* ყველაზე უცნაური "კარპის" მწვრთნელ ფაბრიციო კასტორის მოხსნა და ერთ თვეში ისევ დანიშვნა იყო.
* მოხსნილთაგან ბოლო თანამდებობაზე ყველაზე დიდხანს ლუსიენ ფავრი იყო - შვეიცარიელი 3,5 წელი წვრთნიდა "გლადბახს".
ჟოზე მოურინიოს თავზე დამოკლეს მახვილია აღმართული და ერთი რომან აბრამოვიჩმა უწყის, როდის განგმირავს განსაკუთრებულს ის. წესით, დროა კიდევაც; რაფა ბენიტესი როცა იგებდა, მაშინ აკრიტიკებდნენ მას და ახლა "რეალმა" წაგებაც დაიწყო და... სინიშა
მოკლედ, წინ საინტერესო ამბები გველის. იქამდე კი ტოპ-5 ლიგაში სულ 13 ცვლილება განხორციელდა, ზოგიც საკმაოდ ხმაურიანი, როგორიც მანჩესტერ იუნაიტედის" ექსთავკაცის "რეალ სოსიედადიდან" გაგდება იყო დანიშვნიდან ერთი წლის თავზე...
ლა ლიგა
(3 ცვლილება)რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, დევიდ მოიესი მხოლოდ მესამე მწვრთნელია, ვინც წლევანდელ ლა ლიგაში მოხსნეს. პირველად მოთმინების ფიალა კანარის კუნძულებზე აევსოთ, სადაც "ლას პალმასის" მწვრთნელის სავარძელი დაკარგა პაკო ერერამ. 19 ოქტომბერს მე-19 ადგილზე მყოფ "ლას პალმასში" პაკოს ნაცვლად კიკე სეტიენი მივიდა. პაკო ერერა გამოცდილი კატალონიელი სპეციალისტია. ის გარკვეულ ხანს რაფა ბენიტესის ასისტენტი და სკაუტი იყო "ლივერპულში". სწორედ მან გადაიყვანა "ლას პალმასი" პრიმერაში, მაგრამ მერე აღარ დაუფასდა. არც კიკე სეტიენია ახალგაზრდა და გამოუცდელი, თუმცა კანტაბრიელს ეკვატორული გვინეის გაწვრთნით თუ გავიხსენებთ.
ზუსტად ერთ კვირაში მწვრთნელი ვალენსიაშიც შეიცვალა - "ლევანტეს" ხელმძღვანელობამ 49 წლის ლუკას ალკარასს "სოსიედადთან" განადგურება და ბოლო ადგილი არ ეპატია და ზუსტად დანიშვნიდან ერთი წლის თავზე მოხსნეს.
მეორე დღეს მის ნაცვლად "ლევანტეში" 45 წლის რუბი მივიდა. რუბი გემახსოვრებათ, აწ გარდაცვლილი ტიტო ვილანოვას სამწვრთნელო შტაბიდან "ბარსელონაში".
9 ნოემბერს ზუსტად ალკარასივით მოექცნენ დევიდ მოიესს, რომელიც "რეალ სოსიედადს" 2014 წლის 10 ნოემბრიდან წვრთნიდა, მაგრამ წარმატებას გუნდთან ერთად ვერ მიაღწია. მე-16 ადგილზე გაჩხერილი ბასკური კლუბი კი ეუსებიო საკრისტანმა ჩაიბარა.
"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ახლა 51 წლისაა. ის იყო ფრანკ რაიკაარდის სტაფში "ბარსელონაში". ის წლები "ბარსას" მეორე გუნდს წვრთნიდა, რომელიც სეგუნდა ლიგიდან გავარდა.
სერია A
(4 ცვლილება)მწვრთნელი სულ ოთხ გუნდს შეეცვალა, თან იტალიურ უცნაურობას ვერ ავცდით. 61 წლის ფაბრიციო კასტორიმ "კარპი" ისტორიაში პირველად გადაიყვანა სერია A-ში, იქ კი სექტემბრის ბოლოსვე მოხსნეს, რადგან კლუბი ბოლო ადგილზე იყო.
მის ნაცვლად უფრო ცნობილი სპეციალისტი ჯუზეპე სანინო მიიყვანეს, მაგრამ ზუსტად ერთ თვეში ისიც მოხსნეს. აქედან დაიწყო უცნაურობა, რომელსაც იტალიაში პირველად არ ჰქონია ადგილი - "კარპიში" ისევ კასტორი დანიშნეს.
ოქტომბრის ბოლოს მე-18 ადგილზე მყოფმა "ბოლონიამ" მოხსნა 55 წლის დელიო როსი. "ლაციოსა" და "პალერმოს" ყოფილი მწვრთნელი ბევრს მხოლოდ იმიტომ ახსოვს, რომ სათადარიგოთა სკამზევე სცემა ადემ ლიაიჩს, როცა "ფიორენტინას" წვრთნიდა. აბა, დელიო როსიმ რომ "ლაციოსთან" ერთად 2009 წელს იტალიის თასი მოიგო, ბევრს არ ემახსოვრება.
"ბოლონიაში" როსი რობერტო დონადონიმ შეცვალა, წარსულში ბრწყინვალე ფეხბურთელმა, რომელმაც 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები ჩაიბარა და მას მერე მოხსნეს, რაც ევრო 2008-ზე მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან პენალტების სერია წააგო. დონადონი ბოლოს გაკოტრებულ "პარმას" წვრთნიდა, იმ ხელფასის დიდი ნაწილი მას ჯერაც ვერ აუღია და ვეღარც აიღებს.
და სულ ბოლო მსხვერპლებიც - გუშინ "სამპდორიას" ხელმძღვანელობამ მოხსნა წარსულში "ინტერის" სახელოვანი გოლკიპერი ვალტერ ძენგა და ახალ მწვრთნელს ეძებს. მთავარი კანდიდატი კი ვინჩენცო მონტელაა.
"პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ მოგებული მატჩის შემდეგ გააგდო მწვრთნელი ჯუზეპე იაკინი და მაშინვე დავიდე ბალარდინი დანიშნა. ძამპარინისგან გვიკვირს - მან იაკინი 25 თვის განმავლობაში გააჩერა პოსტზე...
ბუნდესლიგა
(2 ცვლილება)ორი ცვლილება იყო გერმანულ ბუნდესლიგაშიც - შვეიცარიელი ლუსიენ ფავრი მართლაც კარგი სპეციალისტია, მაგრამ 20 სექტემბერს ის გადადგა, რადგან მისმა "გლადბახმა" სტარტზე ხუთი მატჩი წააგო.
მის ნაცვლად ყველასთვის უცნობი ანდრე შუბერტი მიიყვანეს და 44 წლის სპეციალისტმა სასწაული მოახდინა, "გლადბახმა" ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და ლიდერებს მიუახლოვდა. შუბერტი აქამდე გერმანიის 15-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა! სხვათა შორის, შუბერტი ახლაც მოვალეობის შემსრულებელია და არა მთავარი მწვრთნელი.
ოქტომბრის ბოლოს "ჰოფენჰაიმში" მარკუს გისდოლი მოხსნეს და მშველელად ჰოლანდიელი ჰუბ სტევენსი მიიყვანეს. 61 წლის სპეციალისტმა, რომელმაც "შალკეს" უეფას თასი მოაგებინა, უნდა უშველოს "ჰოფეს", რომ "სოფლის გუნდი" ბუნდესლიგიდან არ გავარდეს და მერე წავა.
ახალი სეზონიდან გუნდს სათავეში იულიან ნაგელსმანი ჩაუდგება, რომელიც 28 წლისაა და ის ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდება. ნაგელსმანს რეკორდს ხელს მხოლოდ სტევენსი თუ შეუშლის, თუ გუნდს ვერ გადაარჩენს და "ჰოფენჰაიმი" გავარდება...
პრემიერლიგა
(3 ცვლილება)"ნისლიან ალბიონზე" უკვე სამი ცვლილება მოხდა - ოქტომბრის დასაწყისში ერთდროულად გადადგა დიკ ადვოკაატი "სანდერლენდის" მწვრთნელობიდან და მოხსნეს "ლივერპულის" თავკაცი ბრენდან როჯერსი.
ადვოკაატი დიდმა სემმა, სემ ელარდაისმა შეცვალა და მან უნდა იხსნას "შავი კატები" გავარდნისგან. აი, "ლივერპულში" კი იურგენ კლოპი მივიდა და 48 წლის გერმანელი დღესაც ყურადღების ცენტრშია. გერმანიის ორგზის საუკეთესო მწვრთნელს ურიგოდ არ დაუწყია მუშაობა "წითლებში".
დაბოლოს, "ასტონ ვილამ" ტიმ შერვუდი მოხსნა, რომელიც ურიგო ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ მწვრთნელად ჯერ ვერ ვარგობს. ის ფრანგმა რემი გარდმა შეცვალა, "ლიონის" ექსთავკაცმა.
ლიგა 1
(1 ცვლილება)ტოპ-5 ლიგაში ყველაზე ადრე სამსახური მარსელო ბიელსამ დაკარგა - "ელ ლოკო" "მარსელიდან" 9 აგვისტოს გაუშვეს. გუნდი რამდენიმე დღით ფრანკ პასიმ ჩაიბარა, თუმცა მალე "მარსელში" მიჩელი მივიდა.
"რეალისა" და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა მწვრთნელობაში "ოლიმპიაკოსთან" ერთად საბერძნეთის ჩემპიონატის სამჯერ მოგებას თუ დაიკვეხნის, მაგრამ ბერძნულ სუპერლიგას ხომ ძირითადად, ისედაც "ოლიმპიაკოსი" იგებს...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"