ტიაგო ალკანტარა - ტიკი-ტაკას კაცი

AutoSharing Option
"სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. გავიდა წვალებით, ცუდი თამაშით და კიდევ უფრო ცუდი ხასიათით, მაგრამ მაინც გავიდა. ჩილელი მანუელ პელეგრინი ვალმოხდილი წავიდა გუნდიდან და ამ გუნდში სულ მალე პეპ გვარდიოლა მოვა.

ახალი სისხლის აუცილებლობა
"სიტის" აუცილებლად სჭირდება ახალი ფეხბურთელები. სუპერვარსკვლავები თუ არა, ნაღდი ვარსკვლავები მაინც. უკვე დიდი ხანია, გუნდის ძირითადი ბირთვი ერთად მოდის და გარკვეულწილად შეიძლება იმის თქმა, რომ ამ ბირთვმა საკუთარი თავი ამოწურა.

მართლაც, რომ გადავხედოთ, ვის შეუძლია "სიტის" შემადგენლობიდან მომატება? ასეთი, ალბათ, მხოლოდ კუნ აგეროა. არგენტინელის რეზერვი ამოუწურავია და მას
შეუძლია, თვისობრივად ახალ დონეზე გავიდეს.

ნიგერიელი კელეჩი იჰეანაჩო ჯერ პატარაა და ის აუცილებლად მოუმატებს, თუმცა ეს მის ასაკში ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება. დანარჩენი? ერთი კევინ დე ბრუინი გვახსენდება, თორემ "სიტი" უკვე წაკითხულ წიგნს ჰგავს.

მწვრთნელის სიდიადეც იმაშია, რომ ხანდახან წაკითხულ წიგნს მეორედ მეტი მგზნებარებით წაგაკითხებს, მაგრამ ხოსეპ გვარდიოლას რამდენიმე ახალი მოთამაშე მაინც დასჭირდება. თუნდაც - საერთო კლიმატის გამოსაცოცხლებლად.

ახლა "სიტიში" მოსახდენ ტრანსფერებზე ძალიან ბევრს წერენ. ოფიციალურად ჯერ არაფერი გაცხადებულა, მაგრამ ამბობენ, რომ პეპს ძალიან უნდა, "ეტიჰადზე" "ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი, ტიაგო ალკანტარა წაიყვანოს.

რატომ ტიაგო?
ტიაგო ალკანტარა პეპ გვარდიოლას რჩეულია. ჯერ კიდევ "ბარსელონაში" მუშაობისას პეპი ენდო ყველასათვის უცნობ ფეხბურთელს. ტიაგომ მაგრად გაამართლა. ის არათუ რამეს აფუჭებდა იმ დიდებულ "ბარსაში", არამედ აკეთებდა კიდეც.

სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ "ბაიერნთან" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პეპი ტიაგოს მიუნხენში წაიყვანდა და საბოლოო ჯამში სწორედ ასე მოხდა. რად უნდოდა გვარდიოლას ალკანტარა?

თავდაპირველად, როცა გვარდიოლას მიუნხენში მივიდა, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ გუნდში "ტიკი-ტაკა" მიეტანა. ასეთ ფეხბურთს კი მსოფლიოში ლამის ყველაზე მაგრად ტიაგო თამაშობს. რა თქმა უნდა, იმ მოცემულობაში პეპს "ბარსადან" მესის, ინიესტას და ჩავის არავინ გაატანდა.

ტიაგო "ბაიერნში" განსაკუთრებული მისიით მივიდა. მას უნდა განეპირობებინა გვარდიოლას გაწვრთნილი "ბაიერნის" სახე. ამას ბევრმა ფაქტორმა შეუშალა ხელი. გვარდიოლას გერმანიაში ეგრევე აგრძნობინეს, რომ ის ცარიელ ადგილას არ მისულა და რომ "რეკორდმაისტერს" აქვს თავისი სტილი და თუ იმ სტილში ცვლილება შევა, მხოლოდ და მხოლოდ მინიმალური.

სწორედ ამის "ბრალიც" უნდა იყოს ის, რომ ტიაგო "ალიანც არენაზე" ბოლომდე ვერ გაიხსნა. ახლა "რეკორდმაისტერში" ისეთი მწვრთნელი მიდის, რომ იქ ტიაგოს ადგილი საერთოდ აღარ არის და უკეთესი იქნება, თუ ესპანელი გვარდიოლას სიტიში გაჰყვება.

რა ელის ტიაგოს ინგლისურ კლუბში?
გვარდიოლას და მის მიერ მიყვანილ ფეხბურთელს "მანჩესტერ სიტიში" უდიდესი თავისუფლება ექნებათ. კატალონიელს ინგლისურ კლუბში შემთხვევით როდი დაუძახეს - მან უნდა შექმნას გუნდის საფირმო სტილი, რომელიც "სიტის" ჯერ კიდევ არ აქვს.

აქედან გამომდინარე, "სიტის" აუცილებლად გამოადგება "ტიკი-ტაკას" კაცი. ჩვენ უკვე წლებია, მაღალ დონეზე მოთამაშე ტიაგო ალკანტარას ვხედავთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ჯერ მხოლოდ 25 წლისაა. ეს კი ის ასაკია, როცა ფეხბურთელს თავისუფლად შეუძლია, პროგრესი განიცადოს.

პეპის ამოცანები
"სიტიში" მისულ პეპ გვარდიოლას სამი კონკრეტული ამოცანა აქვს. 1. შექმნას გუნდის სტილი. 2. დაუბრუნოს გუნდს ინგლისის ჩემპიონის ტიტული. 3. მთავარი ამოცანა - დახარჯული მილიონების შემდეგ "სიტიმ" ბოლოს და ბოლოს, აღმართოს ჩემპიონთა თასი.

ვერაფერს იტყვი, კატალონიელი სპეციალისტი მართლაც უაღრესად საპასუხისმგებლო ამოცანას ეჭიდება. ამ ამოცანების გადასაჭრელად მას ერთგული მოკავშირე სჭირდება. ტიაგო ალკანტარა ზუსტად ასეთია.

"ბაიერნმა" კი "ტიკი-ტაკას" კაცზე ირიბად უკვე თქვა უარი. ამის ნიშანი იყო "ბენფიკას" უნიჭიერესი ცენტეალური ნახევარმცველის, რენატო სანჩესის ყიდვა. "ბაიერნმა" უკვე გაუშვა გვარდიოლა და ახლა გვარდიოლას ერის ყველაზე დამახასიათებელ შტრიხს, ტიაგო ალკანტარასაც გაუშვებს.

რას ვიზამთ, ასეთია გრანდების ზნე. მით უმეტეს, იმ გრანდებისა, ტრადიცია საძძებარი რომ არ აქვთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გელოდებით ტიაგო.პეპ კომანსაც თუ გამოაყოლებ ხელს უკეთესი იქნება
აგუერო10
14:37 22-05-2016
0

სიახლეები პოპულარული