ვინ არიან ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატები

AutoSharing Option
თვეზე ნაკლები რჩება ფიფას პრეზიდენტის არჩევნებამდე - სამშაბათს დამტკიცდა ის ხუთი კანდიდატი, რომლებიც ფეხბურთიდან სამარცხვინოდ გაგდებული ზეპ ბლატერის მემკვიდრეობისთვის იბრძოლებენ 26 თებერვალს. მცირე გამონაკლისის გარდა, მათი სახელები თითქმის არაფერს ეუბნება ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს. გავიცნოთ ისინი:

პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინი
ეროვნება: იორდანია
ასაკი: 40
ბექგრაუნდი: იორდანიის ყოფილი მეფის შვილი და ახლანდელი მეფის ნახევარძმა. იორდანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი
ყველაზე მაღალი თანამდებობა ფეხბურთში: ფიფას ვიცე-პრეზიდენტი (აზია) - 2011-15
სახალისო ფაქტი: იორდანიის არმიაში მსახურობისას, იყო პარაშუტისტი. ის აგრეთვე იყო იორდანიის ფილმების კომისიის პრეზიდენტი.
ძლიერი მხარე:
როცა შარშან ზეპ ბლატერის წინააღმდეგ იბრძოდა, ხმების მესამედი მიიღო. ის ძალიან გახსნილი და ალალი პიროვნებაა და არანაირ სკანდალში არაა გახვეული.
სუსტი მხარე: ის მხოლოდ 40 წლისაა და საზოგადოებაში ადგილი დიდწილად, მამის გამო მოიპოვა. თუმცა ფიფას ვიცე-პრეზიდენტობა 4 წლის განმავლობაში ცოტა არ არის.
საუკეთესო იდეა: ის გვპირდება ე.წ. გარსიას მოხსენების (მსოფლიო ფეხბურთის კორუფციაზე) გასაჯაროებას და ფიფას ტრანსფარანტულობას.
მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა: მომხრეა
ფრაზა: "ჩემი ხედვა ფიფა და ფეხბურთია".

ჟერომ შამპანი
ეროვნება: საფრანგეთი
ასაკი: 57
ბექგრაუნდი: ყოფილი ფრანგი დიპლომატი, 1998 წლის მუნდიალზე დაიწყო მუშაობა და მას მერე, ბლატერის მეთაურობით, ფიფაში 11 წელიწადი მოღვაწეობდა.
ყველაზე მაღალი თანამდებობა ფეხბურთში: ფიფას საგარეო ურთიერთობის დირექტორი
სახალისო ფაქტი: მის კანდიდატურას მხარს უჭერენ ერთდროულად პელე და რობი კინი.
ძლიერი მხარე: დიპლომატიური წარსული მისი ძლიერი მხარეა, რთულ ვითარებასთან გასამკლავებლად. მას შეუძლია ისრაელისა და პალესტინის ფედერაციებთან ერთნაირი წარმატებით ურთიერთობა. ის ძალიან ახლოსაა აფრიკის რამდენიმე ქვეყნის ასოციაციასთან.
სუსტი მხარე: 11 წელიწადი ბლატერთან მუშაობა ლაქასავითაა კარიერაში.
საუკეთესო იდეა: ფეხბურთელთა მდგომარეობის გაუმჯობესება, ფეხბურთელთა და ლიგების წარმომადგენელთა ჩართვა ფიფას აღმასკომში, ასევე - კლუბების.
მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა: წინააღმდეგია
ფრაზა: "ჩემი მიზანი 21-ე საუკუნის ფიფას შექმნაა".

ჯანი ინფანტინო
ეროვნება: შვეიცარია, იტალია
ასაკი: 45
ბექგრაუნდი: ის არის იურისტი და სპორტის ადმინისტრატორი, რომელიც უეფას 2000 წელს შეუერთდა.
ყველაზე მაღალი თანამდებობა ფეხბურთში: უეფას გენერალური მდივანი
სახალისო ფაქტი: ის დაიბადა შვეიცარიის ალპების ქალაქ ბრიგში, რომელიც 6 მილშია ზეპ ბლატერის მშობლიური ქალაქიდან.
ძლიერი მხარე: მისი მოღვაწეობა უეფაში ეკონომიკურ წარმატებას ემთხვევა, თანაც, ეს ორგანიზაცია, ფიფასგან განსვავებით, კორუფციის ჭაობში არ არის ჩაფლული. მან კარგად იცის დიპლომატიური ენა.
სუსტი მხარე: ის მხოლოდ იმიტომ მონაწილეობს, რომ მიშელ პლატინი ფეხბურთიდან მოკვეთეს. ეს კი ეჭვს აჩენს, რამდენად დამოუკიდებელი და მოტივირებული იქნება ინფანტინო გამარჯვების შემთხვევაში.
საუკეთესო იდეა: ფიფაში ისეთ რეფორმებს გვთავაზობს, რომ ორგანიზაცია უფრო დახვეწილი, ღია და წარმატებული იქნება.
მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა: მომხრეა
ფრაზა: "ფეხბურთი წინ უნდა წავწიოთ".

შეიხ სალმან ბინ ებრაჰიმ ალ-ხალიფა
ეროვნება: ბაჰრეინი
ასაკი: 50
ბექგრაუნდი: ბაჰრეინის სამეფო ოჯახის წევრი. 36 წლის ასაკში გახდა ბაჰრეინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი.
ყველაზე მაღალი თანამდებობა ფეხბურთში: აზიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი
სახალისო ფაქტი: ტახებზე ნადირობის მოყვარულია.
ძლიერი მხარე: აზიაში ქალთა ფეხბურთი მის ხელში წამოიწია. მოლაპარაკებები მისი ძლიერი მხარეა, კონსესუსის მიღწევა შეუძლია.
სუსტი მხარე: დაადანაშაულეს დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიებში, ასევე, აუდიტის დასკვნის არმიღებაში 2012 წელს, რომელიც ორგანიზაციაში ფულის გათეთრებას ამხელდა.
საუკეთესო იდეა: სურს ფიფა გაყოს "ბიზნეს ფიფად" და "საფეხბურთო ფიფად". პირველი პასუხისმგებელი იქნება კომერციულ მხარეზე, მეორე - სპორტულზე. მომხრეა 60-წუთიანი თამაშის, როცა საათი ყოველ პაუზაზე ჩერდება.
მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა: მოსაზრება არ ჩამოუყალიბებია, განიხილავს
ფრაზა: "მსოფლიო ფეხბურთი - გაუმჯობესებული, ორგანიზაციულად დალაგებული და გამოცოცხლებული".

ტოკიო სეკსვალე
ეროვნება: სამხრეთი აფრიკა
ასაკი: 62
ბექგრაუნდი: ებრძოდა აპარტეიდს, ნელსონ მანდელასთან ერთად 13 წელი ციხეში იჯდა. შემდეგ მინისტრი და წარმატებული ბიზნესმენი გახდა ალმასის დამუშავების საქმეში.
ყველაზე მაღალი თანამდებობა ფეხბურთში: ფიფას კომიტეტების წევრი, რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში კომიტეტის აქტიური წევრი.
სახალისო ფაქტი: ერთხელ რეალითი-შოუს წამყვანი იყო.
ძლიერი მხარე: დიდი კავშირები აქვს ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან მთელ მსოფლიოში. 5-ეულში ყველაზე ქარიზმატული კანდიდატია.
სუსტი მხარე: ბლატერთან ასოციაცია მის შანსებს ასუსტებს.
საუკეთესო იდეა: ფიფას ომბუდსმენის პოზიციის შექმნა და გაძლიერება. ეროვნული ნაკრებების სატიტულო სპონსორების საერთო ბაზის შექმნა.
მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა: მომხრეა
ფრაზა: "ტიკიო სეკსვალე - მანიფესტი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული