სუიციდი და პოგბას წარმატების ფორმულა
"ტორინოს" გულშემატკივრები "იუვენტუსს" რომ ვერ იტანენ, ეს ბავშვმაც კი იცის, ბოლო წლებში კი, ისტორიულ-ტრადიციულ ზიზღს ისიც დაემატა, რომ "ტოროს" "იუვესთან" არც უმართლებს. აპრილში "ტორინომ" მოსისხლე მტერს რომ 2:1 მოუგო, ეს იყო პირველი გამარჯვება "ბებერ ქალბატონთან" უკანასკნელ 20 წელიწადში, 2002-დან 2014 წლამდე კი "ტორინოს" "იუვენტუსისთვის" ერთი გოლიც კი არ ჰქონდა გატანილი.
და ის პირველი გოლი ასეთი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 2014 წლის 30 ნოემბერს გავიდა, თუმცა ანდრეა პირლომ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე გამარჯვების გოლი მაინც გამოძერწა.
ასეთი ამბები
"ამ სტადიონზე ზედიზედ ორჯერ ასეთი ამბის გადატანა ნამდვილი ჯოჯოხეთია, - თავს ვერ იკავებდა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე "ტოროს" თავკაცი ჯამპიერო ვენტურა. - ჯიჯი ბუფონს ვკითხე, რას მირჩევ, სად ჯობია თავის მოკვლა-მეთქი. მხარზე ხელი დამარტყა და სამი-ოთხი სასუიციდე ადგილი მირჩია".
ემოციებით აღსავსე ტურინული დერბიდან პოლ პოგბას გოლიც იმსახურებს ყურადღებას. გოლი ხომ თავისთავად ლამაზი გამოვიდა, მაგრამ ისიც კარგია, რომ ფრანგი ფორმაში შედის. კარგია, რადგან ბოლო დროს ჩვენი იტალიელი კოლეგები "იუვენტუსის" ახალ "ათიანს" უკვე მაგრად აკრიტიკებდნენ და პირველ რიგში, სწორედ იმაზე წერდნენ, პოლი 10-ნომრიანმა მაისურამ გააზარმაცაო.
ჰოდა, აგერ, უკვე მეორე კვირაა, რაც პოგბამ, მოტივაციის მწვრთნელის რჩევით, მაისურზე +5 მიიწერა - მოგეხსენებათ, 1, 0 და 5 ჯამში 6-ს ნიშნავს, ეს კი სწორედ ის ნომერია, რომლითაც პოგბა "ციდან ვარსკვლავებს წყვეტდა".
როგორც ხედავთ, პოლის ამ ნაბიჯით საფეხბურთო ღმერთიც გაერთო...
ტოიოტა, მარადიული ქალაქი ორ ცეცხლს შუა
იაპონური ავტოკონცერნი "ტოიოტა" "ლაციოს" პრეზიდენტს შემოსწყრა, "რომას" ბოსები კი "ტოიოტაზე" გაჯავრდნენ. საქმე ისაა, რომ "ტოიოტამ" "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს ავტომობილი გამოუყო, ამ უკანასკნელმა კი სისწრაფის გადაჭარბებისთვის 70 000 ევროს ოდენობის ჯარიმები დააგროვა! იაპონელებმა ამ ჯარიმის გადახდა იუარეს (მანქანა "ტოიოტას" საკუთრებაა) და ლოტიტოს უჩივლეს, მაგრამ "ლაციოს" პრეზიდენტი ჯარიმის გადახდაზე უარს ამბობს და სასამართლოს განაჩენს ელოდება.
თუმცა ამასობაში "რომას" შეფები აღშფოთდნენ, რადგან "ტოიოტა" "რომას" სპონსორია - ჩვენს მტერს ავტომობილს რომ აძლევდით, რაზე ფიქრობდითო.
იტალიაში მეტი საქმე არ აქვთ.
პანღური ძამპარინისგან
"პალერმოს" პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინის ამბავი ხომ იცით - 25 წელია, რაც საფეხბურთო ბიზნესში მოღვაწეობს და 74 წლის ძამპარინიმ ამ ხნის განმავლობაში 44 მწვრთნელი გაუშვა. ამჟამინდელ მწვრთნელ ჯუზეპე იაკინისაც ვერ აქვს საქმე კარგად."ეს კაცი გასვლით მატჩებს წინასწარ აგებს. ასეთი იდიოტების შემთხვევაში უმჯობესია, ფული დავზოგოთ და გასვლით მატჩებზე არც წავიდეთ ხოლმე. ესეც რომ არ იყოს, კაცი, რომელიც ელემენტარულ ტაქტიკურ შეცდომას დაუშვებს და გონსალო იგუაინს პერსონალურ მეურვეს არ მიუჩენს, მინიმუმ, ხეირიან პანღურს იმსახურებს", - კბილებში გამოსცრა ძამპარინიმ წინა კვირას, ნეაპოლში განცდილი მარცხის შემდეგ.
ორშაბათს კი "პალერმომ" უკვე საკუთარ მოედანზე, ამჯერად "ემპოლისთან" წააგო და წესით, დღეს იაკინი უკვე გათავისუფლებული უნდა იყოს.
ძამპარინის 50-ის შესრულება უნდა.
"ლივერპულის" პოლიცია
კვირას, ნაშუადღევს, ლივერპულის პოლიციაში ანონიმური ზარის მსგავსი შევიდა: "ჰელოუ, მინდა გაცნობოთ ყოვლად ამორალური გაუპატიურების ფაქტის შესახებ. შემთხვევა დღეს, პირველ ნოემბერს, სტადიონ "გუდისონ პარკზე" მოხდა!"ცხადია, პოლიციაშიც მაშინვე მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე: ინფორმაციის ავტორი "ევერტონის" მიერ "სანდერლენდის" გაუბედურებას გულისხმობდა (6:2).
მიუხედავად ამისა, ხუმრობა პოლიციამაც აიტაცა: "სანდერლენდელებს დღეს მართლაც ჩავხადეთ!" - ეწერა მერსისაიდული პოლიციის "თვითერის" ოფიციალურ გვერდზე.
ოდნავ მოგვიანებით ეს ტექსტი, რა თქმა უნდა, წაშალეს და გამოაცხადეს, ამ ამბავს გამოვიძიებთ და თვითის ავტორს დავსჯითო. ამაში, რა თქმა უნდა, ყველას ეჭვი ეპარება.
სიყვარული "ხეტაფეს" სტადიონზე
"ხეტაფეს" მომდევნო საშინაო მატჩს მოუთმენლად ველოდით, ოღონდ, ცხადია, ხარისხიანი ფეხბურთის გამო არა. საქმე ისაა, რომ "ხეტაფეს" კრეატიულ შეფებს ახალი იდეა ჰქონდათ: შექმნეს სპეციალური აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის, რომლის მეშვეობითაც "ხეტაფეს" ფანები სტადიონზე ერთმანეთს დაეკონტაქტებიან, გაიცნობენ და ა.შ. ცხადია, "ასე შემდეგში" დაწყვილება და მინიმუმ მხოლოდ სექსი, მაქსიმუმ კი დიდი სიყვარული იგულისხმება.
გასულ უქმეებზე "ხეტაფემ" ამ აპლიკაციის შექმნიდან მეორე საშინაო მატჩი ჩაატარა - ხელმძღვანელები, რა თქმა უნდა, სტადიონზე გულშემატკივრების მატებას ელოდებოდნენ.
ფაქტია, რომ აპლიკაციის შექმნამდე "ხეტაფეს" საშინაო მატჩებს საშუალოდ 6000 მაყურებელი სტუმრობდა, გასულ უქმეებზე კი 10 000-ზე მეტი ფანი მივიდა.
რა თქმა უნდა, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ "ხეტაფე" "ბარსელონას" ეთამაშებოდა, მაგრამ "ბარსასთან" წინა საშინაო მატჩთან შედარებითაც მატება იყო - 500-კაციანი მატება. ეს კი უკვე საქმეა და, სიმართლე ვთქვათ, გაამართლებს თუ არა ეს აპლიკაცია, ამას 9 თვის შემდეგ გავიგებთ.
ახალი ვარსკვლავი
მათთვის, ვინც მესისა და რონალდოს გოლ-პასების დუელით დაიღალა: ესპანეთის ჩემპიონატში თამაშობს დურან ნოლიტო (სელტა), რომელიც უკვე საკმაოდ შედეგიან ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. "რეალ სოსიედადთან" 3:2-ზე მოგებულ შეხვედრაში მან მორიგი საგოლე გადაცემა მიითვალა, ისე კი, ამ სეზონში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი.
ვინც ფიქრობს, რომ ამ კაცის წარმატებები დროებითია, ცდება: ბოლო ორ წრეში მან ესპანეთში ჯამში 36 გოლში მიიღო მონაწილეობა (20+16).
აქვე ვთქვათ, რომ ამ პერიოდში მასზე უკეთესი შედეგებით მხოლოდ ნეიმარი (39), მესი (68) და რონალდო (74) თუ დაიკვეხნიან. ამ კომპანიაში მეოთხე ადგილზე ყოფნა კი, დიახაც, მინიმუმ, საყურადღებო ამბავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"