პსჟ, "ბაიერნი" და... კიურასაო - სად წვრთნიან "ბარსელონას" ვეტერანები

AutoSharing Option
"ბარსელონას" არაერთი ვეტერანი ფეხბურთელი გამოვიდა სამწვრთნელო ასპარეზზე. ჩვენი წერილი სწორედ მათზეა. ვნახოთ, სად მუშაობენ პიროვნებები, რომლებმაც ბევრი დაუვიწყარი ფურცელი ჩაწერეს კატალონიური კლუბის ისედაც მდიდარ ისტორიაში.

აბელარდო
მის ცხოვრებაში სულ სამი გუნდი იყო. "სპორტინგში" თამაში დაიწყო, "ბარსელონაში" კარიერის საუკეთესო წლები გაატარა, "ალავესში" კი თამაში დაასრულა. მეგობრის, ლუის ენრიკესგან განსხვავებით, ეგრევე გრანდი არ ჩაიბარა. 2014 წელს მივიდა ხიხონის "სპორტინგში" და გუნდს პრიმერადივიზიონის საგზური მოუტანა.

ლუის ენრიკე
"რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილი ხიხონელი ვარსკვლავი სამწვრთნელო საქმეშიც მაგარია. "რომასა" და "სელტაში" კარგი გამოცდილება მიიღო. დღეს
კი "ბარსელონასთან" ერთად ყველაფერს იგებს.

ხრისტო სტოიჩკოვი
კრუიფის "ბარსელონა" დიდებული შემტევებით იყო გამორჩეული - სტოიჩკოვი, ლაუდრუპი, რომარიო. ლაუდრუპმა და სტოიჩკოვმა სამწვრთნელო საქმეს მოჰკიდეს ხელი. დანიელისგან განსხვავებით, ხრისტო იქ ვერაფერს აღწევს. ეს არცაა გასაკვირი, მისი ხასიათიდან გამომდინარე.

ხოსე მარია ბაკერო
"ბარსელონაში" არც ყველაზე ტექნიკური იყო და არც ფინტებით ანებივრებდა ხალხს. პირიქით, ხისტი და ზოგჯერ უხეშიც კი იყო, მაგრამ იოჰან კრუიფმა სწორედ მას ანდო კაპიტნის სამკლავური. სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი ვერაფერი შედეგები აქვს. ჯერ პერუში იმუშავა, ახლა კი ვენესუელის "დეპორტივოს" ტექნიკური დირექტორია.

ლორან ბლანი
მხოლოდ ერთი სეზონი ითამაშა "ბარსელონაში", მაგრამ რა სეზონი - "კამპ ნოუდან" სამი ტიტულით წავიდა! დიდებული მწვრთნელი დადგა. "ბორდოსა" და "პარი სენ-ჟერმენში" უკვე 8 ტურნირი მოიგო. ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. 50 წელი ხომ მწვრთნელისათვის საუკეთესო ხანაა.

ალბერტ სელადესი
განსაკუთრებული საფეხბურთო თვისებებით გამორჩეული არასოდეს ყოფილა. სამაგიეროდ, ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადა. ითამაშა "რეალსა" და "ბარსელონაში", მოიგო არაერთი ტიტული. ამჟამად ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნის.

ფილიპ კოკუ
"ნოუ კამპზე" 7 დაუვიწყარი სეზონი გაატარა. იყო გუნდის კაპიტანი. სამწვრთნელო კარიერის აწყობა სამშობლოში არჩია. 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო ბერტ ვან მაარვეიკის ასისტენტი. მაშინ ჰოლანდია ფინალში გავიდა. ახლა "ეინდჰოვენის" მწვრთნელია. მოაგებინა გუნდს ჰოლანდიის ჩემპიონატი და სუპერთასი. მიმდინარე სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა.

ალბერტ ფერერი
რვა წლის განმავლობაში შეუცვლელი ფეხბურთელი იყო "ბარსას" დაცვის მარჯვენა ფლანგზე. დაამტკიცა თავისი კლასი "ჩელსიში". კარიერის დასრულების შემდეგ რამდენიმე წელი დაისვენა, კომენტატორად იმუშავა და სამწვრთნელო სავარძელში მხოლოდ 2010 წელს ჩაჯდა. "ვიტესის" შემდეგ ჩაიბარა "კორდობა" და 42 წლის შემდეგ დაუბრუნა გუნდი ესპანურ პრიმერას. 2015 წელს ჩაიბარა "მალიორკა", თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

ფრანკ დე ბური
ხუთჯერ მოიგო "აიაქსთან" ერთად ჰოლანდიის ჩემპიონატი ფეხბურთელის რანგში, ოთხჯერ კი - მწვრთნელის. ამჟამადაც "აიაქსის" მწვრთნელია და ასისტენტად თავისი განუყრელი ძმა, რონალდი ჰყავს.

ხოსეპ გვარდიოლა
გვარდიოლას ტიტულების ჩამოთვლას აზრი არ აქვს. საკლუბო დონეზე მან ყველაფერი მოიგო. "ბარსელონასა" და "ბაიერნში" დაამტკიცა თავისი უმაღლესი სამწვრთნელო კლასი. ახლა "სიტიში" მიდის, სადაც მისგან რევოლუციურ ცვლილებებს ელიან.

პატრიკ კლაივერტი
მოქმედი ფეხბურთელობის ჟამს ყოველთვის უმოკლეს გზას ირჩევდა მოწინააღმდეგის კარისაკენ. მწვრთნელად გახდომის შემდეგ კი სხვანაირად მოიქცა. იყო რამდენიმე გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ჰოლანდიის ნაკრების მეორე მწვრთნელი. დამოუკიდებლად ჯერ "ტვენტეს" დუბლებს წვრთნიდა, ახლა კი კიურასაოს ეროვნულ გუნდს მოძღვრავს.

რონალდ კუმანი
ჩემპიონთა ლიგის 1992 წლის ფინალში ლეგენდარული გოლის ავტორი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოს შეეჭიდა სამწვრთნელო საქმეს - "ბარსელონასა" და ჰოლანდიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში. "აიაქსი", "ბენფიკა", "პსვ", "ვალენსია", "ფეიენოორდი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც კუმანმა სხვადასხვა დროს გაწვრთნა. ახლა ინგლისურ "საუთჰემპტონს" ხელმძღვანელობს.

მიკაელ ლაუდრუპი
დანიელი ფეხბურთელი ყოველთვის გრანდებში თამაშობდა - "იუვენტუსში", "ლაციოში", "რეალში", "ბარსელონაში", "აიაქსში"... მწვრთნელი - ლაუდრუპი ჯერ ასე წარმატებული ვერ არის. "ბრონდბიუსთან" ერთად მან დანიის ჩემპიონატის ოქრო მოიგო. "ლეხვიასთან" ერთად ყატარში იჩემპიონა. "სუონსის" ინგლისის ლიგის თასი მოაგებინა და ჯერ ეს მის სამწვრთნელო კარიერაში მთავარი მიღწევაა.

ხუან ანტონიო პიცი
საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდა. "ბარსელონა" თავისთავად და ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა. პიცი არგენტინელია, თუმცა ნატურალიზაციის შემდეგ მისთვის "ფურია როხას" კარი გაიღო. ითამაშა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. წვრთნიდა 8 სხვადასხვა კლუბს, ბოლოს კი ჩილეს ნაკრებამდე მივიდა.

სერხი ბარხუანი
"ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში გადადგა პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები. მერე "რეკრეატოვო" ჩაიბარა. ცოტა ხნის წინ "ალმერიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული