში კი უკვე გვჯეროდა, რომ თამაშის მოგება შეგვეძლო

ლიონელ მესი: ისეთი შეგრძნება გვქონდა, რომ შინ ვთამაშობდით
ვიტოლო: "სევილიას" 10-დან 10 ბალი ეკუთვნის, მაგრამ მესი ბრწყინვალე იყო


სტატისტიკა
24 კარში დარტყმა 17
10 ზუსტი დარტყმა 6
8 კუთხური 4
3 თამაშგარე 4
20 ჯარიმა 21
62% ბურთის ფლობა 38%
მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთი ცუდი ის იყო რომ ამ მთავრობამ და სამინისტროებმა დაიტაცეს ბილეთების ნახევარი და ძალიან ბევრი უბილეთოდ დარჩა!!!!
pingvinebis bumi
12 აგვისტო 2015 18:26
0
შეცდომაა: ერთად მოედანზე ამდენი დიდი ფეხბურთელი დიდი ხანია, არ ყოფილა "დინამო არენაზე"...
სწორია: ერთად ამდენი ფეხბურთელი დიდი ხანია არ ყოფილა "დინამო არენაზე"
Guga
12 აგვისტო 2015 12:18
0
ასეთი დონის შეხვედრაში ამდენი გოლი მოსაბეზრებელიც იყო და მეორე ტაიმიდან თამაშიც დადგმულ სპექტაკლაც ჰდაემგვანა. გასაგებია, რომ მაყურებელს გადახდილ ფულში გართუბა სურდამ მაგრამ ყველაფერმა ხელოვნურობის ელფერი მიიღო.ვერ დავიჯერებ, რომ სევილიას ამდენი შეეძლო!
beri@posta.ge
12 აგვისტო 2015 10:52
0
დიდებული თამაში იყო, ეს დღე არასოდესს დამავიწყდება. იქნებ ოდესმე რომელიმე ქართული გუნდიც ვიხილოთ ასეთ მატჩში. აი მაშინ კი ბედნიერი იქნება ჩვენი გულშემატკივარი.
kaxi
12 აგვისტო 2015 08:29
0
ეს იყო საფეხბურთო სპექტაკლი!!!
georgiano
12 აგვისტო 2015 04:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული