ამბიცია და მენტალიტეტი - კრიშტიანო რონალდოს მთავარი იარაღი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ თავისი აზრი გამოთქვა ყოფილ შეგირდ კრიშტიანო რონალდოზე. იტალიელი სპეციალისტი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის მთავარი დადებითი თვისება ათლეტიზმია:

"ყველა რონალდოს ბრწყინვალე ფიზიკურ მზადყოფნაზე ლაპარაკობს, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის მთავარი. რონალდოს მთავარი იარაღი მისი მენტალიტეტია", - ავრცელებს კარლიტოს სიტყვებს "კორიერე დელო სპორტი".

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ ახლახან ევროპაში სეზონის ბომბარდირობისთვის დაწესებული "ოქროს ბუცი" მიიღო. პრიზი 30 წლის ფორვარდს "სამეფო კლუბის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გადასცა. გასულ სეზონში პორტუგალიელმა 35 თამაშში 48 გოლი
გაიტანა და პრიზის მფლობელი კარიერაში მეოთხედ გახდა.

"ვოცნებობ, კარიერა "რეალში" დავასრულო. თუ საკუთარ ორგანიზმს მოუვლი, მაღალ დონეზე თამაში 40 წლამდე შესაძლებელია, თუმცა მე კიდევ 5-6 წელიწადი თამაშიც მეყოფა. მინდა, მომავალშიც ამდენი ვითამაშო და გავიტანო. მადრიდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ვიცი, რომ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელი ვარ", - განაცხადა რონალდომ პრიზის მიღებისას.

"რონალდომ კვლავ დაამტკიცა, რომ საქმე უნიკალურ ფეხბურთელთან გვაქვს. რამდენიმე დღის წინათ ის "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა 324 გოლით. ის ერთადერთია, რომელმაც ეს პრიზი ოთხჯერ მიიღო. ვამაყობთ, რომ ის სწორედ ჩვენს გუნდში თამაშობს. რონალდო აქ სწორედ რეკორდების დასამყარებლად და ტიტულების მოსაპოვებლად გადმოვიდა და კიდევ მეტი სურს", - კმაყოფილია ფლორენტინო პერესი.

რონალდოს შესახებ აზრი გამოთქვა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა ფერნანდო სანტუშმაც, რომლის გუნდმაც ევრო 2016-ის ფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა:

"მისი ერთი სიტყვით დახასიათება რომ მომთხოვონ, "ამბიციას" ვიტყოდი. ის უკვე მოგებული პრიზის მეხუთედ, მეშვიდედ მოსაგებად მომართულია, მისი დასმა სათადარიგოთა სკამზე შეუძლებელია. მუდამ თამაში სურს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული