გრანდთა გრანდები: გუნდები, რომლებიც მუდამ წარმატების ზენიტში არიან

AutoSharing Option
ევროპულ საკლუბო ფეხბურთში 2015/2016 წლების სეზონი დასრულდა და ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესოები გამოვლინდნენ.

სენსაცია იყო "ლესტერის" გამარჯვება, სამაგიეროდ "იუვენტუსის", "ბარსელონას" და "ბაიერნის" გაჩემპიონება არ გაკვირვებია არავის.

და მაინც, რომელი კლუბები იგებენ ყველაზე ხშირად ევროპის საუკეთესო პირველობებს? - ქვემოთ, ტოპ 10-ეულს, ანუ გრანდთა გრანდებს გავეცნოთ, საუკეთესოების გამოვლენისას კი არამხოლოდ საჩემპიონო ტიტულები, არამედ კლუბების ასაკი და შესაბამისად, მათ მიერ უმაღლეს ლიგაში ჩატარებული სეზონების რაოდენობაა გათვალისწინებული.

10. არსენალი
13 ტიტული 118 სეზონში (11%)
ლონდონის "არსენალს" ინგლისის უმაღლეს ლიგაში 118 სეზონი აქვს გატარებული, ჩემპიონი კი
13-ჯერ გახდა. მეთოფეებს ოქროს ხანა ჰქონდათ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც 6 წლის განმავლობაში, 5 საჩემპიონო ტიტული მოიგეს.

შემდეგ თითო 10-წლეულში თითოჯერ ხდებოდა ჩემპიონი, კიდევ ერთი ოქროს ხანა კი 90-იანი წლების ბოლო და 21-ე საუკუნის დასაწყისი გახლდათ, როდესაც ლონდონელებმა 3 საჩემპიონო ტიტული მოიპოვეს: 1997/98, 2001/02 და 2003/04 წლების სეზონებში. ბოლო 3 ტროფეი გუნდმა არსენ ვენგერის თავკაცობით მოიგო, რომელიც დღესაც "არსენალის" მთავარი მწვრთნელია.

9. ატლეტიკო
10 ტიტული 85 სეზონში (11.7%)
"ატლეტიკოს" 3-ით ნაკლები საჩემპიონო ტიტული აქვს, ვიდრე "არსენალს", მაგრამ ეს გუნდი უფრო გვიანაც შეიქმნა და შესაბამისად, უფრო ცოტა სეზონიც აქვს თავისი ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული. "ატლეტიკო" მარტო დღეს არაა ევროპული საკლუბო ფეხბურთის ავანსცენაზე - საკმაოდ მდიდარი ისტორია აქვს, ესპანეთის ჩემპიონი კი 10-ჯერ გახდა.

"ატლეტიკოს" შესანიშნავი გუნდები ჰყავდა გასული საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, 60-იანი წლების შუაში და 70-იანი წლების სტარტზე, როდესაც მოიხვეჭა კიდეც ამ ტიტულების დიდი ნაწილი. მადრიდელთა ბოლო ტრიუმფი 2013/14 წლების სეზონი იყო, როდესააც დიეგო სიმეონეს გუნდმა მოულოდნელად "ბარსელონასაც" აჯობა და "რეალსაც".

8. ლივერპული
18 ტიტული 118 სეზონში (15.2%)
"ლივერპულის" მდიდარ წარსულსა და ისტორიაზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. მხოლოდ იმის თქმა რად ღირს, რომ ინგლისური კლუბებიდან სწორედ მერსაისაიდელებს აქვთ ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა თასი, იგივე ლიგა მოგებული.

ინგლისის ჩემპიონატი "ლივერპულმა" 18-ჯერ მოიგო, აქედან 11 ტიტული კი 1972 წლიდან 1990 წლის ჩათვლით მოპოვა. დიახ, ამ პერიოდში "ლივერპული" მართლაც შეუდარებელი იყო, თუმცა შემდეგ, დაიწყო ჩავარდნა, რომელიც დღემდე გრძელდება და მერსიდსაიდული გუნდი აგერ უკვე 26 წელია, ჩემპიონი არ გამხდარა.

7. ინტერი
18 ტიტული 114 სეზონში (15.8%)
ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი იტალიური კლუბი, რომელიც ქვეყნის ჩემპიონი 18-ჯერ გახდა. "ინტერს" განსაკუთრებულად ძლიერი გუნდი ჰყავდა 60-იანი წლების შუაში, როდესაც 3-ჯერ სკუდეტო მოიპოვა და 2-ჯერ ჩემპიონთა თასს დაეუფლა. ეს იყო ელენიო ერერას ეპოქა, რომლის დროსაც "ნერაძური" კატენაჩოს თამაშობდა და ყველაფერს იგებდა.

მეორე ოქროს ხანა მილანელებს ჟოზე მოურინიოს თავკაცობით დაუდგათ, როდესაც 2009/2010 წლების სეზონში ტრიპლეტი შეასრულეს - სამი ტროფეი მოიგეს. იქამდე, "ინტერს" 3 სკუდეტო რობერტო მანჩინიმ მოუტანა.

6. მილანი
18 ტიტული 114 სეზონში (15.8%)
"ინტერის" მსგავსად, "მილანსაც" 114 სეზონი აქვს იტალიის ელიტარულ ლიგაში გატარებული და 18 სკუდეტო მოგებული, თუნცა საერთაშორისო ტიტულებით არის უფრო მდიდარი და ამიტომ, ერთი საფეხურით წინ დავაყენეთ. "მილანი" უდიდესი წარსულის კლუბია, რომელსაც არაერთხელ ედგა ოქროს ხანა და არაერთხელ მეფობდა ევროპულ საკლუბო ფეხბურთში.

შედარებით ახლო წარსულში, არიგო საკის, ფაბიო კაპელოს და კარლო ანჩელოტის თავკაცობით "მილანმა" უამრავი ტიტული მოიგო, გასული საუკუნის შუაში კი ანალოგიური წარმატებები ნერეო როკოს პერიოდში ჰქონდა. "მილანს" ჩემპიონთა ლიგა 7-ჯერ აქვს მოგებული და ამ მაჩვენებლით, სხვა იტალიურ კლუბებს დიდი ფორით უსწრებს. აი, იტალიის ჩემპიონატში კი "იუვენტუსს" საგრძნობლად ჩამორჩება.

5. მანჩესტერ იუნაიტედი
20 ტიტული 118 სეზონში (16.9%)
"მანჩესტერ იუნაიტედს" ინგლისის ჩემპიონატი 20-ჯერ აქვს მოგებული და აქედან 13-ჯერ ალექს ფერგიუსონის თავკაცობით. ლეგენდარული მწვრთნელი 1986-2013 წლებში ედგა ინგლისურ გრანდს სათავეში და სწორედ ამ პერიოდში მოიხვეჭა ეს ტიტულები. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე, "ლივერპული" შიდა ასპარეზზეც ყველაზე ტიოტულოვანი ინგლისური გუნდი იყო, თუმცა სერ ალექსმა სასწორი "იუნაიტედის" მხარეს გადახარა.

4. ბაიერნი
26 ტიტული 106 სეზონში (24.5%)
გერმანიის საუკეთესო, ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, რომელსაც ბუნდესლიგაში 106 სეზონი აქვს გატარებული და 26 ტიტული მოპოვებული. გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, ბუნდესლიგაში მეტწილად სწორედ "ბაიერნი" დომინირებდა და შესაბამისად, რომელიმე ეპოქის გამორჩევა გაგვიჭირდება.

"ბაიერნი" ბრწყინავდა ყველა ათწლეულში და არა მარტო შიდა ასპარეზზე, საერთაშორისო სარბიელზეც. სტატისტიკის მიოხედვით, "ბაიერნი" ყოველ მე-4 ბუნდესლიგას იგებს და თუ არსებულ ტენდენციას გავითვალისწინებთ, ახლო მომავალში, პროცენტი კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

3. იუვენტუსი
32 ტიტული 114 სეზონში (28%)
თუ საერთაშორისო ასპარეზზე "მილანი" ყველაზე წარმატებული იტალიური კლუბია, იტალიაში "იუვენტუსი" მეფობს და 32 საჩემპიონო ტიტული ამის ნათელი დადასტურებაა. საგულისხმოა, რომ თავად ტურინელები 34 სკუდეტოს იჩემებენ და აქვთ კიდეც ამის საბაბი, რადგან მოედანზე მათ სწორედ ამდენჯერ იპირველეს, თუმცა კალჩოპოლის ცნობილი პროცესების შემდეგ, 2 საჩემპიონო ტიტული ჩამოართვეს. "იუვენტუსი" დღესაც საუკეთესოა იტალიაში - ბოლო 5 სკუდეტო მოიგო და ამით ყველაფერია ნათქვამი.

2. ბარსელონა
24 ტიტული 85 სეზონში (28.2%)
მართალია, "ბარსელონას" "იუვენტუსზე" ნაკლები საჩემპიონო ტიტული აქვს, მაგრამ გაცილებით ცოტა სეზონი გაატარა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში და შესაბამისად, უკეთესი პროცენტული მაჩვენებელი გამოუვიდა. "ბარსაზე" ახალი და საინტერესო რა უნდა ვთქვათ - ევროპული ფეხბურთის აღიარებული გრანდი, რომელიც ყველა ეპოქაში მხოლოდ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა და ტიტულებსაც უხვად იხვეჭდა.

21-ე საუკუნეში, "ბარსელონამ" 8-ჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ამით, ყველაფერი ნათელია. "ბარსა" ბრწყინავდა ყველა ეპოქაში დაწყებული გასული საუკუნის 10-იანი წლებიდან.

1. რეალი
32 ტიტული 85 სეზონში (37.6%)
ევროპული ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, რომელმაც 28 მაისს კიდევ ერთხელ, მეთერთმეტედ მოიგო ჩემპიონთა თასი, იგივე ლიგა. "რეალმა" 95-ჯერ ითამაშა ესპანეთის ელიტარულ ლიგაში და 32-ჯერ გახდა ჩემპიონი, რაც მართლაც ფენომენალური შედეგია. "რეალი" პირველია ყველგან, როგორც ესპანეთში, ისე საერთაშორისო სარბიელზე და ამ პოზიციის დათმობას არ აპირებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული