კურასაო, მოზამბიკი, შანხაი, მუმბაი - სად წვრთნიან პრემიერლიგის ექსვარსკვლავები

AutoSharing Option
ორშაბათს საინტერესო ამბავი გაცხადდა: ერთ დროს პრემიერლიგაში ძალიან პოპულარული აბელ შავიერი სათავეში ჩაუდგა ისტორიული სამშობლოს, მოზამბიკის ეროვნულ გუნდს. შავიერი, ვინც თავის დროზე "ლივერპულისა" და "ევერტონის"მაისურას ირგებდა. დღევანდელი ჩვენი წერილი პრემიერლიგის იმ ვარსკვლავებზეა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვეყნებში წვრთნიან. ეს ეხება როგორც მწვთნელებს, ისე ფეხბურთელებს.

ნიკოლა ანელკა (მუმბაი სიტი)
პრემიერლიგის ორგზის გამარჯვებული დღეს ინდოეთში მუშაობს მოთამაშე-მწვრთნელად. "მუმბაი სიტიში" ის მოთამაშე - მწვრთნელია. ეგაა, გუნდმა ამ სეზონში ვერ აჩვენა ის შედეგი, რომელსაც მისგან ყველა ელოდა - ინდოეთის ჩემპიონატში მხოლოდ მეექვსე ადგილზე გავიდა.
დიდი ალბათობით, ანელკა კლუბში მომდევნო სეზონშიც დარჩება.

ოუენ კოილი (ჰიუსტონ დინამო)
კოილი პრემიერლიგის მასშტაბით კარგი მოთამაშე იყო. მერე ხელი სამწვრთნელო საქმეს მიჰყო და კვალი იქაც დატოვა - თუნდაც, "ბოლტონსა" და "ბარნლიში"... 2014 წელს, მას შემდეგ, რაც წარუმატებელი 6 თვე გაატარა "უიგანში", სამუშაოდ MLS-ის გუნდში გადავიდა. სხვა საქმეა, რომ "დინამო" მაინცდამაინც წარმატებით ვერ თამაშობს - გუნდი გასული სეზონის შედეგების მიხედვით, პლეი ოფში ვერ გავიდა.

სვენ გორან ერიქსონი (შანხაი)
ინგლისის ნაკრები და არაერთი გრანდი - ერიქსონის სამწვრთნელო კარიერა ყველას კარგად გვახსოვს. დადგა დრო და შვედმა მსოფლიოს გარშემო დაწყო მოგზაურობა. იმუშავა მექსიკაში, კოტდივუარში...ის ჩინეთში ჩავიდა, სადაც ჯერ "გუანჯოუს" წვრთნიდა, ახლა კი "შანხაის" ჩაუდგა სათავეში. სხვათა შორის, მის სამწვრთნელო შტაბშია "ტოტენჰემის" ყოფილი მეკარე იან უოლკერი.

სტივ კინი (ბრუნეი)
პრემიერლიგაში "ბლექბერნის"მწვრთნელობიდან უნდა გვახსოვდეს. ინგლისურ სამწვრთნელო ასპარეზზე სახელი ვერ გაიგდო და წავიდა ბრუნეიში. ის სათავეში ჩაუდგა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ბრუნეის პრინცის, ჰაჯი ალ მუჰტადის მიერ დაარსებულ საფეხბურთო კლუბს. გუნდი სინგაპურის პირველობაზე თამაშობს.

პატრიკ კლაივერტი (კურასაო)
ჰოლანდიური ფეხბურთის ლეგენდა, ვინც "აიაქსის", "ბარსელონას", "მილანისა" და სხვა კლუბების ღირსება დიდი წარმატებით დაიცვა, 2014 წლის მუნდიალზე ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ასისტენტი იყო. ამის შემდეგ მან ნაკლებად გლამურული სამუშაო აირჩია და სათავეში ჩაუდგა კურასაოს ეროვნულ გუნდს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჰოლანდიის ყოფილმა კოლონიამ დაამარცხა მონსერატი, მაგრამ მერე თავად დამარცხდა სალვადორთან. სადღეისოდ, კლაივერტი კურასაოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მრჩეველია.

შეფკი კუკი (ვანტა)
არაერთ ინგლისურ კლუბში იმოგზაურა. მათ შორის - "ბლექბერნში", "კრისტალ პალასში", "ნიუკასლში"... დღეს ის ფინურ "ვანტას" წვრთნის, რომელმაც მორე ლიგის გათამაშება მოიგო. კუკის გუნდის მთავარი ფორვარდია 36 წლის პაბლო კუნაგო, ვინც შეფკისთან ერთად "იფსვიჩში" თამაშობდა.

ოლაფ მელბერგი (ბრომაპოიკარნა)
შვედეთის ნაკრებში 117 მატჩი ჩაატარა. იყო "ასტონ ვილას" ლიდერი. სამწვრთნელო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ მან ჩაიბარა "ბრომაპოიკარნა". სულ ცოტა ხნის წინ ეს კლუბი ევროთასებზე თამაშობდა, ახლა კი შვედეთის დაბალ დივიზიონში ასპარეზობს. გუნდში წლეულს მისული მელბერგის ამოცანას კლუბისათვის ოდინდელი პოზიციების დაბრუნება წარმოადგენს.

მიდო (ზამალეკი)
ეგვიპტელმა ბრიტანეთში რამდენიმე გუნდში ითამაშა. მათ შორის - "ტოტენჰემში", "მიდლსბროსა" და "ვესტ ჰემში". ამ წლის დასაწყისში მეორედ ჩაუდგა სათავეში ეგვიპტრი ფეხბურთის გრანდ "ზამალეკს".

კევინ მუსკატი (მელბურნ ვიქტორი)
ინგლისში "ვულვზში", "კრისტალ პალასში", "რეინჯერსსა" "მილუოლში" ითამაშა. უფრო მეტად ცნობილი იყო იმით, რომ ძალიან ხშირად იღებდა ტრავმებს. გასულ სეზონში "მელბურნ ვიქტორის" ავსტრალიური ტიტული მოაგებინა.

დან პეტრესკუ (იანგსუ საინტი)
ერთ დროს ძალიან პოპულარული მოთამაშე "ჩელსის" გულშემატკივრებს შორის. გაწვრთნა ცხრა კლუბი, ახლა კი ჩინურ სუპერლიგაში მუშაობს. მისი პირველი სეზონი წარმატებული იყო - გუნდთან ერთად ჩინეთის თასის გათამაშება მოიგო. ამ კლუბში რამდენიმე ლეგიონერი ასპარეზობს.

დევიდ პლატი (პუნ სიტი)
ახლო წარსულში დიდებული ფეხბურთელი, ვინც 1998 წელს, ახლა კიდევ ერთ ინდურ კლუბში დასაქმებულ ნიკოლა ანელკასთან ერთად მოიგო "არსენალის" რიგებში პრემიერლიგა. ყველას გვახსოვს მის მიერ ინგლისის ნაკრების რიგებში ბელგიის კარში გატანილი შეუდარებელი გოლი. იმუშავა "სამპდორიასა" და "ნოტინგემ ფორესტის" მწვრთნელად. ბოლოს იყო "მანჩესტერ სიტის" სამწვრთნელო შტაბში. ამის შემდეგ ინდოეთში, "პუნ სიტიში" წავიდა. შედეგი ცუდია - გუნდი რვა კლუბს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. არადა, იქ ნიკი შორი, როჯერ ჯონსონი და ადრიან მუტუ თამაშობდნენ.

ტონი პოპოვიჩი (სიდნეი უონდერერზი)
2012 წლიდან ამ გუნდის მთავარი მწვრთნელია. მასთან ერთად გახდა ავსტრალიის ჩემპიონი და ამ ქვეყნის წლის საუკეთესო მწვრთნელი. ინგლისში "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავდა და მოგვიანებით ამ გუნდის სამწვრთნელო შტაბშიც იმუშავა.

