მაგიური სამკუთხედი: ანჩელოტი - გვარდიოლას, ვის შეცვლის გვარდიოლა?

AutoSharing Option
"დეილი მეილის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მომდევნო კვირაში მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა გამოაცხადებს, რომ სეზონის შემდეგ ის გერმანული გრანდიდან წავა.

იგივე წყარო ირწმუნება, რომ მისი შემცვლელი "ალიანც არენაზე" კარლო ანჩელოტი იქნება.

აი, რა მოხდება ინგლისში - სამი კლუბი საგანგაშო მდგომარეობას გამოაცხადებს, რადგან სამივეს სურს გვარდიოლას ხელში ჩაგდება - "იუნაიტედს", "სიტის" და "ჩელსის", თუმცა "დეილი მეილი" ფსონს "ქალაქელებზე" ჩამოდის.

ხოსეპ გვარდიოლა "ბაიერნს" 2013 წლიდან წვრთნის. მან ზედიზედ ორჯერ გააჩემპიონა გუნდი და სანახევროდ საქმე ამ სეზონშიც წარმატებით შეასრულა - "ბაიერნი" ბუნდესლიგის მოგების
აშკარა ფავორიტია. მაგრამ ის არ ჩქარობდა სამომავლო გადაწყვეტილების მიღებას. ინგლისელი ჟურნალისტების აზრით კი, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ "ბაიერნის" ფანებს გვარდიოლას პასუხი არ მოეწონებათ - კატალონიელი მიუნხენიდან წავა.

პეპს კონტრაქტი მხოლოდ სეზონის ბოლომდე აკავშირებს გერმანულ გრანდთან. ეს არ არის მთავარი - მას სწორედ მოკლევადიანი კონტრაქტები ახასიათებს და ერთ სეზონზე მეტს კარიერაში წინასწარ არ გეგმავს. "დეილი მეილის" ცნობით, სულ მალე ყველაფერი საჯარო გახდება - გვარდიოლა გამოაცხადებს, რომ "ბაიერნთან" ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, ხოლო "ბაიერნი" ოფიციალურად დაასახელებს მის შემცვლელს. თურმე კარლო ანჩელოტი "ბაიერნთან" უკვე მოლაპარაკების ფაზაშია.

ამ სიახლეს განსაკუთრებით დიდი ინტერესით შეხვდებიან მანჩესტერსა და ლონდონში. სამი კლუბი მზადაა, გვარდიოლას ხელში ჩასაგდებად იბრძოლოს. ვის შეცვლის პეპი? "სიტიში" მანუელ პელეგრინის თუ "იუნაიტედში" ლუი ვან გაალს, ან იქნებ ჟოზე მოურინიოს "ჩელსიში"? "დეილი მეილის" პასუხია - ალბათ, "სიტი"!

"სიტი" ფავორიტია, მაგრამ "იუნაიტედის" და "ჩელსის" ფანები აუცილებლად იკითხავენ, რატომ ჩვენ არა? ანჩელოტის ხშირად უკავშირებენ "ჩელსის", მაგრამ იტალიელ სპეციალისტს თავად არ სურს "სტემფორდ ბრიჯზე" დაბრუნება.

გვარდიოლამ "დარმშტადტთან" მატჩის შემდეგ უპასუხა კითხვას კონტრაქტთან დაკავშირებით - "დღეს თქვენს კითხვაზე პასუხი არ მაქვს. მომდევნო კვირაში ბევრი რამ გაირკვევა".

შაბათს "ბაიერნი" "ჰანოვერს" შეხვდება ბუნდესლიგაში და გუნდი ზამთრის შესვენებაზე გავა. ამის მერე კლუბის ბოსი კარლ-ჰაინც რუმენიგე აპირებდა მასთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე დალაპარაკებას, მაგრამ შესაძლოა, სიცხადე მანამდე დადგეს, ვიდრე ეს მოლაპარაკება დაიწყება, თუკი საერთოდ დაიწყება...

ამბობენ, გვარდიოლა ძალიან მსუყე წინადადებაზე ამბობს უარსო - მას წელიწადში 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.

არადა, მისი "ბაიერნი" ახლაც ჩინებულად თამაშობს - ბუნდესლიგაში უკვე გახდა შემოდგომის ჩემპიონი, "დორტმუნდს" ხუთი ქულით უსწრებს და სეზონში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს. "ბაიერნს" არც ჩემპიონთა ლიგაზე გასჭირვებია, სადაც თებერვალში ტურინის "იუვენტუსთან" ელის რანდევუ.

მართალია, პეპი დიდებულია შინაურ ასპარეზზე, ბეჭდაუდებელი, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხა საერთაშორისო ტიტულის მოგება (თუ არ ჩავთვლით მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს) "ბაიერნთან" ერთად - ის გუნდში მანამდე დანიშნეს, სანამ იუპ ჰაინკესის გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, პეპის "ბაიერნი" კი ორჯერვე ნახევარფინალში შეაჩერეს.

პეპის სამი ვარიანტი

სიტი
იქ მისი მისვლისთვის ყველა წინაპირობაა - "სიტის" ხელმძღვანელობაში არიან ექსბარსელონელები ჩიკი ბეგირისტაინი და ფერან სორიანო. ორივეს აქვს გვარდიოლასთან ნამუშევარი, ისინი ახლაც ურთიერთობენ პეპთან და შეიძლება ითქვას, მეგობრობენ მასთან.

მიუხედავად იმისა, რომ მანუელ პელეგრინიმ პირველივე წელს მოიგო პრემიერლიგა, გვარდიოლას "აჩრდილი" ჩილელის თავზე ყოველთვის დამოკლეს მახვილივითაა აღმართული. კიდევ ერთი ნიშანი - "სიტიში" განაახლეს აკადემია, რასაც გვარდიოლა მისვლისთანავე მაინც მოითხოვდა. "სიტი" ამ შანსს ხელიდან, ალბათ, არ გაუშვებს.

იუნაიტედი
ვან გაალი ისედაც აპირებს, რომ 2017 წელს სამწვრთნელო კარიერა დაასრულოს, მაგრამ თუ მისი შედეგები ასეთივე იქნება და თანაც ჰორიზონტზე თავისუფალი გვარდიოლა გამოჩნდება, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და შესაძლოა, ჰოლანდიელს დაგეგმილზე ადრეც მოუწიოს პენსიაში გასვლა.

"იუნაიტედს" გვარდიოლა სერ ალექს ფერგიუსონის შემცვლელად სურდა, მაგრამ ვერ შეწვდა და პოსტზე დევიდ მოიესი დაინიშნა. როგორ დასრულდა ეს ყველაფერი, კარგად მოგეხსენებათ.

ჩელსი
მოურინიო გვარდიოლას პრინციპული მეტოქე იყო ლა ლიგაში, ახლა კი შეიძლება, ისე მოხდეს, რომ პეპმა ჟოზეს ადგილი დაიკავოს. ჩემპიონს ძალიან უჭირს, პრემიერლიგაში სრული კრახი აქვს. რომ არა ჩემპიონთა ლიგა და ჟოზე მოურინიოს საკონტრაქტო გარანტიები, ალბათ, პორტუგალიელი უკვე უმუშევარი იქნებოდა. რომან აბრამოვიჩი კი პეპის დიდი ფანია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული