საკუთარ ძირს მოწყვეტილნი - დევნილი კლუბები ევროპაში

AutoSharing Option
საქართველოში დევნილებით ვერავის გააკვირვებ - ავმა დრო-ჟამმა ათასეულობით ჩვენი თანამემამულე მოწყვიტა მშობლიურ კერას... ფეხბურთი და პოლიტიკა, თითქოს, სხვადასხვა პოლუსებზე დგანან, თუმცა საქმე არც მთლად ასეა - არაერთი კლუბია მოწყვეტილი მშობლიურ გარემოს და საშინაო მატჩებს სხვა ქალაქებში მართავს.

რაღა შორს წავიდეთ, ამის მაგალითი საქართველოშიც არაერთი გვაქვს. ჩვენი ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ორი "დევნილი" კლუბი თამაშობს - კახა კაჭარავას გაწვრთნილი გუნდი, "ცხინვალი" სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრესტიჟს ევროთასებზე იცავდა. ევროთასებზე ითამაშა "გაგრამ", რომელიც ახლა პირველ ლიგაში ასპარეზობს. რეგიონულ ლიგაში თამაშობენ აფხაზეთის წარმომადგენელი
სხვა კლუბები.

...სიმბოლური იყო - როდესაც ბესო ჩიხრაძის დიდი რუდუნებით შექმნილი "გაგრა" ევროთასებზე გავიდა, მისი პირველი მეტოქე ფამაგუსტას "ანორთოსისი" იყო. წლების განმავლობაში ყველაზე ცნობილი "დევნილი" გუნდი.

მოგეხსენებათ, კვიპროსი დღეს ორადაა გაყოფილი. კუნძულის ნაწილი თურქებს უჭირავთ, თუმცა მათ მმართველობას საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს. "ანორთოსისი" დევნილობაშიც კი ერთობ ანგარიშგასაწევი გუნდია.

ჩვენთვის კვიპროსული კლუბი რიგითი გუნდი ნამდვილად არ არის. თემურ ქეცბაია ამ გუნდის ცოცხალი ლეგენდა და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია. მისი მწვრთნელობის ხანა "ანორთოსისისათვის" "ოქროს ხანას" წარმოადგენს.

სწორედ საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშა "ანორთოსისმა" 2008-09 წლების სეზონში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე არამარტო თავის, არამედ კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაშიც კი!

სხვადასხვა დროს "ანორთოსისში" არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ამ გუნდის ღირსებას ახლაც იცავს ორი ჩვენებური. კლუბის უკეთესი მომავლისათვის იღწვიან ირაკლი მაისურაძე და გიორგი აბურჯანია.

მიუხედავად დევნილობისა, "ანორთოსისს" არ აკლია ხელგაშლილი სპონსორები. მათი მეოხებით დღესაც კი გუნდის ძირითად ძალას საკმაოდ მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები წარმოადგენენ.

ერთი ეგაა, "ანორთოსისს" მშობლიურ ასპარეზზე თამაში იცნებად აქვს. გუნდი საშინაო მატჩებს ქალაქ ლარნაკაში, ანტონის პაპადოპულოსის სტადიონზე ატარებს, რომელიც 10230 მაყურებელს იტევს.

ბედის ირონიით, დევნილობაშია უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი, დონეცკის "შახტარი", რომელიც 79 წლის წინ, 1936 წელს დაარსდა და საბჭოთა ხანაში ამ ქვეყნის უმაღლესი ლიგის სტაჟიანი ბინადარიც გახლდათ.

და მაინც, უეფას თასის მფლობელისა და უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებულის "ოქროს ხანა" მას შემდეგ იწყება, რაც ჩვენი მოძმე უკრაინა საბჭოთა მარწუხებს დაეხსნა და დამოუკიდებლად დაიწყო ცხოვრება.

სწორედ ამ დროზე მოდის ის ტიტულები, რომლებზეც ზედა აბზაცში დავწერეთ. გუნდის უდიდესი წარმატება დაკავშირებულია უკრაინელი ბიზნესმენის, რინატ ახმეტოვის სახელთან. ომმა "შახტარი" საკუთარი ფუძიდან აყარა.

ბოლო ცნობებით, საფრთხე ახმეტოვის მიერ აშენებულ ბრწყინვალე სპორტულ ნაგებობას, "შახტარის" საშინაო სტადიონს, "დონბას არენასაც" დაემუქრა, თუმცა თვითმხილველთა თქმით, ეს სტადიონი დღეს კარგად გამოიყურება.