კარლ რობინსონი (ვანკუვერ უაითქაფსი)
ამერილულ ლიგაში გადასვლამდე თამაშობდა "პორტსმუთსა"და "სანდერლენდში". 2013 წლიდან უელსის ნაკრების ყოფილი წევრი წარმატებით წვრთნის კანადურ კლუბს. არ არის გამორიცხული, მალე ბრიტანეთში დაბრუნდეს სამუშაოდ.

ლუიშ ფელიპე სკოლარი (გუანჯოუ ევერგრანდი)
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწვრთნელი მსოფლიოში. ინგლისში გაწვრთნა "ჩელსი", ბრაზილიას კი 2002 წლის მუნდიალი მოაგებინა. ის ბრაზილიას მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე დაუბრუნდა, მაგრამ გერმანიისგან მწარე ალიყური მიიღო და ჩინეთში წავიდა. "გუანჯოუში" მან უდიდეს წარმატებას მიაღწია, მოიგო რა გუნდთან ერთად ჩინეთის ლიგა და აზიის ჩემპიონთა ლიგა. თანაც, 6 თვის განმავლობაში თამაში არ წაუგია. მან პირველად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, "ბარსელონასთან" წააგო.

ოლე გუნარ სოლსკიაერი (მიოლდე)
"ბავშვისსახიანი მკვლელი" დღეს წარმატებული მწვრთნელია. ყველას გვახსოვს მის მიერ 1999 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩადენილი გმირობა. მწვრთნელის რანგში პირველი ნაბიჯები გადადგა ნორვეგიაში, სადაც "მიოლდე" გააჩემპიონა. მერე იყო წარუმატებელი დაბრუნება პრემიერლიგაში, უელსურ "კარდიფ სიტიში". ახლა ისევ "მოლდეში" დაბრუნდა. გუნდმა ევროპალიგის გათამაშებიდან თვით "სელტიკი" გამოთიშა.

ჯონ ტოშაკი (ვიდად კასაბლანკა)
ლეგენდარული უელსელი შემტევი ამ ქვეყნის ნაკრებსა და არაერთ ძლიერ გუნდს წვრთნიდა. მათ შორის - მადრიდის "რეალს". მაროკოს კლუბში დიდი წარმატებით მუშაობს. წინა სეზონში გუნდს იქაური ლიგა მოაგებინა, ახლა კი "ვიდად კასაბლანკა" ზამთრის ჩემპიონია მაროკოში.

პატრიკ ვიეირა (ნიუ იორკ სიტი)
"არსენალის" ვარსკვლავი 2005 წელს წავიდა "იუვენტუსში", მერე კი დაბრუნდა ინგლისში, სადაც "მანჩესტერ სიტის" მაისურა მოირგო. სამწვრთნელო კარიერა სწორედ "სიტიში" დაიწყო. ებარა 21-წლამდელთა გუნდი და მოიაზრებოდა გუნდის მომავალ ბოსად. იქნებ, ეს ახლაც ასეა. ვიეირა ამერიკულ კლუბს გაწვრთნის, რომელიც "სიტის" შვილობილია. გასულ სეზონში "ნიუ იორკ სიტი" ამერიკულ ლიგაში მეჩვიდმეტე იყო.

ჯანფრანკო ძოლა (ალ არაბი)
7 წლის განმავლობაში იტალიელი გენიოსის გარეშე "ჩელსის" წარმოდგენა შეუძლებელი იყო. მან გუნდთან ერთად მოიგო თასების მფობელთა თასი და ინგლისის თასი. მას შემდეგ, რაც "ვესტ ჰემსა" და "კალიარიში" ვერაფერს გამორჩა, 2015 წლის ივლისში ყატარის "ალ არაბიში" გადავიდა.

აბელ შავიერი (მოზამბიკი)
"ლივერპულისა" და "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი ძირითადად პორტუგალიის მეორე ლიგის გუნდებში მწვრთნელობდა. ის დათანხმდა ისტორიული სამშობლოს ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას და მოზამბიკის ნაკრები ჩაიბარა. მოზამბიკელებს არ აქვთ 2018 წლის მუნდიალზე მოხვედრის შანსი. სამაგიეროდ, გუნდი აფრიკის ეროვნებათა თასზე გასასვლელად იბრძვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული