ფეხბურთი და ტერორიზმი: როგორ შეიცვალა ფეხბურთი პარიზის მერე

AutoSharing Option
პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტები საფეხბურთო სამყაროსაც შეეხო. ერთ-ერთი აფეთქება "სტად დე ფრანსის" სიახლოვეს მოხდა, სადაც საფრანგეთი-გერმანიის ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა, რამაც ერთი ხანობა, არენაზე დიდი ქაოსი გამოიწვია, მაგრამ შემდეგ შედარებით დამშვიდდა ვითარება და გულშემატკივართა ორგანიზებული ევაკუაცია მოხდა.

კადრებმა, რომელშიც ფრანგები და გერმანელები ფეხბურთს თამაშობენ, ხოლო სტადიონზე აფეთქების გამაყრუებელი ხმა ისმის, მთელი მსოფლიო მოიარა. ისიც ვთქვათ, რომ საფრანგეთის და გერმანიის ნაკრებების ფეხბურთელებმა მხოლოდ 7-საათიანი ლოდინის შემდეგ დატოვეს სტადიონი, რადგან იქამდე მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ვერავინ აიღო.

ფეხბურთელები გასახდელებში ისე იყვნენ შეყუჟულნი, როგორც ბუნკერში
ომის დროს.

რამდენიმე დღეში, ბრიუსელში ბელგია-ესპანეთის მატჩი უნდა გამართულიყო, ხოლო ჰანოვერში გერმანიას ჰოლანდიისთვის უნდა ემასპინძლა. ორივე მატჩი გადაიდო, რადგან როგორც გაირკვა, ამ არენებზე ტერორისტული აქტები იგეგმებოდა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭო დეტალურ გეგმას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ერთი აფეთქება ჰანოვერის ტრიბუნაზე უნდა მომხდარიყო, რასაც უამრავი ადამიანის მსხვერპლი და სრული პანიკა მოჰყვებოდა - გარეთ, ცენტრალურ გასასვლელთან კიდევ ერთი ტერორისტი იქნებოდა ჩასაფრებული და მაშინ, როდესაც ხალხის მასა მთავარ ჭიშკარს მიაწყდებოდა, კიდევ ერთი აფეთქება მოხდებოდა.

ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, რამდენიმე ათასიც ყოფილიყო.

სანაკრებო ბატალიების შემდეგ ევროპას საკლუბო ფეხბურთი დაუბრუნდა, თუმცა ეს უქმეები სრულიად განსხვავებული იყო და თამაშებიც ტერორიზმის საფრთხის ფონზე მიმდინარეობდა. რა რეაგირება მოახდინა საფეხბურთო ევროპამ ტერორისტულ აქტებზე და რამდენად გაამკაცრა უსაფრთხოების ზომები? - სწორედ ამ თემებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება...

ბელგია და საფრანგეთი ეპიცენტრში
ყურადღების ცენტრში რჩება ბელგია, რადგან, როგორც გამოძიებამ დაადასტურა, პარიზის ტერაქტები მეტწილად სწორედ ბრიუსელში იგეგმებოდა. ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია მთელი ტურის გადადებას ფიქრობდა, მაგრამ ბოლოს, მხოლოდ ბრიუსელში დაგეგმილი მატჩი გადაიდო, რომელშიც "ანდერლეხტს" უნდა მიეღო მონაწილეობა, სხვა ყველა მატჩი კი გეგმის მიხედვით ჩატარდა.

ბუნებრივია, გამკაცრდა უსაფრთხოების ნორმები - თითოეულ მატჩზე უსაფრთხოებას არა მხოლოდ პოლიციელები, არამედ სპეცრაზმის დანაყოფები იცავდნენ.

უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმები მოქმედებდა საფრანგეთშიც, სადაც სტუმარი გუნდის გულშემატკივართა სექტორები დაიხურა, რამდენიმე სტადიონზე კი მხოლოდ აბონემენტებით შეუშვეს ქომაგები. აკრძალული იყო სტადიონზე ჩანთის, ზურგჩანთის და სხვა ნებისმიერი ნივთის შეტანა. "მონპელიეს" ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ თემაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს:

"სტადიონზე ისეთი ატმოსფერო დამხვდა, რომ სიმართლე გითხრათ, თამაშზე შესვლა აღარ მინდოდა. თუმცა, კარგად მესმის, რომ ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის კეთდება. არათუ ზურგჩანთა მომხსნეს, არამედ თბილი ქურთუკი გამხადეს და გარეთ დამატოვებინეს. კიდევ კარგი, მანქანით ვიყავი, თირემ ქურთუკს ვერსად შევინახავდი და სახლში გაბრუნება მომიწევდა. მატჩის მსვლელობისას, ტრიბუნებზე რამდენჯერმე მოეწყო რეიდები და ასეთ ვითარებაში, თამაშის ყურება, პრაქტიკულად, შეუძლებელია".

ესპანეთში სენდვიჩებსაც ამოწმებდნენ
ესპანეთში "ელ კლასიკო" შედგა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" კი უსაფრთხოების უპრეცედენტო ნორმები მოქმედებდა. ესპანეთის გენერალურმა მდივანმა უსაფრთხოების საკითხებში, ფრანსისკო მარტინესმა მატჩის წინ საგანგებო ბრიფინგი გამართა და შემდეგი განაცხადა:

"ელ კლასიკო" მთავრობის ყურადღების ცენტრშია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მატჩზე იმოქმედებს ისეთი უსაფრთხოების ნორმები, როგორიც ჩვენს ქვეყანაში აქამდე არასდროს ყოფილა. თამაშს მოემსახურება 2 500 პოლიციელი და ერთი ამდენი სეცრაზმელი. მოვუწოდებ გულშემატკივრებს, რომ დაიცვან წესრიგი და ნუ წაიღებენ სტადიონზე სხვადასხვა ნივთს".

თუ როგორი ნორმები მოქმედებდა "ელ კლასიკოზე", ეს ერთ-ერთი მადრიდელი გულშემატკივრის კომენტარიდან კარგად ჩანს: "ისეთი დეტალური შემოწმება, როგორიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გავიარე, არც ერთ აეროპორტში არ გამივლია. ყველგან პოლიციელები და სპეცრაზმელები იდგნენ.

სტადიონზე შესვლისას ხელში სენდვიჩი მეჭირა, რომელიც პოლიციელმა გახსნა და როდესაც დარწმუნდა, რომ შიგნით მხოლოდ ყველი და მჟავე კიტრი იდო, მხოლოდ შემდეგ შემიშვა. ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ სენდვიჩი ვინმესთვის საფრთხის შემცველი იქნებოდა".

გერმანიაში დაგვიანებით
უსაფრთხოების გაძლიერებული ნორმები მოქმედებდა გერმანიაშიც, სადაც "ჰამბურგი"-"დორტმუნდის" და "შტუტგარტი"-"აუგსბურგის" თამაშები 15 წუთის დაგვიანებით სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ბოლო მომენტში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ მოისურვეს ტრიბუნებზე საგანგებო რეიდის მოწყობა.

იტალიელი ტიფოზების გადამკიდე, საგანგებო რეჟიმში მუშაობა კარაბინირებს არ უკვირთ, მაგრამ ამ უქმეებზე, მაინც განსაკუთრებულად მკაცრი ნორმები მოქმედებდა - იტალიის სტადიონებიდან ერთი კილომეტრის რადიუსში აიკრძალა მანქანების დაპარკინგება, გულშემატკივრები კი არენებზე ფეხით მივიდნენ და გზაში ორჯერ დეტალური შემოწმება გაიარეს.

წინ ლიგაა
წინ ჩემპიონთა ლიგაა და უსაფრთხოების მკაცრი ნორმები კვლავაც შენარჩუნდება. ცნობილია, რომ "ლიონი"-"გენტის" თამაშს ბელგიელი გულშემატკივრები არ დაესწრებიან და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სტადიონზე დაიხუროს სტუმარი გუნდის გულშემატკივართა სექტორი.

"ბარსელონას" თითოეული თამაშის წინ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო ინვენტარის მაღაზიები იხსნება, კლუბის მუზეუმი კი განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობს. როგორც გაცხადდა, "რომასთან" მატჩის წინ "ბარსას" საფირმო მაღაზიები არ გაიხსნება, მუზეუმი კი ნაადრევად, 14.00 საათზე დაიკეტება. ესეც იმიტომ, რომ თავიდან იქნას აცილებული გულშემატკივართა თავშეყრა კონკრეტულ ლოკაციებზე.

ფეხბურთი და სოლიდარობა

Sportall.Ge
ფეხბურთი რომ მხოლოდ სპორტი არ არის, პარიზულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო. სწორედ საფეხბურთო არენები გახდა იმ სოლიდარობის მთავარი სახე, რომელმაც მთელი ცივილიზებული სამყარო მოიცვა.

ინგლისი-საფრანგეთის ამხანაგური მატჩისას, "უემბლი" მთლიანად საფრანგეთის ფერებით იყო გაფორმებული, ტრიბუნებზე შეკრებილი 90 ათასი ინგლისელი კი ერთხმად ასრულებდა საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნ "მარსელიეზას".

მართალია, ისე კარგად და ომახიანად ვერ იმღერეს, როგორც ეს ფრანგებს გამოსდით, მაგრამ მთავარი მაინც მცდელობა იყო. მეორე დღეს, ყველაზე პოპულარული ფრანგული სპორტული გამოცემა "ეკიპი" შემდეგი სათაურით გამოვიდა: THANK YOU...

წუთიერი დუმილით დაიწყო ყველა სანაკრებო შეხვედრა, რამდენიმე ქვეყანაში კი მატჩის წინ საფრანგეთის ეროვნული ჰიმნი შესრულდა. ეს განწყობა საკლუბო ბატალიებზეც გადავიდა. მაგალითად "ელ კლასიკოს" მოყვანა შეიძლება... "რეალი"-"ბარსას" დაწყებამდე, ტრიბუნაზე საფრანგეთის გრანდიოზული დროშა გაშალეს და "მარსელიეზა" კიდევ ერთხელ, განსხვავებული ინტერპრეტაციით გაჟღერდა.

სამწუხაროდ, მოხდა ისეთი ფაქტებიც, როდესაც წუთიერი დუმილი გულშემატკივრებმა სტვენით დაარღვიეს. დუბლინში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პლეი ოფის მატჩზე, ირლანდია-ბოსნიის შეხვედრისას, სტუმართა გუნდის ქომაგებმა შეირცხვინეს თავი.

იგივე მოხდა სტამბოლში, სადაც თურქეთის ნაკრები საბერძნეთს მასპინძლობდა, წუთიერ დუმილს კი გამაყრუებელი სტვენა და სკანდირება მოჰყვა. სამწუხაროდ, ანალოგიურ მოვლენას ჰქონდა ადგილი ბაქოში, სადაც აზერბაიჯანის ნაკრებმა მოლდოვას ეროვნული გუნდი მიიღო.

და მაინც, ეს ფაქტები ნამდვილად ვერ გადაწონის იმ საყოველთაო სოლიდარობას, რამაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, საფეხბურთო მსოფლიო მოიცვა.

ცხოვრება გრძელდება
ერთი ხანობა, ფრანგული სპორტული პრესა მოიცვა ცნობებმა იმის შესახებ, რომ სანაკრებო შეკრებებზე მყოფი პსჟ-ის ფეხბურთელები პარიზში დაბრუნებას იქამდე არ აპირებდნენ, სანამ უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებდნენ. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა აღნიშნული ცნობა კატეგორიულად უარყო:

"არ ვიცი, საიდან ვრცელდება ასეთი ინფორმაციები, მაგრამ ფეხბურთელები უკვე პარიზში არიან და ჩვეულ რეჟიმში ვარჯიშობენ. არავის უთქვამს ჩემთვის, რომ თამაშის ეშინია და სათადარიგოთა სკამზე ურჩევნია ჯდომა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ თამაშების გადადება მხოლოდ ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ეს მათი გამარჯვება იქნება. ამიტომ ცხოვრება გრძელდება, ჩვენი გეგმები და მიზნები კი უცვლელია".

ამ თემაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს მიუნხენის "ბაიერნის" მწვრთნელი პეპ გვარდიოლა:

"ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორისტული აქტები შეიძლება კიდევ განმეორდეს, მაგრამ ამის აღსაკვეთად შესაბამისი ორგანოები მუშაობენ და მათ უნდა მივენდოთ, ჩვენ კი ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

არ ვაპირებ 24 საათი სახლში ჯდომას, რადგან ამით პრობლემა არ მოგვარდება. ამ კვირაში მე აუცილებლად წავალ კინოთეატრში, სადაც ჯეიმს ბონდს უნდა ვუყურო, ამ საღამოს კი ოჯახთან ერთად რესტორანში მივდივარ. ეს ჩემი ცხოვრების წესია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ შევცვლი"...

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ ტერორისტებმა მოინდომეს,ისინი აფეთქებას მაინც მოაწყობენ,ამ დონეზე ადამიანების გაკონტროლება შეუძლებელი საქმეა,ხალხის შემოწმება მაშინ ერთი დღით ადრე უნდა დაიწყონ მაინც
zviadi
17:00 24-11-2015
0
ბოსნია,თურქეთი,აზერბაიჯანი-სამივე მუსლიმანური ქვეყანაა და სწორედ ამათმა გააპროტესტეს წუთიერი დუმილი სტადიონებზე.მე მგონი ადვილი გამოსაცნობია,თუ ვის და რის მხარეს დაიჭერენ ისინი,თუ ისლამური სახელმწიფო კიდევ უფრო გაძლიერდა.
tugliko
16:56 24-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული