საინტერესო პროექტი: 2017 წელს ლეგენდების მუნდიალი გველის

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა ევროპულ სპორტულ მედიაში, რომლის მიხედვითაც 2017 წელს, მექსიკაში ლეგენდების მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართება.

ტურნირში 12 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, თამაშები კი სამ ქალაქში გაიმართება: მეხიკო, გვადალახარა, მონტერეი.

სახელიდანაც ჩანს, რომ ლეგენდების მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანებით დაკომპლექტებული ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. ამ ტურნირს ტრადიციული სახე მიეცემა და სავარაუდოდ, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე შემდეგი ქვეყნის ნაკრებები ითამაშებენ: გერმანია, იტალია, ინგლისი, ჰოლანდია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, არგენტინა, მექსიკა, აშშ, სამხრეთ აფრიკა, იაპონია.

თამაში 60 წუთი გაგრძელდება, ხოლო ცვლილებების რაოდენობა განუსაზღვრელი
იქნება. გუნდებში 35-დან 45 წლამდე ფეხბურთელები ითამაშებენ, თუმცა ასაკობრივი ზღვარი შესაძლოა, 50-მდე აიწიოს.

როგორც ESPN იუწყება, ფიფას მიზანია, რომ გულშემატკივრებმა მაღალი დონის თამაშები იხილონ და შესაბამისად, ასაკობრივი შეზღუდვა აუცილებელია.

ბუნებრივია, ტურნირში მხოლოდ მათ მიეცემათ თამაშის საშუალება, რომლებსაც საფეხბურთო კარიერა დასრულებული აქვთ. ფიფაში დარწმუნებულნი არიან, რომ ეს პროექტი გაამართლებს, სამომავლოდ გუნდების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება და შესარჩევი ეტაპების ჩატარება გახდება საჭირო.

ლეგენდების პირველ მსოფლიოს ჩემპიონატზე დიდი საფეხბურთო ქვეყნები იასპარეზებენ, რომელთა ფედერაციები ენთუზიაზმით ჩაერთვნენ პროცესში და გუნდების შეკრება დაიწყეს. ცნობილია, რომ ჰოლანდიის ნაკრებში კლარენს ზეედორფი, დენის ბერგკამპი და ედგარ დავიდსი ითამაშებენ.

ჰოლანდიელებს იმედი აქვთ, რომ ასაკობრივი ზღვარი 50-მდე აიწევს და გუნდში ძმები დე ბურებიც მოხვდებიან, რომლებიც ლეგენდების მუნდიალს 47 წლის ასაკში შეხვდებიან.

საფრანგეთის ნაკრებში აუცილებლად ითამაშებს ზინედინ ზიდანი, რომელიც გამოეხმაურა ამ პროექტს და განაცხადა, რომ ეს ჩემპიონატი გულშემატკივრებში უდიდეს ინტერესს გამოიწვევს. ზიზუს თქმით, საფრანგეთის ნაკრებში ძირითადად 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონები ითამაშებენ და რომ მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.

არგენტინელებს ხუან სებასტიან ვერონი ეყოლებათ, რომელმაც საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"ლეგენდების მუნდიალზე აუცილებლად ვითამაშებ და საერთოდ, ამ პროექტში აქტიურად ვარ ჩართული. არგენტინის ნაკრების ვეტერან ფეხბურთელებს ვეკონტაქტები და გუნდს ვაგროვებ. ერნან კრესპოს და გაბრიელ ბატისტუტას ტანდემი გვინდა შეტევაში, თუმცა მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს.

კრესპომ სამწვრთნელო კარიერას მიჰყო ხელი და მითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიცლის, თუ ტურნირი მის შვებულებას დაემთხვევა. რაც შეეხება ბატისტუტას, პოლოს მისდევს აქტიურად და ფეხბურთის თამაშისთვის ვეღარ იცლის. მუნდიალი ალბათ ზაფხულში ჩატარდება და მე მაინც მჯერა, რომ უძლიერეს გუნდს შევკრებთ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, თამაში ყველას მოუნდება".

ესპანეთის ნაკრების დესპანი გაისკა მენდიეტაა და თავის გუნდს ისიც აქტიურად აგროვებს. რაულის, მორიენტესის გუნდში ყოფნა ესპანელთა პრიორიტეტული სურვილია - ჯერჯერობით, ორივე განაგრძობს საფეხბურთო კარიერას, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიდევ ორი წელი აგორონ ბურთი.

ჩავიმ ლეგენდების მუნდიალზე თამაშის სურვილი უკვე გამოხატა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ ესპანელებს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ეყოლებათ.

იტალიის ვეტერანთა ნაკრები ისედაც აქტიურად ატარებს ამხანაგურ მატჩებს და ლეგენდების მუნდიალზეც საკმაოდ ძლიერი გუნდით წარსდგება. კრისტიან ვიერი, ფაბიო კანავარო, მარკო მატერაცი, ალესანდრო ნესტა, ფილიპო ინძაგი - ამ ფეხბურთელებმა უკვე გამოთქვეს თამაშის სურვილი, ბევრი რამ კი ასაკობრივ ზღვარზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, რობერტო ბაჯო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თამაშს, თუ ზღვარი 50 წლამდე აიწევს.

ბრაზილიელები ჯერჯერობით, შემადგენლობაზე ბევრს არაფერს ამბობენ, თუმცა უძლიერესი გუნდი რომ ეყოლებათ, ცხადზე უცხადესია. მით უმეტეს, გუნდის დესპანობა რონალდოს შესთავაზეს, რომელიც ალბათ აქტიურად შეუდგება საქმეს.

ამ ეტაპზე, არც ინგლისის ბანაკიდან ისმის რამე. გერმანიის ნაკრების ლიდერი მიხაელ ბალაკი იქნება, რომელიც უკვე შეუდგა გუნდის შეკრებას და გულშემატკივრებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჰპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
გეთანხმები, სულ მინდოდა ამის შესახებ დამეწერა ხოლმე მარა რამდენჯერაც დავწერე სულ invalid token ამოაგდო და არ დაიწერა)))))))))))
georgiano-ს
11:38 12-10-2015
0
აშშ-ს, სამხრეთ აფრიკას და იაპონიას მაგარი ლეგენდები ყავთ ხო?
gavazeli
10:21 12-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული