ვინ გახდება აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელი

AutoSharing Option
BBC აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებისთვის ემზადება. იქამდე კი კანდიდატების ვინაობა გახდა ცნობილი, რომელთა გამოვლენაშიც აფრიკის 46 ქვეყნის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა. გულშემატკივრებს კი 30 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ ხმის მიცემა. კანდიდატთა შორის არიან:

პიერ ემერიკ ობამეიანგი (გაბონი, დორტმუნდი)
წინა სეზონი დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩააგდო, მაგრამ ობამეიანგი მაინც გამოირჩეოდა და იგი კლუბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. ახლა კი მიუნხენის "ბაიერნის" შემტევ რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, რეკორდებს ამყარებს და 12 ტურში გატანილი 14 ბურთით პოლონელთან ერთად ლიდერობს ბომბარდირთა დავაში.

იგი გახდა
პირველი ფეხბურთელი, ვინც ბუნდესლიგის პირველ 8 ტურში გაიტანა. ასევე, 17 ოფიციალურ შეხვედრაში 20 გოლი უგროვდება, მათ შორისაა ზედიზედ შესრულებული ჰეთ-თრიკები და მოკლედ... 26 წლის ობამეიანგი საუცხოო ფორმაშია და ბევრის აზრით, გაბონელი გამარჯვების მთავარი ფავორიტია.

ანდრე აიუ (განა, სუონსი)
25 წლის თავდამსხმელი ცრემლებად დაიღვარა, როდესაც განამ აფრიკის თასი კოტ დ'ივუარს დაუთმო. თუმცა "შავი ვარსკვლავები" იქამდე რომ მივიდნენ, ეს დიდწილად სწორედ ანდრეს დამსახურება გახლდათ.

შემდეგ იგი თავის უმცროს ძმასთან, ჯორდანთან ერთად საფრანგეთიდან ინგლისში გადაბარგდა. ანდრე "სუონსიში" ჩაირიცხა, ხოლო ჯორდანი - "ასტონ ვილაში". უფროსი აიუ მშვენივრად გამოიყურება, პრემიერლიგასთან ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია და უმალვე იქცა "თეთრი გედების" ერთ-ერთ ლიდერად. იგი სერიოზულ პრეტენზიას აცხადებს ამ ჯილდოს მოპოვებაზე.

იასინ ბრაჰიმი (ალჟირი, პორტუ)
რაც ახალი სეზონი დაიწყო, ბრაჰიმი ჯერჯერობით ბოლომდე ისეთივე აქტიური და გამორჩეული ვერ არის, როგორიც წინაში და მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო. თუმცა იგი, ალბათ, ნელ-ნელა ათამაშდება. როგორც იცით, იგი ამ ჯილდოს მოქმედი მფლობელია და ეკუთვნოდა კიდეც ეს აღიარება. გავიხსენოთ ისიც, რომ წინა სეზონის მეორე ნაწილიც 2015 წელს ეკუთვნის, თანაც დასკვნითი ნაწილი, რომელშიც 25 წლის ბრაჰიმი ასევე შთამბეჭდავი გახლდათ.

იგი "პორტუს" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა, "დრაკონები" კი ასე შორს 2006 წლის მერე არ წასულან. ნახევარფინალებამდე იასინზე მეტი დრიბლინგი მხოლოდ "ჩელსის" ედენ აზარსა და "რეალის" კრიშტიანო რონალდოს ჰქონდათ გაკეთებული.

სადიო მანე (სენეგალი, საუთჰემპტონი)
16 მაისს მანეს სულ რაღაც 176 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ პრემიერლიგის 23-წლიან ისტორიაში რეკორდი დაემყარებინა და ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეესრულებინა. სად იყო სადიო აქამდე?

არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ის უცბად და ძალიან შთამბეჭდავად შემოიჭრა დიდ ფეხბურთში და თანაც, ბევრი რამ წინ აქვს. ეს სწრაფი, რეაქტიულ-ზეაქტიური და ტექნიკური შემტევი წინა სეზონში "წმინდანებს" 29 მატჩში გატანილი 10 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით შეეწია და მიმდინარეშიც ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა.

იაია ტურე (კოტ დ'ივუარი, მანჩესტერ სიტი)
"შორთლისტის" ყველაზე ასაკოვანი, გამოცდილი, ტიტულოვანი და ვარსკვლავური ბინადარი კი იაია ტურეა, რომელსაც ეს აღიარება უკვე მოუპოვებია.

იგი, ამავდროულად, ერთადერთი აფრიკელია, რომელმაც "ოქროს ბურთის" "შორთლისტშიც" მოახერხა მოხვედრა და ერთადერთია ჩვენი ხუთკაციანი სიიდან იმაშიც, რომ 2015 წელს ტიტული მოიპოვა. 32 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა და ნაკრების კაპიტანმა "სპილოებს" ნანატრი და სანუკვარი ჯილდო მოაპოვებინა - აფრიკის ერთა თასი.

BBC გამარჯვებულს 11 დეკემბერს გამოავლენს. შეგახსენებთ, რომ ეს ჯილდო 1991 წლიდან გაიცემა და მისი პირველი გამარჯვებული ანდრე აიუს მამა აბედი პელე (აიუ) გახდა.

თავად ანდრეს, ბრაჰიმისა და ტურესი არ იყოს, ეს აღიარება უკვე აქვს მოპოვებული (2011) წელს და შესაბამისად, თუ საუკეთესოდ ამ სამეულიდან რომელიმე დასახელდება, ის ამავდროულად გახდება ნიგერიელების ნვანკვო კანუსა და ჯეი-ჯეი ოკოჩას შემდეგ პირველი ფეხბურთელი, ვინც ჯილდოს მეორედ მოიგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული