რეკორდები: აბა, სად ვარდი და სად მესი...

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ჯეიმი ვარდიმ "მანჩესტერ იუნაიტედს" გაუტანა და ნახევარი ბრიტანეთი ჭკუიდან შეიშალა - "ლესტერ სიტის" 28 წლის ფორვარდმა პრემიერლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა - ზედიზედ 11 ტურში გააქვს გოლები. ინგლისში ისეთი აჟიოტაჟია, რომ ვარდიზე ფილმის გადაღებასაც აპირებენ.

გასაგებია, რომ ეს აჟიოტაჟი, ერთი მხრივ, ფორვარდის ისტორიიდანაც მომდინარეობს - 3 წლის წინათ, ის სამოყვარულო გუნდში აგორებდა ბურთს, ისიც იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოდან გაუშვებდნენ. სამუშაო კი მას მძიმე ჰქონდა - მტვირთავად მუშაობდა...

თუმცა საგოლე სერიები ევროპის მოწინავე საკლუბო პირველობებზე ვარდით არ დაწყებულა და
ჯეიმი ახლოსაც ვერ მივა ლიონელ მესისა და გერდ მიულერის მიღწევებთან.

ვარდიმ პრემიერლიგაში რუუდ ვან ნისტელროის მიღწევა გააუმჯობესა და მომდევნო ტურში სერიის გაზრდას 12 მატჩამდე შეეცდება. ვნახოთ, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ სხვა ოთხ მოწინავე ჩემპიონატში.

იტალია
გაბრიელ ბატისტუტა - 11 მატჩი
"მე იტალიური ფეხბურთის ისტორია დავწერე", - განაცხადა ამაყად გაბრიელ ბატისტუტამ 1994 წელს, როცა "ფიორენტინას" ფორვარდმა "სამპდორიას" კარში გოლი გაიტანა (მატჩი 2:2 მორჩა) - "20 წლის მერე ჩემს სახლში, არგენტინაში რომ მოხვალთ, შეიძლება ნახოთ ახალი ბატისტუტა, რომელიც ჩემს რეკორდს მოხსნის".

ეს ჯერ არ მომხდარა, ბატისტუტას რეკორდი - 11 ტურში საგოლე სერია - ჯერ კიდევ ამაყად დგას. სხვათა შორის, მაშინ გახარებული იყო 60-იანი წლების "ბოლონიას" ფორვარდი ეციო პასკუტი - რომ არა ბატისტუტა, არც ჩემი რეკორდი ახსოვდა ვინმეს და არც მეო. ისე, პასკუტი ახლაც ცოცხალია...

საფრანგეთი
სერჟ მასნაგეტი - 13
ეს 1962/63 წლების სეზონში მოხდა, თუმცა ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში რეკორდი ოფიციალური არაა. იმ სეზონში მან "ვალანსიენის" მაისურით 35 გოლი გაიტანა. ჟან-პიერ პაპენი შეეცადა, მაგრამ მასნაგეტის რეკორდი ვერ დაამხო და მას აღმოხდა:

"ადრე გატანა გაცილებით იოლი იყო", რაზეც რეკორდსმენმა ირონიულად უპასუხა, "ჟან-პიერ, მართლა გგონია, რომ მცველები იოლად მატარებდნენ, რადგან სიმპათიური ვარ"?

გერმანია
გერდ მიულერი - 16
1969 წლის 27 სექტემბრიდან 1970 წლის 3 მარტამდე გერდ მიულერს ყოველ ტურში გაჰქონდა. "ბაიერნი" მადლიერი უნდა იყოს გერდ მიულერის, ეს მან აქცია კლუბი იმად, რაც დღეს არის. მისი გოლების გარეშე ჩვენ ისევ ზაბენერ შტრასეს ხის სკამზე ვისხდებოდით" - ეს სიტყვები ფრანც ბეკენბაუერს ეკუთვნის.

ესპანეთი
ლიონელ მესი - 21
2012/13 წლების სეზონში მესი სათადარიგო იყო "ბეტისთან" მატჩში, მას ფეხი სტკიოდა. "ბეტისი" არა და არ ნებდებოდა და მესი მოედანზე შეიყვანეს. მან თავისი 45-ე და 46-ე გოლები გაიტანა ჩემპიონატში და გოლების სერია 21-მდე (!!!) გაზარდა.

მომდევნო ტურში "ატლეტიკომ" მესის რეკორდული სვლა შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ლეომ რონალდოს (ბრაზილიელი ფორვარდი) რეკორდი დაამხო, რომელიც "სულ" 10 ტურს გრძელდებოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული