ევროუქმეების წინ. მთავარი კითხვა: "ბარსა" თუ "რეალი"?

AutoSharing Option
ეს უქმეებიც და საკლუბო პირველობები ევროპის მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში დასრულდება.

ჩვენ უკვე კარგა ხანია, ვიცით, რომ თავიანთ ქვეყნებში "პარი სენ-ჟერმენმა", "იუვენტუსმა", "ლესტერმა" და "ბაიერნმა" იმარჯვეს.

გასარკვევია მხოლოდ ყველაზე ძლიერი პირველობის, ესპანური პრიმერას ტიტულის მფლობელის ვინაობა - "ბარსელონა" თუ "რეალი".

ლა ლიგა: რა დარჩა გასარკვევი
* ღიაა მთავარი საკითხი - ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი. საკითხი მარტივადაა - თუ "ბარსელონა" სტუმრად დაამარცხებს "გრანადას", ის ჩემპიონია. "რეალს" მოგება სჭირდება "დეპორტივოსთან" და "ბარსას" ვერმოგება. "სამეფო კლუბი" მხოლოდ ამ შემთხვევაში გახდება ჩემპიონი, ვინაიდან ტოლი ქულების შემთხვევაში
უპირატესობა კატალონიური კლუბის მხარესაა.

* გასარკვევია, ვინ დაემშვიდობება ლა ლიგას "ლევანტესთან" ერთად - "ხეტაფე" (36 ქულა), ხიხონის "სპორტინგი" (36) თუ "რაიო ვალეკანო" (35). ამ სამეულიდან ორი გავარდება. მართალია, "გრანადას" 39 ქულა აქვს და ქულებით მისი დაწევა "ხეტაფეს" და "სპორტინგს" შეუძლიათ, მაგრამ ანდალუსიელებს ურთიერთშეხვედრებში უკეთესი ბალანსი აქვთ და თავი ქუდში აქვთ.

* გასარკვევია, ვინ დაიკავებს მეხუთე ადგილს, რომელიც ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას იძლევა. "სელტას" მადრიდში "ატლეტიკოსთან" მოგება ამ საგზურს გაუნაღდებს. მისი კონკურენტი "ბილბაო" ქულით ჩამორჩება და "სევილიას" მასპინძლობს, რომელიც უმოტივაციოა.

* პიჩიჩისა და "ოქროს ბუცისთვის" იბრძვის ლუის სუარესი, რომელსაც 37 გოლი აქვს გატანილი და 4 გოლით უსწრებს კონკურენტ კრიშტიანო რონალდოს.

გრანადა-ბარსელონა
რასაკვირველია, ძალზე მნიშვნელოვანია მატჩი "რიასორზეც", სადაც "დეპორტივო" "რეალს" მასპინძლობს, მაგრამ ამ შეხვედრაზე წინ ანდალუსიური დაპირისპირებაა, რადგან, თუ "ბარსელონა" მოიგებს, გალისიურ დაპირისპირებას აზრი აღარ აქვს. ახლახან ხავიერ მასკერანომ შენიშნა, ჩვენ მარტო მეტოქეს კი არ ვეთამაშებით ხოლმე, არამედ საკუთარ თავებსაცო. მართლაც, სწორი შენიშვნაა.

რისი იმედი უნდა ჰქონდეს "რეალს"? რა თქმა უნდა, იმის ალბათობა, რომ ლუის ენრიკეს კრებულს უმოტივაციო "გრანადასთან" ჩავარდნა მოუვა, მცირეა, მაგრამ ისტორიულ სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, ამის შანსი მაინც არსებობს - 21-ე საუკუნეში "ბარსელონამ" ბოლო ტურში მხოლოდ შვიდჯერ მოიგო 16 სეზონიდან!

გასულ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდმა ფრე ითამაშა "დეპორთან" და თუ ასეთი რამ გაიმეორა, ეს "ბარსას" ძვირი დაუჯდება. ლუის ენრიკეს ძირითადი შემადგენლობიდან ტრავმირებული მხოლოდ მეკარე რაულ ბრავო ჰყავს, რომელსაც სრუფასოვანი შემცვლელი ჰყავს - მარკ-ანდრე ტერ შტეგენი.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - დ. ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა - მესი, ლ. სუარესი, ნეიმარი.

პრემიერლიგა: რა დარჩა გასარკვევი
* "ტოტენჰემს" ქულაც ეყოფა იმისთვის, რომ მეორე ადგილი გაინაღდოს, რადგან "არსენალთან" შედარებით ბურთების სხვაობაში დიდი უპირატესობა აქვს, თუნდაც იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ "მეთოფეები" ბოლოადგილოსან "ასტონ ვილას" მასპინძლობენ.

* ბურთების სხვაობის მხრივ, "სიტის" კიდევ უფრო დიდი უპირატესობა აქვს თანაქალაქელ "მანჩესტერთან". შესაბამისად, "ქალაქელებს" "ლიბერთი სტედიუმზე" "სუონსისთან" ქულაც ხელს აძლევთ.

* თუ "ვესტ ჰემს" "ბრიტანიაზე" "სტოკთან" მოგება არ გამოუვა, შესაძლოა, მე-6 ადგილი დაკარგოს. მე-6 ადგილზე წინ "ჩაქუჩები", სავარაუდოდ, მაინც ვერ გავლენ. თუ სლავენ ბილიჩის კლუბს ფეხი დაუცდება, "საუთჰემტონს" ერთი საფეხურით ანაცვლების შანსი ექნება. "წმინდანები" "კრისტალ პალასს" მასპინძლობენ, რომელიც ასოციაციის თასის ფინალზე ფიქრობს და ალბათ, "სენტ მერიზე" თავს არ მოიკლავს. რონალდ კუმანის გუნდმა სულ ცოტა, მე-7 ადგილი არ უნდა დაკარგოს, "საუთჰემპტონთან" ქულაში "ლივერპულია", რომელიც თავის მხრივ, ევროპალიგის ფინალზე ფიქრითაა დაკავებული.

* ძალიან დაძაბული ბრძოლაა ბომბარდირობისთვის. ჰარი კეინს ერთბურთიანი უპირატესობა აქვს. ერთი მხრივ, მას მარტივი მატჩი აქვს "სენტ ჯეიმს პარკზე" გავარდნილ "ნიუკასლთან", მაგრამ მეორე მხრივ, "კაჭკაჭებს" კარის გაჯახუნება მაინც ენდომებათ. მსგავს სიტუაციაში არიან ჯეიმი ვარდიც და სერხიო აგუეროც. ორივე საგარეო შეხვედრას ატარებს და ორივე იდეაში, უმოტივაციო გუნდს ხვდება, მაგრამ ადვილი არც "ჩელსისთან" თამაში იქნება და არც კარგ ფორმაში მყოფ "სუონსისთან".

სუონსი-სიტი
"სუონსიმ" არაერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე ძალიან ადვილად მოუგო "ბოლეინ გრაუნდზე" "ვესტ ჰემს", რომელსაც ქულები გაცილებით მეტად სჭირდებოდა. თუ "თეთრი გედები" ასევე ითამაშებენ, მათ "სიტისთან" გამარჯვების შანსიც ექნებათ.

მართლაც საინტერესოა, რას უმზადებს ფრანჩესკო გვიდოლინი მანუელ პელეგრინის, რომელიც "ქალაქელების" თავკაცის პოსტზე თავის ბოლო მატჩს ჩაატარებს და შეეცდება, ღირსეულად წავიდეს და ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაუტოვოს. იმას ვინღა ჩივის, რომ პეპს საკვალიფიკაციო ეტაპის გზით მოუწევს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, იქ კი "სიტის", დიდი შანსია, სერიოზული მეტოქე ჰყავდეს.

უელსურ კლუბში ბევრი ცვლილება იგეგმება. დარჩება თუ არა გვიდოლინი, ესეც უცნობია. სამაგიეროდ, ვიცით, რომ ცვლილებები იგეგმება ხელმძღვანელობასა და შემადგენლობაში. სხვათა შორის, მანჩესტერელთა რიგებში გაშვებული უილფრიდ ბონის უკან მიბრუნებაც არ არის გამორიცხული. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა კოტდივუარელი ყოფილი და შესაძლოა, მომავალი გუნდის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, აუცილებლად ითამაშებს სერხიო აგუერო, რომელიც ბომბარდირობას უმიზნებს.

სიტი (სავარაუდო): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ნავასი, ფერნანდინიო, ფერნანდო, დე ბრუინი - იჰეანაჩო, აგუერო.

სერია A: რა დარჩა გასარკვევი
* ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართება, სადაც "მილანი" "რომას" უმასპინძლებს. ორივე გუნდს სატურნირო მოტივაცია აქვს, მაგრამ ორივე სხვა თამაშზეა დამოკიდებული. "რომას" მეორე ადგილზე სურს ანაცვლება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ნეაპოლში "ნაპოლიმ" "ფროზინონეს" ვერ მოუგოს. ბუნებრივია, თვითონ "რომამ" აუცილებლად უნდა სძლიოს "მილანს", რაც ასევე არ იქნება იოლი საქმე.

* თავის მხრივ, "მილანიც" სხვა თამაშზეა დამოკიდებული, რომელსაც ევროპალიგის საგზურის მოპოვება სურს. "როსონერი" მე-6 ადგილზე ლამობს ჩემპიონატის დასრულებას, ამ პოზიციას კი "სასუოლო" იკავებს, რომელსაც "ინტერთან" უწევს საშინაო შეხვედრა. თუ ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი სძლევს უმოტივაციო "ინტერს", "მილანი" მე-7 ადგილზე დარჩება და ევროპალიგაზე მოხვედრის ერთი შანსი დარჩება: იტალიის თასის ფინალში "იუვენტუსის" ძლევა.

* გასარკვევია იმ მესამე გუნდის ვინაობა, რომელიც "ვერონასთან" და "ფროზინონესთან" ერთად, სერია A-ს დატოვებს. "პალერმო" შინ გავარდნილ "ვერონას" ხვდება და თუ მოიგებს, ქვედა ლიგაში "კარპის" გაისტუმებს. თავის მხრივ, "კარპი" "უდინეზესთან" შეეცდება სამი ქულის მოპოვებას, მაგრამ "მილანის" და "რომასი" არ იყოს, არც ისაა მხოლოდ საკუთარ თავზე დამოკიდებული.

მილანი-რომა
"მილანს" და "რომას" დასაკარგი არაფერი აქვთ და ამიტომ, წესით, შემტევი, სანახაობრივი და საინტერესო მატჩი უნდა ვიხილოთ. კრისტიან ბროკი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს და შეტევაში კარლოს ბაკას მარიო ბალოტელის შეუწყვილებს.

ლუჩანო სპალეტი, სავარაუდოდ, 4-3-3 სქემას დაეყრდნობა და წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავის, მოჰამედ სალაჰს და დიეგო პეროტის გაამწესებს. ისევ თადარიგში იქნება ედინ ჯეკო, რომელსაც სპალეტი არ ენდობა და დიდი შანსია, რომ ზაფხულში ბოსნიელმა გუნდი დატოვოს.

მატჩის წინ ბროკიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ "სასუოლოს" "ინტერთან" რთული თამაში აქვს და შესაბამისად, მე-6 ადგილზე გასვლის შანსი რეალურია. მწვრთნელმა დასძინა, რომ იტალიის თასის ფინალის წინ კარგი განწყობის შექმნა აუცილებელია და ამისთვის "რომას" დამარცხებაა საჭირო. სპალეტის თქმით, სეზონის მეორე ნახევარში "რომა" შესანიშნავად ასპარეზობს და გზის ლოგიკური დასასრული მილანში გამარჯვება იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, მონტოლივო, მაური - ბონავენტურა - ბალოტელი, ბაკა
რომა (4-3-3): შჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინე - დე როსი, პიანიჩი, ნაინგოლანი - ელ შაარავი, სალაჰი, პეროტი.

ბუნდესლიგა. რა დარჩა გასარკვევი
* მართალია, თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ "გლადბახმა" მეოთხე ადგილი დაკარგოს, რადგან "მაინცს", "ჰერტას" და "შალკეს" 3 ქულით უსწრებს, მაგრამ პრაქტიკულად, ეს გამორიცხულია, რადგან მიონხენგლადბახელებს გაცილებით უკეთესი ბურთების შეფარდება აქვთ. "გლადბახი" ბოლო ტურში ნაღდად არ წააგებს 0:5-ს და პარალელურად, ვერც "მაინცი" მოიგებს 5:0-ს.

* შესაბამისად, ისიც ვიცით, რომ ევროპალიგაში სწორედ "მაინცი", "ჰერტა" და "შალკე" იასპარეზებენ, მაგრამ სამივეს თანაბარი ქულები აქვს და გასარკვევია, ვინ რომელ ადგილზე გავა - ანუ რომელ მათგანს მოუწევს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაწყება.

* ამრიგად, მთავარი ინტრიგა გასავარდნ ზონაშია. "შტუტგარტი", "ვერდერი", "აინტრახტი" - რომელი მათგანი დაქვეითდება პირდაპირ მეორე ბუნდესლიგაში "ჰანოვერთან" ერთად და რომელი აიცილებს თავიდან სარელეგაციო მატჩს მეორე ბუნდესლიგის მესამეადგილოსანთან?

ვერდერი-აინტრახტი
სამეულიდან "შტუტგარტი" ყველაზე მძიმე დღეშია და ფაქტობრივად, ცალი ფეხით მეორე ბუნდესლიგაშია, რადგან შვაბებს მხოლოდ ის აწყობთ, რომ "ვერდერმა" საკუთარ მოედანზე "აინტრახტთან" წააგოს, თავად "შტუტგარტმა" კი "ვოლფსბურგში" უნდა გაიმარჯვოს. "შტუტგარტისთვის" არის მეორე, უფრო რთული და გაცილებით არარეალური ვარიანტიც: "ვერდერმა" დიდი ანგარიშით უნდა დაამარცხოს "აინტრახტი" და თავად "შტუტგარტმა" ასევე დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს "ვოლფსბურგში".

თუ "ვერდერი" და "აინტრახტი" ფრეს ითამაშებენ, "შტუტგარტი" განწირულია, მაგრამ შვაბთა იმედი ის არის, რომ "ვერდერს" ძალიან უნდა "აინტრახტის" დამარცხება, რადგან ბრემენელების მიზანი მე-16 ადგილისთვის და სარელეგაციო მატჩისთვის არიდებაა. ბრემენელები აცხადებენ, რომ მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვება და მე-15 ადგილზე გასვლაა. "აინტრახტს" კი ფრეც აწყობს, მაგრამ მწვრთნელი ნიკო კოვაჩი აცხადებს, ფრეზე თამაში ჩვენთვის სახიფათოაო.

სავარაუდო შემადგენლობები
ვერდერი (4-1-4-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, ვესტერგაარდი, ჯილობოჯი, ს. გარსია - გრილიჩი - იოზთუნალი, ფრიტცი, იუნუზოვიჩი, ილდირიმი - პისარო
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - რეგეზელი, აბრაამი, რუსი, ოჩიპკა - შტენდერა, ჰასებე - აიგნერი, გაჩინოვიჩი, ბენ-ჰატირა - სეფეროვიჩი.

ლიგა 1: რა დარჩა გასარკვევი
* ჩემპიონის ვინაობა დიდი ხანია გაირკვა. ვიცით მეორეადგილოსნის ვინაობაც. "ლიონმა" რომც წააგოს, ბურთების სხვაობის მხრივ იმხელა უპირატესობა აქვს, რომ ადგილს არ დაკარგავს.

* სამაგიეროდ, ბურთების სხვაობის მხრივ კარგი სიტუაცია არ აქვს "მონაკოს", რომელმაც აუცილებლად უნდა მოუგოს "მონპელიეს", თორემ ჩემპიონთა ლიგის საგზურს დაკარგავს, თუ "ნიცა" თავის შეხვედრას მოიგებს. ნიცელები კი უმოტივაციო "გენგამს" ეთამაშებიან.

* ჯაბა კანკავას "რეიმსი", როგორც ჩანს, ლიგა ერთს დაემშვიდობება. გუნდმა ზედიზედ 4 მარცხი მიაყოლა და ბოლოსწინა ადგილზე დაეშვა. რეიმსელებმა რომც მოიგონ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩებიან, თუ ვერც "გაზელეკ აიაჩო" მოიგებს და ვერც "ტულუზი". ერთადერთი კარგი რეიმსელთათვის ისაა, რომ "ლიონი" უმოტივაციოა, მაგრამ კონკურენტებს უფრო სუსტი მეტოქეები ჰყავთ - კორსიკელები "ლორიანს" სტუმრობენ, ხოლო "ტულუზი" "ანჟერს" ეწვევა.

* "სენტ ეტიენი" და "ლილი" ერთმანეთში ევროსაგზურს გაათამაშებენ. მათი ურთიერთშეხვედრის გათვალისწინებით, "ნიცას" მინიმუმ, მე-5 ადგილი განაღდებული აქვს.

* "პარი სენ-ჟერმენი" "ნანტს" მასპინძლობს და შეეცდება, 100-გოლიან ნიშნულს მიაღწიოს ან გადასცდეს კიდეც. პარიზელებს ამ წუთისთვის 98 ბურთი აქვთ გატანილი.

* ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უკვე რამდენჯერმე გააუმჯობესა თავისივე რეკორდი. ახლა შვედს 36 გოლი აქვს გატანილი და შეეცდება, მონაგარი კიდევ უფრო გაიუმჯობესოს.

მონაკო-მონპელიე
"მონაკოს" საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და გამარჯვება მოიპოვოს, თორემ მესამე ადგილს დაკარგავს, რამაც შესაძლოა, ის გამოიწვიოს, რომ პორტუგალიელი ლეონარდო ჟარდიმი პოსტს დაკარგავს. რასაკვირველია, ეს კლუბის უფროსობის ბიზნესგეგმებზეც ცუდად აისახება, რადგან "მონაკოს" ტალანტების ფასი შედარებით დაეცემა. მონეგასკების პრობლემა უცვლელია - გოლების სიმწირე, კლუბის საუკეთესო ბომბარდირი ნახევარმცველი ბერნარდო სილვაა 7 ბურთით.

აგრეთვე პრობლემაა "ლუი მეორეზე" ფანების სიმწირე, რის გამო შინ თამაში გუნდს ემძიმება. ფრე ჟარდიმის ბიჭებს არ აწყობთ, რადგან ბურთების სხვაობა არ უწყობთ ხელს და მოსაგებად უნდა ითამაშონ, რაც ადვილი არ იქნება, რადგან "მონპელიე" კარგ ფორმაშია, ზედიზედ 4 მოგება აქვს.

ფრედერიკ ჰანტცის გუნდს რიად ბუდებუზი დირიჟორობს, რომ ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მეპასეა. ერთი ესაა, "მონპელიეს" "მონაკო 1994 წლის მერე არ დაუმარცხებია….

ინგლისი. პრემიერლიგა. ბოლო ტური
კვირა. 15 მაისი
არსენალი-ასტონ ვილა 18:00
მანჩესტერი-ბორნმუთი 18:00
საუთჰემპტონი-კრ. პალასი 18:00
ჩელსი-ლესტერი 18:00
ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 18:00
სუონსი-სიტი 18:00
ევერტონი-ნორვიჩი 18:00
უოტფორდი-სანდერლენდი 18:00
ნიუკასლი-ტოტენჰემი 18:00
სტოკი-ვესტ ჰემი 18:00

დისკვალიფიკაცია: დემბელე, ალი (ტოტენჰემი); ფელაინი (მანჩესტერი); ჰუთი (ლესტერი); ტერი (ჩელსი).

იტალია. სერია A. ბოლო ტური
შაბათი. 14 მაისი
იუვენტუსი-სამპდორია 19:00
ნაპოლი-ფროზინონე 22:45
სასუოლო-ინტერი 22:45
მილანი-რომა 22:45

კვირა. 15 მაისი
ჯენოა-ატალანტა 20:00
კიევო-ბოლონია 20:00
ემპოლი-ტორინო 20:00
უდინეზე-კარპი 22:45
ლაციო-ფიორენტინა 22:45
პალერმო-ვერონა 22:45

დისკვალიფიკაცია: ვივესი (ტორინო); მჭედლიძე (ემპოლი); ალექს სანდრო (იუვენტუსი); ბილია, ჯორჯევიჩი (ლაციო); ა. დიავარა (ბოლონია).

გერმანია. ბუნდესლიგა. ბოლო ტური
შაბათი. 14 მაისი
ბაიერნი-ჰანოვერი 17:30
დორტმუნდი-კიოლნი 17:30
ლევერკუზენი-ინგოლშტადტი 17:30
ვოლფსბურგი-შტუტგარტი 17:30
აუგსბურგი-ჰამბურგი 17:30
ვერდერი-აინტრახტი 17:30
ჰოფენჰაიმი-შალკე 17:30
მაინცი-ჰერტა 17:30
დარმშტადტი-გლადბახი 17:30

დისკვალიფიკაცია: ჰუსტი (აინტრახტი); მხითარიანი (დორტმუნდი); სორენსენი (კიოლნი), იბიშევიჩი (ჰერტა); ვენდტი (გლადბახი); გორეტცკა (შალკე); სუნჯიჩი (შტუტგარტი); ჰაკი (მაინცი); ვაგნერი (დარმშტადტი); იედვაი (ლევერკუზენი); ბარტელსი (ვერდერი).

ესპანეთი. ლა ლიგა. ბოლო ტური
პარასკევი. 13 მაისი
ვალენსია-სოსიედადი 22:30

შაბათი. 14 მაისი
დეპორტივო-რეალი 19:00
გრანადა-ბარსელონა 19:00
ბილბაო-სევილია 21:30
ატლეტიკო-სელტა 21:30

კვირა. 15 მაისი
მალაგა-ლას პალმასი 14:00
სპორტინგი-ვილიარეალი 19:00
ბეტისი-ხეტაფე 19:00
ვალეკანო-ლევანტე 19:00
ესპანიოლი-ეიბარი 21:00

დისკვალიფიკაცია: ვიგარაი (ხეტაფე); კანიასი (ესპანიოლი); ადანი, სეხუდო (ბეტისი); ფუეგო, პერესი, როდრიგო (ვალენსია); გრანერო, ოიერი (რეალ სოსიედადი); კასესი (სპორტინგი); კაბრალი (სელტა); ნაჩო (რეალი); ლაპორტი (ბილბაო); რუბენ გარსია (ლევანტე), ნ'ზონზი (სევილია).

საფრანგეთი. ლიგა 1. ბოლო ტური
შაბათი. 14 მაისი
ანჟერი-ტულუზი 23:00
მონაკო-მონპელიე 23:00
სტ. ეტიენი-ლილი 23:00
გენგამი-ნიცა 23:00
ტრუა-მარსელი 23:00
ლორიანი-გაზ. აიაჩო 23:00
პსჟ-ნანტი 23:00
კაენი-ბორდო 23:00
რეიმსი-ლიონი 23:00
რენი-ბასტია 23:00

დისკვალიფიკაცია: პერენი, ტაბანუ, მალკუა (სტ. ეტიენი); რომაო, ბატშუაი, მენდი (მარსელი); ლ. ტრაორე (მონაკო); თომასი, მანგანი (ანჟერი); გასამა (ლორიანი); ობადი (ლილი); კურტი (ტრუა); მოდესტო (ბასტია).

ბომბარდირები
37 ლუის სუარესი ბარსელონა
36 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
33 კრიშტიანო რონალდო რეალი
33 გონსალო იგუაინი ნაპოლი
29 რობერტ ლევანდოვსკი ბაიერნი
26 ლიონელ მესი ბარსელონა
25 ჰარი კეინი ტოტენჰემი
25 პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდი
24 ჯეიმი ვარდი ლესტერი
24 ქარიმ ბენზემა რეალი
24 ნეიმარი ბარსელონა
24 სერხიო აგუერო სიტი

ასისტენტები
18 მესუთ იოზილი არსენალი
16 ანხელ დი მარია პსჟ
16 ლიონელ მესი ბარსელონა
16 ლუის სუარესი ბარსელონა
15 ჰენრიკ მხითარიანი დორტმუნდი
14 კოკე ატლეტიკო
13 კრისტიან ერიკსენი ტოტენჰემი
13 ზლატან იბრაჰიმოვიჩი პსჟ
12 დიმიტრი პაიე ვესტ ჰემი
12 დუშან ტადიჩი საუთჰემპტონი
12 პოლ პოგბა იუვენტუსი

სერიები
პრემიერლიგა
მოგებები: საუთჰემპტონი - 3
წაუგებელი: ლესტერი - 11
ფრეები: -
მოუგებელი: ასტონ ვილა - 12*
წაგებები: ევერტონი, უოტფორდი - 2
მშრალი მატჩი: ნიუკასლი - 2
უგოლო მატჩი: -

ლა ლიგა
მოგებები: რეალი - 11*
წაუგებელი: რეალი - 11
ფრეები: -
მოუგებელი: ეიბარი, ვალეკანო - 4
წაგებები: ვალეკანო - 3
მშრალი მატჩი: ბარსელონა - 4*
უგოლო მატჩი: -

სერია A
მოგებები: რომა - 4
წაუგებელი: რომა - 16*
ფრეები: ფიორენტინა - 2*
მოუგებელი: ფიორენტინა, ფროზინონე - 4
წაგებები: კარპი, სამპდორია - 2
მშრალი მატჩი: პალერმო - 3
უგოლო მატჩი: კიევო - 3*

ბუნდესლიგა
მოგებები: აინტრახტი - 3
წაუგებელი: ბაიერნი - 9
ფრეები: კიოლნი, აუგსბურგი - 2*
მოუგებელი: შტუტგარტი - 8
წაგებები: შტუტგარტი - 5*
მშრალი მატჩი: კიოლნი - 2
უგოლო მატჩი: კიოლნი, ჰამბურგი - 2

ლიგა 1
მოგებები: მონპელიე - 4
წაუგებელი: ლიონი - 10
ფრეები: -
მოუგებელი: რენი - 5
წაგებები: რეიმსი - 4
მშრალი მატჩი: ლილი - 3
უგოლო მატჩი: ლორიანი, ანჟერი - 3*

* ტოპ-5-ის ლიდერები ამ სერიაში

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული