დრიბლინგი: ამხანაგ ძინპინის უსიამოვნებანი მანჩესტერში

AutoSharing Option
ფოტოზე: ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სერხიო აგუერო და ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი
მილანური ვნებებ
სილვიო ბერლუსკონი რომ "მოიხოდება", მერე მისი შეჩერება შეუძლებელია ხოლმე...

"როცა გუნდი მწვრთნელის ვერც ერთ დავალებას სრულყოფილად ვერ ასრულებს, ასეთ შემთხვევაში ამ გუნდს მხოლოდ შემლოცველი თუ უშველის, სხვა - ვერავინ!" - განაცხადა გასულ კვირაში სინიშა მიხაილოვიჩმა, რომელიც 2014 წლის დასაწყისიდან რიგით მეოთხე სპეციალისტია, რომელიც "მილანს" თავკაცობს.

შემლოცველის ხსენებაზე "როსონერის" ბატონ-პატრონ სილვიო ბერლუსკონის თავისებურად ჩაეღიმა და კბილებში გამოსცრა, შემლოცველი ხომ თავად მე ვარო:

"ნებისმიერ დროს და ნებისმიერ შემთხვევაში მე
ვარ ის კაცი, ვინც "მილანს" შველოდა, შველის და მომავალშიც უშველის".

რა თქმა უნდა, დონ სილვიო, ამაში ეჭვი არავის ეპარება. ბერლუსკონიმ ისიც თქვა, რომ ზაფხულში ტრანსფერებისა და ყველა ხარჯის ჯამმა 150 მილიონი ევრო შეადგინა და იქვე დასძინა:

"გამარჯვებულებს შეუძლიათ ისაუბრონ, დამარცხებულებმა კი ენა უნდა გააჩუმონ!"

გასულ უქმეებზე, "სასუოლოსთან" "მილანმა", როგორც იქნა, მოიგო. მართალია, გაჭირვებით და მხოლოდ 2:1, მაგრამ მაინც - გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. როგორც ჩანს, "შემლოცველმაც" მაგრად იმუშავა და ერთბაშად ყველა დემონს უხმო საიმისოდ, რომ "როსონერის" 86-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაეტანა.

თუმცა აქვე ერთი პოლტერგეისტიც უნდა ვახსენოთ: "სასუოლოდან" გოლი დომენიკო ბერარდიმ გაიტანა. ეს უკანასკნელი ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ "მილანის" კარი უკვე მერვედ დალაშქრა...

"მილანის" ერთგული ტიფოზები უკვე დარწმუნებულები არიან, რომ მათ საყვარელ გუნდს მიხაილოვიჩის ხელში მომავალი არ აქვს. მაგალითად, "სან სიროზე" გადმოფენილ ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა:

"პრეზიდენტო, თქვენ 150 მილიონი მიზეზი გაქვთ საიმისოდ, რომ გააგდოთ კაცი, რომელმაც ამდენი ფული კიტრებში დახარჯა!"

ან მეორე პლაკატი: "მიხაილოვიჩი ენაგრძელი ოფიცერია, რომელიც ბევრს ლაპარაკობს, საქმეს კი ვერ აკეთებს!"

ამავდროულად, "მილანის" ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში ირონიულად სკანდირებდნენ, ჩემპიონები გავხდებითო.

მოკლედ, დროა, "შემლოცველი" საქმეში ჩაერიოს.

Sportall.Ge

კვირის ტერორისტი
ფლორენციის "ფიორენტინას" გულშემატკივრები წლების განმავლობაში დატანჯულები არიან. საქმე ისაა, რომ ფლორენციული კლუბი სერიოზულ წარმატებებს ვერ აღწევს და იძულებული ხდება, დიდი ფეხბურთელები გაუშვას ხოლმე.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს დიდი ფებურთელები, ძირითადად, კონკურენტ კლუბებში გადადიან და მერე, როცა "არტემიო ფრანკის" მწვანეზე მტრის რანგში გამოდიან, დიდი ქოქოლა ატყდებათ.

ასე იყო ნიკოლა ბერტი, რომელიც "ინტერში" გადასვლისა და ფლორენციაში დაბრუნების შემდეგ დიდი სტვენისა და ლანძღვა-გინების ობიექტი შეიქნა. ფლორენციელმა ტიფოზებმა ბერტი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ჯოვანი ტრაპატონიმ 30 წუთის შემდეგ შეცვალა.

ცოტა სხვანაირი იყო რობერტო ბაჯოს ისტორია. "ღვთაებრივ ცხენისკუდას" "ფიორენტინადან" წასვლა არ უნდოდა, მაგრამ მაინც გაყიდეს ("იუვენტუსში") და როცა ფლორენციაში ტურინელთა ფეხბურთელის რანგში ჩავიდა, მასაც ბევრი უსტვინეს.

თუმცა მერე, როცა ბაჯომ ფლორენციელთა კარში პენალტის დარტყმაზე უარი განაცხადა, ატმოსფერო შეიცვალა და მთელმა სტადიონმა ტაში დაუკრა. უფრო მოგვიანებით კი, ერთ-ერთმა ტიფოზმა მას "ფიორენტინას" კაშნე გადაუგდო და ბაჯომაც აიღო და გულში ჩაიკრა.

ამას მაშინ უდიდესი ოვაციები მოჰყვა: ბაჯო და "ფიორენტინას" კაშნე - ეს ფოტო ფლორენციაში ნებისმიერმა ბავშვმაც კი იცის.

"ფიორენტინას" დიდი ლიდერები იყვნენ გაბრიელ ბატისტუტა ("რომაში" გადავიდა) და მანუელ რუი კოშტაც ("მილანში" წავიდა), მაგრამ როცა ფლორენციაში ბრუნდებოდნენ, ცრემლებს ვერ იკავებდნენ ხოლმე.

სამაგიეროდ, იმავეს ვერ ვიტყვით რიკარდო მონტოლივოზე, რომელმაც ფლორენციაში "ფიორენტინას" გოლი გაუტანა და კინაღამ ზედ "არტემიო ფრანკიზე" დააკლეს.

დაახლოებით ასეთივე დღეში იყო ამ უქმეებზე მოჰამედ სალაჰიც, რომელიც, როგორც იცით, ზაფხულში "ფიორენტინადან" "რომაში" გადაბარგდა.

"ეგვიპტელი მესი" მატჩის წინ ფლორენციაში "გამყიდველად" და "ტერორისტად" შერაცხეს.

ზუსტად მატჩის მე-7 წუთზე კი სწორედ სალაჰი აღმოჩნდა ის "ბედნიერი", რომელმაც "ფიორენტინას" გოლი გაუტანა და ადვილი წარმოსადგენია, რა ეპითეტებს მიუძღვნიდნენ მას ტიფოზები - ტაში მხოლოდ მაშინღა დაუკრეს, როცა მატჩის მიწურულს სალაჰი მსაჯმა მოედნიდან გააძევა.

სალაჰს, რა თქმა უნდა, არ უტირია.

იტალიური ისტორია
"კარპის" მთელ შემადგენლობას ერთ მშვენიერ დღეს მოდენას სტადიონის ჭიშკარი დაკეტილი დაუხვდა.

როგორც იცით, "კარპის" საკუთარი არენა ძალიან პატარაა და ამიტომ ეს გუნდი თამაშებს "მოდენას" სტადიონზე მართავს. ამ კლუბის ბოსებმა კი "კარპის" სტადიონი იმიტომ ჩაუკეტეს, რომ, როგორც ამბობენ, რამდენიმე თვეა, ქირა არ გადაუხდიათ.

"კარპის" შეფებმა კი თქვეს, თანხა გადარიცხულია, მაგრამ "მოდენას" იმდენი ვალი აქვს, რომ ფული პირდაპირ ბანკმა მოაჭრაო...

მოკლედ, ბოლოს და ბოლოს, "ბოლონიასთან" მატჩი მაინც "სტადიო ბრალიაზე" ჩატარდა და "კარპიმ" 1:2 წააგო. "ტაიმბოლით"...

ძინპინი მტრის ბანაკში
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ამხანაგ სი ძინპინს ინგლისში ჰქონდა ვიზიტი და გაუფიქრია, რაკი აქ ვარ, მოდი ერთი, დაუნინგ სტრიტზე ვიკითხავ, შესაძლებელია თუ არა, რომ "ოლდ ტრაფორდი" დამათვალიერებინონო.

საქმე ისაა, რომ ამხანაგი ძინპინი "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარია. ამაზე უარი, რა თქმა უნდა, არ უთხრეს - კემერონმა მაშინვე აფრინა ხალხი, რათა "მისტერ ჩინეთისთვის" საკადრისი ექსკურსია მოეწყოთ.

მანჩესტერის მერმა რიჩარდ ლისმა ეს ამბავი თავის თავზე აიღო, თუმცა, როგორც ჩანს, მას "ოლდ ტრაფორდი" დიდად არ მოსწონს და "მანჩესტერ სიტის" სტადიონი ურჩევნია. ცნობილია, რომ ეს კაცი "სიტის" ფანია და ამხანაგი ძინპინიც სწორედ "ეტიჰადზე" წაიყვანა! როგორც ჩანს, ამ აბდაუბდის მიზეზი არაზუსტი კომუნიკაცია იყო.

"იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პრეზიდენტი ძალიან იმედგაცრუებული არ არის. რაც უნდა იყოს, ამხელა გზა გამოიარა და ასე ახლოს იყო "ოლდ ტრაფორდთან", - ეს თავად ძინპინის პრესმდივნის სიტყვებია, რაც მან "სანს" უთხრა.

განრისხებით კი განრისხდებოდა, ბავშვობის ოცნებაში რომ ჩაუსვარეს, მაგრამ როგორც "საპრეზიდენტო სკოლაში" ისწავლა, ჩინეთის პრეზიდენტი "სიტის" სტადიონზეც დაყენებული ღიმილით შევიდა, ყველაფერზე კარგი თქვა და აგუეროსთან "სელფიც" კი გადაიღო.

სხვა საქმეა, რას ფიქრობს ის გულის სიღრმეში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ მაგარი რუბრიკაა
გური
16:09 28-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული