"იუვე" უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა" - ინტერვიუ ჩეზარე პრანდელისთან

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილი თავკაცი ჩეზარე პრანდელი კვლავაც უსაქმოდაა და საინტერესო წინადადების მოლოდინშია.

იქამდე, ჟურნალისტებთან ურთიერთობს და ხშირად აფიქსირებს თავის მოსაზრებებს აქტუალურ თემებზე. ქვემოთ, პრანდელის საინტერესო ინტერვიუს გაეცნობით...

- როგორ შეაფასებთ იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკას?
- საინტერესო სიახლეებია და ვფიქრობ, ის ტრანსფერები, რომლებიც განხორციელდა, ახალი სეზონის მოლოდინს ამძაფრებს. "მილანმა", "ინტერმა", "რომამ" და "იუვენტუსმა" სხვებზე მეტად იაქტიურეს ბაზარზე, თუმცა არ ვფიქრობ, რომ ამ ოთხეულიდან ყველა გაძლიერდა.

- რას გულისხმობთ?
- "იუვენტუსმა" სამი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა და ვფიქრობ, მათი სრულფასოვანი შევსება ვერ მიიღო.
მარიო მანჯუკიჩი, სიმონე ძაძა, სამი ხედირა და პაულო დიბალა კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ანდრეა პირლოს, არტურო ვიდალსა და კარლოს ტევესს შეცვლიან.

მოდით ვაღიაროთ, რომ "იუვენტუსმა" ის სამი ფეხბურთელი გაუშვა, რომლებზეც ამ გუნდის ბოლოდროინდელი წარმატებები იდგა. ამიტომ, ჩემი აზრით, "იუვე" უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა.

- და მაინც, "იუვე" სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტედენტია?
- ვერ ვიტყოდი ასე, რადგან სხვა იტალიური გუნდები გაძლიერდნენ და ვფიქრობ, სერია A-ში ძალთა ბალანსი შეიცვალა. ჩემი პირადი აზრით, სკუდეტოსთვის ბრძოლა გაცილებით მწვავე იქნება და არის შანსი, "იუვეს" ჰეგემონია დაემხოს.

"რომას" სატრანსფერო პოლიტიკა ძალიან მომწონს, მათ ზუსტად ის ფეხბურთელები იყიდეს, რომლებიც სჭირდებოიდათ და მგონია, რომ "იუვეს" სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ.

- მილანურ გრანდებზე რას იტყვით?
- ყველაფერი მწვრთნელებზეა დამოკიდებული და იმაზე თუ როგორ გამოიყენებენ ფეხბურთელებს.

"მილანს" და "ინტერს" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ და წესით, უმაღლესი მიზნებისთვის უნდა იბრძოდნენ. დიდი იმედი მაქვს, რომ სინიშა მიხაილოვიჩი და რობერტო მანჩინიმ თავის მოვალეობას წარმატებით გაართმევენ თავს. ძლიერი მილანური გუნდები იტალიურ ფეხბურთს ძალიან სჭირდება.

- "ფიორენტინაზე" ან "ლაციოზე" რას გვეტყვით? იქნებ, "სამპდორიას" სამარცხვინო მარცხზეც გაგვიზიაროთ მოსაზრება...
- "ფიორენტინა" ამხანაგურ მატჩებს ძალიან კარგად ატარებს და უძლიერეს გუნდებს ამარცხებს. ნაკლებად მოსალოდნელი იყო, თუ ფლორენციელები ჯერ "ბარსელონას" და შემდეგ "ჩელსის" სძლევდნენ. სიმართლე გითხრათ, პაულო სოუზას მუშაობა ძალიან მომწონს, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ძალიან ადრეა. "ლაციო" სატრანსფერო ბაზარზე პასიურობს, მაგრამ ხშირად, შემადგენლობის უცვლელად შენარჩუნება გაძლიერებას ნიშნავს და იქნებ, ამჯერადაც ასე იყოს. რაც შეეხება "სამპდორიას" მარცხს "ვოივოდინასთან", საქმე გვქონდა მეტოქის შეუფასებლობასთან. მეორე შეხვედრაში გამოჩნდა, რომ "სამპა" გაცილებით ძლიერია, მაგრამ გაფუჭებული საქმის გამოსწორება უკვე შეუძლებელი იყო.

- როდის დაუბრუნდება პრანდელი საყვარელ საქმეს?
- სიმართლე გითხრათ, უკვე მომბეზრდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. დავბრუნდები მაშინ, როდესაც საინტერესო წინადადებას მივიღებ. იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ვერ მოვიხიბლე. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, აუცილებლად დავბრუნდები.
გვერდი მოამზადა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული