გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებიც კვლავ უგუნდოდ არიან

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯარა ძალიან მალე დაიხურება. არადა, რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი კვლავ უგუნდოდაა. მათი სამსახური ბარემ ორ ძლიერ კლუბს არ აწყენდა. ჩვენი დღევანდელი წერილი მათზეა, ვისი მომავალიც ჯერაც ბუნდოვანია.

რონ ვლაარი. ჰოლანდია (30 წ. მც. ბოლო კლუბი: "ასტონ ვილა")
უნდა ვივარაუდოთ, რომ შესანიშნავი ჰოლანდიელი მცველი უკლუბოდ დიდხანს არ დარჩება. მან ბირმინგემელთა რიგები საკუთარი სურვილით დატოვა. არადა, კლუბმა გამოცდილ მცველს ახალი კონტრაქტი შესთავაზა. ჰოლანდიის ნაკრებისათვის შეუცვლელი ფეხბურთელია. შესაძლოა, ვლაარი "იუნაიტედში" ვიხილოთ.

იოან გურკუფი. საფრანგეთი (29 წ. ნახ. "ლიონი")
დიდი ტალანტი, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობები
ცალკე მოჭარბებული ტრავმებისა და ცალკე საქმისადმი არცთუ თანმიმდევრული დამოკიდებულების გამო ვერ გამოავლინა. ერთ დროს ზინედინ ზიდანის შემცვლელად მიჩნეული ნახევარმცველი ახლა უგუნდოდაა და სასურველ ვარიანტს ელის.

ჯოი ბარტონი. ინგლისი (32 წ. ნახ. ქპრ)
ინგლისელი ჩხუბისთავი კვლავ თავის ამპლუაშია. მინდორზე ის მოწინააღმდეგეებს არ ინდობს, მინდვრის გარეთ კი ძალიან ხშირად იცვლის კლუბებს. როგორც ჩანს, გუნდის შეფებს არ სურთ ერთ ან ორ სეზონზე მეტად ბარტონთან თანამშრომლობა. სავარაუდოდ, ახალ კლუბს კვლავ ინგლისურ პრემიერლიგაში მონახავს.

გეორგიოს სამარასი. საბერძნეთი (30 წ. თავ. "ვესტ ბრომვიჩი")
ცოტა ხნის წინ შოტლანდიური "სელტიკის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო და საბერძნეთის ნაკრებშიც ლიდერობდა. ბევრისათვის გასაკვირად, "ვესტ ბრომვიჩს" ვერ შეეგუა და ერთი ხანობა, კლუბმა ის არაბულ "ალ ჰილალშიც" გაანათხოვრა. შესაძლოა, ისევ "სელტიკში" მიბრუნდეს.

იაკუბუ აიეგბენი. ნიგერია (32 წ. თავ. "რედინგი")
არაერთ ინგლისურ გუნდში ითამაშა, საუკეთესო პერიოდი კი "ევერტონში" ჰქონდა, სადაც გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა. აქვს ჩინეთში თამაშის გამოცდილება და ადვილი შესაძლებელია, რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანას მიაშუროს.

ემანუელ ებუე. კოტ დ'ივუარი (32 წ. მც. "გალათასარაი")
სტამბოლური გუნდის ხელმძღვანელობამ სეზონის დასრულების შემდეგ უარი თქვა გამოცდილი უკანახაზელის სამსახურზე. ასაკს თავისი მიაქვს. არადა, იყო დრო, როცა აფრიკელი მცველი პრემიერლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

ხონას გუტიერესი. არგენტინა (32 წ. ნახ. "ნიუკასლი")
კაცი, რომელმაც უკურნებელი სენი დაამარცხა, "ნიუკასლიდან" უსახელოდ გაუშვეს. შეფობამ დაივიწყა, თუ როგორი თავდადებით იბრძოდა არგენტინელი გუნდისათვის. ვფიქრობთ, თუ ჯანმრთელობამ შეუწყო ხელი, რამდენიმე წლის განმავლობაში გუტიერესი ისევ ითამაშებს მაღალ დონეზე.

ურბი ემანუელსონი. ჰოლანდია (29 წ. ნახ. "ატალანტა")
ალბათ, არ არის ისეთი კლუბი, რომელიც იდეალური იქნება ფეხბურთელისათვის. ურბი ამდენი მოგზაურობით თავადაც დაიღალა და ალბათ, გულშემატკივრებიც დაღალა. თან მან სხვადასხვა სტილის ჩემპიონატებში მოსინჯა ძალა. ვნახოთ, იქნებ გამოსავალი მშობლიურ, შეჭირვებულ "აიაქსში" დაბრუნება იყოს.

დიმიტარ ბერბატოვი. ბულგარეთი (34 წ. თავ. "მონაკო")
სამთავროს გუნდს ბევრისმნახველი ბულგარელი შემტევი, ალბათ, ისევ გამოადგებოდა, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ სხვანაირად განსაჯა. სეზონის დასაწყისს თუ მივიღებთ მხედველობაში, მონეგასკები იქნებ კიდევაც ნანობენ საქციელს. არადა, თითქოს გუშინ იყო ის დრო, როცა დიმიტარი "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ბრწყინავდა.

კლაუდიო პისარო. პერუ (36 წ. თავ. "ბაიერნი")
იყო დრო, სამხრეთამერიკელ მეგოლეს ბუნდესლიგის თავდამსხმელებს შორის ბადალი არ ჰყავდა, ახლა კი საქმე სხვანაირადაა. პისარო ასაკში შევიდა. ალბათ, ახლო აღმოსავლეთის ბევრი გუნდი არ იტყოდა უარს პერუელის სამსახურზე და მისთვისაც უკეთესი იქნება, თუ მილიონებს გარკვეულ თანხას კიდევ დაამატებს.

კრისტიან ლედესმა. არგენტინა-იტალია (32 წ. ნახ. "ლაციო")
წლების განმავლობაში "ლაციოსათვის" შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ. ჩემპიონთა ლიგაზე გასული გუნდის შემადგენლობაში არაერთმა კვალიფიციურმა შუახაზელმა მოიყარა თავი და კლუბის ხელმძღვანელობამ ლედესმას გარეშე გადაწყვიტა ფონს გასვლა.

კაკაუ. ბრაზილია-გერმანია (34 წ. თავ. "სერეზო ოსაკა")
ბრაზილიელ შემტევს თავის დროზე გერმანიის ნაკრებშიც კი იწვევდნენ. ახლა ეს პერიოდი კაკაუსათვის ტკბილ მოგონებადაა ქცეული. პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, რომ კაკაუ ისევ ევროპაში დაბრუნდეს სათამაშოდ. მით უმეტეს, მას უკვე კარგად იცნობენ იაპონიაში.

მარკო ბორიელო. იტალია (33 წ. თავ. "ჯენოა")
სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო შემტევის "ოქროს ხანა" ისტორიის კუთვნილებად იქცა. ბორიელო იტალიური ფეხბურთის მეორე ეშელონის წარმომადგენელ გუნდებში თუ მოძებნის თავის ადგილს.

სტიპე პლეტიკოშა. ხორვატია (36 წ. მეკ. "როსტოვი")
ხორვატიის ნაკრების მეკარე უკლუბოდ დარჩა, მაგრამ 36 წლის ასაკშიც კი მან შეიძლება უკეთესი გუნდი იშოვოს, ვიდრე წინა. "როსტოვში" ის მაღალ ხელფასს იღებდა, არადა, უკეთეს გუნდში შეუძლია თამაში. ასაკი? მეკარისათვის ეს მთავარი არ არის.

* * *
ასევე თავისუფალი აგენტები არიან: ილსინიო (შახტარი), ჟოან ვერდუ (ბანი იასი), კარლტონ კოული (ვესტ ჰემი), ჯოზეფ იობო (ფენერბაჰჩე), ვილსონ პალასიოსი (სტოკი), შოლა ამეობი (კრისტალ პალასი), ფაბიო როშემბაკი (დალიანი), კოსტას კაცურანისი (ატრომიტოსი), ალეკსანდრ მადლუნგი (აინტრახტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ახლა ამათზე დარდიღა მაკლდა; ჩვენც საკმარისზე ბევრნი გვყავს უგუნდოდ და არავის სჭირდება, არავინ ფიქრობს მათ დასაქმებაზე!
0
ქოპი პაისტით ჭამდეს კაცი პურს, თქვენს გარდა მე სხვა არავინ მინახავს
simarte
14:57 27-08-2015
0

სიახლეები პოპულარული