...სხვათა შორის, ზუსტად ვიცით, რომ "შახტარის" ხელმძღვანელობას არ დაუკარგავთ დონეცკში დაბრუნების იმედი, ოღონდ საამისოდ უკრაინაში ქვემეხები უნდა დადუმდნენ. მრავალნაცადი ჭეშმარიტებაა - სადაც ქვემეხები ქუხს, იქ საფეხბურთო მუზები დუმან...

"შახტარი" ომმა მართლაც გვარიანად აზარალა. დონეცკური კლუბი არაერთმა ლეგიონერმა დატოვა. ძირითადად წავიდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელები. მართალია, დღევანდელი ფორმაციის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, მაგრამ ძველებურად ძლიერი აღარ არის, რაც დაადასტურა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრამ, რომელშიც ის ულაპარაკოდ დამარცხდა მადრიდის "რეალთან".

გუნდის სიმბოლოდ ითვლება ხორვატი ვეტერანი დარიო სრნა. სრნამ გუნდთან ერთად ყველაფერი გამოიარა, ყველაფერს გაუძლო. ამიტომაა, ის განსაკუთრებით რომ უყვართ დონეცკური გუნდის გულშემატკივრებს.

კრიზისის მიუხედავად, "შახტარის" შეფობა ფარ-ხმალს არ ყრის. გუნდმა შეინარჩუნა ცნობილი რუმინელი სპეციალისტი, მირჩა ლუჩესკუ, ვისაც არაერთი წინადადება ჰქონდა. ასევე გუნდი შეივსო ბრაზილიელი ფეხბურთელებით.

ამ დროისათვის "შახტარი" საშინაო მატჩებს ლვოვში ატარებს. კლუბის ხელმძღვანელობამ უკვე არაერთხელ დაიჩივლა, რომ თავს კომფორტულად ვერ გრძნობენ. ეს ბუნებრივიცაა - საყვარელი გუნდის მხარდასაჭერად "დონბას არენა" თითქმის ყოველთვის ივსებოდა.

უკრაინაში რამდენიმე გუნდია დევნილობაში. ისინი მოთმინებით ელიან ომის დასრულებას. რაღა შორს წავიდეთ, თვალწინ გვაქვს ჯაბა ლიპარტიას მაგალითი, რომელიც უკვე წლებია, ლუგანსკის "ზორიაში" თამაშობს.

უკრაინული გუნდი, რომელმაც ევროთასებზე წარმატებული ასპარეზობით დაგვამახსოვრა თავი, საშინაო არენას მოწყვეტილია. არადა, ისინი მაინც აღმავლობით თამაშობენ და არცთუ იშვიათად, სიურპრიზებსაც გვთავაზობენ - ხოლმე...

რა თქმა უნდა, ჩვენს წერილში სრულად ვერ მოვახერხეთ, მოგვეცვა დევნილობაში კლუბების თემა, მაგრამ ჩვენს მიერ მოხმობილი მაგალითებიც ცხადყოფენ, რომ მეტნაკლები წარმატებების მიღწევა ექსტრემალურ პირობებშიცაა შესაძლებელი.

ვისურვოთ, რომ მალე ჩვენი დღევანდელი წერილის თემა ამოიწუროს. ვისურვოთ, რომ მსოფლიოში აღარც დევნილი კლუბები იყვნენ და აღარც დევნილი ადამიანები...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
"სოხუმის" დინამო, რომელიც მეორე ლიგაში ასპარეზობს, კარგახანია აღარავის ახსოვს. მესამე წელია მინიმალურ დაფინანსებას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ.
გუჯა კახაძე
19:23 27-09-2015
0
მომეწონა სტატია,თან ძალიან დამაფიქრებელია.რამდენი დევნილი ბიზნესმენია,რა მოხდება რომ გაერთიანდნენ და დააფინანსონ ჩვენი დევნილი გუნდები,ხომ შეიძლება რომ რაღაც სიწმინდის გარშემო მაინც გავერთიანდეთ?ხომ გვინდა ტერიტორიების დაბრუნება,ხომ გვინდა რომ მსოფლიოს გავაგებინოთ რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია?ეს საუკეთესო საშუალება იქნებოდა.
levani
17:01 27-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული